ბრძანება N 14897
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 14897
27.06.2023
შპს „---ის“ (ს/ნ --)
(მის.: ---)
2023 წლის 22 მაისის
საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურში განსახილველად წარმოდგენილია შპს „---ს“ (ს/ნ ---) №86455/01 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი ასაჩივრებს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 2 მაისის №CB1464918 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 9 ივნისის სხდომაზე (ოქმი №63).
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგებს და განმარტავს, რომ კომპანია ახორციელებს ახლადდაჭერილი თევზის შეძენას საზღვარგარეთ, შემოტანას საქართველოში, გადამუშავებას და რეალიზაციას. პროდუქტის შეძენის შემდგომ (ტრანსპორტირებამდე) ხდება ახლადდაჭერილი თევზის გასუფთავება შიგნეულობისგან, გარეცხვა, აწონვა და სპეციალურ ყინულით სავსე პოლიეთინურ ყუთში მოთავსება. შესყიდული საქონლის საქართველომდე ტრანსპორტირებას ესაჭიროება 9-10 დღე. ტრანსპორტირების პროცესში მიმდინარეობს პროდუქტის დეჰიდრატაცია, რაც გამოწვეულია შემდეგი გარემოებით: თევზის შემადგენლობის 75 პროცენტს წამოადგენს წყალი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ მოხდება პროდუქტის გაყინვა, თევზი იწყებს წყლის აორთქლებას, შესაბამისად გამოშრობას, რაც მის წონას ამცირებს, მით უმეტეს, მცირდება თითოეული პროდუქტის წონა იმ პირობებში, როდესაც შრობა ხდება ცივი ჰაერის ზემოქმედების შედეგად და პროდუქტი 9-10 დღის განმავლობაში (ტრანსპორტირებისას) იმყოფება 0-დან -3 ტემპერატურაზე. თევზის წონის შემცირება არ სრულდება ტრანსპორტირების დასრულებით, ვინაიდან საქართველოში გაცივებული თევზის ჩამოტანის შემდგომ, კვლავ სათითაოდ ხდება პროდუქტის გასუფთავება. გასუფთავების პროცესში ხდება პირველადი (ტრანსპორტირებამდე) წმენდიდან შემორჩენილი შიგნეულობის და სისხლის მოშორება და შოკური მეთოდით გაყინვა და გაყინულ მდგომარეობაში გაჩერება პროდუქციის შეფუთვამდე 48 საათი. აღნიშნული პროცედურები, რომ პროდუქტის წონის შემცირებას გამოიწვევს, არაპროფესიონალი ადამიანისთვისაც ცხადია. კომპანიის შემთხვევაში ერთ ცალ 7-10 კილოგრამიან თევზზე დანაკლისი არის 40-50 გრამი, რაც ყველანაირი ნორმების შესაბამისია და დასაშვებია.
კომპანიის წარმომადგენელმა №56535/21-12 განცხადებაში, რომლითაც მან პრეტენზია გამოთქვა ორგანიზაციის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის საფუძველზე გამოვლენილ სამართალდარღვევასა და მის საფუძველზე შედგენილ გადაწყვეტილების პროექტთან დაკავშირებით, დეტალურად განმარტა თუ რამ გამოიწვია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის დასკვნაში აღნიშნული დანაკლისი და ასევე მიუთითა საერთაშორისო გამოცდილებაზე და სტანდარტებზე, რომლის მიხედვითაც პროდუქციის თავისებურებიდან გამომდინარე, სადავო დანაკლისის დასაშვები ნორმა 2-5 პროცენტია.
კომპანიის წარმომადგენლის მიერ განცხადებული იქნა, რომ ორგანიზაციის მიერ შესყიდული თითოეული სუბიექტი იდენტიფიცირებადია, თვითონ პროდუქტის სარეალიზაციო ფასი მითითებულია სასაქონლო ზედნადებებსა და დეკლარაციებში, რაც დამატებით საშუალებას აძლევდა ადმინისტრაციულ ორგანოს შეემოწმებინა გადასახადის გადამხდელის გამჭვირვალე და კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით განხორციელებული საქმიანობა - რაც არ მომხდარა.
მიუხედავად იმისა, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მედიაციის საბჭოს მიერ კომპანიის წარმოადგენლის მიერ წარდგენილი პრეტენზია დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საბაზრო ფასებით ნაცვლად 45087.57 ლარისა განისაზღვრა 38211.18 ლარით, აღნიშნული არ აღმოფხვრის ადმინისტრაციულო ორგანოს მიერ გარემოებათა სათანადო გამოკველევის გარეშე მიღებული გადაწყვეტილების უმართებულობას, ვინაიდან აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ არ აღმოფხვრა მონიტორინგის სამსახურის მიერ დაშვებული შეცდომა - როდესაც მან არ გაითვალისწინა სარეალიზაციო პროდუქტის თავისებურება და პროდუქტის თავისებურებიდან გამომდინარე და საერთაშორისო გამოცდილებით განსაზღვრული, პროდუქციის წონის 2-5 პროცენტიანი დანაკლისი მიიჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით განსაზღვრულ მიწოდებად.
აღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობას.
ფაქტების აღწერა:
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 15 მარტის №4997 ბრძანების საფუძველზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა შპს „---ის“ (ს/ნ ---) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საქმიანობის სფეროა გაყინული თევზის შეძენა, გაყინვა და რეალიზაცია.
