გადაწყვეტილება №17585/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 09.03.2023
№ დოკუმენტი 17585/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№17585/2/2022

9.03.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს "-------" (ს/ნ "-------" )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 9.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "-------" -ის 21.08.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №17585/2/2022).

 

დავის საგანი:

1. საქონლის დანაკლისის აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით უსასყიდლოდ მიწოდებად განხილვა და აღნიშნულის საფუძველზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა;

2. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 11.04.2022 წლის №094-36 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 11.08.2022 წლის №21405 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 209 484.36 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 122 527

დღგ - 60 678

მოგების გადასახადი - 60 559

საშემოსავლო გადასახადი - 1 290

ჯარიმა - 60 747.5

საურავი - 26 209.86

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2018 წლის პირველი იანვრიდან 2021 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 6.04.2022 წლის №8660 ბრძანება და 11.04.2022 წლის №094-36 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 11.08.2022 წლის №21405 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საქონლის დანაკლისის აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით უსასყიდლოდ მიწოდებად განხილვა და აღნიშნულის საფუძველზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, კომპანიამ 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ჩაატარა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რის შედეგადაც გამოვლინდა დანაკლისი. დანაკლისის ღირებულება შეფასებულია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 14 მაისის დასკვნის მიხედვით, ექსპერტიზაზე დამკვეთის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის/ინფორმაციით, კვლევით ნაწილში ასახული გარემოებების გათვალისწინებით და ექსპერტიზით ჩატარებული კვლევისა და ანალიზის საფუძველზე დადგინდა შპს „--------“-ს 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ბუღალტრული ნაშთების (187 პოზიცია) რაოდენობრივი მაჩვენებლები და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების სხვაობის (დანაკლისი 187 პოზიციაზე) რაოდენობრივი მაჩვენებლები, რომლის ჯამური ღირებულება დღგ-ის ჩათვლით შეადგენს 353 381.36 ლარს.

გადასახადის გადამხდელს აღნიშნული დანაკლისი ბუღალტრულად გატარებული აქვს მოთხოვნებში (ანგარიში 1415) და აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს გამოძიება მიმთვისებლის დადგენის მიზნით, თუმცა ამ ეტაპზე გამოძიება არ არის დასრულებული. წარმოდგენილი დადგენილებით ამ ეტაპზე კომპანია დაზარალებულად არის ცნობილი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით, აღნიშნული დანაკლისი აღმოჩენის მომენტში (2020 წლის 31 დეკემბერი) ჩაითვალა უსასყიდლოდ მიწოდებად საბაზრო ფასით და საგადასახადო კოდექსის 97-ე და 983 მუხლების საფუძველზე დანაკლისის თანხით გაზრდილი იქნა საწარმოს მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა.

ასევე, ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის საბაზრო ფასი ჩართულ იქნა შესაბამისი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. შედეგად, შემოწმებით, საწარმოს დაერიცხა მოგების გადასახადი და დღგ. ასევე, დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილით, 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 983 მუხლის მეორე ნაწილით, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმებისას საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი არ ეთანხმება მოპარული საქონლის დანაკლისად განხილვას და აღნიშნულის საფუძველზე დამატებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ მომხდარი ფაქტი აღრიცხულია ბუღალტრულად ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება, საწარმო ცნობილია დაზარალებულ პირად, თუმცა ჯერ-ჯერობით კონკრეტულ პირზე ბრალის წარდგენა არ მომხდარა. აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ საქონელი კომპანიიდან გასულია მისი ნების გარეშე და გამოძიებით დადგინდება ბრალეული პირი. მოცემულ შემთხვევაში არ აქვს ის გარემოება, რომელიც კანონმდებლობით ჩაითვლებოდა დანაკლისად.

დანაკლისს წარმოადგენს ის ფაქტი, როდესაც კომპანიას არ აქვს აღრიცხული რაიმე მოვლენა/ფაქტი და მოულოდნელად, დაუდგენელი გარემოებებიდან გამომდინარე (მათ შორის ინვენტარიზაციით) აღმოჩნდება ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხულთან განსხვავება.

გამოძიება დასრულების პროცესშია, მიმდინარეობს პროცესუალური ქმედებები და სავარაუდოდ უახლოეს ხანებში ბრალი წარედგინება კონკრეტულ პირს ან პირებს, რაც იქნება კიდევ დამატებითი მტკიცებულება იმისა, რომ კომპანიის მხრიდან საქონლის მიწოდებას ადგილი არ ჰქონია.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად.

ამავე კოდექსის 983 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსით გათვალისწინებული სმფების ან/და ძირითადი საშუალების დანაკლისი ითვლება მისი გამოვლენის მომენტში ამ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 6 წლის ვადაში.

ამავე კოდექსის 299-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.

დადგენილია, რომ კომპანიის მიერ 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი. დანაკლისის ღირებულება 2021 წლის 14 მაისის ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინებით, შეადგენს 353 381.36 ლარს. გადასახადის გადამხდელს აღნიშნული დანაკლისი ბუღალტრულად გატარებული აქვს მოთხოვნებში (ანგარიში 1415) და აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს გამოძიება მიმთვისებლის დადგენის მიზნით, თუმცა ამ ეტაპზე გამოძიება არ არის დასრულებული. წარმოდგენილი დადგენილებით ამ ეტაპზე კომპანია დაზარალებულად არის ცნობილი.

შემოწმების შედეგად, აღნიშნული დანაკლისი, აღმოჩენის მომენტში (2020 წლის 31 დეკემბერი), ჩაითვალა უსასყიდლოდ მიწოდებად საბაზრო ფასით. საგადასახადო კოდექსის 97-ე და 983 მუხლების საფუძველზე დანაკლისის თანხით გაიზარდა საწარმოს მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. ასევე, ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის საბაზრო ფასი ჩაირთო შესაბამისი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში.

მომჩივანი მიუთითებს, რომ კომპანიაში ადგილი ჰქონდა ქურდობის ფაქტს, საქონელი გასულია მისი ნების გარეშე და გამოძიებით დადგინდება ბრალეული პირი. მოცემულ შემთხვევაში არ არის ის გარემოება, რომელიც კანონმდებლობით ჩაითვლებოდა დანაკლისად. გამოძიება დასრულების პროცესშია, მიმდინარეობს პროცესუალური ქმედებები და სავარაუდოდ უახლოეს ხანებში ბრალი წარედგინება კონკრეტულ პირს ან პირებს.

ზემოაღნიშნული ნორმების თანახმად, მომჩივანი ვალდებული იყო გამოვლენილი დანაკლისი ჩაეთვალა გამოვლენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად და აესახა შესაბამისი პერიოდის მოგების გადასახადის და დღგ-ის დეკლარაციებში, რაც მას არ მოუხდენია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო საქმეზე არსებული მტკიცებულებების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საქონლის დანაკლისის მიწოდებად განხილვის შედეგად განხორციელებული დარიცხვები მართებულია და ამ ეტაპზე არ არსებობს მომჩივნის მიერ საჩივარში დასახელებული არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

ამასთან, საბჭო განმარტავს, რომ საგამოძიებო ორგანოების მიერ ახალი გარემოებების გამოვლენის/დადგენის შემთხვევაში, მომჩივანი უფლებამოსილია ამ საფუძვლით განაახლოს საგადასახადო დავა.

 

2. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 11.04.2022 წლის №094-36 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, კომპანიას გადასახდელად განესაზღვრა: ჯარიმა - 60 747.5 ლარი და საურავი - 26 209.86 ლარი.

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანს მიაჩნია, რომ კომპანია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმებისაგან.

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

 

გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.