ბრძანება N 32028
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 32028
19 .12. 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „--------------ის“ (ს/ნ -----------)
(მის.: -----------------------------------)
2023 წლის 3 ნოემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 30 ნოემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №124) განიხილა შპს „--------------ის“ (ს/ნ -----------) 2023 წლის 3 ნოემბრის №186184/21-11 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 11 ოქტომბრის №081-249 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
მომჩივნის პოზიცია:
1. მომჩივანი არ ეთანხმება აქციზში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოთხოვილ იქნა იმ აქციზური მარკების ოდენობა, რომელიც კომპანიას ჰქონდა გატანილი შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში, ასევე გადამოწმდა დარჩენილი აქციზური მარკების ოდენობა რომელიც ექვსი თვის ვადაში არ იყო გახარჯული და ამის შესაბამისად განისაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები. განმარტავს, რომ შემოწმებას უნდა გაერკვია რა სახის პროდუქცია შემოიტანა კომპანიამ, როგორია მისი ალკოჰოლური სიმაგრე და ამის მიხედვით უნდა განესაზღვრა ჯარიმის ოდენობა. მომჩივანი აღნიშნავს, რომ აუდიტმა დაარიცხა უმაღლესი ჯარიმა, ისე, თითქოს კომპანია აწარმოებდა სუფთა სპირტის იმპორტს. ამდენად, უსამართლოდაა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები და სანქციები.
2. გადასახადის გადამხდელი ითხოვს აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 ოქტომბრის N25134 ბრძანების გაუქმებას. აღნიშნავს, რომ არ ეთანხმება შესამოწმებელ პერიოდს, რადგან აუდიტმა სამი წლის ნაცვლად შეამოწმა 3 წელი და 3 თვე და ბოლო თვეზე დაარიცხა კომპანიას ჯარიმა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 ივლისის №17797 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „--------------ის“ (ს/ნ -----------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმდა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდებში აქციზის გადასახადით დაბეგვრის სისწორე. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 28 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 10 ოქტომბრის №25134 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და 2023 წლის 11 ოქტომბრის №081-249 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 288 442 ლარი, მათ შორის გადასახადი 111 839 ლარი, ჯარიმა 111 839 ლარი და საურავი 64 764 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
შემოწმების პროცესში დამუშავდა გადასახადის გადამხდელის მიერ გატანილი აქციზური მარკების და კომპანიის მიერ იმპორტის რეჟიმში მოქცეული ალკოჰოლური სასმელების (ბოთლების) რაოდენობრივი ანალიზი, რის შედეგადაც ექვს თვეს გადაცილებული გაუხარჯავი აქციზური მარკები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 188-ე და 192-ე მუხლების შესაბამისად 6 თვიანი ვადის გასვლის მეორე დღესვე ჩაითვალა აქციზური მარკების ნიშანდებისადმი დაქვემდებარებული საქონლის ქვეყნის შიგნით მიწოდებად და შესაბამისად დაიბეგრა აქციზით. ხოლო შემდგომ პერიოდში, გაუხარჯავი აქციზური მარკებით ნიშანდებული საქონლის იმპორტის/აქციზით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისას, გადასახდელად დარიცხული აქციზი გადაანგარიშდა ფაქტობრივად განხორციელებული იმპორტის/აქციზით დასაბეგრი ოპერაციის ოდენობის პროპორციულად. ამასთან, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გამოიკვეთა 4 467 ცალი აქციზური პროდუქტების მარკა და 37 752 ცალი მარკირებული ლუდის ნაწარმის აქციზური მარკა, რომლებიც იმპორტირებულ საქონელზე დაკრული არ იყო. შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა აქციზის უმაღლესი განაკვეთი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტზე, რომლის თანახმად, აქციზის გადამხდელია პირი, რომელიც ახორციელებს აქციზური საქონლის იმპორტს საქართველოში; საქართველოს საგადასახადო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, აქციზით დაბეგვრის ობიექტია:
ა) დასაბეგრი ოპერაცია;
ბ) აქციზური საქონლის იმპორტი;
გ) აქციზური საქონლის ექსპორტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 185-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, აქციზით დასაბეგრი ოპერაციის, აქციზური საქონლის იმპორტისა და აქციზური საქონლის ექსპორტის თანხა განისაზღვრება ალკოჰოლიანი სასმლისთვის – ალკოჰოლიანი სასმლის მოცულობით ან ალკოჰოლიან სასმელში სუფთა ალკოჰოლის მოცულობით ან ალკოჰოლის შემცველობის პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის მიხედვით იმპორტიორების მიერ აქციზური მარკების მიღებიდან 6 თვეში საქონლის იმპორტის განუხორციელებლობის შემთხვევაში აქციზური მარკები ექვემდებარება დაბრუნებას. 6- თვიანი პერიოდის გასვლიდან მეორე დღესვე აქციზური მარკების დაუბრუნებლობა ამ კარის მიზნებისთვის ითვლება აქციზური მარკების სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის ქვეყნის შიგნით მიწოდებად და შესაბამისად დაიბეგრება აქციზით, ხოლო შემდგომ პერიოდში, დაუბრუნებელი აქციზური მარკებით ნიშანდებული საქონლის იმპორტისას, მოხდება გადასახდელად დარიცხული აქციზის გადაანგარიშება ფაქტობრივად განხორციელებული იმპორტის ოდენობის პროპორციულად.
ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ამ კარის მიზნებისთვის აქციზური მარკების დანაკლისი ნებისმიერი ფორმით (დაკარგვა, განადგურება და სხვა შემთხვევები, ფორსმაჟორული შემთხვევების გარდა) ითვლება იმპორტიორის მიერ აქციზური მარკის შესაბამისი სახეობის საქონლის იმპორტად და მიწოდებად, ხოლო ადგილობრივი მწარმოებლის მხრიდან – მის მიერ აქციზური მარკის შესაბამისი სახეობის საქონლის მიწოდებად და იბეგრება პირის მიერ 1 ცალი/ლიტრი წარმოებული/იმპორტირებული აქციზური მარკის შესაბამისი სახეობის საქონლისათვის დადგენილი აქციზის უმაღლესი განაკვეთით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმად, შემოწმების პროცესში დამუშავდა გადასახადის გადამხდელის მიერ გატანილი აქციზური მარკების და კომპანიის მიერ იმპორტის რეჟიმში მოქცეული ალკოჰოლური სასმელების რაოდენობრივი ანალიზი, რის შედეგადაც ექვს თვეს გადაცილებული გაუხარჯავი აქციზური მარკები 6 თვიანი ვადის გასვლის მეორე დღესვე ჩაითვალა აქციზური მარკების ნიშანდებისადმი დაქვემდებარებული საქონლის ქვეყნის შიგნით მიწოდებად და შესაბამისად დაიბეგრა აქციზით. ხოლო შემდგომ პერიოდში, გაუხარჯავი აქციზური მარკებით ნიშანდებული საქონლის იმპორტის/აქციზით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისას, გადასახდელად დარიცხული აქციზი გადაანგარიშდა ფაქტობრივად განხორციელებული იმპორტის/აქციზით დასაბეგრი ოპერაციის ოდენობის პროპორციულად. ამასთან, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გამოიკვეთა 4 467 ცალი აქციზური პროდუქტების მარკა და 37 752 ცალი მარკირებული ლუდის ნაწარმის აქციზური მარკა, რომლებიც იმპორტირებულ საქონელზე დაკრული არ იყო. შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა აქციზის უმაღლესი განაკვეთი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები აღნიშნულ ნაწილში განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გააკონტროლონ გადასახადების გამოანგარიშების სისწორე და სისრულე და მათი დროულად გადახდა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმებები ამ კოდექსით დადგენილი წესით და ამ შემოწმებათა ჩატარებისას გააცნონ გადასახადის გადამხდელს თავისი უფლებები და ვალდებულებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 262-ე მუხლის შესაბამისად, საგადასახადო შემოწმება შეიძლება იყოს კამერალური და გასვლითი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 264-ე მუხლის შესაბამისად:
1. გასვლითი საგადასახადო შემოწმება ტარდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილების საფუძველზე.
