ბრძანება N 12990

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 12.06.2023
№ დოკუმენტი 12990
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 12990

12.06.2023

შპს „----------“ (ს/ნ ----------)

(მის.: ----------)

2023 წლის 22 იანვრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 18 მაისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №54) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) №78306/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 20 დეკემბრის №072-11 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სალაროში ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთის საწარმოს დირექტორის ხელფასად მიჩნევას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. აცხადებს, რომ ფიზიკური პირებიდან ნაღდი ანგარიშსწორებით ახდენს სარეალიზაციო საქონლის შეძენას, ამ მიზნით სალაროში კომპანიას ყოველთვის სჭირდებოდა ნაღდი ფულის ნაშთი (იმაზე მეტი, ვიდრე ინსტრუქციით გათვალისწინებული შემოსავალი/ხარჯის 10%). მიუთითებს, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დაფიქსირებული ნაღდი ფულის ნაშთი გახარჯულია მომდევნო 3 თვის მანძილზე საექსპორტო საქონლის ფიზიკური პირებისგან შესაძენად.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შესყიდვის აქტების გაუთვალისწინებლობას და 25 პროცენტის დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად ჩათვლას, შესაბამისად, დარიცხულ მოგების გადასახადს. ითხოვს უსაფუძვლოდ დარიცხული მოგების გადასახადის გაუქმებას და მიუთითებს, რომ შეუძლიათ გამოასწოროს შესყიდვის აქტებში არსებული ტექნიკური ხარვეზები.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 30 ივნისის №17036 და 28 სექტემბრის №24827 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 ივლისამდე საანგარიშო პერიოდები, გარდა აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 17 ივნისის №15924 ბრძანებით მოცული საკითხებისა. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 8 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 20 დეკემბრის №32115 ბრძანება და 2022 წლის 20 დეკემბრის №072-11 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით განესაზღვრა სულ 687 871 ლარი, მათ შორის გადასახადი 404 111 ლარი, ჯარიმა 197 371 ლარი და საურავი 86 389 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივრებში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

1. საწარმოს ბუღალტრული აღრიცხვა წარმოებული აქვს საბუღალტრო პროგრამა ორისის მეშვეობით. შემოწმებამ წარმოდგენილ პროგრამულ მონაცემებზე და საბანკო ამონაწერებზე დაყრდნობით შეადგინა ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიში, რომლითაც დადასტურდა საწარმოში არაგონივრული ნაღდი ფულის არსებობა სხვადასხვა პერიოდში. საწარმოს დირექტორისაგან შემოწმებამ ვერ მიიღო განმარტება აღნიშნული ფაქტის ასახსნელად. შემოწმებამ იხელმძღვანელა ფინანსთა მინისტრის N22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების შესაბამისად და საწარმოში არსებული გონივრულ ნაშთს ზემოთ არსებული თანხები ჩათვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე 2022 წლის მარტისა და აპრილის თვეებზე განხორციელებულია სავარაუდო დარიცხვა 10000-10000 ლარის ოდენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შესაბამისი ჯარიმების განსაზღვრა განხორციელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის და 274-ე მუხლის მე-2 ნაწილების მიხედვით.

2. საწარმოს მიერ შემოწმებისათვის არასრულად იქნა წარმოდგენილი ფიზიკური პირებისაგან მეორადი კატალიზატორისა და ხე-ტყის შესყიდვის დამადასტურებელი პირველადი საგადასახადო დოკუმენტები - შესყიდვის აქტები. წარმოდგენილი დოკუმენტების ნაწილმა კი ვერ დააკმაყოფილა პირველადი დოკუმენტის კრიტერიუმები, კერძოდ - შესყიდვის აქტში დაფიქსირებული საიდენტიფიკაციო ნომერი არ შეესაბამებოდა ფიზიკური პირის სახელს და გვარს. ვინაიდან საქონლის ექსპორტის სასაქონლო რეჟიმში მოქცევის დოკუმენტაციით უტყუარად დასტურდება საქონლის არსებობისა და რეალიზაციის ფაქტი, შემოწმებამ იხელმძღვანელა ფინანსთა მინისტრის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითებით, რომლის მიხედვითაც შესყიდვის დოკუმენტებით განხორციელებული შეძენის ღირებულების 25% ჩათვალა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლით გათვალისწინებულ ხარჯად, რომელიც დოკუმენტურად არ დასტურდება და დაიბეგრა მოგების გადასახადით შესაბამის საანგარიშო პერიოდებში. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, შემოწმების მიერ გადამხდელის ბუღალტრული პროგრამის მონაცემებისა და საბანკო ამონაწერების გათვალისწინებით განხორციელდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი, რომლითაც დადასტურდა საწარმოში არაგონივრული ნაღდი ფულის არსებობა სხვადასხვა პერიოდში, რომელიც შემოწმებით ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. აღნიშნულთან დაკავშირებით შემოწმების პროცესში საწარმოს დირექტორს არ წარმოუდგენია რაიმე სახის განმარტება.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება:

