გადაწყვეტილება №23656/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 18.10.2024
№ დოკუმენტი 23656/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№23656/2/2024

18 ოქტომბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ „--------“ )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,3.10.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“-ს 5.08.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23656/2/2024).

 

დავის საგანი:

დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 22.05.2024 წლის №022-10 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 27.06.2024 წლის №15102 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 283 056,59 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 138 179

დღგ - (-3 682)

მოგების გადასახადი - 137 829

საშემოსავლო გადასახადი - 4 032

ჯარიმა - 116 973

საურავი - 27 904,59

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

კომპანიის საქმიანობის საგანს წარმოადგენს სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებებისთვის სამანქანო ნაწილების მიწოდება. აუდიტის დეპარტამენტის 16.05.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 19.02.2024 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

2022 წლის ნოემბრის თვეში მომჩივნის მიერ გამოწერილი №0706719476 სასაქონლო ზედნადები, ღირებულებით 2 064 ლარი (დღგ-ის გარეშე), არ არის ასახული შესაბამისი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული თანხით, გაიზარდა 2022 წლის ნოემბრის თვის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით.

2022 წლის დეკემბერის თვეში მომჩივნის მიერ გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა-76 №7459768, რომელიც დაკორექტირებულია 2023 წლის თებერვლის თვეში კორექტირებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით ეკ №9354077 და შემცირებულია დასაბეგრი ბრუნვა. გადასახადის გადამხდელის მიერ პერიოდის ცვლილებით (კორექტირების საანგარიშო პერიოდში) არის ასახული აღნიშნული თანხა.

საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის მიხედვით, შესაბამის საანგარიშო პერიოდებში მოხდა აღნიშნული თანხების გათვალისწინება. გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით.

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 19.02.2024 წლის №3360 და 19.02.2024 წლის №3403 ბრძანებების საფუძველზე, მომჩივნის კუთვნილ ობიექტებზე, (ქ. ფოთი, ტაბიძის ქუჩა №31, გარდაბნის რაიონი, ს. ყარათაკლია) ჩატარდა ძირითადი საშუალებებისა და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. სმფ-ების ინვენტარიზაციის ნაშთის საბაზრო ღირებულებამ, 19.02.2024 წლის მდგომარეობით, შეადგინა 188 482 ლარი. გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებულ სმფ-ის ბუღალტრულ ნაშთსა და ინვენტარიზაციით დადგენილ სმფ-ის ნაშთს შორის გამოვლინდა სხვაობა - 238 906 ლარის ღირებულების დანაკლისი.

გამოვლენილი დანაკლისზე მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა დანაკლისის საბაზრო ღირებულების 10%-ის ოდენობით. ასევე შემოწმების პროცესში ანალიზი ჩაუტარდა კომპანიის მიერ შეძენილ, რეალიზებულ და ნაშთად არსებულ საქონელს, რის შედეგადაც გამოვლინდა აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა. შედეგად, პირს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად.

2021 წლის დეკემბრის და 2022 წლის თებერვლის თვეებში გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშიდან (სს „თიბისი ბანკი“) გაცემულია ხელფასი კომპანიის დირექტორზე 5 000 - 5 000 ლარის ოდენობით, რაც კომპანიის მიერ არ არის ასახული შესაბამისი პერიოდების გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციებში. საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით, კომპანიის საბანკო ანგარიშიდან გადარიცხული ხელფასის თანხები გათვალისწინებულ იქნა შესაბამისი პერიოდების დეკლარაციებში. ასევე, საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის.

საწარმოს შესაბამის პერიოდებში არ აქვს წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციები და შესაბამისი ინფორმაციები საანგარიშო პერიოდის მიხედვით გაცემული თანხებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ. დარღვეულია ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 38-ე მუხლის მე-7 ნაწილისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მოთხოვნები. აღნიშნული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ან დეკლარაციის არასრულად წარდგენისთვის საწარმოს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის თანახმად.

საწარმოს შეძენილ საქონელზე ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები შემოწმებისთვის არ აქვს წარდგენილი (საქონელი რეალურად მიღებულია და თანხაც გადახდილია). საგადასახადო კოდექსის 97-ე და 982 მუხლების მიხედვით, აღნიშნული ხარჯის ღირებულება შესაბამისი პერიოდების მიხედვით აისახა მოგების გადასახადით დასაბეგრ ბაზაში. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

შემოწმების პროცესში, ბუღალტრული პროგრამის შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ 2023 წლის ნოემბერში, კომპანიის დირექტორს გატანილი აქვს თანხა სალაროდან (230 000 ლარი), რომლის გახარჯვა არ ფიქსირდება, ხოლო ბუღალტრულ პროგრამაში აღნიშნული თანხა ასახულია - მოთხოვნები ანგარიშვალდებული პირის მიმართ ბარათზე (1430). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, შემოწმების მიერ საქვეანგარიშოდ გაცემული თანხა განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად, რაც საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დაიბეგრა მოგების გადასახადით. გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით. აღნიშნულ სესხზე პროცენტის დარიცხვა და გადახდა შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში არ მომხდარა.

შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული №2641 სიტუაციური სახელმძღვანელოს დებულებიდან გამომდინარე, ხელფასის სახით მიღებული სარგებელი დაექვემდებარა დაბეგვრას გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გაცემულ სესხზე პროცენტის გაანგარიშებისას საპროცენტო განაკვეთად აღებულია ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული განაკვეთი - 20%, ხოლო შესაბამისი სარგებლის თანხა, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად, ჩაითვალა ფიზიკური პირის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად. შედეგად, გადასახადის გადამხდელი დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით.

