გადაწყვეტილება №18052/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 15.12.2022
№ დოკუმენტი 18052/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18052/2/2022

15.12.2022

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ----------- (პ/ნ ----------)

მოპასუხე: -----------------------------

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 15.12.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---------ს 21.10.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18052/2/2022).

 

დავის საგანი:

1. საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა;

2. საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება;

3. იმპორტის გადასახდელების დარიცხვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 29.12.2021 წლის №ELC09802 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. საბაჟო დეპარტამენტის 29.12.2021 წლის №ELC09803 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

3. საბაჟო დეპარტამენტის 29.12.2021 წლის №ELC09804 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

4. საბაჟო დეპარტამენტის 29.12.2021 წლის №ELC09805 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

5. საბაჟო დეპარტამენტის 22.08.2022 წლის №ELC17532 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

6. საბაჟო დეპარტამენტის 22.08.2022 წლის №ELC17533 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

7. საბაჟო დეპარტამენტის 29.12.2021 წლის №EL7777/4660 საგადასახადო მოთხოვნა;

8. საბაჟო დეპარტამენტის 29.12.2021 წლის №EL7777/4661 საგადასახადო მოთხოვნა;

9. საბაჟო დეპარტამენტის 22.08.2022 წლის №EL7777/805 საგადასახადო მოთხოვნა;

10.შემოსავლების სამსახურის 12.10.2022 წლის №25962 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 15 522.76 ლარი.

მათ შორის: გადასახადი - 5 865.17

აქციზის გადასახადი - 5 501.2

იმპორტის გადასახადი - 364.05

ჯარიმა - 3 000 ჯარიმა - 5 865.25

საურავი - 792.34

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივნის, როგორც ფიზიკური პირი ---------ს (პას/ნ ----------) საბაჟო წარმომადგენლის მიერ, დროის სხვადასხვა პერიოდში რეექსპორტში დეკლარირებულ იქნა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოყვანილი ავტოსატრანსპორტო საშუალებები, კერძოდ:

1. 2.02.2021 წელს, №----------- და №----------- ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობებით განხორციელდა ავტოსატრანსპორტო საშუალებების (VIN კოდები: ---------- და ----------) რეექსპორტში დეკლარირება და მათი დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტში წარდგენის ვადად განისაზღვრა არა უგვიანეს 18.03.2021 წელი;

2. 4.11.2021 წელს, №----------- ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით განხორციელდა ავტოსატრანსპორტო საშუალების (VIN კოდი ----) რეექსპორტში დეკლარირება და მისი დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტში წარდგენის ვადად განისაზღვრა არა უგვიანეს 18.12.2021 წელი.

აღნიშნულ ვადებში, მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზებში არ ფიქსირდება ხსენებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა, რაზეც მომჩივანს 29.12.2021 და 22.08.2022 წელს შედგენილი №ELC09802, №ELC09803, №ELC09804, №ELC09805, №ELC17532 და №ELC17533 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით, დაეკისრა პასუხისმგებლობა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლისა და 172-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. ამასთან, გამოიცა №EL7777/4660, №EL7777/4661 და №EL7777/805 საგადასახადო მოთხოვნები, რომლებითაც დაერიცხა კუთვნილი იმპორტის გადასახდელები და საურავი. აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 12.10.2022 წლის №25962 ბრძანებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი ------------ს (პას/ნ -----------) წარმომადგენლის -----------ს (პ/ნ ----------) მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი სატრანსპორტო საშუალებები ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით დადეკლარირდა რეექსპორტში და მათი დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მიტანის ვადად განისაზღვრა 45 კალენდარული დღე, თუმცა სატრანსპორტო საშუალებები არ გამოცხადებულა საბაჟო კონტროლის ზონაში საქართველოს ტერიტორიის დატოვების და რეექსპორტის დეკლარაციის კონტროლიდან მოხსნის მიზნით.

შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან დაირღვა სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადა, რამაც გამოიწვია საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია. ასევე, მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა. აღნიშნული სამართალდარღვევისათვის კი საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს პირის პასუხისმგებლობას, რაც ასევე წარმოშობს საგადასახადო ვალდებულებას (იმპორტის გადასახდელი).

