გადაწყვეტილება №21741/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21741/2/2023
22 აპრილი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს "--------" (ს/ნ "------")
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "------"-ის 28.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21741/2/2023).
დავის საგანი:
გადახდის წყაროსთან 3%-იანი განაკვეთით დაბეგრილი, საქონლის შესაძენად დახარჯული თანხის სალაროდან გასულ თანხებში გაუთვალისწინებლობა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 5.10.2023 წლის №024-67 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 11.12.2023 წლის №30923 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 33 482.19 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 21 182
ჯარიმა - 10 586
საურავი - 1 714.19
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
კომპანიის საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა შავი და ფერადი ლითონების ჯართით და ნარჩენებით. აუდიტის დეპარტამენტის 10.07.2023 წლის №16663 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 15.02.2022 წლიდან 1.06.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 29.09.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა რომ:
- შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ რეალიზებულია ჯართი სასაქონლო ზედნადებებით, რომლის შესყიდვა სასაქონლო ზედნადებებით არ ფიქსირდება. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია სხვა დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (ფიზიკური პირებისგან შეძენილი საქონლის შესაბამისი შესყიდვის აქტები). საგადასახადო კოდექსის 136-ე, 49-ე, 61-ე, 133-ე, 105- ე და 73-ე მუხლების გათვალისწინებით, ვინაიდან საწარმოს უფიქსირდება რეალიზაციის ზედნადებები და არ აქვს შესაბამისი შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები, შემოწმებამ იხელმძღვანელა არაპირდაპირი მეთოდით, რომლის მიხედვითაც რეალიზებული პროდუქციის შეძენის ხარჯად ჩაითვალა მის მიერვე იმავე საანგარიშო წელს იდენტური/მსგავსი საქონლის შეძენაზე დოკუმენტურად დაფიქსირებული მინიმალური ფასი - №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით. შესაბამისად საქონლის შესაძენად დახარჯული თანხა დაიბეგრა გადახდის წყაროსთან 3%-იანი განაკვეთით. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
- გადასახადის გადამხდელის ზეპირსიტყვიერი ახსნა-განმარტებით საწარმო არ ახორციელებს ოპერაციებს ნაღდი ანგარიშსწორებით. საწარმოს მიერ შეძენილი და რეალიზებული საქონლის ღირებულების ანაზღაურება ხორციელდება ნაღდი ანგარიშსწორებით. საწარმომ წარმოადგინა საბანკო ამონაწერები, რომლის მიხედვით შესამოწმებელ პერიოდში ფიქსირდება საბანკო ანგარიშიდან თანხების განაღდება. შესამოწმებელ პერიოდში არ ფიქსირდება აღნიშნული განაღდებული თანხების საწარმოს საბანკო ანგარიშზე დაბრუნება, ხოლო შემოწმების მიერ ვერ მოხერხდა გაცემული თანხების მიზნობრიობის დადგენა. საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით შემოწმებით აღნიშნული თანხები დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით გაცემულად. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 4.10.2023 წლის №24519 ბრძანება და 5.10.2023 წლის №024-67 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 31.10.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 11.12.2023 წლის №30923 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ რეალიზებულია ჯართი სასაქონლო ზედნადებებით, რომლის შესყიდვა სასაქონლო ზედნადებებით არ ფიქსირდება. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია სხვა დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (ფიზიკური პირებისგან შეძენილი საქონლის შესაბამისი შესყიდვის აქტები). შესაბამისად, ვინაიდან საწარმოს უფიქსირდება რეალიზაციის ზედნადებები და არ აქვს შესაბამისი შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები, შემოწმებით რეალიზებული პროდუქციის შეძენის ხარჯად ჩაითვალა მის მიერვე იმავე საანგარიშო წელს იდენტური/მსგავსი საქონლის შეძენაზე დოკუმენტურად დაფიქსირებული მინიმალური ფასი №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით. შესაბამისად საქონლის შესაძენად დახარჯული თანხა დაიბეგრა გადახდის წყაროსთან 3%-იანი განაკვეთით. ასევე, გადამხდელის განმარტებით არ ახორციელებს ოპერაციებს ნაღდი ანგარიშსწორებით, წარმოადგინა საბანკო ამონაწერები, რომლის მიხედვით შესამოწმებელ პერიოდში ფიქსირდება საბანკო ანგარიშიდან თანხების განაღდება. შესამოწმებელ პერიოდში არ ფიქსირდება აღნიშნული განაღდებული თანხების საწარმოს საბანკო ანგარიშზე დაბრუნება, ხოლო შემოწმების მიერ ვერ მოხერხდა გაცემული თანხების მიზნობრიობის დადგენა. შემოწმებით აღნიშნული თანხები დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით გაცემულად. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად შემოწმების მიერ სალაროს მოძრაობის შედგენისას გათვალისწინებულია, აღნიშნული თანხების საწარმოდან გასვლა. (შემოწმების ჯგუფის მიერ ფიზიკურ პირზე გადახდილი თანხები ჩათვლილია ხარჯად და არ არის დაბეგრილი ორჯერ).
