გადაწყვეტილება №17747/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.12.2022
№ დოკუმენტი 17747/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№17747/2/2022

16.12.2022

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ : "-------" (ს/ნ "-------")

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 2.12.2022 წელს და 16.12.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ "-------"-ის 12.09.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №17747/2/2022).

 

დავის საგანი:

არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული ვალუტის შეძენის და რეალიზაციის საბაზრო ფასი.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2021 წლის №002-461 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 12.08.2022 წლის №21435 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 134 320 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 86 802

მიწის გადასახადი (სასოფლო) - 216

საშემოსავლო გადასახადი - 86 586

ჯარიმა - 28 962

საურავი - 18 556

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 6.07.2021 წლის წერილისა (№"-------") და დადგენილების საფუძველზე, ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.07.2021 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2021 წლის 27 დეკემბრის შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

საგადასახადო შემოწმების ჩატარების უზრუნველსაყოფად, საგამოძიებო ორგანოდან საგადასახადო ორგანოს გაეგზავნა სისხლის სამართლის საქმის მასალები, მათ შორის საბანკო ამონაწერები, სალაროში ნაღდი ფულადი ოპერაციების ამონაწერები, ანგარიშის გაუხსნელად განხორციელებული ტრანზაქციების ამონაწერები.

გადასახადის გადამხდელის და მასთან დაკავშირებული ფიზიკური პირების"-------" და "-------" მიერ განხორციელებული ქართული და უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების შესახებ წარდგენილი მასალებით გაირკვა, რომ "-------" 2004-2020 წლების განმავლობაში ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას, კერძოდ, ახორციელებდა ქართული და უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებს. ზემოთ მითითებულ მასალებზე დაყრდნობით, ასევე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ "-------"-ის სახელით, მისივე კუთვნილი ფულადი სახსრების გამოყენებით, ქართული და უცხოური ვალუტის ყიდვაგაყიდვის ოპერაციებს ახორციელებდნენ "-------" და"-------". აღნიშნული პირების მიერ განხორციელებული ოპერაციები ჩაითვალა"-------"-ის მიერ გაწეულ ეკონომიკურ საქმიანობად.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში "-------" ნაწილობრივ ახორციელებდა ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლის დეკლარირებას, არ გააჩნდა ბუღალტრული და საგადასახადო აღრიცხვა, რაც შეუძლებელს ხდიდა დაბეგვრის ობიექტის დადგენას. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის ერთობლივი შემოსავალი და ხარჯი გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, გადასახადის გადამხდელის სახელით განხორციელებული ეროვნული და უცხოური ვალუტის ნაღდი სახით ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების შესახებ ამონაწერის მიხედვით განისაზღვრა"-------"-სა და მისი სახელით მოქმედი ფიზიკური პირების მიერ ვალუტის შეძენისა და რეალიზაციის საბაზრო ფასები. ქართული და უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ყოველი ტრანზაქცია მიჩნეულ იქნა სავალუტო ოპერაციად საბაზრო გარიგების შესაბამისად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 28 დეკემბრის №41621 ბრძანება და №002-461 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 12.08.2022 წლის №21435 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და ამავე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-9 ნაწილზე, მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 105-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ ვალუტის შეძენისა და რეალიზაციის საბაზრო ფასების განსაზღვრისას იხელმძღვანელა საბანკო ამონაწერებით, შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე, აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება მართლზომიერია. ამასთან, გადასახადის გადამხდელის სახელით, მისი კუთვნილი ფულადი სახსრების გამოყენებით, ქართული და უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციის განხორციელება ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, წარმოადგენს "-------"- ის მიერ გაწეულ ეკონომიკურ საქმიანობას. ასევე, საბანკო ამონაწერის მიხედვით,"-------"-სა და მისი სახელით მოქმედი ფიზიკური პირების მიერ ვალუტის შეძენისა და რეალიზაციის საბაზრო ფასების განსაზღვრა და ქართული და უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ყოველი ტრანზაქციის მიჩნევა სავალუტო ოპერაციად საბაზრო გარიგების შესაბამისად, რამაც გამოიწვია დამატებითი შემოსავლის განსაზღვრა, შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან.

მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ, რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას არ ეთანხმება, იმის გამო, რომ ყველა ოპერაცია, რომელიც განხორციელებულია "-------"-ის და სხვა ფიზიკური პირების ("-------" და "-------") მიერ, განხორციელებულია საბანკო დაწესებულებაში, აღნიშნული ოპერაციებიდან მიღებული შემოსავალი/ზარალი არ არის ასახული "-------"-ის საგადასახადო ორგანოში წარდგენილ დეკლარაციებში.

ის სავალუტო ოპერაციები რომელიც "-------"-მა ჩაატარა სავალუტო ჯიხურში, ნაღდი ფულის გადაცვლა სხვადასხვა ვალუტაში დაფიქსირებული აქვს დეკლარაციებში. "-------"-ის და სხვა ფიზიკური პირების ("-------" და "-------") უცხოური და ეროვნული ვალუტის ყიდვა - გაყიდვის ოპერაციები განხორციელებულია საქართველოს სხვადასხვა საბანკო დაწესებულებაში და აუდიტის დეპარტამენტს ჰქონდა ამ ბანკებიდან ამოღებული ამონაწერები, სადაც დაფიქსირებულია დეტალურად რა რაოდენობის უცხოური ვალუტა (ევრო, აშშ დოლარი, რუსული რუბლი და სხვა) შეიძინა ან გაყიდა ეროვნულ ვალუტაში, დაფიქსირებულია კურსები, თარიღი და საათი როდის განხორციელდა ეს ოპერაცია. ე.ი. სახეზე არის დოკუმენტი, რომლის უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არც ერთ ორგანოს არ აქვს.

აუდიტის დეპარტამენტმა აღნიშნული დოკუმენტით ვერ დაადგინა დასაბეგრი შემოსავალი და გამოიყენა "-------"-ის სავალუტო ჯიხურში არსებული ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების ამონაწერი და დაადგინა ვალუტის საბაზრო ფასი. ე.ი. გამოდის, რომ საქართველოს საბანკო დაწესებულების დოკუმენტით დადგენილი სავალუტო კურსები არ წარმოადგენს საბაზრო ფასს და მეწარმის ამონაწერით მიღებული მონაცემები არის ვალუტის საბაზრო ფასი. ასეთივე არგუმენტით, რომ ბანკის მიერ ჩატარებულ ოპერაციაზე, რომელიც დადასტურებულია შესაბამისი საბუთით, აუდიტის დეპარტამენტი ცვლის ვალუტის საბაზრო ფასს.

ანალოგიურად, გადასახადის გადამხდელს 2014 წლის 12 დეკემბრის №51938 ბრძანებით და 2014 წლის 12 დეკემბრის №002-200 საგადასახადო მოთხოვნით, აუდიტის დეპარტამენტმა დამატებით დაარიცხა გადასახადები და ზუსტად ამ მეთოდით გაიანგარიშა შემოსავლები მაშინაც. აღნიშნული მოთხოვნა და ბრძანება გაუქმებული იქნა ყველა ინსტანციის სასამართლოს მიერ, მაგრამ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტი მაინც ერთი და იგივე მეთოდით ახდენს გაანგარიშებას და უკანონოდ არიცხავს მეწარმეს გადასახადებს.

ბანკის მიერ დადგენილი კურსი არის ყველაზე სარწმუნო ინფორმაცია და მისი შეცვლის საფუძველი საგადასახადო ორგანოს არცერთი კანონის მუხლით არ შეუძლია და აქედან გამომდინარე, უნდა მოხდეს დასაბეგრი შემოსავლის გადაანგარიშება და დამატებით დარიცხული საშემოსავლო გადასახადის შემცირება.

ყველა ოპერაცია აღრიცხულია ბანკის ანგარიშზე და ანგარიშის ამონაწერში, ხოლო ბანკის ამონაწერი შემოსავლების სამსახურისთვის არ წარმოადგენს დოკუმენტს, არადა ბანკის ამონაწერი არის ყველაზე სარწმუნო ინფორმაციის მატარებელი დოკუმენტი, ხოლო შემოსავლების სამსახურისთვის (როცა უნდათ) არ არის დოკუმენტი.

