გადაწყვეტილება №24722/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.03.2025
№ დოკუმენტი 24722/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24722/2/2025

11 მარტი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 20.02.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ----ის 10.02.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24722/2/2025).

 

დავის საგანი:

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის ოდენობა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 20.11.2024 წლის №CB1690815 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 20.01.2025 წლის №258 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 38 069 ლარი.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 20.11.2024 წელს №CB1690815 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის 24.04.2024 წლის №9536 ბრძანების საფუძველზე განხორციელებული ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 380 690 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი, რაც საგადასახადო კოდექსის 286- ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით. აღნიშნული სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 20.01.2025 წლის №258 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 49-ე, 70-ე, მე-8, 269-ე, 270-ე და 286- ე მუხლებზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე და ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საჩივარში მითითებულ პოზიციაზე, რომლის მიხედვით, მისი საქმიანობის სფერო გათავისუფლებულია დღგ-სგან ჩათვლის უფლებით. დანაკლისის თანხა, რომელიც განსაზღვრულია ინვენტარიზაციის ოქმის პროექტით, ძირითადად შედგება დღგ-სგან გათავისუფლებული საქონლით. შესაბამისად, არ არსებობს მოტივი, რის გამოც შეიძლება არ აღიაროს რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი. მისთვის გაუგებარია, რის საფუძველზე არ დაეყრდნო საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი მის ბუღალტრულ პროგრამაში აღრიცხულ რეალიზაციის მონაცემებს. გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ მოცემული პროდუქციის დანაკლისის ამ ფორმით დასანქცირება არამიზნობრივი და არასწორია, ვინაიდან მეწარმეს არანაირი მოტივაცია არ გააჩნდა დღგ-სგან გათავისუფლებული საქონლის რეალიზაციის დამალვასთან დაკავშირებით.

დეკლარირებული აქვს საწყისი მარაგები, ასევე მიმდინარე კონტროლის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირებისთვის მიწოდებულია თვეების მიხედვით შეძენები და რეალიზაციები. ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის ოდენობის განსაზღვრის მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს წარუდგინოს რეალიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტები/მტკიცებულებები.

ამ ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით დაკისრებული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ინვენტარიზაციის ოქმის პროექტით სიმინდისა და ხორბლის დანაკლისი გამოანგარიშებულია შემდეგი პრინციპით: მიწოდებულია საწყისი ნაშთი, ასევე - ინფორმაცია 2024 წლის იანვრის, თებერვლისა და მარტის რეალიზაციების შესახებ. კერძოდ, საწყის ნაშთად გააჩნდა სულ 120 ტონა ხორბალი და 640 ტონა სიმინდი. წარდგენილი დოკუმენტაციით, მათ შორის ბუღალტრული პროგრამიდან ამოღებული მონაცემებით, 2024 წლის იანვარში რეალიზებულია 60 ტონა ხორბალი და 300 ტონა სიმინდი. 2024 წლის თებერვალში რეალიზებულია 60 ტონა ხორბალი და 210 ტონა. 2024 წლის მარტში რეალიზებულია 130 ტონა სიმინდი. შესაბამისად, 2024 წლის 31 მარტის მდგომარეობით, საბოლოო ნაშთი არ ფიქსირდებოდა.

ზემოაღნიშნული რეალიზაცია არ არის გათვალისწინებული ინვენტარიზაციის ოფიცრის მიერ და 2024 წლის იანვრის საწყისი ნაშთი სრულად დანაკლისად მიიჩნიეს. საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოყვანა-რეალიზაცია, რომელიც საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით. დანაკლისის თანხა, რომელიც განსაზღვრულია ინვენტარიზაციის ოქმის პროექტით ძირითადად შედგება დღგ-ისაგან გათავისუფლებული საქონლით (640 ტონა სიმინდი, 120 ტონა ხორბალი). შესაბამისად, არ არსებობს მოტივი, რის გამოც შეიძლება არ აღიაროს რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი და აღმოჩნდეს დანაკლისი. ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას საბუღალტრო პროგრამა Superfin-ში, სადაც აღრიცხულია მარაგების მოძრაობა. აღნიშნულ პროგრამაში ფიქსირდება საწყისი ნაშთები 120 ტონა ხორბალი და 640 ტონა სიმინდი, რომელიც შემოსავალში აღიარებულია სრულად 2024 წლის იანვრის, თებერვლისა და მარტის თვეებში, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით, მათ შორის მომჩივნის მიერ წარდგენილი ინფორმაციით, რომლის საფუძველზეც რეალიზაციის შესახებ ინფორმაცია ასახულია დანართ 19-ში.