ინვენტარიზაციის დაწყებისას შპს „---ის“ (ს/ნ ---) დირექტორმა დაადასტურა, რომ ყველა შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა აღებული ჰქონდა შემოსავალში, ხოლო რეალიზებული ჩამოწერილი ჰქონდა გასავალში. ასევე ფაქტობრივი აღწერის შემდგომ ჩამოერთვა ხელწერილი, რომ საინვენტარიზაციო კომისიამ ფასეულობები აღწერა სწორად, კომისიასთან პრეტენზია არ გააჩნია და აღწერილ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებს ღებულობს თავის პასუხისმგებლობის ქვეშ შესანახად. ერთიანი ელექტრონული ბაზის მიხედვით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სულ შეძენილმა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რაოდენობამ პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 1621287.88 ლარი.
2022 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის 15 მარტის რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების ანგარიშის საფუძვლად აღებულ იქნა ექსპორტის დეკლარაციები, რომელმაც შეადგინა 1755842.85 ლარი. ზემოაღნიშნული მონაცემების საფუძველზე ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისათვის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 60350.75 ლარი. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისმა საბაზრო ღირებულებით შეადგინა 45087.57 ლარი.
2023 წლის 28 მარტს კომპანიის დირექტორს ჩაბარდა შეტყობინება მიმდინარე კონტროლის განხორციელებისა და საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით გამოვლენილი სამართალდარღვევების შედეგებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების პროექტი, რაც გასაჩივრდა მედიაციის საბჭოზე. პროექტის ჩაბარების შემდგომ, 2023 წლის 31 მარტს კომპანიის დირექტორმა მონიტორინგის დეპარტამენტში წარადგინა პოზიცია - განცხადება №56535/21-12, რომ არ ეთანხმება ინვენტარიზაციის შედეგების პროექტს.
2023 წლის 6 აპრილს გამართული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მედიაციის საბჭოს №19 სხდომის ოქმის მიხედვით კომპანიის მიერ წარმოდგენილი წერილობითი პოზიცია დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. პირველ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა სარეალიზაციო ფასებს, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისზე გავრცელებული იქნა ბოლო რეალიზაციების საშუალო შეწონილი ფასი. აღნიშნული მეთოდის გამოყენებით, სასაქონლომატერიალური ფასეულობების დანაკლისმა საბაზრო ფასებით ნაცვლად პროექტით გათვალისწინებული 45087.57 ლარისა, შეადგინა 38211.8 ლარი, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად ითვალისწინებს ჯარიმას 3821.18 ლარის ოდენობით.
მეორე საკითხი, რომელიც ეხებოდა თევზის გადამუშავებისას წარმოშობილ „დანაკარგს“, მედიაციის საბჭოს მიერ არ იქნა დაკმაყოფილებული. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ სამართალდარღვევაზე 2023 წლის 2 მაისს შედგენილ იქნა №CB1464918 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.
საჩივარში გადასახადის გადამხდელის მიერ დაფიქსირებულ პოზიციასთან (საწარმოო დანაკარგებთან) დაკავშირებით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი განმარტავს, რომ აღნიშნულ სფეროში არ მოიპოვება არანაირი ნორმა დანაკარგის პროცენტულობის შესახებ და მათთვის რთული იყო იმის განსაზღვრა დანაკარგი შეადგენდა 2-5 პროცენტს (როგორც გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს) თუ მაგალითად 5-10 პროცენტს. ასევე კომპანიის მიერ დანაკარგის მტკიცებულებად წარმოდგენილი იქნა გადამუშავების აქტები, თუმცა იყო ხარვეზი, ზოგიერთ აქტში შპს „---ის“ (ს/ნ ---) ნაცვლად მითითებული იყო სხვა კომპანია. ამიტომ აღნიშნული არ იქნა გათვალისწინებული.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.
საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარს თან არ ურთავს ისეთ მტკიცებულებებს, რომელიც გავლენას მოახდენს (შეამცირებს) ინვენტარიზაციის შედეგებზე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობას, ვინაიდან მონიტორინგის სამსახურმა არ გაითვალისწინა სარეალიზაციო პროდუქტის თავისებურება და პროდუქტის თავისებურებიდან გამომდინარე და საერთაშორისო გამოცდილებით განსაზღვრული, პროდუქციის წონის 2-5 პროცენტიანი დანაკლისი მიიჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით განსაზღვრულ მიწოდებად.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი განმარტავს, რომ აღნიშნულ სფეროში არ მოიპოვება არანაირი ნორმა დანაკარგის პროცენტულობის შესახებ და მათთვის რთული იყო იმის განსაზღვრა დანაკარგი შეადგენდა 2-5 პროცენტს (როგორც გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს) თუ მაგალითად 5-10 პროცენტს. ასევე კომპანიის მიერ დანაკარგის მტკიცებულებად წარმოდგენილი იქნა გადამუშავების აქტები, თუმცა იყო ხარვეზი, ზოგიერთ აქტში მომჩივნის ნაცვლად მითითებული იყო სხვა კომპანია. ამიტომ აღნიშნული არ იქნა გათვალისწინებული.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302 (6); 49 (1,გ); 70 (1,ა); 8 (11); 269 (1); 270 (1); 286 (9).