ბრძანება N 17712-3
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 17712
30/06/2020
შპს ----- ს
(მის.: ქ. -------)
სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 12 ივნისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №39) განიხილა შპს ----- ს 2019 წლის 23 დეკემბრის №48159/1/2019 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 25 ნოემბრის №021-149 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
არ ეთანხმება სალაროს ანგარიშზე არსებული უძრავი ნაშთის (წლიური საკასო ხარჯის 10%-ის გამოკლებით) განხილვას საწარმოს სალაროს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად და აღნიშნულის მოგების გადასახადით დაბეგვრას. ხოლო, სარგებლის თანხის ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად განხილვას და აღნიშნულის დაბეგვრას გადახდის წყაროსთან.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 12 ივლისის №23366 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს ----- ს საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების კუთხით. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2016 წლის 01 იანვრიდან 2019 წლის 01 ივნისამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგებზე, 2019 წლის 20 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რის საფუძველზეც გამოიცა 2019 წლის 22 ნოემბრის №40636 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა 2019 წლის 25 ნოემბრის №021-149 „საგადასახადო მოთხოვნა“, რომლის მიხედვით გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება დამატებით განისაზღვრა სულ 802 496 ლარით, მათ შორის: გადასახადი 401 583 ლარი, ჯარიმა 244 058 ლარი, ხოლო საურავი 156 855 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
სადავო საკითხთან დაკავშირებით, საწარმოს სააღრიცხვო მონაცემებისა და ფულის მოძრაობის ანალიზის შედეგად შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება დიდი ოდენობით უძრავი ნაშთები სალაროში. არსებული მონაცემების, საწარმოს დოკუმენტაციითა და ახსნა-განმარტებით არ დასტურდება სალაროში ფულის არსებობის მიზნობრიობა. იმის გათვალისწინებით, რომ სალაროდან სამეურნეო დანიშნულებისათვის საჭირო თანხების მოძრაობიდან გამომდინარე ვერ განხორციელდა სალაროში დაფიქსირებული უძრავი ნაშთის არსებობის დადასტურება, სალაროს ანგარიშზე არსებული უძრავი ფულის ნაშთები (წლიური საკასო ხარჯის 10%-ის გამოკლებით) განხილულ იქნა საწარმოს სალაროს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტისა და 982 მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, შემოწმებით მოხდა დაბრუნებული თანხის შესაბამისი მოგების გადასახადის ჩათვლა. შედეგად, აღნიშნულ საკითხში გადამხდელს დაერიცხა და იმავე სიდიდით შეუმცირდა მოგების გადასახადი და პირს დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. ასევე, სარგებლის თანხა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მიხედვით განხილულ იქნა ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. პირს დაეკისრა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირეით საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლზე, რომლის მე-9 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ სამეურნეო ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისთვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება, ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას, გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს.
ზემოაღნიშნულის, წარმოდგენილი არგუმენტებისა და მტკიცებულებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან სალაროდან სამეურნეო დანიშნულებისთვის საჭირო თანხების მოძრაობიდან გამომდინარე არ დადასტურდა სალაროში დაფიქსირებული უძრავი ნაშთის არსებობის ფაქტი, შემოწმებით მართლზომიერად განხორციელდა სალაროს ანგარიშზე არსებული უძრავი ნაშთის (წლიური საკასო ხარჯის 10%-ის გამოკლებით) განხილვა საწარმოს სალაროს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად.
აღნიშნული სადავო საკითხის მიხედვით მოგების გადასახადის დეკლარაციაში გადასახადის შემცირებისათვის განსაზღვრულ სანქციებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, ფიზიკურ პირზე გაცემული სესხი სრულად არის კომპანიაში დაბრუნებული და საგადასახადო შემოწმების აქტით აღნიშნულ ნაწილში დარიცხული გადასახადი შესამოწმებელ პერიოდშივე იმავე სიდიდით დაექვემდებარა შემცირებას.
აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად უნდა გათავისუფლდეს, სალაროს ანგარიშზე არსებული უძრავი ნაშთის, საწარმოს სალაროს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საფუძვლით, მოგების გადასახადის დეკლარაციებში გადასახადის შემცირებისთვის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმისგან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს ----- ს საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად გათავისუფლდეს, სალაროს ანგარიშზე არსებული უძრავი ნაშთის, საწარმოს სალაროს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საფუძვლით, მოგების გადასახადის დეკლარაციებში გადასახადის შემცირებისთვის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმისგან;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება სალაროს ანგარიშზე არსებული უძრავი ნაშთის (წლიური საკასო ხარჯის 10%-ის გამოკლებით) განხილვას საწარმოს სალაროს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად და აღნიშნულის მოგების გადასახადით დაბეგვრას. ხოლო, სარგებლის თანხის ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად განხილვას და აღნიშნულის დაბეგვრას გადახდის წყაროსთან.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების აქტის მიხედვით: საწარმოს უფიქსირდება დიდი ოდენობით უძრავი ნაშთები სალაროში. იმის გათვალისწინებით, რომ ვერ განხორციელდა სალაროში დაფიქსირებული უძრავი ნაშთის არსებობის დადასტურება, წლიური საკასო ხარჯის 10%-ის გამოკლებით განხილულ იქნა საწარმოს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად.
შემოწმებით მოხდა დაბრუნებული თანხის შესაბამისი მოგების გადასახადის ჩათვლა. შედეგად, აღნიშნულ საკითხში გადამხდელს დაერიცხა და იმავე სიდიდით შეუმცირდა მოგების გადასახადი. სარგებლის თანხა, სსკ-ს 101-ე მუხლის მიხედვით განხილულ იქნა ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. პირს დაეკისრა გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით მართლზომიერად განხორციელდა სალაროს უძრავი ნაშთის (წლიური საკასო ხარჯის 10%-ის გამოკლებით) განხილვა საწარმოს სალაროს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად.
ამასთნ შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადამხდელი სსკ-ს 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად უნდა გათავისუფლდეს, სსკ-ს 275-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმისგან.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9,,ბ“); 982(3,,ზ“); 982(8); 101(1); 154(1,,ა“); 269(7); 275