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს. სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ 3 პროცენტით დასაბეგრი თანხა გამორჩენილი ყოფილა და მოხდა მისი დარიცხვა ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხის შესაბამისად, თუმცაღა ის თანხა რაც დაიბეგრა 3 პროცენტით უნდა ჩათვლილიყო პარალელულად სალაროდან გასულ თანხებში და უნდა შემცირებულიყო შემდგომში 20 პროცენტით დასაბეგრი ბრუნვა ანუ ეჭვი აქვს, რომ ამ შემთხვევაში მოხდა ორმაგი დაბეგვრა, ხარჯი განისაზღვრა და დაიბეგრა 3 პროცენტით და ასევე ეს განსაზღვრული ხარჯი სალაროდან გასულ თანხას არ დააკლდა და დარჩა ისევ სალაროში და შემდგომ ხელმეორედ დაიბეგრა 20 პროცენტით. ითხოვს ამ საკითხის ძირფესვიან შესწავლას რათა გამოირიცხოს ორმაგი დაბეგვრა და საჩივრის განხილვაზე დასწრებას, რათა მეტად გაერკვეს აღნიშნულ აქტში და შესაბამისად მოხდეს გადაანგარიშება მისი ჩართულობით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით:
4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
9. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „პ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:
ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
პ) პირი, რომელიც ამ კოდექსის 1333 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფიზიკურ პირს უნაზღაურებს მისგან შეძენილი საქონლის ღირებულებას.
საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის თანახმად:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლის მიწოდებით ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი იბეგრება გადახდის წყაროსთან 3 პროცენტიანი განაკვეთით, საქონლის შემძენი პირის მიერ.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადახდის წყაროსთან დაბეგვრის წესი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მიწოდებისას სასაქონლო ზედნადები გამოწერილი არ არის.
3. ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც ამ მუხლის შესაბამისად დაიბეგრა, ამ პირის ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 393 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან 3 პროცენტიანი განაკვეთით იბეგრება ფიზიკური პირის მიერ:
ა) შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი;
ბ) შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი.
მომჩივანი მიუთითებს, რომ ამ შემთხვევაში მოხდა ორმაგი დაბეგვრა, ხარჯი განისაზღვრა და დაიბეგრა 3 პროცენტით და ასევე ეს განსაზღვრული ხარჯი სალაროდან გასულ თანხას არ დააკლდა და დარჩა ისევ სალაროში და შემდგომ ხელმეორედ დაიბეგრა 20 პროცენტით.
მომჩივნის არგუმენტთან დაკავშირებით, წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 16.01.2024 წლის № "------" წერილი, რომელშიც განმარტებულია, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ რეალიზებულია ჯართი სასაქონლო ზედნადებებით, რომლის შესყიდვა სასაქონლო ზედნადებებით არ ფიქსირდება. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია სხვა დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (ფიზიკური პირებისგან შეძენილი საქონლის შესაბამისი შესყიდვის აქტები). აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან და საკანონმდებლო ნორმებიდან გამომდინარე, ვინაიდან საწარმოს უფიქსირდება რეალიზაციის სასაქონლო ზედნადებები და არ აქვს შესაბამისი შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები, შემოწმებამ იხელმძღვანელა არაპირდაპირი მეთოდით, რომლის მიხედვითაც რეალიზებული პროდუქციის შეძენის ხარჯად ჩაითვალა მის მიერვე იმავე საანგარიშო წელს იდენტური/მსგავსი საქონლის შეძენაზე დოკუმენტურად დაფიქსირებული მინიმალური ფასი - №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით. შესაბამისად საქონლის შესაძენად დახარჯული თანხა დაიბეგრა გადახდის წყაროსთან 3%-იანი განაკვეთით. ასევე, შემოწმების ჯგუფის მიერ სალაროს მოძრაობის შედგენისას გათვალისწინებულია ზემოთ აღნიშნული თანხების საწარმოდან გასვლა (შემოწმების ჯგუფის მიერ ფიზიკურ პირზე გადახდილი თანხები ჩათვლილია ხარჯად და არ არის დაბეგრილი ორჯერ).
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს ამ საკითხის ძირფესვიან შესწავლას რათა გამოირიცხოს ორმაგი დაბეგვრა და საჩივრის განხილვაზე დასწრებას, რათა მეტად გაერკვეს აღნიშნულ აქტში და შესაბამისად მოხდეს გადაანგარიშება მისი ჩართულობით.
ფაქტობრივი გარემოებები
კომპანიის საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა შავი და ფერადი ლითონების ჯართით და ნარჩენებით.შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ რეალიზებულია ჯართი სასაქონლო ზედნადებებით, რომლის შესყიდვა სასაქონლო ზედნადებებით არ ფიქსირდება. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს არ წარუდგენია სხვა დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.ვინაიდან საწარმოს უფიქსირდება რეალიზაციის ზედნადებები და არ აქვს შესაბამისი შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები, შემოწმებამ იხელმძღვანელა არაპირდაპირი მეთოდით, რომლის მიხედვითაც რეალიზებული პროდუქციის შეძენის ხარჯად ჩაითვალა მის მიერვე იმავე საანგარიშო წელს იდენტური/მსგავსი საქონლის შეძენაზე დოკუმენტურად დაფიქსირებული მინიმალური ფასი.შესაბამისად საქონლის შესაძენად დახარჯული თანხა დაიბეგრა გადახდის წყაროსთან 3%-იანი განაკვეთით. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
შესამოწმებელ პერიოდში არ ფიქსირდება აღნიშნული განაღდებული თანხების საწარმოს საბანკო ანგარიშზე დაბრუნება, ხოლო შემოწმების მიერ ვერ მოხერხდა გაცემული თანხების მიზნობრიობის დადგენა. შემოწმებით აღნიშნული თანხები დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით გაცემულად. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73(5),101,1333,154.