განჩინება N 3ბ/815-18
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
საქმე №3ბ/815-18
№ 330310017001870869
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
04 დეკემბერი, 2018 წელი
ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე-მირანდა ერემაძე
მოსამართლეები - მერაბ ლომიძე
თეა ძამისტარაშვილი
სხდომის მდივანი-სოფიო ჯაფარიძე
აპელანტი (მოსარჩელე) - ი/მ ----------
წარმომადგენელი - ----------
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ შემოსავლების სამსახური
დაცვის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბოლისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი/მ ----------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშრებით:
უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2007 წლის 23 მაისს ---------- რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ (ს.ფ.10-11).
2.2. 2016 წლის 24 აგვსიტოს შპს ----------ს (გამყიდველი) მიერ შპს ----------ს (მყიდველი) მიმართ გამოწერილია №ელ-0257561178 ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები 20,55 მ3 ფიცარზე. ზედნადების მე-20 გრაფაში აღნიშნულია - ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები ელ-0256873960, 21.08.2016.
2016 წლის 26 აგვისტოს შპს „თ.ჯ-ის“ (გამყიდველი) მიერ ----------ის (მყიდველი) მიმართ გამოწერილია №ელ-0257954609 ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები, რომლის მიხედვითაც, ოპერაციის შინაარსს წარმოადგენს ტრანსპორტირებით, ტრანსპორტირების დაწყების ადგილი არის ----------, ტრანსპორტირების დასრულების ადგილი ----------, სასაქონლო ზედნადები გამოწერილია 20,55 მ3 ფიცარზე. ზედნადების მე-20 გრაფაში აღნიშნულია - ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები ელ-0257561178, 24.08.2016.
2016 წლის 28 დეკემბერს 12:42 საათზე ----------ის მიერ გამოწერილია ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები №ელ-0281195113, რომლის მიხედვითაც, ოპერაციის შინაარსს წარმოადგენს შიდა გადაზიდვა. ტრანსპორტირების დაწყების ადგილი არის ----------, ტრანსპორტირების დასრულების ადგილი - ----------, სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი - ----------, მძღოლი - ----------. სასაქონლო ზედნადები გამოწერილია 10,52 მ3 ფიცარზე. ზედნადების მე-20 გრაფაში აღნიშნულია - ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები ელ-0257954609, 26.08.2016 (ს.ფ 76-78; 73-75; 13-15).
2.3. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს 2017 წლის 4 იანვრის №DES 9 17 00000425 წერილით სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტმენტს ეცნობა, რომ 2016 წლის 28 დეკემბერს სამმართველოს თანამშრომლების მიერ ----------ის რაიონში, -----------ის მიმდებარედ გადამოწმების მიზნით გაჩერებულ იქნა „----------”-ის მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით ----------, რომლის ძარაზეც განთავსებული იყო დახერხილი ხე-მასალა. მძღოლმა ----------მა განაცხადა, რომ ხე-ტყე გადაჰქონდა ელექტრონულად შევსებული ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებით.
წერილში მითითებულია, რომ სამმართველოს ხელთ არსებული ინფორმაციით აღნიშნული საშეშე მერქნის ტრანსპორტირება განხორციელდა კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების დარღვევით და მოთხოვნილ იქნა შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში კონკრეტულ შემთხვევაზე რეაგირების განხორციელება (ს.ფ.60)
2.4. 2017 წლის 26 იანვარს სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ----------ის მიმართ შედგენილ იქნა №160526 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.
საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, 2016 წლის 28 დეკემბერს 15:25 საათზე გადამოწმდა „----------„ მარკის სატრანსპორტო საშუალება სახელმწიფო ნომრით ----------, რა დროსაც დადგინდა, რომ ---------- სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში ახდენდა 5000 ლარის ღირებულების 10 მ3 წიწვოვანი ჯიშის ხე-მასალის ტრანსპორტირებას ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ----------, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის საფუძველზე, დაჯარიმდა 5000 (ხუთი ათასი) ლარით და ჩამოერთვა ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული საქონელი (ს.ფ.16)
2.5. სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის განყოფილების 2017 წლის 10 იანვრის №42425/01/17 დასკვნის მიხედვით, ი/მ ----------ის კუთვნილი წიწვოვანი ჯიშის ნედლი ხე-მასალის (ჩამოგანული ფიცარი და ძელაკები) ჯამური რაოდენობა შეადგენს 10 მ3 -ს. გამოკვლეული ხე-მასალის საორიენტაცია-საბაზრო ღირებულება, შეფასების თარიღისთვის, შეადგენს 5000 ლარს დღგ-ს ჩათვლით (ს.ფ.81-85).
2.6. 2017 წლის 10 თებერვალს ი/მ ----------მ საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 26 იანვრის №160526 საგადასახადი სამართალდარღვევის ოქმის გაუქმება მოითხოვა.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 6 მარტის №5601 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა (ს.ფ.17-19).
3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
3.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს.
სადავო სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 26 იანვრის №160526 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 06 მარტის №5601 ბრძანება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა ჯანონშესაბამისობა უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში.
3.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს. აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესს და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
ამავე კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სამართალდამრღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდამრღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
ამავე კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას - მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის“ 72-ე მუხლის პირველი ქუნქტის შესაბამისად, საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს. ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის მიზნით, სატრანსპორტო საშუალებების გაჩერებას, სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერებას, საქონლის ტრანსპორტირებისათვის საჭირო დოკუმენტების შემოწმებას, ასევე მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი საბუთების შემოწმებას ანხორციელებენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ან/და საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილი პირები, ხოლო მესამე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დოკუმენტევუს გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ან/და საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილი პირები,კომპეტენციის ფარგლებში ანხორციელებენ დოკუმენტების გაერშე ტრანსპორტირებული/შეძენილი საქონლის ან/და ამ საქონლის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, რაზეც ადგენენ შესაბამის ოქმს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარი ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება აღემატება 1 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 10 000 ლარს, - იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ განმარტა, რომ კანონმდებლობით დადგენილია სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში საქონლის ტრანსპორტირებისას სასაქონლო ზედნადების გამოწერისას ვალდებულია. კონკრეტულ შემთხვევაში სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელე ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის - ხე-ტყის ტრანსპორტირებას, რაზედაც გამოწერილი უნდა ყოფილიყო ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები. ამასთან ----------ის წარმომადგენლის განმარტებით, გადმხდელს შესრულებული ჰქონდა აღნიშნული ვალდებულება, რამეთუ მის მიერ 2016 წლის 28 დეკემბერს 12:42 საათზე გამოწერილია ზე-ტყის სასაქონლო ზედნადები №ელ-0281195113. მოპასუხის განმარტებით კი, ადგილი ჰქონდა ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების დადგენილი წესით შეუვსებლობას - ფირნიშის ნომრების მიუთითებლობას, რაც უთანაბრდება საასქონლო ზედნადების გამოუწერლობას.
