ბრძანება N 10770

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 14.05.2026
№ დოკუმენტი 10770
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 10770

14 მაისი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ ----------ის (ს/ნ ----------------)

(მის.: --------------------------------)

2026 წლის 17 აპრილის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 8 მაისის სხდომაზე (ოქმი №38) განიხილა ი/მ ----------ის (ს/ნ ----------------) 2026 წლის 17 აპრილის №------/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 21 ნოემბრის №002-167 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის დღგ-ით დაბეგვრის დროს ჩათვლების გაუთვალისწინებლობას. განმარტავს, ვინაიდან არ იყო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული, ვერ ახდენდა იმპორტის დროს საბაჟოზე გადახდილი დღგ-ის ჩათვლას. აცხადებს, რომ ჩასათვლელი თანხა აღმატება დარიცხულ დღგ-ს, შესაბამისად, სახეზე გვაქვს ბიუჯეტიდან ასანაზღაურებელი თანხა, 7 564 ლარის ოდენობით. ამასთან, გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლით განსაზღვრული 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადა არ უნდა გავრცელდეს იმპორტის დეკლარაციით მისაღებ ჩათვლებზე, რადგან აღნიშნული მუხლი ხანდაზმულობაში აქცევს მხოლოდ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით მისაღებ ჩათვლებს, ხოლო საგადასახადო ორგანოს მიდგომა აღნიშნულის იმპორტის დეკლარაციით მისაღებ ჩათვლებზე გავრცელებასთან მიმართებით არამართებულია. ასევე, მიუთითებს, რომ ჩათვლის უფლების წარმოშობის მომენტად მიჩნეულ უნდა იქნეს შემოწმების მიერ განსაზღვრული დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღი.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებისას ხარჯების გაუთვალისწინებლობას. აცხადებს, რომ შემოწმების მიერ სრულად იქნა გამოტოვებული ის გარემოება, რომ საქონლის შეძენის ღირებულება წარმოადგენს გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეულ ხარჯს. შესაბამისად, ითხოვს ხარჯების გათვალისწინებას.

 

საჩივრის წარმოდგენის ვადასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანის მიმართ შედგენილი 2025 წლის 13 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი, მის საფუძველზე გამოცემული 2025 წლის 21 ნოემბრის №25665 ბრძანება და ამავე თარიღის №002-167 საგადასახადო მოთხოვნა ი/მ ----------ს (ს/ნ ----------------) წერილობითი ფორმით სამჯერ (2025 წლის 24 ნოემბერს,პირველ დეკემბერს და 15 დეკემბერს) გაეგზავნა საფოსტო დაწესებულების საშუალებით იურიდიულ მისამართზე - ქ. ---ი, ----ი №-, თუმცა ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, 2025 წლის 25 დეკემბერს განხორციელდა აღნიშნული ბრძანებისა და საგადასახადო მოთხოვნის საჯაროდ გავრცელება და ჩაბარებულად ჩაითვალა 2026 წლის 14 იანვარს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო/დავის განმხილველ ორგანოს ან აღსრულების ეროვნულ ბიუროს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ გადასახადის გადამხდელი (გარდა ფიზიკური პირისა) საგადასახადო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით გაგზავნილ დოკუმენტს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია. თუ გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირია, დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება შესაძლებელია, თუკი შესრულებულია შემდეგი პირობები:

ა) პირს ორჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისთვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა;

ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ადრესატი დოკუმენტს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია.

ამავე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ან აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