ა) ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად;

ბ) ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96– ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტში ასახულ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, საწარმოს მიერ შემოწმებისთვის არასრულად იქნა წარმოდგენილი ფიზიკური პირებისაგან მეორადი კატალიზატორისა და ხე-ტყის შესყიდვის დამადასტურებელი პირველადი საგადასახადო დოკუმენტები - შესყიდვის აქტები. ხოლო წარმოდგენილი დოკუმენტების ნაწილმა ვერ დააკმაყოფილა პირველადი დოკუმენტის კრიტერიუმები. თუმცა საქონლის ექსპორტის სასაქონლო რეჟიმში მოქცევის დოკუმენტაციით დასტურდება საქონლის არსებობისა და რეალიზაციის ფაქტი.

წარმოდგენილ საჩივარში მომჩივანი არ ეთანხმება შესყიდვის აქტების გაუთვალისწინებლობას და აცხადებს, რომ შეუძლიათ გამოასწოროს შესყიდვის აქტებში არსებული ტექნიკური ხარვეზები და წარმოადგინოს ისინი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები, მათ შორის, ნოტარიულად დადასტურებული შესყიდვის აქტები. თავის მხრივ, განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები, მათ შორის, ნოტარიულად დადასტურებული შესყიდვის აქტები.

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სალაროში ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთის საწარმოს დირექტორის ხელფასად მიჩნევას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შესყიდვის აქტების გაუთვალისწინებლობას და 25 პროცენტის დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად ჩათვლას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. შემოწმების მიერ გადამხდელის ბუღალტრული პროგრამის მონაცემებისა და საბანკო ამონაწერების გათვალისწინებით განხორციელდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი, რომლითაც დადასტურდა საწარმოში არაგონივრული ნაღდი ფულის არსებობა სხვადასხვა პერიოდში, რომელიც შემოწმებით ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. აღნიშნულთან დაკავშირებით შემოწმების პროცესში საწარმოს დირექტორს არ წარმოუდგენია რაიმე სახის განმარტება. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

2. საწარმოს მიერ შემოწმებისთვის არასრულად იქნა წარმოდგენილი ფიზიკური პირებისაგან მეორადი კატალიზატორისა და ხე-ტყის შესყიდვის დამადასტურებელი პირველადი საგადასახადო დოკუმენტები - შესყიდვის აქტები. ხოლო წარმოდგენილი დოკუმენტების ნაწილმა ვერ დააკმაყოფილა პირველადი დოკუმენტის კრიტერიუმები. თუმცა საქონლის ექსპორტის სასაქონლო რეჟიმში მოქცევის დოკუმენტაციით დასტურდება საქონლის არსებობისა და რეალიზაციის ფაქტი. წარმოდგენილ საჩივარში მომჩივანი არ ეთანხმება შესყიდვის აქტების გაუთვალისწინებლობას და აცხადებს, რომ შეუძლიათ გამოასწოროს შესყიდვის აქტებში არსებული ტექნიკური ხარვეზები და წარმოადგინოს ისინი.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები, მათ შორის, ნოტარიულად დადასტურებული შესყიდვის აქტები. თავის მხრივ, განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 72(1); 73(9); 97(1„ბ“); 982; 101(1); 105(2); 154(1„ა“); 274(2); 275(2).