სასამართლომ მიუთითა, რომ სასაქონლო ზედნადების გამოწერის წესი რეგულირდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციით, რომლის 251 პუნქტის თანახმად, ზედნადები ივსება ელექტრონულად (საქონლის გამყიდველის/გამგზავნის მიერ, საქონლის მიწოდებისთანავე ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ზედნადები ივსება შემდეგი წესით: ა)პირველ სტრიქონში ავტომატურად იწერება ელექტრონული პროგრამის მეშვეობით მინიჭებული ზედნადების სარეგისტრაციო ნომერი; ბ) მე-2 სტრიქონში იწერება ზედნადების ამოქმედების (გააქტიურების) თარიღი (რიცხვი, თვე, წელი), ხოლო მე-3 სტრიქონში ამოქმედების (გააქტიურების) დრო (საათი, წუთი). ზედნადების ამოექმედების (გააქტიურების) თარიღი და დრო ემთხვევა საქონლის მიწოდებას ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყების თარიღს და დროს; გ) მე-4 და მე-5 სტრიქონებში იწერება გამყიდველის/გამგზავნის და მყიდველის/მიმღების დასახელება ან სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი; დ) მე-6 სტრიქონში იწერება ოპერაციის შინაარსი (თუ როგორ ხდება საქონლის მიწოდება/ტრანსპორტირება, როდესაც არ ხდება საქონლის მიწოდება); დ.ბ) მიწოდება ტრანსპორტირებით (საქონლის მიწოდება, რომელსაც თან ახლავს გამყიდველის/გამგზავნის ან მყიდველის/მიმღების მიერ საქონლის სტრანსპორტირება); დ.გ) მიწოდება ტრანსპორტირების აგრეშე (საქონლის მიწოდება, როდესაც საქონლის მდებარეობის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი არ იცვლება); დ.დ) დისტრიბუცია (საქონლის მიწოდება გამყიდველის/გამგზავნის თანამშრომლების (დისტრიბუტორების) მიერ, აგრეთვე მომსახურების გაწევის ხელშეკრულების ფარგლებში სტრანსპორტირების განმახორციელებელი პირის მიერ); დ.ე) უკან დაბრუნება (მყიდველის/მიმღების მიერ საქონლის გამყიდველისთვის/გამგზავნისთვის დაბრუნება); მე-7 და მე-8 სტრიქონებში იწერება შესაბამისად ტრანსპორტირების დაწყების და დასრულების ადგილი (მისამართი);
ამავე ბრძანების 252 მუხლით მოწესრიგებულია ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გამოწერის საფუძვლები და წესი. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ.ა“ ქვეპუნქტები ადგენს, რომ ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები (ამ მუხლის მიზნებისთვის შემდეგში -ზედნადები) არის №II-013 დანართის შესაბამისად დადგენილი ფორმის დოკუმენტი, რომლის შებსება სავალდებულოა ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემდეგ საქონელზე: ა) მრგვალ ხე-ტყეზე (მორი) - ხე-ტყის ან ხე-მცენარის დამზადების შედეგად (მათ შორის ძირნაყარი ხე-ტყისგან) მიღებული 12 სმ-ზე მეტი (წვრილი თავის ბოლოდან) დიამეტის, ასევე დადგენილი წესით დაფირნიშებული წვრილი თავის ბოლოდან არაუმეტეს 12 სანტიმეტრის დიამეტრის მქონე მერქნული რესურსი; ბ)მრგვალი ხე-ტყის (მორი) ან ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტებზე, კერძოდ: ბ.ა) ფიცარზე - სიგრძეზე დახერხილი მორის ნაწილი, რომლის სისქე სწორკუთხა განივ ჭრილში 10 სანტიმეტრზე მეტი არ არის, ხოლო სიგანე ორჯერ და მეტად აღემატება სისქეს, ფიცარს აქვს ორი განიერი და ორი ვიწრო გვერდი.
მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ ინსტრუქციის 251 მუხლით გათვალისწინებული დებულებები ვრცელდება ამავე ინსტრუქციის №II-013 დანართით დამტკიცებული ფორმის ზედნადებზე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ზედნადების მე-20 სტრიქონში მიეთითება მრგვალი ხე-ტყის (მორი), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის წარმოშობის, შეძენის ან იმპორტის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის დასახელება, თარიღი და ნომერი, კერძოდ: ა) მრგვალი ხე-ტყის (მორი) ან მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის შემთხვევაში - საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ლიცენზიის ან შესაბამისი გრძელვადიანი ტყითსარგებლობის ხელშეკრულების საფუძველზე მოპოვებულ ხე-ტყეზე დადგენილი წესით გაცემული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი ან ამ ინსტრუქციის №II-013 დანართით გათვალისწინებული ზედნადები: ბ)ხე-მცენარის ან მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის შემთხვევაში - ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის ცნობა ან/და დადგენილი წესით გაცემული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი ან ამ ინსტრუქციის №II-013 დანართით გათვალიწინებული ზედნადები; გ) იმპორტის შემთხვევაში - იმპორტის დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი; დ) სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მრგვალი ხე-ტყის (მორი), ხე-მცენარის და მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის შემთხვევაში - შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული გასხვისების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი; ე)სსიპ-ეროვნულის სატყეო სააგენტოს მიერ განხორციელებული სპეციალური ჭრებით მიღებული ხე-ტყის (მორის) შემთხვევაში - შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი; ვ) სასამართლოს გადაწყვეტილებით მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის და მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის პირის (მათ შორის, სახელმწიფოს) საკუთრებაში მიქცევის შემთხვევაში - სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება; ზ) ერთ მეტრამდე სიგრძის დაკოტრილი მრგვალი ხე-ტყის (მორის) და წვრილი ბოლოდან 12 სანტიმეტრის ჩათვლით დიამეტრის ხე-ტყის შემთხვევაში - ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის ცნობა ან/და ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი ან ამ ინსტრუქციის №II-013 დანართით გათვალიწინებული ზედნადები.
ამავე მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-4 პუნქტის მიხედვით, ზედნადების ცხრილის VIII სვეტში იწერება. ამავე ცხრილის II სვეტში ცალ-ცალკე რიგითი ნომრის მიხედვით მითითებული თითოეული მრგვალი ხე-ტყის (მორის) ხე-მცენარის სპეციალური ფირნიშის ერთი კონკრეტული ნომერი. სპეციალური ფირნიშის ნომრის მითითება (გარდა ამ მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), ასევე სავალდებულოა მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტის (ამ პუნქტის მიზნებისთის შემდგომში პროდუქტი) ტრანსპორტირებისა. მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა მიწოდება, მისი ტრანსპორტირების ნებისმიერ ეტაპზე. ამასთან, ზედნადების ცხრილის II სვეტში ცალ-ცალკე რიგითი ნომრის მიხედვით მითითებულ, კონკრეტული დასახელების თითოეულ პროდუქტზე, ზედნადების ცხრილის VIII სვეტში სავალდებულოა მიეთითოს შესაბამისი ერთი კონკრეტული სპეციალური ფირნიშის ნომერი, რომელთა მარკირებული მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან/და ხე-მცენარის გადამუშავების შედეგადაც არის მიღებული პროდუქტი. იმ შემთხვევაში, თუ ერთი დასახელების პროდუქტი მიღებულია სხვადასხვა სპეციალური ფირნიშით მარკირებული ხე-ტყის (მორის) ან ხე-მცენარისგან, თითოეულისგან მიღებული პროდუქტი, ასევე ცალ-ცალკე იწერება ზედნადების ცხრილისგან II სვეტში რიგითი ნომრის მიხედვით.
სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს ტყის კოდექსზე, რომლის მე-5 მუხლის „შ“ და „ც“ ქვეპუნქტების მიხედვით, ხე-ტყე არის საქართველოს ტყის ფონდის ტერიტორიაზე არსებული მექნული რესურსი, ხოლო მრგვალი ხე-ტყე (მორი) არის ხე-ტყის დამზადების შედეგად (მათ შორის, მოთხრილ-მოტეხილისგან) მიღებული, 12 სმ-ზე მეტი (წვრილი ბოლოდან) დიამეტრის მქონე მერქნული რესურსი. ამავე მუხლის „წ“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს რომ სპეციალური ფირნიში არის ფირნიში, რომელიც ადასტურებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში მრგვალი ხე-ტყის (მორის) კანონიერ წარმოშობას და დადგენილი წესით აღირიცხება მონაცემთა ერთიან ბაზაში.
