გადაწყვეტილება №20412/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20412/2/2023
11 ოქტომბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 28.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20412/2/2023).
დავის საგანი:
ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლის დარიცხვა ლიცენზიით განსაზღვრული გეგმიური მოპოვების მიხედვით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის №005-221 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 31.05.2023 წლის №11990 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 221 685,99 ლარი.
მათ შორის:
ბუნებრივი რესურსების სარგებლობის მოსაკრებელი - 120 472
ჯარიმა - 60 236
საურავი - 40 977,99
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.11.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
მომჩივანი ფლობს ორ ლიცენზიას სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაზე, კერძოდ წყაროს წყლის მოპოვებაზე (ჩამოსხმის მიზნით). ლიცენზიებს ფლობს 2008 წლიდან. გადასახადის გადამხდელის ლიცენზიების ათვისების გეგმის მიხედვით ბუნებრივი რესურსების მოპოვების გეგმიური რაოდენობა 2019, 2020, 2021 და 2022 წლებში შეადგენს 8030 მეტრ კუბს წელიწადში.
შესამოწმებელ პერიოდზე გადასახადის გადამხდელს წარდგენილი აქვს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ნულოვანი გაანგარიშებები. შესაბამისად, საწარმოს, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლის შესახებ კანონის მე-5 და მე-6 მუხლების საფუძველზე დაერიცხა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებელი, ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის №005-221 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 31.05.2023 წლის №11990 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ პუნქტზე, ამავე კანონის მე-4 მუხლის „დ“ პუნქტზე, მე-5 მუხლის „ა“ პუნქტზე, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ პუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 პუნქტზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 106-ე მუხლზე, ამავე ინსტრუქციის 107-ე მუხლზე, საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ნაწილში არ ჰქონდა შესრულებული ზემოაღნიშნული კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანია დარეგისტრირებულია 25.09.2002 წელს. საწარმო ფლობს ორ ლიცენზიას სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაზე, კერძოდ წყაროს წყლის მოპოვებაზე (ჩამოსხმის მიზნით). აღნიშნულ ლიცენზიებს გადასახადის გადამხდელი ფლობს 2008 წლიდან (ლიცენზია №------- დუბლიკატი №------- დუბლიკატი და (ლიცენზია №------- დუბლიკატი №------- დუბლიკატი).
ზემოაღნიშნული ლიცენზიებით გათვალიწინებული ტერიტორიების მდებარეობას და ფართობებს წარმოდგენს: ა) -------, სოფ. ------- წყაროს წყლის (ჩამოსხმის მიზნით) მოპოვება. ------- ნომენკლატურის ტოპორუკა (ლიცენზიის განუყოფელი ნაწილი); მიწისა და სამთო მინაკუთვნის ფართობი - 0,07 ჰა და ბ) -------, ------- წყაროს წყლის (ჩამოსხმის მიზნით) მოპოვება. ------- ნომენკლატურის ტოპორუკა (ლიცენზიის განუყოფელი ნაწილი); მიწისა და სამთო მინაკუთვნის ფართობი - 0,07 ჰა.
მომჩივანს არასოდეს უსარგებლია ლიცენზიით და შესაბამისად დადგენილი ბუნებრივი რესურსებით. ვინაიდან მითითებულ კოორდინატებზე წყალი არ იყო და არ არის დღესაც და ვერ მოიპოვებს წყალს. ამის გამო მის მიერ 2019-2022 წლებში წარდგენილი აქვს ნულოვანი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათავის მოსაკრებლის გაანგარიშებები, რასაც ადასტურებს შემოსავლების სამსახური გასაჩივრებულ ბრძანებაში.
შესაბამისად კომპანია ვერ სარგებლობს და არა არ სარგებლობს ლიცენზიით მინიჭებული ბუნებრივი რესურსებით. შესაბამისად მასზე არ უნდა გავრცელებულიყო „ბუნებრივი რესურსების სარგებლობისთვის“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება, რომელიც არასწორად გაავრცელა აუდიტის დეპარტამენტმა შემოწმების აქტში.
მომჩივანი მიუთითებს „ბუნებრივი რესურსების სარგებლობისთვის“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილზე და განმარტავს, რომ ნორმის დისპოზიციაში ნათლად არის გადმოცემული, რომ მოსაკრებელი გადაიხდება იმ შემთხვევაში თუ სუბიექტი სარგებლობს ბუნებრივი რესურსებით. სიტყვები ბუნებრივი რესურსების სარგებლობისთვის გულისხმობს არა იმას, რომ პირი ვინაიდან ფლობს ლიცენზიას ბუნებრივი რესურსების სარგებლობისთვის ყოველთვის იხდის მის ყოველწლიურ მოსაკრებელს არამედ გულისხმობს იმას, რომ პირს მოსაკრებლის გადახდა უნდა დაეკისროს იმ შემთხვევაში, როდესაც ის სარგებლობს ბუნებრივი რესურსებით. ეს ლოგიკურია, ვინაიდან მოსაკრებლის დაწესების მიზანი გახლავთ ის, რომ ვინაიდან პირი ღებულობს სარგებელს ბუნებრივი რესურსებით იგი ვალდებულია გადაიხადოს მოსაკრებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსაკრებლის დაკისრება გაუმართლებელია, ვინაიდან პირი ვერ ღებულობს სარგებელს მის მიერ მოპოვებული ლიცენზიიდან. ლიცენზიის არსებობა არ ნიშნავს ავტომატურად მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებას, ის წარმოიშობა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ლიცენზიის მფლობელი ისარგებლებს ბუნებრივი რესურსებით. ამდენად კომპანიას არ უნდა დაეკისროს მოსაკრებლის გადახდა იქიდან გამომდინარე, რომ იგი ვერ სარგებლობს ბუნებრივი რესურსებით, იმ მარტივი მიზეზით, რომ არსებული ლიცენზიით განსაზღვრულ ნიშნულზე (ლოკაციაზე) არ მოიპოვება წყალი.