2. გადასახადის გადამხდელს შემოწმების დაწყებამდე არანაკლებ 10 სამუშაო დღისა ეგზავნება შეტყობინება წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. 3. შემოწმება უნდა დაიწყოს გადასახადის გადამხდელისათვის შეტყობინების ჩაბარებიდან არა უგვიანეს 30 დღისა. თუ აღნიშნულ ვადაში შემოწმება ვერ დაიწყო, შეტყობინება ძალადაკარგულად ითვლება.
4. გასვლითი საგადასახადო შემოწმებით შესაძლებელია გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სრული ან თემატური შემოწმება.
5. გასვლითი საგადასახადო შემოწმება შეიძლება მოიცავდეს გადასახადის გადამხდელის საქმიანობის მიმდინარე კონტროლის პროცედურებსაც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის თანხის დარიცხვისა და საგადასახადო ვალდებულების შესახებ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება შესაბამისი საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.
3. გადასახადის გადამხდელისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციის (გარდა საურავისა) დაკისრებისა და შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება:
ა) საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის კალენდარული წლის დასრულებიდან, გარდა ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ბ) საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან, თუ ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციის თანხის გაანგარიშება უკავშირდება საგადასახადო ვალდებულების თანხის ოდენობას.
5. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმების ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება შესამოწმებელი პერიოდის შესაბამისი კალენდარული წლის დასრულებიდან.
7. ამ მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები გრძელდება 1 წლით, თუ ამ ვადების გასვლამდე დარჩენილია 1 წელზე ნაკლები და გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოში წარადგინა შესაბამისი პერიოდის საგადასახადო დეკლარაცია (მათ შორის, შესწორებული დეკლარაცია) ან გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა.
საქმეში არსებულ მასალებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 ივლისის №17797 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „--------------ის“ (ს/ნ -----------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმდა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდებში აქციზის გადასახადით დაბეგვრის სისწორე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შპს „--------------ის“ (ს/ნ -----------) გასვლითი საგადასახადო შემოწმების შესახებ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 ივლისის №17797 ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „--------------ის“ (ს/ნ -----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.მომჩივანი არ ეთანხმება აქციზში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს,უსამართლოდაა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები და სანქციები.
2.ითხოვს აუდიტის დეპარტამენტის N25134 ბრძანების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის №17797 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმდა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდებში აქციზის გადასახადით დაბეგვრის სისწორე. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №25134 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და №081-249 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 288 442 ლარი, მათ შორის გადასახადი 111 839 ლარი, ჯარიმა 111 839 ლარი და საურავი 64 764 ლარი.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით,საგადასახადო შემოწმების პროცესში დამუშავდა გადასახადის გადამხდელის მიერ გატანილი აქციზური მარკების და კომპანიის მიერ იმპორტის რეჟიმში მოქცეული ალკოჰოლური სასმელების (ბოთლების) რაოდენობრივი ანალიზი, რის შედეგადაც ექვს თვეს გადაცილებული გაუხარჯავი აქციზური მარკები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 188-ე და 192-ე მუხლების შესაბამისად 6 თვიანი ვადის გასვლის მეორე დღესვე ჩაითვალა აქციზური მარკების ნიშანდებისადმი დაქვემდებარებული საქონლის ქვეყნის შიგნით მიწოდებად და შესაბამისად დაიბეგრა აქციზით. ხოლო შემდგომ პერიოდში, გაუხარჯავი აქციზური მარკებით ნიშანდებული საქონლის იმპორტის/აქციზით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისას, გადასახდელად დარიცხული აქციზი გადაანგარიშდა ფაქტობრივად განხორციელებული იმპორტის/აქციზით დასაბეგრი ოპერაციის ოდენობის პროპორციულად. ამასთან, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გამოიკვეთა 4 467 ცალი აქციზური პროდუქტების მარკა და 37 752 ცალი მარკირებული ლუდის ნაწარმის აქციზური მარკა, რომლებიც იმპორტირებულ საქონელზე დაკრული არ იყო. შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა აქციზის უმაღლესი განაკვეთი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით,საქმეში არსებულ მასალებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის №17797 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმდა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდებში აქციზის გადასახადით დაბეგვრის სისწორე.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები აღნიშნულ ნაწილში განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ამასთან,შემოწმების შესახებ აუდიტის დეპარტამენტის №17797 ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 183; 185(1 „ბ“); 192(7); 262; 264; 275;