შემოსავლების სამსახურმა გადასახადის გადამხდელის გარეშე განიხილა საჩივარი და არ მიეცა არგუმენტების წარდგენის საშუალება, მიუთითებს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებაში დაფიქსირებულ საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საბანკო ამონაწერში დაფიქსირებულია ყველა მონაცემები თუ რა ქვეყნის ვალუტა, რა კურსით, რომელ დღეს და რომელ საათზე გადახურდავდა რომელი ქვეყნის ვალუტაში, მაგრამ აუდიტის დეპარტამენტმა საბანკო ამონაწერიდან ვერ დათვალა მიღებული შემოსავალი და გამოიყენა არაპირდაპირი მეთოდი, საბანკო ამონაწერით ნათლად ჩანს ოპერაციის დასაწყისიც, გადახურდავების კურსიც, რომელი ქვეყნის ვალუტა გადახურდავდა და რა რაოდენობის, ასევე ნათლად ჩანს ყველა ამ ოპერაციის დასრულება, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მონაცემებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური უსაფუძვლოდ იყენებს არაპირდაპირ მეთოდს გადასახადების გასაანგარიშებლად.

მომჩივანი ითხოვს გამოყენებული არაპირდაპირი მეთოდის გაუქმებას და ამის შემდგომ დარიცხული საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. ამავე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

დადგენილია, რომ შესამოწმებელ პერიოდში მომჩივანი ნაწილობრივ ახორციელებდა ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლის დეკლარირებას, არ გააჩნდა ბუღალტრული და საგადასახადო აღრიცხვა, რაც შეუძლებელს ხდიდა დაბეგვრის ობიექტის დადგენას. ასევე, საგამოძიებო ორგანოდან მიწოდებული მასალებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის სახელით, მისივე კუთვნილი ფულადი სახსრების გამოყენებით, ქართული და უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებს ახორციელებდნენ "-------" და"-------". ამდენად, გადასახადის გადამხდელის ერთობლივი შემოსავალი და ხარჯი გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ ყველა ოპერაცია, რომელიც განხორციელებულია"-------"- ის და სხვა ფიზიკური პირების ("-------" და "-------") მიერ, განხორციელებულია საბანკო დაწესებულებაში, აღნიშნული ოპერაციებიდან მიღებული შემოსავალი/ზარალი არ არის ასახული "-------"- ის საგადასახადო ორგანოში წარდგენილ დეკლარაციებში, ხოლო ის სავალუტო ოპერაციები რომელიც "-------"-მა ჩაატარა სავალუტო ჯიხურში, ნაღდი ფულის გადაცვლა სხვადსხვა ვალუტაში, დაფიქსირებული აქვს დეკლარაციებში. შემოწმების შედეგად განხორციელებული ქმედებით გამოდის, რომ საქართველოს საბანკო დაწესებულების დოკუმენტით დადგენილი სავალუტო კურსები არ წარმოადგენს საბაზრო ფასს და მეწარმის ამონაწერით მიღებული მონაცემები არის ვალუტის საბაზრო ფასი. ანალოგიური მეთოდით აუდიტის დეპარტამენტის მიერ დარიცხული თანხები გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა სასამართლოში, ყველა ინსტანციის სასამართლოს მიერ გაუქმებული იქნა აღნიშნული დარიცხვა, მაგრამ აუდიტის დეპარტამენტი მაინც ერთი და იგივე მეთოდით ახდენს გაანგარიშებას და უკანონოდ არიცხავს მეწარმეს გადასახადებს.

აუდიტის დეპარტამენტი 29.09.2022 წლის №"------" წერილით წარმოდგენილ ინფორმაციაში ფაქტობრივ გარემოებებში დაფიქსირებულ ინფორმაციაზე დამატებით აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის ერთობლივი შემოსავლის და ხარჯების გაანგარიშება მოხდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, გადასახადის გადამხდელის სახელით განხორციელებული ეროვნული და უცხოური ფულადი კონვერტაციები განხორციელდა ვალუტით შემდგომი ვაჭრობის მიზნით. კერძოდ, საბანკო დაწესებულებაში შეძენილი ვალუტის გადაცვლა მოხდა შემდგომ სავალუტო ბაზარზე. პირობითად, თუ საბანკო ამონაწერში ფიქსირდებოდა, რომ ი/მ "-------"მა 100 დოლარი შეიძინა ბანკში, ჩაითვალა რომ შემდგომ აღნიშნული დოლარი გაყიდა საცალო ბაზარზე და მოგება მიიღო გარკვეული მარჟით. გადასახადის გადამხდელის მიმართ გამოყენებულ იქნა სხვა ანალოგიურ ოპერაციებზე დადგენილი მარჟა 0.25 %-ის ოდენობით. ხოლო, მომჩივნის არგუმენტზე, რომ წინა საანგარიშო პერიოდზე შედგენილი საგადასახადო შემოწმების შედეგები გაასაჩივრა სასამართლოში და აღნიშნული დავა გადაწყდა მის სასარგებლოდ, როგორც შიდა მოკვლევით დადგინდა, სასამართლომ დაავალა გადასახადის გადამხდელს საბანკო ამონაწერის წარდგენა და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე შემოწმების აქტის კორექტირება შემოსავლების სამსახურს.