სასამართლომ მიუთითა, რომ საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლს 12 ნაწილი დაემატა 2013 წლის 20 ნოემბრის №1583 კანონით, საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებამდე სამართალდარღვევის დიფწერენცირება არ ხდებოდა საქონლის სახეობის მიხედვით და სასაქონლო ზედნადების გარეშე სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი ნებისმიერი საქონლის ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა სამართალდამრღვევისათვის ერთნაირ სამართლებრივ შედეგს იწვევდა. 2013 წლის 20 ნოემბრის №1583 კანონის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ კანონპროექტის შემუშავების მიზანია სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმისათვის დადგენილი პასუხისმგებლობის ზომის გამკაცრება. სწორდ აღნიშნულმა გამოიწვია ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების მიმართ მუხლის ცალკე ნაწილის გამოყოფა და შესაბამისი უფრო გამკაცრებული სანქციის მისადაგება.
რაც შეეხება ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებს, იგი საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში გათვალიწინებულ იქნა ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 10 აგვსიტოს №257 ბრძანებით და ამოქმედდა 2015 წლის 15 აგვისტოდან.
სასამართლომ დამატებით მიუთითა საქართველოს ტყის კოდექსის 93-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხე-ტყის მოძრაობის, მარკირებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების სავალდებულო მოთხოვნები განისაზღვრება „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავებული ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით საქაღტველოს ტყის ფონდის ტერიტორიაზე მოპოვებულ ხე-ტყეზე შესაბამისი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტს გასცემს სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამისი ორგანო. ამავე წესის შესაბამისად, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი გაიცემა თვითმმართველი ერთეულისა და კერძო საკუთრების ტერიტორიებზე არსებული ხე-მცენარეებიდან მიღებული მერქნული რესურსის ტრანსპორტირებისა და პირველადი გადამუშავების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული საქონლის (მერქნული რესურსის) ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე. მითითებული მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, იმ ხე-ტყის ტრანსპორტირება ან პირველადი გადამუშავება, რომელსაც ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებით დადგენილ შემთხვევებში არ აქვს შესაბამისი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი, აგრეთვე იმ მრგვალი ხე-ტყის (მორის) ტრანსპორტირება ან პირველადი გადამუშავება , რომელიც დადგენილი წესით არ არის მარკირებული სპეციალური ფირნიშით, იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალიწინებულ შემთხვევებში სოციალური ჭრის შედეგად მოპოვებული ხე-ტყის ასევე მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქტის ნებისმიერი ფორმით გასხვისება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ განმარტა, რომ ხე-ტყისა და მისი პირველად გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტის სპეციფიკისა და მნიშვნელობის გათვალიწინებით, გარემოსდაცვითი მიზნებიდან გამომდინარე საჯარო ინტერესების დაცულობის უზრუნველსაყოფად კანონმდებელმა, ერთის მხრივ, სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლიდან ცალკე გამოჰყო ხე-ტყე და მის მიმაართ კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოუწერლობაზე დააწესა განსხვავებული და უფრო მკაცრი სანქცია, ხოლო, მეორე მხრივ, შემოღებულ იქნა სასაქონლო ზედნადების სპეციალური სახე ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები, რომელიც მოიცავს ჩვეულებრივი სასაქონლო ზედნადებისათვის გათვალიწინებულ მოთხოვნებს და ამასთან დამატებულია მე-20 და 21-ე სტრიქონები (პირველადი დოკუმენტი და ფირნიშის ნომერი). სასამართლომ მიუთითა, რომ მე-20 და 21-ე სტრიქონების შევსება ემსახურება ხე-ტყის წარმოშობას კანონით დადგენილი წესის დარღვევით. ამდენად, ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოწერა გულისხმობს არა მხოლოდ ფორმალური მოთხოვნების დაცვას, როდესაც პირი ავსებს ზედნადების ყველა პუნქტს, არამედ მეწარმის მიერ მითითებული მონაცემები უნდა იყოს სწორი, შესაძლებელი უნდა იყოს საქონლის იდენტიფიკაცია. მით უფრო, რომ ზედნადები წარმოადგენს ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტს და მისი გამოწერა კანონით დადგენილი წესითა და ფორმით საგადასახადო მიზნებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა.
