გადაწყვეტილება №25664/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25664/2/2025
17 სექტემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,12.09.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“ 17.08.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25664/2/2025).
დავის საგანი:
1. დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება;
2. დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7
ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 4 ივნისის №005-68 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 21 ივლისის №16325 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 369 439.24 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 220 783.05
ჯარიმა - 110 391.60
საურავი - 38 264.59
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სარესტორნე მომსახურება. მომჩივანი დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირდა 2022 წლის 15 ივლისს. საწარმო საქმიანობას ახორციელებს იჯარით აღებულ ფართში.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 15 აპრილის №7107 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის გასვლითი თემატური საგადასახადო შემოწმება 2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 მარტამდე საანგარიშო პერიოდებში საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 2 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 3 ივნისის №11356 ბრძანება და 4 ივნისის №005-68 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 369 439.24 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2025 წლის 9 ივლისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2025 წლის 21 ივლისის №16325 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 21 ივლისის №16325 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება
ფაქტების აღწერა
საწარმო შემოსავლის მიღებას ახორციელებს როგორც ნაღდი ისე უნაღდო წესით. შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (ამონაწერი საბანკო დაწესებულებებიდან), შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, საკონტროლო-სალარო აპარატებისა და პოს-ტერმინალების მონაცემები, რომელთა ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას წარმოეშვა საგადასახადო ვალდებულება დღგ-ის ნაწილში. შემოწმებით გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშებისას არ გამოყენებულა არაპირდაპირი მეთოდი და საგადასახადო ვალდებულებები გაანგარიშდა საგადასახადო ორგანოს ხელთ არსებული მონაცემების საფუძველზე. საგადასახადო კოდექსის 159-ე და 164-ე მუხლების გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 158-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 168- ე, 43-ე მუხლებზე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი წარდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას და განმარტავს, რომ გაანგარიშებისას არსებობს უზუსტობები. კერძოდ, დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში ჩართულია კომპანიის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე (2022 წლის 1 ივლისიდან 2022 წლის 14 ივლისის ჩათვლით) არსებული შემოსავალები და გაზრდილია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ასევე, ცალკეულ პერიოდებში შემოწმებით დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განსხვავდება ფაქტობრივი მონაცემებისგან და არ არის გათვალისწინებული დაბრუნებული თანხები, რითაც შემცირდებოდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. მომჩივანი ითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას მისი მონაწილეობით.
ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
საწარმო ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ძირითადი საშუალებების და სმფ-ების შეძენას ახორციელებს ძირითადად დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირებისგან. კომპანიის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის (www.rs.ge) შესწავლისას ირკვევა, რომ 2022 - 2025 წლებში რიგი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით არ აქვს მიღებული ჩათვლა. ამასთან, არის შემთხვევები, როდესაც კონტრაჰენტი პირების მიერ არ არის გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რაზეც მომჩივნის მიერ გაიგზავნა მოთხოვნა, რათა გამოიწეროს მათ მიერ გადასახადის გადამხდელის მიმართ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.
საგადასახადო შემოწმების ბრძანებით შესწავლილ იქნა მხოლოდ კომპანიის საკონტროლო-სალარო აპარატით და პოს-ტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორე. შესაბამისად, ზემოაღნიშნული გარემოება (მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები) გავლენას ახდენს შემოწმების შედეგად დარიცხული თანხების მოცულობაზე.
მომჩივანი ითხოვს შემოწმების აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნეს აღნიშნული გარემოება, მიღებული/მისაღები დღგ-ის საგადასახადო ანგარიშფაქტურების საფუძველზე მოხდეს დარიცხული თანხების კორექტირება/შემცირება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში − საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
საგადასახადო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირის მიერ სხვა დასაბეგრი პირისთვის საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის შემთხვევაში, გამოიწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ კომპანიას შემოწმების შედეგად წარმოეშვა დამატებითი საგადასახადო ვალდებულება დღგ-ის ნაწილში.
შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ კომპანიის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის შესწავლისას ირკვევა, რომ 2022 - 2025 წლებში რიგი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით არ აქვს მიღებული დღგ-ის ჩათვლა. ამასთან, არის შემთხვევები, როდესაც კონტრაჰენტი პირების მიერ არ არის გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რაზეც მომჩივნის მიერ გაიგზავნა მოთხოვნა, რათა გამოიწეროს მათ მიერ გადასახადის გადამხდელის მიმართ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. მომჩივანი ითხოვს შემოწმების აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშებისას დარიცხული თანხების კორექტირება/შემცირება მოხდეს მიღებული/მისაღები დღგ-ის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გათვალისწინებით.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე დაადასტურა, რომ არსებობს დღგის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. ამასთან, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს როგორც წარდგენილი, ასევე შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
2. დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 4 ივნისის №005-68 საგადასახადო მოთხოვნის შესაბამისად, მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 369 439.24 ლარი. მათ შორის, გადასახადი - 220 783.05 ლარი, ჯარიმა - 110 391.60 ლარი და საურავი - 38 264.59 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 269-ე, 270-ე, 275-ე, 272-ე მუხლებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად შეფარდებული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
არის 32 წლის, მისი და მისი ოჯახის სარჩენ წყაროს წარმოადგენს აღნიშნული საქმიანობა. ჯანმრთელობის რიგი პრობლემების გამო პერიოდულად უწევს ქვეყნიდან გასვლა. კომპანიას არ ჰყავდა კვალიფიციური ბუღალტერი და არც თვითონ წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის მიმართ კომპეტენტურ პირს, რათა დროულად და სწორად მომხდარიყო საგადასახადო ვალდებულებების შესრულება. შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები საკმაოდ მოცულობითია, რის გადახდის საშუალება სამწუხაროდ არ აქვს.
მომჩივანი ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირის დაუდევარი ქმედება არ შეიძლება გახდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 21 ივლისის №16325 ბრძანება;
სადავო საკითხი
1.მომჩივანი ითხოვს შემოწმების აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნეს აღნიშნული გარემოება, მიღებული/მისაღები დღგ-ის საგადასახადო ანგარიშფაქტურების საფუძველზე მოხდეს დარიცხული თანხების კორექტირება/შემცირება.
2.მომჩივანი ითხოვს, სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან.
ფაქტობრივი გარემოებები
1.ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას წარმოეშვა საგადასახადო ვალდებულება დღგ-ის ნაწილში. შემოწმებით გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშებისას არ გამოყენებულა არაპირდაპირი მეთოდი და საგადასახადო ვალდებულებები გაანგარიშდა საგადასახადო ორგანოს ხელთ არსებული მონაცემების საფუძველზე.სსკ-ის 159-ე და 164-ე მუხლების გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.
2.მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 369 439.24 ლარი. მათ შორის, გადასახადი - 220 783.05 ლარი, ჯარიმა - 110 391.60 ლარი და საურავი - 38 264.59 ლარი.
გადაწყვეტილება
1.საბჭომ მიიჩნია, რომ გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. ამასთან, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს როგორც წარდგენილი, ასევე შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
2.საბჭო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
163,164,180,269(7).