გადაწყვეტილება №22042/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 10.04.2024
№ დოკუმენტი 22042/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22042/2/2024

10 აპრილი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 4.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---ს“ 23.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22042/2/2024).

 

დავის საგანი:

1. გადახდილი ავანსის სახით არარეზიდენტ მომწოდებელზე აღრიცხული დებიტორული დავალიანების უპროცენტო სესხად განხილვა;

2. უპროცენტო სესხად დაკვალიფიცირებულ თანხაზე, როგორც უსასყიდლოდ გაწეულ ფინანსურ მომსახურებაზე, ყოველთვიური სარგებლის გაანგარიშება და მოგების გადასახადით დაბეგვრა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 ოქტომბრის №081-261 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 დეკემბრის №33946 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

309 626 ლარი.

მათ შორის:

მოგების გადასახადი - 177 549

ჯარიმა - 88 776

საურავი - 43 301

 

პროცედურული გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 ივლისის №16695 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 29 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 12 ოქტომბრის №25428 ბრძანება და 13 ოქტომბრის №081- 261 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 309 626 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 30 ნოემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 29 დეკემბრის №33946 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. გადახდილი ავანსის სახით არარეზიდენტ მომწოდებელზე აღრიცხული დებიტორული დავალიანების უპროცენტო სესხად განხილვა

ფაქტების აღწერა

საწარმოს 2021 წლის 31 დეკემბერს ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემების მიხედვით, როგორც მომწოდებლებზე გადახდილი ავანსები (ანგარიში 1480), ერიცხება დებიტორული მოთხოვნა 918 902 ლარი (320 432 აშშ დოლარი), რომელიც უკავშირდება საქონლის (---ს) მომწოდებელი არარეზიდენტი კომპანიისთვის გადახდილ თანხას. მომჩივანმა წარადგინა წერილი, რომლის მიხედვითაც არარეზიდენტი კომპანია „---“ აღიარებს 320 432 აშშ დოლარის ვალდებულებას შპს „---ს“ მიმართ. 2020 წლის აგვისტოს თვიდან გადასახადის გადამხდელს საქონლის შეძენა-რეალიზაციასთან დაკავშირებული საქმიანობა აღარ განუხორციელებია, მათ შორის, მთელს შესამოწმებელ პერიოდში ფულადი ან\და სასაქონლო ოპერაციები არ ხორციელდება ზემოხსენებულ არარეზიდენტ კომპანიასთან. შემოწმების მიმდინარეობისას ზემოაღნიშნულის და იმის გათვალისწინებით, რომ არ განხორციელდა საქონლის მოწოდება ან/და თანხის უკან დაბრუნება გონივრულ ვადაში, აღნიშნულ ოპერაციას, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, შეეცვალა კვალიფიკაცია და შემოწმების მიერ განხილულ იქნა 2021 წლის 31 დეკემბერს გაცემულ სესხად. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის საფუძველზე, მომჩივანს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 61-ე, 73-ე, 97-ე, 982 , 983 , 43-ე მუხლებზე, ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლა და გადახდილი ავანსის სახით არარეზიდენტ მომწოდებელზე აღრიცხული დებიტორული დავალიანების უპროცენტო სესხად, ხოლო უპროცენტო სესხზე გაანგარიშებული საპროცენტო შემოსავლის უსასყიდლოდ გაწეულ მომსახურებად განხილვა მართლზომიერია. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები. რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