სასამართლომ განმარტა, რომ ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების მე-20 და 21-ე სტრიქონებით გათვალისწინებული ინფორმაცია საჭიროა საქონლის იდენტიფიკაციისა და მასზე უფლების კანონიერად მოპოვების გადამოწმების კუთხით, შესაბამისად მნიშვნელოვანია რამდენად არის შწსაძლებელი საქონლის იდენტიფიკაცია და დადასტურდეს ის აფქტი, რომ ხე-ტყე გაიცა შესაბამისი დოკუმენტის საფუძველზე. ამრიგად ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გამოწერის გადამოწმების ფაქტი გულისხმობს პირის მიერ მითითებულ მონაცემებთან ტრანსპორტირებული საქონლის შესაბამისობის გადამოწმებასაც. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირს შეეძლება, რომ ერთსა და იმავე დოკუმენტებსა და ფირნიშის ნომრებზე მითითებით შეასრულოს სხვადასხვა ხე-ტყის ტრანსპორტირება შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლისა და საქონლის იდენტიფიკაციის გარეშე. აღნიშნული ცალსახად ქმნის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის გამოყენების წინაპირობას, რადგან სასაქონლო ხედნადების გამოუწერლობა მოიცავს არა მხოლოდ ზედნადების სრულ არარსებობას, არამედ ზედნადების მხოლოდ ფორმალურ გამოწერას, როდესაც მასში მითითებული მონაცემებიარასწორი და ფაქტობრივ გარემოებებთან შეუსაბამოა, გამორიცხავს ზედნადების შემოღების მიზნების მიღწევასა და კონტროლის განხორციელებას.
მოცემულ შემთხვევაში, მართალია 2016 წლის 28 დეკემბერს ---------ის მიერ გამოწერილია ხე-ტყის საასქონლო ზედნადები №ელ-0281195113, თუმცაღა ზედნადების მე-20 გრაფაში აღნიშნულია ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები ელ-0257954609, 26.08.2016, ფირნიშებზე მითითებას კი სასაქონლო ზედნადები არ შეიცავს, ამდენად, შეუძლებელია იმ აფქტის დადგენა, თუ რომელი სამართლებრივი საფუძვლით მოპოვებული ხე-მასალის ტრანსპორტირება და რეალიზაცია. ხე-ტყის იდენტიფიცირება ვერ ხდება, დაირღვა მისი ტრანსპორტირების წესები და ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების შემოღების მიზანიც არ არის მიღწეული, ამრიგად, არ არსებობს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.
3.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონშეუსაბამობა ან მისი მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებითი დარღვევა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სმართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
4 სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
4.1.აპელანტი ითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი/მ -----------ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდება.
აპელანტი აღნიშნავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო, უსაფუძვლო და იურიდიულად დაუსაბუთებელი, რის გამოც არსებობს მისი გაუქმების საფუძვლები. წარმოდგენილი მასალებით უტყუარად დასტურდებოდა, რომ 2016 წლის 28 დეკემბერს ტრანსპორტირებულ 10,52 მეტრ კუბ ხის მასალაზე გამოწერილი იყო ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები N0281195113, საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლი სანქციას უკავშირებდა სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებას. ამასთან, სანქცია გამოიყენებოდა თუ სასაქონლო ზედნადებში არ იყო მითითებული ან არასწორად იყო მითითებული დოკუმენტის შედგენის ნომერი ანდა თარიღი, სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი ან სახელი ან გვარი, პირადი ნომერი, საქონლის დასახელება ანდა რაოდენობა.