საბჭოს 2022 წლის 2 დეკემბრის სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას შემოწმების მიერ. მეწარმის საქმიანობა შესამოწმებელ პერიოდში არის ვალუტის გადაცვლა, გააჩნდა სავალუტო ჯიხური (რომელიც ქონდა შემოწმების პერიოდში) სადაც ახორციელებდა ნაღდი ფულის გადაცვლას და ასევე ვალუტის გადაცვლას ბანკში. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას ბანკში განხორციელებულ გადაცვლის ოპერაციებზე კატეგორიულად არ ეთანხმება. ბანკებიდან ამოღებული ამონაწერები გააჩნია შემმოწმებელს, სადაც დაფიქსირებულია დეტალურად რა რაოდენობის უცხოური ვალუტა (ევრო, აშშ დოლარი, რუსული რუბლი და სხვა) შეიძინა ან გაყიდა ეროვნულ ვალუტაში, დაფიქსირებულია კურსები, თარიღი და საათი როდის განხორციელდა ეს ოპერაცია. შემმოწმებელმა აღნიშნული სანდოდ არ მიიჩნია. დარიცხვის ზუსტად იგივე პრინციპი და მეთოდი აქვს გამოყენებული აუდიტის დეპარტამენტს წინა შემოწმებისას, რომელიც გასაჩივრდა და სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით არ მიიჩნია მართებულად ზუსტად ამ მეთოდის გამოყენება. გადასახადის გადამხდელმა იგივე თანხა არ შეიძლება მოიგოს, რასაც ჯიხურში ნაღდი ფულით ვაჭრობისას მოიგებდა და რომ გაანგარიშების პრინციპია სადავო. საბანკო კონვერტაციისას ბევრად ნაკლებ მოგებას იღებდა გადასახადის გადამხდელი, ვიდრე სავალუტო ჯიხურში გადახურდავების დროს.

2022 წლის 2 დეკემბრის საბჭოს სხდომაზე, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენის და სადავო საკითხზე მართლზომიერი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საბჭომ მიზანშეწონილად მიიჩნია განხილვის შეჩერება და აუდიტის დეპარტამენტს დაევალა სასამართლო დავასთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიება მომჩივნის არგუმენტის გათვალისწინებით.

2022 წლის 16 დეკემბრის საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მომჩივნის მიერ საჩივარში დაფიქსირებული პოზიცია, რომ ანალოგიური მეთოდით განხორციელებული დარიცხვა სასამართლოს მიერ გაუქმდა, არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან მომჩივნის მიერ სასამართლო განხილვისას წარდგენილი გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული ტრანზაქციების თაობაზე სს „------ ბანკის“ მიერ გაცემული ცნობის და ინფორმაციის საფუძველზე, იმ არგუმენტზე დაყრდნობით, რომ აღნიშნული მტკიცებულება არ ყოფილა წარდგენილი საგადასახადო შემოწმებისას, თუმცა მნიშვნელობა აქვს არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშების მაქსიმალურად ზუსტად განსაზღვრისათვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ 29.12.2017 წლის გადაწყვეტილებით, შემოსავლების სამსახურს დაავალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. შემოწმებით განხორციელებულ დარიცხვას კავშირი არ აქვს წინა პერიოდის დარიცხვასთან, საბანკო ოპერაციებსა და ფიზიკურ პირებს შორის განხორციელებულ ტრანზაქციაზე არ არის არაპირდაპირი მეთოდი გამოყენებული, არაპირდაპირი მეთოდი შემოწმებით გამოყენებული იქნა გადასახადის გადამხდელსა და ფიზიკურ პირებს შორის განხორციელებულ ტრანზაქციაზე ეროვნული ბანკის კურსით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი გახდა დაბეგვრის ობიექტის დადგენა, გადასახადის გადამხდელის რეალური შემოსავლების და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება მართლზომიერია და გადასახადის გადამხდელის საგადასახდო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.