სამართლებრივად არ არის სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის ცვლილების საფუძველი. აუდიტის დეპარტამენტი ეყრდნობა მხოლოდ მოსაზრებებს, რომელიც სამართლებრივად გამყარებული არ არის რაიმე სამართლებრივი დოკუმენტით და რის გამოც შეიძლება გადამხდელი დაისაჯოს (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით). შემოწმების პოზიცია სამართლებრივად დაუსაბუთებულია, რადგან მოცემულ შემთხვევაში სამეურნეო ოპერაციები მხარეებს შორის ხორციელდება სახელშეკრულებო ურთიერთობის პირობებში, ანუ ოპერაციის შინაარსია მოგების მიღება და არა სხვა რამ. შემოსავლების სამსახურის ქმედება არსებით ზეგავლენას ახდენს საწარმოს შედეგებზე. საწარმოს საქმიანობის ძირითადი სფერო იყო ქვანახშირის (კოქსი და სხვა სახის ქვანახშირი) შესყიდვა და საბითუმო გაყიდვა. პროდუქციის სახეობიდან გამომდინარე, მას ჰყავს შეზღუდული მომხმარებელი, ყველა კომპანიის კლიენტი არის ამ სფეროში ჩართული პირი. შესაბამისად, ნებისმიერი სამეურნეო ოპერაცია ხორციელდება მხოლოდ წერილობითი ხელშეკრულებების საფუძველზე. კომპანიის მიერ განხორციელებული სამეურნეო ოპერაციები ხორციელდება მხოლოდ მოგების მიზნით. ვერ ნახავთ ვერც ერთ გადარიცხვას, რომელიც მოგებაზე არ არის ორიენტირებული. შესაბამისად, ამ მოთხოვნის მიმართ საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გამოყენება უსაფუძვლოა, რადგან ეს ოპერაცია პირდაპირ უკავშირდება კომპანიის საქმიანობას. გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შემოწმების შედეგებზე საჩივარი წარდგენილი იქნა 30.11.2023 წელს. საკითხი ხანდაზმულ პერიოდში რომ არ გადასულიყო შემოსავლების სამსახურის მიერ განხილული იქნა 29.12.2023 წელს (კალენდარული წლის ბოლო სამუშაო დღე) მომჩივნის მონაწილეობის გარეშე და მარტივად უარი ეთქვა გადასახადის გადამხდელს, რითაც შეიზღუდა მომჩივნის უფლებები დაეცვა კომპანია უსაფუძვლო დარიცხვებისგან.

საზოგადოება წარმოადგენს არარეზიდენტი პირების (უკრაინის მოქალაქის) მიერ დაფუძნებულ საწარმოს, რომლის ხელმძღვანელობაც ფაქტიურად არ იმყოფება საქართველოში და შექმნილი პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე ვერ გამოდის უკრაინის ტერიტორიიდან. შესაბამისად, პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის მიწოდება ხდებოდა მხოლოდ ელექტრონულად. საგადასახადო შემოწმების დასრულების შემდეგ განხორციელდა გადასახადის გადამხდელის „----“-სთან ურთიერთობის დეტალური შესწავლა. გამოთხოვილი იქნა უკრაინიდან და შესაბამისად დოკუმენტაცია მიწოდებული იქნა უკვე 2023 წლის ბოლოს, რომლის შემდეგაც გათვალისწინებული იყო საჩივრის დაზუსტება, მაგრამ ფორსმაჟორულ მდგომარეობაში საკითხის გადამხდელის მონაწილეობის გარეშე განხილვის გამო ინფორმაციის წარდგენა ვერ მოხერხდა. საწარმო რეგისტრირებულია და ეკონომიკურ საქმიანობას ეწევა 4.06.2018 წლიდან. „----სა და შპს „---ს“ შორის სამეურნეო ურთიერთობის ხელშეკრულება დაიდო 25.07.2018 წელს №BB-2018/1 ნახშირის პროდუქციის (ანტრაციტი) მიწოდებაზე. სულ FOB რუმინეთის პირობებით უნდა მიწოდებულიყო 6 210 ტონა პროდუქცია საერთო ღირებულებით 984 112 აშშ დოლარი. აღნიშნული თანხა „----“-ს მიერ ეტაპობრივად ავანსად ირიცხებოდა კომპანიის ანგარიშზე, მათ შორის, 01.10.2018 წელი - 70 000$, 22.12.2018 წელს - 450 432$ და 22.12.2018 წელს - 463 680 აშშ დოლარი (საგადახდო დავალებები იხ. დანართად). საწარმოს მიერ ფაქტიურად მიწოდებული იქნა 150 ტონა პროდუქცია თანხით 463 680 აშშ დოლარი. რადგან კომპანიამ „---“-ს ვერ მიაწოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქცია სრული მოცულობით, ვალდებული იყო „----“-სთვის დაებრუნებინა ავანსად გადახდილი 520 432 აშშ დოლარი, რაც განახორციელა ეტაპობრივად 24.12.2018 წელს - 70 000$, 24.12.2018 წელს 130 000$ და 10.04.2019 წელს - 320 432$. (საგადახდო დავალებები თან ერთვის).