გადასახადის გადამხდელს უკრაინული კომპანია „------ - სთვის“ 2021 წლის 18 თებერვალს გაცემული აქვს 183 135 ლარი. შემოწმებისთვის წარმოდგენილია ხელშეკრულება, სადაც მითითებულია, რომ აღნიშნული თანხის სანაცვლოდ, კომპანია „----- -ს “ 360 დღის ვადაში, სრული თანხის 75%-ის მიღების შემთხვევაში, უნდა გადაეცა 2 ცალი „დიზელის ძრავი“. კომპანია „------ თან“ გაფორმებული ხელშეკრულების შედგენის თარიღი და შპს „------- -ს “ (ს/ნ „--------“) მიერ საქონლის ღირებულების 75% გადაცემის თარიღი ემთხვევა ერთმანეთს - 18.02.2021 წელი, თუმცა როგორც შპს „------ -ს “ დირექტორი აღნიშნავს ზეპირი განმარტებით, გარკვეული პრობლემების გამო, აღნიშნული საქონელი დღემდე არ აქვს მიღებული. ბუღალტრულ პროგრამაში კომპანია „------ -სთვის“ გადახდილი თანხა ასახულია წინასწარ გაწეული ხარჯების ბარათზე (1790). ასევე, შპს „------ -ს “ მიერ რუსულ კომპანია „------ -ზე “ ზედმეტად გადახდილი თანხა, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის, შეადგენს 335 157 ლარს. აღნიშნული კომპანიიდან შპს „------- -ს “ იმპორტის სასაქონლო ოპერაციებით შემოაქვს სარკინიგზო ტრანსპორტის სათადარიგო ნაწილები, თუმცა 2023 წლის მარტის თვის შემდეგ საქონლის მიღება არ ფიქსირდება, ხოლო თანხა გადარიცხულია 335 157 ლარის მეტობით. ბუღალტრულ პროგრამაში კომპანია „ვექტორზე“ გადახდილი თანხებიც ასახულია წინასწარ გაწეული ხარჯების ბარათზე (1790). საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის და 982 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შემოწმებით აღნიშნული თანხები დაკვალიფიცირდა არარეზიდენტ საწარმოებზე სესხის სახით გაცემულ თანხებად: კომპანია „------ -ის “ შემთხვევაში ხელშეკრულების გაფორმებიდან 360 დღის ვადაში, ხოლო კომპანია „ვექტორის“ შემთხვევაში - 2023 წლის მარტში. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 22.05.2024 წლის №022-10 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 27.06.2024 წლის №15102 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 275- ე მუხლზე, 286-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილებზე, 291-ე მუხლზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

18.02.2021 წელს უკრაინული კომპანია „----- -სთვის “ გადარიცხული თანხები, აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები და ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა გამოწვეული არის უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, კომპანია რომელსაც გააჩნია დავალიანება ამ მიზეზით ამბობს უარს ვალდებულებების შესრულებაზე და დებს პირობას, რომ დაფარავს დავალიანებას. ზემოთ აღნიშნული ფაქტის გამო კომპანია დაზარალდა, რის გამოც ახლო პერიოდში კომპანია სარჩელით მიმართავს სასამართლოს თანხის დაკისრების მოთხოვნით. აღნიშნულიდან გამომდინარე საგადასახადო ორგანომ წინსწრებით ფაქტის დაუდგენლად არ უნდა ჩათვალოს სადაო თანხები არარეზიდენტ საწარმოებზე სესხის სახით გაცემულ თანხებად. გადასახადის გადამხდელს უნდ მიეცეს დრო რომ საკუთარი ძალებით გამოასწოროს მისი მძიმე მდგომარეობა დას შემოსავლების სამსახურის დავალიანება დაფაროს ეტაპობრივად. გონივრული ვადა ადმინისტრაციულმა ორგანომ განსაზღვროს მოცემული საქმის სირთულიდან გამომდინარე.

მომჩივანი ითხოვს დავალიანების დაფარვისათვის მხოლოდ დამატებით დროის განსაზღვრას, ხოლო იმ შემთხვევაში თუ შემოსავლების სამსახური არ გაითავლისწინებს გადასახადის გადამხდელის თხოვნას ასეთ შემთხვევაში ძირი დავალიანების ეტაპობრივად დაფარვისათვის გრაფიკის გაკეთებას, რომ გადასახადი გადამხდელმა დაფაროს დავალიანება ისე რომ არ გაკოტრდეს. მომჩივანს გააჩნია საპატიო მიზეზი, რომ არა საომარი მოქმედება უკრაინაში გადასახადის გადამხდელი უმოკლეს დროში მოაგვარებდა არსებულ პრობლემას და ორმაგად არ დაზარალდებოდა. მოცემულ შემთხვევაში გადასახადი გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში, მომჩივანი ენდო უკრაინულ კომპანიას და წინასწარ გადაურიცხა თანხა, მაგრამ კომპანიამ საომარი მოქმედების გამო ვერ შეარულა მის მიერ აღებული ვალდებულება, რის გამოც დაზარალდა გადასახადის გადამხდელი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსის გათვალისწინებული შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის თანახმად, პირის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, რისთვისაც ამავე კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა, იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა, იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელთან საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს დავალიანების დაფარვისათვის მხოლოდ დამატებით დროის განსაზღვრას, ხოლო იმ შემთხვევაში თუ შემოსავლების სამსახური არ გაითავლისწინებს გადასახადის გადამხდელის თხოვნას ასეთ შემთხვევაში ძირი დავალიანების ეტაპობრივად დაფარვისათვის გრაფიკის გაკეთებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 22.05.2024 წლის №022-10 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 27.06.2024 წლის №15102 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

269(7),286(4,9),291,