აპელანტი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის N996 ბრძანების 50-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მხოლოდ ის ფაქტი, რომ საქონლის/მომსახურების მიმწოდებელს არ გააჩნია მიწოდებული საქონლის/მომსახურების შესყიდვის ან მასზე გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს საკმარის საფუძვლად იმისთვის, რომ ოპერაცია ჩაითვალოს უსაქონლოდ ანდა გარიგება ფაქტიურად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტი ითხოვს, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით აპელანტის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო ასევე მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება. ამავდროულად, სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, par32; ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Vab de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain (GC) par.26; Jahnke and Lenoble v France (dec); Perez v France (GC), par.81) გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარებიის მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმნონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
6. ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო საასმართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
7. სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ. ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული სსიპ შესამოვლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 26 იანვრის №160526 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 06 მარტის №5601 ბრძანება, რომლის საფუძველზეც ----------, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის საფუძველზე, დაჯარიმდა 5 000 (ხუთი ათასი) ლარით და ჩამოერთვა ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული საქონელი, ამასთან არ დაკმაყოფილდა მისი ადმინისტრაციული საჩივარი, შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფენციის ყველა ელემენტს, რაც მათი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებად მიიჩნევს საფუძველს წარმოადგენს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას სასამართლოს უნდა შეემოწმებინა მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნარმატიული აქტების დებულებებთან.
7.2.პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286--ე მუხლის 12 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრი ღირებულება აღემატება 1 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 10 000 ლარს, - იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.
ხსენებული კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას - მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდესა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.
პალატა აღნიშნავს, რომ სასაქონლო ზედნადების გამოწერისას წესი რეგულირდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციით, რომლის 252 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ზედნადების ივსება ელექტრონულად (გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) საქონლის გამყიდველის/გამგზავნის მიერ, საქონლის მიწოდებისთანავე ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე.
ამავე ინსტრუქციის 252 მუხლის მესამე პუნქტის მიხედვით, ზედნადების მე-20 სტრიქონში მითითება მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე/მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის წარმოშობის, შეძენის ან იმპორტის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის დასახელება, თარიღი და ნომერი, ხოლო მეოთხე პუნქტის საფუძველზე ზედნადების ცხრილის VIII სვეტში იწერება, ამავე ცხრილის II სვეტში ცალ-ცალკე რიგითი ნომრის მიხედვით მითითებული თითოეული მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის სპეციალური ფირნიშის ერთი კონკრეტული ნომერი. სპეციალური ფირნიშის ნომრის მითითება (გარდა ამ მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა). ასევე სავალდებულოა მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტის (ამ პუნქტის მიზნებისთვის შემდგომში - პროდუქტი) ტრანსპორტირებისა, მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა მიწოდება, მისი ტრანსპორტირების ნებისმიერ ეტაპზე. ამასთან, ზედნადების ცხრილის II სვეტში ცალ-ცალკე რიგითი ნომრის მიხედვით მითითებულ, კონკრეტული დასახელების თითოეულ პროდუქტზე. ზედნადების ცხრილის VIII სვეტში სავალდებულოა მიეთითოს შესაბამისი ერთი კონკრეტული სპეციალური ფირნიშის ნომერი, რომლით მარკირებული მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან/და ხე-მცენარის გადამუშავების შედეგადაც არის მიღებული პროდუქტი. იმ შემთხვევაში თუ ერთი დასახელების პროდუქტი მიღებულია სხვადასხვა სპეციალური ფირნიშით მარკირებული ხე-ტყის (მორის) ან ხე-მცენარისგან, თითოეულისაგან მიღებული პროდუქტი. ასევე ცალ-ცალკე იწერება ზედნადების ცხრილის II სვეტში რიგითი ნომრის მიხედვით.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ტყის კოდექსის მე-5 მხულის „წ“ ქვეპუნქტის თანახმად, სპეციალური ფირნიში არის ფირნიში, რომელიც ადასტურებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში მრგვალი ხე-ტყის (მორის) კანონიერ წარმოშობას და დადგენილი წესით აღირიცხება მონაცემთა ერთიან ბაზაში.
პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მითითებას მასზედ, რომ ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები N0281195113 გამოწერილი იყო სწორედ 2016 წლის 28 დეკემბერს ტრანსპორტირებულ 10.52 მეტრ კუბ ხის მასალაზე და ზედნადების ფორმალურად არსებობა მასში ფირნიშის ნომრების მითითების გარეშე არ ქმნის საგადასახადო-სამართალდარღვევის ნიშნებს. პალატა განმარტავს, რომ ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოწერა გულისხმობს არა მხოლოდ ფორმალური მოთხოვნების დაცვას. როდესაც პირი ავსებს ზედნადების ყველა პუნქტს, არამედ მეწარმის მიერ მითითებული მონაცემები უნდა იყოს სწორი, შესაძლებელი უნდა იყოს საქონლის იდენტიფიკაცია. ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების იმ სტრიქონებით გათვალისწინებული ინფ9ორმაცია, რომელიც საქონლის კონკრეტიზაციას ითვალისწინებს, საჭიროა საქონლის იდენტიფიკაციისა და მასზე უფლების კანონიერად მოპოვების გადამოწმების კუთხით. შესაბამისად, მნიშვნელოვანია დადასტურდეს ის ფაქტი, რომ კონკრეტული ხე-ტყე გაიცა შესაბამისი დოკუმენტის საფუძველზე. ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გამოწერის გადამოწმების ფაქტი გულისხმობს პირის მიერ მითითებულ მონაცემებთან ტრანსპორტირებული საქონლის შესაბამისობის გადამოწმებისაც, წინააღმდეგ შემთხვევაში, პირს შეეძლება, რომ ერთსა და იმავე დოკუმენტებსა და ფირნიშის ნომრებზე მითითებით შეასრულოს სხვადასხვა ხე-ტყის ტრანსპორტირება შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლისა და საქონლის იდენტიფიკაციის გარეშე.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2016 წლის 28 დეკემბერს ----------ის მიერ გამოწერილია ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები №ელ-0281195113, თუმცა იგი არ შეიცავს ფირნიშებზე მითითებას, რომელიც მაკონტროლებელ ორგანოს საშუალებას მისცემდა მოეხდინა საქონლის იდენტიფიკაცია. ამდენად, შეუძლებელი გახდა იმ ფაქტის დადგენა, თუ რომელი სამართლებრივი საფუძვლით მოპოვებული ხე-მასალის ტრანსპორტირებას ახდენდა ი/მ -----------, რითაც დაირღვა მისი ტრანსპორტირების წესები და ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების შემოღების მიზანიც ვერ იქნა მიღწეული. ამდენად, აღნიშნული ცალსახად ქმნიდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის გამოყენების წინაპირობას, რადგან სასაქონლო ზედნადების გამოუწერლობა მოიცავს არა მხოლოდ ზედნადების სრულ არარსებობას, არამედ ზედნადების მხოლოდ ფორმალურ გამოწერას, როდესაც მასში მითითებული მონაცემები არასწორი და ფაქტობრივ გარემოებებთან შეუსაბამოა, ან მასში საერთოდ არ არის მითითებული სავალდებულო მონაცემები, რასაც განსახილველ შემთხვევაში აქვს ადგილი.
7.3. პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციულიო სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული ქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ ი/მ ----------ის სარჩელი უსაფუძვლო იყო, ადგილი არ ჰქონდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამებოდა მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდიოდა მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლო მართებულად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ არსებობდა გასაჩივრებული სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 26 იანვრის №160526 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმისა და სსიპ შემოსავლების სამახურის 2017 წლის 06 მარტის №5601 ბრძანების ბათილად ცნობის საფუძვლები.
8. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
პალატას მიაჩნია, რომ სასამართლომ საქმე განიხილა საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რისი გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება.
9. საპროცესო ხარჯები:
9.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი, რაც აპელანტის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, საქმეზე აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი/მ -----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
თავმჯდომარე მირანდა ერემაძე
მოსამართლეები მერაბ ლომიძე
თეა ძიმისტარაშვილი