ამავე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გაშვებული ვადა უნდა აღდგეს, თუ დაინტერესებულმა მხარემ კანონით ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ვადა გაუშვა არაბრალეულად – დაუძლეველი ძალის, ავადმყოფობის, ადმინისტრაციული ორგანოს მიზეზით ან სხვა საპატიო მიზეზით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე (საქმე №ბს-490-485(2კ-16)), სადაც გასაჩივრების ვადის საპატიო მიზეზით გაშვებასთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ: „საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის გამოყენებისათვის მომჩივანმა უნდა დაადასტუროს, რომ საჩივრის წარდგენის ვადის განმავლობაში მოქმედებდა ისეთი დაუძლეველი ძალა, რაც საჩივრის შეტანას შეუძლებელს ხდიდა ან არსებობდა სხვა საპატიო მიზეზი, რაც ობიექტურად გამორიცხავდა გასაჩივრების შესაძლებლობას. საგადასახადო კოდექსი არ განსაზღვრავს, რა შეიძლება მიჩნეულ იქნეს ვადის გადაცილების საპატიო მიზეზად, ამდენად, ეს საკითხი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ობიექტური შეფასების საფუძველზე უნდა გადაწყდეს“.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მართალია პირს სადავო აქტები წერილობითი ფორმით 3-ჯერ გაეგზავნა და ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა, თუმცა საქმეზე არსებული მასალიდან არ დგინდება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ დოკუმენტების საჯაროდ გავრცელებამდე მათი ჩაბარების უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებული ყველა საშუალებები სრულყოფილად გამოიყენა, რაც სადავო დოკუმენტების საჯაროდ გავრცელების წინაპირობა და საფუძველი გახდებოდა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში დაფიქსირებულ პოზიციაზე, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელი ითხოვს გასაჩივრების ვადის აღდგენას და საჩივრების წარმოებაში მიღებას. განმარტავს, რომ გააჩნია ჯანმრთელობის პრობლემები, კერძოდ, მძიმე ონკოლოგიური დაავადება და კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში ობიექტურად არ ჰქონდა შესაძლებლობა განეხორციელებინა გადამხდელის პორტალის მონიტორინგი. ამასთან, მიუთითებს, რომ სრულად აქვს შეწყვეტილი ეკონომიკური საქმიანობა და არ ჰქონდა გონივრული მოლოდინი, რომ მის მიმართ რაიმე ახალი საგადასახადო ვალდებულება წარმოიშობოდა. აღნიშნულის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ საკითხის ყოველმხრივ გამოკვლევის პრინციპიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა გამოეყენებინა კომუნიკაციის სხვა საშუალებებიც, მაგალითად სატელეფონო კომუნიკაცია, ფოსტით ჩაბარება და სხვა. ამასთან დაკავშირებით მოიხმობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკასაც. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე, 299-ე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე მუხლებზე მითითებით ითხოვს გასაჩივრების ვადის აღდგენას.

ყოველივე ზემოაღნიშნული სამართლებრივი და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივრის წარდგენის ვადის გაშვება უნდა ჩაითვალოს საპატიოდ და შესაბამისად, საჩივარი დაშვებულ უნდა იქნეს განსახილველად.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 20 ოქტომბრის №22440 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ ----------ის (ს/ნ ----------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2024 წლის 8 ივლისის №16119 ბრძანებით ჩატარებული ს.მ.ფ.-ების ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩენილი დანაკლისის მიწოდებად აღიარების სისწორის განსაზღვრის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 13 ნოემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2025 წლის 21 ნოემბრის №25665 ბრძანება და ამავე თარიღის №002-167 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 239 264 ლარი, მათ შორის გადასახადი 168 072 ლარი, ჯარიმა 47 568 ლარი და საურავი 23 624 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

1. ი/მ -----ის საქმიანობას წარმოადგენს ტანსაცმლით ვაჭრობა -------ზე. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 8 ივლისის №16119 ბრძანებით ჩატარდა აღნიშნული მეწარმის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, შედეგად, 2024 წლის 23 ივლისს შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც გამოვლინდა 374 200 ლარის საბაზრო ღირებულების სმფ-ების დანაკლისი. აღნიშნული დანაკლისით წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები მეწარმეს არ აქვს შესრულებული. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს 2024 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში არ აქვს ასახული დანაკლისი ერთობლივ შემოსავალში. ამასთან, აღნიშნულიდან 2 სამუშაო დღის ვადაში წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება, რადგან დანაკლისი მის აღმოჩენის მომენტიდან ითვლება საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე, 163-ე, 164-ე და 165-ე მუხლების გათვალისწინებით, პირს დაერიცხა დღგ და ჯარიმა ამავე კოდექსის 282-ე მუხლის მიხედვით.

2. ვინაიდან დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ღირებულებით განხორციელებულ მიწოდებად, შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80, მე-100 და 102- ე მუხლების გათვალისწინებით, პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275- ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ.

გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია:

ა) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;

ბ) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქონლის იმპორტთან დაკავშირებით, იმპორტის დეკლარაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება:

ა) სოციალური მიზნით ან გასართობ ღონისძიებებზე გაწეული ხარჯის ან წარმომადგენლობითი ხარჯის ღირებულებისათვის მიკუთვნებულ დღგ-ის თანხაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი ღონისძიებების ფარგლებში განხორციელებული საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა იბეგრება დღგ-ით;

ბ) ამ კოდექსის 174-ე−177-ე მუხლების გათვალისწინებით, იმ დასაბეგრ ოპერაციაში გამოყენებულ ან გამოსაყენებლად გამიზნულ საქონელზე/ მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ღირებულებისთვის მიკუთვნებულ დღგ-ის თანხებზე, რომლებზეც პირს დღგ-ის ჩათვლის უფლება არ აქვს;

გ) იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელიც არ იძლევა საქონლის/მომსახურების გამყიდველის იდენტიფიცირების საშუალებას ან არ არის გამოწერილი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით;

დ) იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელშიც ასახული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების კალენდარული წლის დასრულებიდან 3 წელია გასული. თუ დღგ-ის ჩათვლა დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებიდან მე-3 წელს განხორციელდა, დასაბეგრ ოპერაციაში მონაწილე მხარეების მიმართ (ამ ოპერაციის ფარგლებში) ამ კოდექსის მე-4 მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა 1 წლით გრძელდება. ამასთანავე, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება არაუგვიანეს ამ უფლების წარმოშობის წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის შესაბამისი დეკლარაციით (მათ შორის, შესწორებული დეკლარაციით);

ე) ყალბი დოკუმენტით, აგრეთვე იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელიც ფიქტიურ გარიგებას ან უსაქონლო ოპერაციას ასახავს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის თანხის დარიცხვისა და საგადასახადო ვალდებულების შესახებ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმების ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციასთან, იმპორტის დეკლარაციით მისაღებ ჩათვლებზე სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის გამოყენების არამართლზომიერებასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსი დღგ-ის ჩათვლის უფლების მიღებას უკავშირებს გარკვეული წინაპირობების არსებობას, მათ შორის და არა მხოლოდ საქონელი/მომსახურება გამიზნული უნდა იყოს ან გამოიყენებოდეს დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის. ამასთანავე გათვალისწინებულია შეზღუდვები დღგ-ის ჩათვლის უფლებაზე, მათ შორის, იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელშიც ასახული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების კალენდარული წლის დასრულებიდან 3 წელია გასული. დღგ-ის ჩათვლის მოთხოვნის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის მიერ დაცული უნდა იყოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი დღგ-ის ჩათვლის წინაპირობები და ასევე, საგადასახადო კონტროლის მექანიზმებით შემოწმებადი უნდა იყოს დღგ-ის ჩათვლის მიღების მართლზომიერება.

იქიდან გამომდინარე, რომ საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელი საგადასახადო შემოწმების ფარგლებში შეამოწმოს 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადის დაცვით, პირი ვალდებულია პირველადი საგადასახადო დოკუმენტი შეინახოს იმ კალენდარული წლის დასრულებიდან არანაკლებ 3 წლის განმავლობაში, რომლის საგადასახადო ვალდებულების დადგენისთვისაც იგი არის აუცილებელი. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის ზოგადი დებულებანი და დღგ-ის ჩათვლის უფლების მიღებისთვის განსაზღვრული წინაპირობები უნდა გავრცელდეს საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე დღგ-ის ჩათვლის უფლების მოთხოვნის შემთხვევაშიც.

ასევე, რამდენადაც გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის თანხის დარიცხვის საგადასახადო ორგანოს მიერ კონკრეტული საგადასახადო პერიოდისათვის გადასახადის თანხის აღრიცხვისა და გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვის ხანდაზმულობის ვადა 3 წელია, გადასახადის დარიცხვის საფუძველი კი საგადასახადო დეკლარაცია, რომელშიც მათ შორის აისახება საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ-ის დადგენილი წესით ჩასათვლელი თანხა, წარსადგენ დეკლარაციაში საბაჟო დეკლარაციით ჩასათვლელი დღგ-ის ასახვის 3 წლიანი პერიოდით შეზღუდვა მართლზომიერია.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:

1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.

2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის შემადგენლობაში შეიტანოს თავის საკუთრებაში არსებული დამუშავებული ან ნაწილობრივ დამუშავებული საქონელი, მისი ადგილმდებარეობის მიუხედავად, კერძოდ, ნედლეული ან/და მასალები (გარდა კაპიტალიზებადი ხარჯებისა), რომლებიც შეძენილია შემდგომი რეალიზაციისათვის ან საქონლის წარმოებისათვის/ მომსახურების გაწევისათვის.

