ბრძანება N 2039

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 07.02.2023
№ დოკუმენტი 2039
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 2039

07.02.2023

ფ/პ "----------" (პ/ნ ----------)

(მის.: ----------)

2022 წლის 28 აპრილის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 12, 18 იანვარს და 2 თებერვალს გამართულ სხდომებზე (ოქმები №1, №4 და №8) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 15 დეკემბრის №17493/2/2022 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული ფ/პ "----------" (პ/ნ ----------) 2022 წლის 28 აპრილის №16454/2/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 21 თებერვლის №006-42 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას შემდეგ გარემოებათა გამო:

გადამხდელი არ ეთანხმება ქონების გადასახადის დარიცხვას. აცხადებს, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონება წარმოადგენს თანასაკუთრებას, ერთ სახლში ცხოვრობს 2 ოჯახი, სარდაფი, პირველი სართული და მეორე სართული საზიარო საკუთრებაა. ერთი ნაწილის ქონებაზე მესაკუთრის მიერ ხდება ქონების გადასახადის დეკლარირება და ქონების გადასახადის გადახდა ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში. გადამხდელი აღნიშნავს, რომ მის სარგებლობაში არსებული ქონების ღირებულება, როგორც თანამესაკუთრე საზიარო ქონებისა, განისაზღვრება 400 000 ლარად. წარმოდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით გადამხდელი ითხოვს საკითხის შესწავლას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 24 სექტემბრის №29887 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 13 ივლისის №006-521 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით "----------" (პ/ნ ----------) 2021 წლის 2 აგვისტოს საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

,,1. "----------" (პ/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები (მ.შ კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, ქონების საბაზრო ფასის განსაზღვრის თაობაზე

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულების წარმოდგენის შემთხვევაში, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო შემოწმების საფუძველზე დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

“ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 24 სექტემბრის №29887 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2022 წლის 7 თებერვლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა ჯამში 3 562 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 2 375 ლარი და ჯარიმა 1 187 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2022 წლის 21 თებერვლის №006-42 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 21 თებერვლის №006-42 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით წარმოდგენილი საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 24 ივნისის №16089 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2022 წლის 15 დეკემბრის №17493/2/2022 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 24 ივნისის №16089 ბრძანება და საჩივარი, მომჩივანის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

„მომჩივანი განმარტავს, რომ მოთხოვნის შემთხვევაში შეაფასებინებს მის საკუთრებაში არსებულ ქონებას და წარმოადგენს შეფასების აქტს. ითხოვს გაუქმდეს სადავო აქტები და წარდგენილი არგუმენტების ხელახალი განხილვის შედეგად მოხდეს გადასახადის სამართლიანი დარიცხვა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის (ქონების საბაზრო ფასის განსაზღვრის თაობაზე) დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა. ამ მიზნით გასაჩივრებული ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად, მომჩივნის მონაწილეობით, დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

საკითხის შესწავლის შედეგად კორექტირებას დაექვემდებარა ქონების გადასახადში დარიცხული გადასახადის და ჯარიმის თანხა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია ფიზიკური პირი მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, შენობა-ნაგებობაზე ან მათ ნაწილზე), იახტებზე (კატარღებზე), შვეულმფრენებზე, თვითმფრინავებსა და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით განსაზღვრულ მსუბუქ ავტომობილებზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება:

ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არა უმეტეს 0.2 პროცენტისა;

ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არა უმეტეს 1 პროცენტისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-16 ნაწილის მიხედვით, ოჯახი არის პირი, მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე პირთან მუდმივად მცხოვრები მშობელი, შვილი და გერი, და, ძმა, ბებია, პაპა, შვილიშვილი, რომლებიც საერთო მეურნეობას ეწევიან. ამ კოდექსის მიზნებისათვის თავად გადასახადის გადამხდელი უპირობოდ განსაზღვრავს იმ პირთა წრეს (ზემოაღნიშნულ პირთაგან), რომლებიც მასთან ერთად მუდმივად ცხოვრობენ და საერთო მეურნეობას ეწევიან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით. ამავე მუხლის მე-14 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირი ქონებაზე და მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომლის თანახმად, იგი არ ეთანხმება ქონების შეფასების ნაწილს. წარმოდგენილი საჩივრის ზეპირ განხილვაზე მომჩივანმა განაცხადა, რომ დაბეგრილი ქონება წარმოადგენს ირაკლი და გიორგი ტყემალაძეების თანასაკუთრებას. ამასთან, გიორგი ტყემალაძის მიერ ყოველწლიურად ხდება ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენა და მის საფუძველზე დარიცხული ქონების გადასახადის გადახდა თავისი, როგორც თანამესაკუთრის, წილის შესაბამისად ((½), დეკლარაციაში ქონება შეფასებულია 400 000 ლარად).

მომჩივნის განცხადებით აღნიშნული დეკლარაციები და მათში მითითებული ქონების ღირებულება ამ წლების განმავლობაში არავის და მათ შორის არც შემოსავლების სამსახურს არ გაუხდია სადავო. ამდენად, გადამხდელისთვის გაუგებარია თუ მთლიანი ქონების ნახევრის ღირებულება არის 400 000 ლარი, რაც ფიქსირებულია დეკლარაციებში, მეორე ნახევრის ღირებულება შემმოწმებლის მიერ რატომ იქნა დაანგარიშებული 493 633 ლარად. გადამხდელმა ასევე განაცხადა, რომ რადგან ქონების თანასაკუთრებაში ფლობის გამო ვერ ხერხდება მისი შეფასება ექსპერტების მიერ, შემმოწმებელმა უნდა იხელმძღვანელოს გიორგი ტყემალაძის მიერ წარდგენილი დეკლარაციებით და შეამციროს მის მიერ დაანგარიშებული ქონების საბაზრო ღირებულება 400 000 ლარამდე.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულება განსაზღვროს თანასაკუთრებაში არსებული ქონების ერთ-ერთი მესაკუთრის მიერ წარდგენილი ქონების გადასახადის წლიურ დეკლარაციაში მითითებული ღირებულების მიხედვით და აღნიშნულის საფუძველზე განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1.ფ/პ "----------" (პ/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2.სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულება განსაზღვროს თანასაკუთრებაში არსებული ქონების ერთ-ერთი მესაკუთრის მიერ წარდგენილი ქონების გადასახადის წლიურ დეკლარაციაში მითითებული ღირებულების მიხედვით და აღნიშნულის საფუძველზე განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3.დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4.აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.