თუ ლიცენზიის მფლობელს უნდა დაეკისროს გადასახადი ლიცენზიის სარგებლობისთვის (ფლობისთვის) მაშინ „ბუნებრივი რესურსების სარგებლობისთვის“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადება ფორმულირებული იქნებოდა არა ასე „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის ფლობის მოსაკრებელი გადაიხდება არა უგვიანეს საანგარიშო მომდევნო თვის 15 რიცხვისა“, არამედ შემდეგნაირად: ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებელი გადაიხდება არა უგვიანეს საანგარიშო მომდევნო თვის 15 რიცხვისა. ამდენად კანონმდებლის ნება აქ აშკარად ცხადია, რომ მოსაკრებელს იხდის ის ლიცენზიის მფლობელი, რომელიც სარგებლობს ბუნებრივი რესურსებით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე მიაჩნია, რომ ჯერ აუდიტის დეპარტამენტმა, ხოლო შემდეგ შემოსავლების სამსახურმა არასწორად გამოიყენა „ბუნებრივი რესურსების სარგებლობისთვის“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი და გადასახადის გადამხდელს დააკისრა გადასახადი (მოსაკრებელი) და საურავი.
შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარში უთითებდა ზემოთ აღნიშნულ სამართლებრივ საფუძვლებზე, მაგრამ შემოსავლების სამსახურმა ამ პოზიციაზე არ გასცა დასაბუთებული პასუხი. მეტიც საერთოდ არ უმსჯელია იგი იზიარებს თუ არა კანონის მომჩივნის შეხედულების განმარტებას. ესეც მიანიშნებს შემოსავლების სამსახურის ბრძანების უკანონობაზე, ვინაიდან ნებისმერი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება/აქტი უნდა იყოს დასაბუთებული და იგი პასუხობდეს მომჩივნის მეირ საჩივარში წამოჭრილ პრეტენზიებს.
ითხოვს გაუქმდეს აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის №005-221 საგადასახდო მოთხოვნა და შემოსავლების სამსახურის 31.05.2023 წლის №11990 ბრძანება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელია პირი, რომლის საქმიანობა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება ლიცენზირებას.
„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ობიექტია საქართველოს ტერიტორიაზე (ტერიტორიული წყლების, საჰაერო სივრცის, კონტინენტური შელფისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ჩათვლით) არსებული ბუნებრივი რესურსების მოცულობა (რაოდენობა), კერძოდ, წყლის რესურსების მოცულობა (რაოდენობა).
„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სასარგებლო წიაღისეულისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება სასარგებლო წიაღისეულის ძირითადი სახეობებისა და მოცულობის (რაოდენობის) მიხედვით, კერძოდ, მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმის მიზნით გამოყენებაზე მოსაკრებლის ოდენობაა 1მ3 -ზე 4 ლარი.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 106-ე მუხლის თანახმად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელი მოსაკრებლის გაანგარიშებას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს №VI-12 დანართის ფორმით.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
მომჩივანი მიუთითებს, რომ არასოდეს უსარგებლია ლიცენზიით და შესაბამისად დადგენილი ბუნებრივი რესურსებით. ვინაიდან მითითებულ კოორდინატებზე წყალი არ იყო და არ არის დღესაც და ვერ მოიპოვებს წყალს. ამის გამო მის მიერ 2019-2022 წლებში წარდგენილია ნულოვანი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათავის მოსაკრებლის გაანგარიშებები, რასაც ადასტურებს შემოსავლების სამსახური გასაჩივრებულ ბრძანებაში. შესაბამისად კომპანია ვერ სარგებლობს ლიცენზიით მინიჭებული ბუნებრივი რესურსებით. შესაბამისად მასზე არ უნდა გავრცელებულიყო „ბუნებრივი რესურსების სარგებლობისთვის“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება, რომელიც არასწორად გაავრცელა აუდიტის დეპარტამენტმა შემოწმების აქტში.
საბჭო აღნიშნავს, რომ მომჩივნის მიერ 12.09.2023 წლის №------- განცხადებით წარმოდგენილია, მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს 23.02.2022 წლის №------- წერილი, რომელიც შემოსავლების სამსახურის მიერ შეფასებული არ არის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ წერილზე შემოსავლების სამსახურს არ უმსჯელია, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 31.05.2023 წლის №11990 ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 31.05.2023 წლის №11990 ბრძანება;
3. საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
დავის საგანს წარმოადგენს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლის დარიცხვა ლიცენზიით განსაზღვრული გეგმიური მოპოვების მიხედვით.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.11.2022 წლამდე პერიოდი.
შესამოწმებელ პერიოდზე გადასახადის გადამხდელს წარდგენილი აქვს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ნულოვანი გაანგარიშებები. შესაბამისად, საწარმოს, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლის შესახებ კანონის მე-5 და მე-6 მუხლების საფუძველზე დაერიცხა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებელი, ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 31.05.2023 წლის №11990 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 31.05.2023 წლის №11990 ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 43(4); 275;
ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანება, მუხლი 106; 107
საქართველოს კანონი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