2. დასაბეგრი შემოსავლის (მოგების) განსაზღვრისას საანგარიშო პერიოდის დასაწყისისთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება აკლდება, ხოლო საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება ემატება ერთობლივ შემოსავალს.

3. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის აღრიცხვისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია წარმოებული ან შეძენილი საქონლის ღირებულება აღრიცხვაში ასახოს ამ საქონლის წარმოებაზე გაწეული ხარჯების (გარდა საამორტიზაციო ანარიცხებისა) ან შეძენის ფასად. ამასთანავე, გადასახადის გადამხდელი საქონლის ღირებულებაში შეიტანს მისი შენახვისა და ტრანსპორტირების ხარჯებს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 8 ივლისის №16119 ბრძანებით გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, შედეგად, 2024 წლის 23 ივლისს შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც გამოვლინდა 374 200 ლარის საბაზრო ღირებულების სმფ-ების დანაკლისი. აღნიშნული კი საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად აღმოჩენის მომენტიდან ითვლება საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. მეწარმეს 2024 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში არ ჰქონდა ასახული დანაკლისი ერთობლივ შემოსავალში, შედეგად შემოწმების მიერ განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები საშემოსავლო გადასახადში.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციაზე, რომლის მიხედვითაც ითხოვს ხარჯების გათვალისწინებას და აცხადებს, რომ შემოწმების მიერ სრულად იქნა გამოტოვებული ის გარემოება, რომ საქონლის შეძენის ღირებულება წარმოადგენს გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეულ ხარჯს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის მიაჩნია, რომ მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი და საბოლოო ნაშთების დაზუსტების საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, სასაქონლომატერიალური ფასეულობების საწყისი და საბოლოო ნაშთების კორექტირების საკითხი შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის შესაბამისად და აღნიშნულის საფუძველზე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბა

 

1. ი/მ ----------ის (ს/ნ ----------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, სასაქონლომატერიალური ფასეულობების საწყისი და საბოლოო ნაშთების კორექტირების საკითხი შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის შესაბამისად და აღნიშნულის საფუძველზე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება:

1. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის დღგ-ით დაბეგვრის დროს ჩათვლების გაუთვალისწინებლობას.

2.შემოწმების მიერ საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებისას ხარჯების გაუთვალისწინებლობას.ითხოვს ხარჯების გათვალისწინებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №22440 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება №16119 ბრძანებით ჩატარებული ს.მ.ფ.-ების ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩენილი დანაკლისის მიწოდებად აღიარების სისწორის განსაზღვრის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ №25665 ბრძანება და №002-167 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 239 264 ლარი, მათ შორის გადასახადი 168 072 ლარი, ჯარიმა 47 568 ლარი და საურავი 23 624 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №16119 ბრძანებით ჩატარდა აღნიშნული მეწარმის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, შედეგად, შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც გამოვლინდა 374 200 ლარის საბაზრო ღირებულების სმფ-ების დანაკლისი. აღნიშნული დანაკლისით წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები მეწარმეს არ აქვს შესრულებული. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს 2024 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში არ აქვს ასახული დანაკლისი ერთობლივ შემოსავალში. ამასთან, აღნიშნულიდან 2 სამუშაო დღის ვადაში წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება, რადგან დანაკლისი მის აღმოჩენის მომენტიდან ითვლება საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე, 163-ე, 164-ე და 165-ე მუხლების გათვალისწინებით, პირს დაერიცხა დღგ და ჯარიმა ამავე კოდექსის 282-ე მუხლის მიხედვით.

ამასთან,ვინაიდან დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ღირებულებით განხორციელებულ მიწოდებად, შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80, მე-100 და 102- ე მუხლების გათვალისწინებით, პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275- ე მუხლის მიხედვით.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ პირველ სადავო საკითხთან მიმართებით საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ხოლო,მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, სასაქონლომატერიალური ფასეულობების საწყისი და საბოლოო ნაშთების კორექტირების საკითხი შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის შესაბამისად და აღნიშნულის საფუძველზე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება;

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 79(„ა“); 80(1); 100(1.3); 102(1,,ა“); 105(1.2); 145(1, მე-2 და მე-3); 174(1.2); 175(1 „ა“, „ბ“ და ,,გ“); 176(1 „ა“ და „ბ“); 178;