გადაწყვეტილება №20115/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 03.10.2023
№ დოკუმენტი 20115/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 20115/2/2023

03 ოქტომბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------------30.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20115/2/2023).

 

დავის საგანი:

არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შეძენის ხარჯის ფიზიკურ პირებზე გადახდილად

ჩათვლა და გადახდის წყაროსთან დაბეგვრა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 4.04.2023 წლის №064-2 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 19.05.2023 წლის №11142 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 29 244 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 17 210

ჯარიმა - 8 605

საურავი - 3 429

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივნის საქმიანობაა შავი და ფერადი ლითონების ჯართით, მათი ნარჩენებითა და მილებით ვაჭრობა.

აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.03.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებებით:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით, შესამოწმებელ პერიოდში, მომჩივნის საქმიანობასთან დაკავშირებით, შესაბამისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენის პირველადი დოკუმენტაცია არ ფიქსირდება. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის და შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით, 25%-იანი რენტაბელობის გათვალისწინებით, განისაზღვრა პირის რეალიზაციასთან დაკავშირებული ხარჯების ოდენობა. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებასა და საკანონმდებლო ნორმებზე დაყრდნობით, არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა პირის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება და შესაბამისი პერიოდის შეძენები ფიზიკური პირებისგან.

საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 393 მუხლის პირველი პუნქტის და ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმებით გაანგარიშებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების თვითღირებულების ოდენობით ფულადი სახსრები ჩაითვალა მომწოდებელ ფიზიკურ პირებზე ანაზღაურებად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 4.04.2023 წლის №064-2 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 19.05.2023 წლის №11142 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-9 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე, 1333 მუხლზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „პ“ ქვეპუნქტზე, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 393 მუხლის პირველი პუნქტზე, დადგენილ ფაქტობრივი გარემოებებზე და განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მეწარმე სარგებლობს სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით და მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი. შემმოწმებლებს დასაბეგრი შემოსავლები გამოთვლილი აქვთ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემმოწმებლის მიერ გადასახადის დამატებით დარიცხვის ობიექტს წარმოადგენს გადახდის წყაროსთან საგადასახადო აგენტის ვალდებულების შეუსრულებლობა. შემოწმების აქტში მითითებულია, რომ მეწარმეს შავი და ფერადი ლითონის მიღება-ჩაბარების ჟურნალის ნაწილი განადგურებული აქვს, ხოლო ნაწილზე გადაგზავნილი აქვს ფოტომასალა, რომელშიც არ არის მითითებული შესყიდვის თარიღები და რაოდენობრივად უმნიშვნელოა.

საგადასახადო კოდექსის მოთხოვნის თანახმად არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველს წარმოადგენს აუდიტის დეპარტამენტის უფროსის ბრძანება, რაც შემმოწმებლების მიერ წარმოდგენილი არ არის. აგრეთვე აღნიშნული დარიცხვის საფუძველი აქტში არ არის ასახული დეტალურად. შემოწმების აქტში კი აღნიშნული დამატებით განხორციელებული დარიცხვის წყარო დაუდგენელია, აგრეთვე აქტში არ არის მითითებული თვითონ მეწარმის მიერ გადახდის წყაროსთან დეკლარირებული გადასახადების მონაცემები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმება განხორციელებული არის ობიექტურ მონაცემებზე დაყრდნობის გარეშე და არ შეესაბამება რეალობას.

აქედან გამომდინარე მოითხოვს, გაუქმებულ იქნას უსაფუძვლო და არარეალური დამატებითი დარიცხვა 25 815 ლარი. მათ შორის ძირითადი გადახდის წყაროსთან განაცემზე დასარიცხი საშემოსავლო გადასახადი 17 210 ლარი და ჯარიმა 8 605 ლარი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლის მიწოდებით ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი იბეგრება გადახდის წყაროსთან 3-პროცენტიანი განაკვეთით, საქონლის შემძენი პირის მიერ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადახდის წყაროსთან დაბეგვრის წესი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მიწოდებისას სასაქონლო ზედნადები გამოწერილი არ არის.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანების 393 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან 3-პროცენტიანი განაკვეთით იბეგრება:

ა) შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი;

ბ) შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც ამ კოდექსის 1333 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფიზიკურ პირს უნაზღაურებს მისგან შეძენილი საქონლის ღირებულებას.

შემოწმებით დადგინდა, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს შესაბამისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენის პირველადი დოკუმენტაცია არ უფიქსირდება. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით, 25%-იანი რენტაბელობის გათვალისწინებით, განისაზღვრა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება და შესაბამისი პერიოდის შეძენები ფიზიკური პირებისგან. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ გამოანგარიშებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების თვითღირებულების ოდენობით ფულადი სახსრები ჩაითვალა მომწოდებელ ფიზიკურ პირებზე ანაზღაურებულად, რომელიც დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია არსებული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად.

ვინაიდან დავის განხილვის ეტაპზე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შეძენის ხარჯის ფიზიკურ პირებზე გადახდილად ჩათვლა და გადახდის წყაროსთან დაბეგვრა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივნის საქმიანობაა შავი და ფერადი ლითონების ჯართით, მათი ნარჩენებითა და მილებით ვაჭრობა. შესამოწმებელ პერიოდში, მომჩივნის საქმიანობასთან დაკავშირებით, შესაბამისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენის პირველადი დოკუმენტაცია არ ფიქსირდება. განისაზღვრა პირის რეალიზაციასთან დაკავშირებული ხარჯების ოდენობა. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებასა და საკანონმდებლო ნორმებზე დაყრდნობით, არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა პირის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება და შესაბამისი პერიოდის შეძენები ფიზიკური პირებისგან.შემოწმებით გაანგარიშებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების თვითღირებულების ოდენობით ფულადი სახსრები ჩაითვალა მომწოდებელ ფიზიკურ პირებზე ანაზღაურებად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;136(3);73(5);1333(1);154(1პ)

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 393 მუხლის პირველი პუნქტ