გარდა ზემოაღნიშნული ინფორმაციისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახვისა, მომჩივნის წარმომადგენლობა დასტურდება ავტოსატრანსპორტო საშუალების მოწმობაში არსებული ინფორმაციით, რომლის პირველ გრაფაში (იმპორტიორი/ექსპორტიორი) მითითებულია საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი, ხოლო მეორე გრაფაში (წარმომადგენელი) - მომჩივანი. ამასთან, აღნიშნული მოწმობის მე-8 გრაფაში (ხელმოწერა) ფიქსირდება მომჩივნის ხელმოწერა. კანონმდებელი სწორედ მას ავალდებულებს ავტოსატრანსპორტო საშუალება დადგენილ ვადაში და უცვლელ მდგომარეობაში წარუდგინოს საბაჟო ორგანოს, რაც მომჩივნის მიერ არ შესრულდა. ამდენად, მომჩივანზე დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია. შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოშობს საფუძველს იმის დასადასტურებლად, რომ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული სატრანსპორტო საშუალების მიმართ არ დარღვეულა გამოცხადების ვადა და არ განხორციელებულა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება, რამაც საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა გამოიწვია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები შედგენილია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

მომჩივნის არგუმენტაცია საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებისა და საგადასახადო მოთხოვნების საფუძველზე მომჩივანის სახელზე ირიცხება საგადასახადო ვალდებულებები ჯამში 15 522.84. იგი არ ეთანხმება აღნიშნულს,ვინაიდან საგადასახადო კოდექსის მე-20 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადასახადის გადამხდელი არის პირი, ვისაც აქვს გადასახადის გადახდის ვალდებულება. შესაბამისად, მას არ აქვს აღნიშნული ვალდებულება და არც არის გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული. ამასთანავე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია იგი მოქმედებდა მხოლოდ მინდობილობის საფუძველზე კანონით განსაზღვრულ ფარგლებში.

მომჩივანის განმარტებით მინდობილობა მოიაზრებს გარკვეული ქმედების განხორციელებას სხვის სასარგებლოდ, კანონით დადგენილ ფარგლებში. ისიც მოქმედებდა მინდობილობის საფუძველზე სხვისი დავალებით, ამიტომ იგი არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებას. ითხოვს ვალდებულებების გაუქმებას ან მინიმალური ვალდებულების დაკისრებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციის და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის მე-14 მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 ნაწილების თანახმად:

1. პირს უფლება აქვს, საბაჟო ორგანოსთან ურთიერთობა განახორციელოს კანონიერი წარმომადგენლის ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით;

4. ფიზიკური პირის უფლებამოსილი წარმომადგენელი მოქმედებს ამ ფიზიკური პირის მიერ გაცემული და სანოტარო წესით დადასტურებული მინდობილობის საფუძველზე;

5. საბაჟო წარმომადგენელი არის პირი, რომელიც სხვა პირის დავალებით საბაჟო ორგანოსთან ამ სხვა პირის ურთიერთობისას ახორციელებს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ქმედებებსა და საბაჟო ფორმალობებს.

საბაჟო კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, რეექსპორტის განხორციელებისას საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალური პირობებისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით.

საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის თანახმად, საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.

ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს მისი წარდგენის ერთ-ერთი შემდეგი საფუძველი, პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-4 ნაწილების თანახმად, საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამისი ქმედების ჩამდენ პირს.

საბაჟო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემომტანმა პირმა იგი საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული მარშრუტით დაუყოვნებლივ უნდა გადაზიდოს/გადაიტანოს შესაბამის საბაჟო კონტროლის ზონაში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ნებისმიერ პირს, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის შემდეგ იღებს მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობას, ეკისრება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულება.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე-3 მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, რეექსპორტში ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული ან ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მიტანის ვადა, მიუხედავად გადაზიდვის მანძილისა, შეადგენს 45 კალენდარულ დღეს, რომელიც აითვლება შესაბამისი დეკლარაციის ან მოწმობის რეგისტრაციის თარიღიდან.

ამავე ბრძანებით დამტკიცებული „რეექსპორტის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №16) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქონლის რეექსპორტის დასრულება დასტურდება საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ სათანადოდ გაფორმებული რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების კონტროლიდან მოხსნით.

მომჩივანი, რომელმაც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის შემდეგ აიღო მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობა, ვალდებული იყო საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში გამოცხადებულიყო შესაბამის საბაჟო კონტროლის ზონაში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე.

ვინაიდან სატრანსპორტო საშუალებების დანიშნულების საბაჟო ორგანომდე მიტანისათვის განსაზღვრულ ვადაში მომჩივანი არ გამოცხადებულა საბაჟო კონტროლის ზონაში და ამასთან არც სატრანსპორტო საშუალებას არ დაუტოვებია საქართველოს საბაჟო ტერიტორია, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით და ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენას.

აღნიშნულიდან გამომდინარე საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნისთვის ჯარიმის დაკისრება და იმპორტის გადასახდელების დარიცხვა მართებულია.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.