საგადასახადო კოდექსის 259-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისაგან თავისუფლდება ფიზიკური პირი, რომელიც არ იყენებს დაქირავებულ პირთა შრომას და ახდენს პირად ან საოჯახო მეურნეობაში მიღებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ან მისგან წარმოებული (გადამუშავებული) საქონლის რეალიზაციას, – საქმიანობის ამ ნაწილში. შესაბამისად, გაურკვეველია რის საფუძველზე არ დაეყრდნო შემმოწმებელი მომჩივნის ბუღალტრულ პროგრამაში აღრიცხულ რეალიზაციის მონაცემებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოცემული პროდუქციის დანაკლისის ამ ფორმით დასანქცირება არამიზნობრივი და არასწორია. ვინაიდან მეწარმეს არანაირი მოტივაცია არ გააჩნია დღგ-ისგან გათავისუფლებული საქონლის რეალიზაციის დაფარვასთან დაკავშირებით. დეკლარირებული აქვს წლის დასაწყისში მარაგები, რომლებიც ღიად და გამჭირვალედ გაუგზავნა ოფიცერს. ასევე, გადაგზავნა თვეების მიხედვით შეძენები და რეალიზაციები, რომლებიც იყო გამართული და სწორი. შესაბამის რეალიზაციაზე საშემოსავლო გადასახადს გადაიხდის მომავალ წელს წარდგენილი დეკლარაციების საფუძველზე. მეწარმესთან ჩატარებულია საგადასახადო შემოწმება, სადაც ინფორმაცია მეწარმის შემოსავლების და სასაქონლომატერიალური მარაგების ნაშთების შესახებ წარდგენილია ბუღალტრულ პროგრამაში აღრიცხული მონაცემებიდან. შემოწმების აქტის მიხედვით, ის ფაქტი, რომ რეალიზაციის დროს არ არის გამოყენებული საკონტროლო-სალარო აპარატი არ გამხდარა დანაკლისის აღიარების საფუძველი. შესაბამისად, დანაკლისის გამოანგარიშების პრინციპი წინააღმდეგობაში მოდის საგადასახადო შემოწმების აქტის პრინციპთან. გამომდინარე ამ გარემოებიდან ფაქტია, რომ გადასახადის შემცირება არ არის სახეზე, რაც ადასტურებს მომჩივნის მიერ წამოყენებულ მოსაზრებას, ინვენტარიზაციის შედეგების უარყოფით შეფასებასთან დაკავშირებით. ითხოვს წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებას, რომლის საფუძველზეც არ უფიქსირდება სიმინდის და ხორბლის დანაკლისი და მოხდეს დასარიცხი ჯარიმის კორექტირება (შემცირება).

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი.

საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად საქონლის არამატერიალური ფორმით მარკირების/ნიშანდების შემთხვევაში დანაკლისად არ ჩაითვლება ამ საქონლის წარმოების პროცესში მწარმოებლის მიერ გამოვლენილი დანაკარგი.

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 19.02.2025 წლის №12422-21-12 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 24 აპრილის №9536 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ---ის (ს/ნ ---) სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაციის დაწყებისას მომჩივანმა დაადასტურა, რომ ყველა შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა აღებული აქვს შემოსავალში, ხოლო რეალიზებული - ჩამოწერილი აქვს გასავალში. ზედმეტობის ან/და დანაკლისის შესახებ ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასახული აქვს საგადასახადო ანგარიშგებაში ან/და აცნობა საგადასახადო ორგანოს ინვენტარიზაციის დაწყებამდე. მანვე განმარტა, რომ საქონლის რეალიზაციას ახორციელებს როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით. ასევე, იყენებს სმფ-ების მოძრაობის ამსახველ ელექტრონულ საბუღალტრო პროგრამას. საინვენტარიზაციო კომისიამ მოახდინა სასაქონლომატერიალური ფასეულობების ფაქტიური ნაშთების აღწერა.

სავაჭრო ობიექტის მიხედვით ჩატარებული აღწერის მონაცემები კომისიის მიერ შეტანილ იქნა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღწერის შესახებ ოქმში (დანართი №16). მომჩივნის კუთვნილ ობიექტში 2024 წლის 24 აპრილის მდგომარეობით აღმოჩნდა სულ 50 755,9 ლარის ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები თვითღირებულებით. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 215 255,51 ლარი, ხოლო საბაზრო ღირებულებით – 380 690 ლარი. აღურიცხავი სმფ-ები არ გამოვლინდა.

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად ბიუჯეტის სასარგებლოდ სულ დაერიცხა ჯარიმა 38 069 ლარის ოდენობით. საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტებზე და მიუთითებს სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის 20.01.2025 წლის №258 ბრძანებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს წარუდგინოს რეალიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტები/მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით დაკისრებული ჯარიმის კორექტირება (შემცირება). აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 20.01.2025 წლის №258 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის ოდენობა.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის ბრძანების საფუძველზე განხორციელებული ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 380 690 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი, რაც საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით. აღნიშნული სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 20.01.2025 წლის №258 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება:

საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 286 (9).