ფაქტიურად კომპანიაში 2019 წელს შეიცვალა ბუღალტერი. მანამდე მომსახურე ბუღალტრისგან მიღებულ ბუღალტრული ნაშთების შესახებ ინფორმაციაში არ ფიქსირდებოდა 320 432 აშშ დოლარის კრედიტორული დავალიანება. შესაბამისად, ახალმა ბუღალტერმა 10.04.2019 წელს „---“-ზე გადახდილი 320 432 აშშ დოლარი აღრიცხა, როგორც ავანსად გადახდილი თანხა და დაუბრუნა იგი „---“-ს. შპს „---ს“ და „---“-ს შემდგომ პერიოდში ერთმანეთს შორის სხვა რაიმე სამეურნეო კავშირი არ ჰქონდათ.

ზემოთხსენებულიდან გამომდინარე, ფაქტიურად, საწარმოს მიერ გადახდილი 320 432 აშშ დოლარი ავანსის ნაცვლად წარმოადგენდა ავანსად გადახდილი თანხის დაბრუნებას და არა ავანს. შესაბამისად, აღნიშნული წარმოადგენს მექანიკურ შეცდომას და არა რაიმე გამიზნულ ქმედებას, რაც განპირობებული იყო აღრიცხვის სისტემაში ნაშთების გადაცემის დროს დაშვებული შეცდომით.

ბუღალტერიისთვის კომპანიის ადმინისტრაციის მიერ მიწოდებული არ ყოფილა ამ საქმესთან დაკავშირებული ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი - 30.08.2019 წლის ურთიერთმოთხოვნის ჩათვლის დოკუმენტი (თან ერთვის), რამაც განაპირობა შეცდომა. საწარმოს ბუღალტრულ აღრიცხვასთან მიმართებაში აუდიტორებს შენიშვნები არ ჰქონიათ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საწარმო გამჭვირვალედ აწარმოებს აღრიცხვას, დროულად იხდის გადასახადებს და ერთი ფაქტიც კი არ ყოფილა საქმიანობის მანძილზე, რომ საწარმოს მიეღო რაიმე შენიშვნა, ან მოთხოვნა გადასახადებთან მიმართებაში, არა და საქმიანობის დროს რომ სოლიდური ბრუნვებია, ეს შემოწმების მასალებითაც დადასტურებულია.

ზემოთხსენებულიდან გამომდინარე, უსაფუძვლოა აღნიშნული ოპერაციის მიმართ საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის გამოყენება, რადგან მოცემული ოპერაცია განხორციელდა ხელშეკრულებების საფუძველზე და მიმართული იყო მოგების მიღებისკენ და არა ის მტკიცებულება, რომ მოცემული ოპერაცია თითქოს არ წარმოადგენდა საწარმოს ძირითადი საქმიანობის ელემენტს, რაც ზემოთ გადმოცემული ფაქტითაც დგინდება.

 

2. უპროცენტო სესხად დაკვალიფიცირებულ თანხაზე, როგორც უსასყიდლოდ გაწეულ ფინანსურ მომსახურებაზე, ყოველთვიური სარგებლის გაანგარიშება და მოგების გადასახადით დაბეგვრა

ფაქტების აღწერა

არარეზიდენტ კომპანიაზე სესხის გაცემად დაკვალიფიცირებულ თანხასთან დაკავშირებით, უსასყიდლოდ გაწეულ ფინანსურ მომსახურებაზე გაანგარიშებულ იქნა (ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საბაზრო საპროცენტო განაკვეთის მიხედვით) ყოველთვიური სარგებელი, რომელიც საგადასახადო კოდექსის 97-ე და 983 მუხლების მიხედვით დაიბეგრა მოგების გადასახადით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

რეალური სიტუაციიდან გამომდინარე ფაქტიურად არ არსებობს დებიტორო. შესაბამისად, სარგებლის დარიცხვაც უსაფუძვლოა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე იკვეთება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და მეტიც მან თავისი საპროექტო შედეგები დააფუძნა იმ მტკიცებულებებზე, რომლებიც სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. სწორედ ამიტომ მომჩივანს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტების გამოცემისას დარღვეულია საგადასახადო კოდექსის ნორმები (საგადასახადო ორგანოებისა და გადასახადის გადამხდელის უფლება-ვალდებულებების ნაწილში), ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილი და ამავე კოდექსის 96-ე მუხლი, რაც თავის მხრივ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის შესაბამისად, სადავო ადმინისტრაციული აქტების ბათილობის საფუძველია.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო: საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა. ამავე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.

საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის მიზნებისათვის საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომლის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება, უსასყიდლოდ მიწოდებად ითვლება.

აუდიტის დეპარტამენტის 29.01.2024 წლის №7283-21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, საწარმოს 31.12.2021 წელს ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემების მიხედვით, როგორც მომწოდებლებზე გადახდილი ავანსები (ანგარიში 1480), ერიცხება დებიტორული მოთხოვნა 918 902 ლარი (320 432 აშშ დოლარი), რომელიც უკავშირდება საქონლის (კოქსის) მომწოდებელი არარეზიდენტი კომპანიისთვის წინასწარ გადახდილ თანხას.

გადასახადის გადამხდელმა წარადგინა წერილი, რომლის მიხედვითაც არარეზიდენტი კომპანია „---" აღიარებს 320 432 აშშ დოლარის ვალდებულებას მომჩივნის მიმართ. 2020 წლის აგვისტოს თვიდან გადასახადის გადამხდელს საქონლის შეძენა-რეალიზაციასთან დაკავშირებული საქმიანობა აღარ განუხორციელებია. მთელ შესამოწმებელ პერიოდში ფულადი ან\და სასაქონლო ოპერაციები არ ხორციელდება ზემოხსენებულ არარეზიდენტ კომპანიასთან.

შემოწმების მიმდინარეობისას ზემოაღნიშნულის და იმის გათვალისწინებით, რომ არ განხორციელდა საქონლის მოწოდება ან/და თანხის უკან დაბრუნება გონივრულ ვადაში, აღნიშნულ ოპერაციას შეეცვალა კვალიფიკაცია და შემოწმების მიერ განხილულ იქნა 31.12.2021 წელს გაცემულ სესხად. ამასთან, არარეზიდენტ კომპანიაზე სესხის გაცემად დაკვალიფიცირებულ თანხასთან დაკავშირებით, უსასყიდლოდ გაწეულ ფინანსურ მომსახურებაზე გაანგარიშებულ იქნა (ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საბაზრო საპროცენტო განაკვეთის მიხედვით) ყოველთვიური სარგებელი, რომელიც დაიბეგრება მოგების გადასახადით.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების დასრულების შემდეგ განხორციელდა კომპანიის „----“-სთან ურთიერთობის დეტალური შესწავლა. გამოთხოვილი იქნა უკრაინიდან დოკუმენტაცია, თუმცა მისი წარდგენა ვერ მოხერხდა შემოსავლების სამსახურში, ვინაიდან საკითხი განხილულ იქნა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობის გარეშე. აღნიშნული დოკუმენტაცია თან ერთვის დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილ საჩივარს.

საბჭო მიუთითებს, რომ მომჩივანს წარმოდგენილი აქვს მტკიცებულებები, რომლებიც არ ყოფილა შესწავლილი შემოსავლების სამსახურის მიერ. ამასთან, აღნიშნული დოკუმენტაციის გათვალისწინებით, შესაფასებელია ოპერაციის კვალიფიკაციის საკითხიც. საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ არ არის სათანადოდ გამოკვლეული/შეფასებული საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები/მტკიცებულებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით) დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 დეკემბრის №33946 ბრძანება;

3. საჩივარი დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. გადახდილი ავანსის სახით არარეზიდენტ მომწოდებელზე აღრიცხული დებიტორული დავალიანების უპროცენტო სესხად განხილვა;

2. უპროცენტო სესხად დაკვალიფიცირებულ თანხაზე, როგორც უსასყიდლოდ გაწეულ ფინანსურ მომსახურებაზე, ყოველთვიური სარგებლის გაანგარიშება და მოგების გადასახადით დაბეგვრა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 29 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 12 ოქტომბრის №25428 ბრძანება და 13 ოქტომბრის №081- 261 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 309 626 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 30 ნოემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 29 დეკემბრის №33946 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,9); 982; 983.