გადაწყვეტილება №23681/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23681/2/2024
10 ოქტომბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.09.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ს 9.08.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23681/2/2024).
დავის საგანი:
გაწეულ მომსახურებაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისი საანგარიშო პერიოდების დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში გაუთვალისწინებლობა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 12.06.2024 წლის №125-14 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 17.07.2024 წლის №16946 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 24 427,88 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 14 651
ჯარიმა - 7 326
საურავი - 2 450,88
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შპს ---ის (ს/ნ ---) ძირითად საქმიანობის სახეს წარმოადგენს პლასტმასის სამშენებლო ნაკეთობების წარმოება. აუდიტის დეპარტამენტის 28.05.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2023 წლის მარტისა და ნოემბრის თვეების საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორე.
შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელს 2023 წლის მარტის და ნოემბრის თვეების საანგარიშო პერიოდებში გაწეულ მომსახურებაზე გამოწერილი აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც არ აქვს გათვალისწინებული შესაბამისი საანგარიშო პერიოდების დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის გათვალისწინებით, გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 12.06.2024 წლის №125-14 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 17.07.2024 წლის №16946 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 160-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 1601 მუხლის პირველ ნაწილზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 168-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და 69-ე მუხლის პირველ ნაწილზე. საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, გადასახადის გადამხდელს 2023 წლის მარტის და ნოემბრის თვეებში გაწეულ მომსახურებაზე გამოწერილი აქვს საგადასახადო ანგარიშფაქტურები, რომლებიც არ აქვს გათვალისწინებული შესაბამისი საანგარიშო პერიოდების დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში, შესაბამისად, არ აქვს შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები სრულად.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე 70 000 ლარის ავანსი მარტის თვის ნაცვლად დაბეგრილი აქვს მაისის თვის დღგ-ის დეკლარაციაში. დამატებით დოკუმენტაციის სახით შეუძლია წარმოადგინოს მომსახურების ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტები, რომელიც გაფორმებული იყო შესაბამის კომპანიასთან, რომელზეც მოხდა მარტის თვეში 70 000 ლარის ღირებულების ანგარიშფაქტურის გამოწერა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა სრულად არის დაბეგრილი. კომპანიას უკვე გადახდილი აქვს დღგ და ორმაგად დაბეგვრისგან თავის არიდებით მიზნით ითხოვს დღგ-ის თანხის 10 677,96 და მასზე დარიცხული ჯარიმა-საურავის გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.
საგადასახადო კოდექსის 1601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მომსახურების გაწევა არის ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. ვინაიდან გადასახადის გადამხდელს 2023 წლის მარტის და ნოემბრის თვეებში გაწეულ მომსახურებაზე გამოწერილი აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც არ აქვს გათვალისწინებული შესაბამისი საანგარიშო პერიოდების დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში, გადასახადის გადამხდელისთვის დღგ-ის დარიცხვა და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის შეფარდება მართლზომიერია.
მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება რაც შემოწმებით დადგენილი გარემოებების შეცვლის და შესაბამისად დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი გახდებოდა. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გაწეულ მომსახურებაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისი საანგარიშო პერიოდების დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში გაუთვალისწინებლობა.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელს 2023 წლის მარტის და ნოემბრის თვეების საანგარიშო პერიოდებში გაწეულ მომსახურებაზე გამოწერილი აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც არ აქვს გათვალისწინებული შესაბამისი საანგარიშო პერიოდების დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის გათვალისწინებით, გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 12.06.2024 წლის №125-14 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 17.07.2024 წლის №16946 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საბჭომ მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159; 163; 164.