გადაწყვეტილება №19199/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 09.06.2023
№ დოკუმენტი 19199/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19199/2/2023

9.06.2023

გადაწყვეტილება

მომჩივანი: შპს "-------" (ს/ნ "-------" )

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 9.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "-------" -ის 23.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19199/2/2023).

დავის საგანი:

სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 24.01.2023 წლის №CB1435531 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 7.03.2023 წლის №4376 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 28 802.79 ლარი.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა რკინის პროდუქციის იმპორტი, ასევე ადგილობრივი შეძენა და რეალიზაცია.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს 25.10.2022 წლის №26974 ბრძანების საფუძველზე მომჩივნის კუთვნილ ობიექტში ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. საანგარიშო პერიოდი განისაზღვრა 24.05.2019 წლიდან (რეგისტრაციის თარიღიდან) ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე.

ინვენტარიზაციის შედეგად გადასახადის გადამხდელს გამოუვლინდა 288 027.93 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი, რაზეც საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 24.01.2023 წლის №CB1435531 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 28 802.79 ლარის ოდენობით. აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 7.03.2023 წლის №4376 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-8 მუხლის მე-11 ნაწილით, 269-ე მუხლის პირველი ნაწილით, 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 და 32-ე, 34-ე მუხლებით და განმარტავს, რომ საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი წარდგენილ საჩივარს თან არ ურთავს ისეთ მტკიცებულებებს, რომელიც გავლენას მოახდენდა (შეამცირებს) ინვენტარიზაციის შედეგებს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მიმდინარე კონტროლის პროცედურისას ზედაპირულად მოხდა კომპანიის ბალანსზე არსებული საქონლის კალკულაცია, რაც არ მოიცავდა თითოეული საქონლის აწონვას (მისი ზუსტი წონის განსაზღვრას). რამაც გამოიწვია წინამდებარე აქტში მითითებული ცდომილების არსებობა. ორგანიზაციის საქმიანობიდან გამომდინარე ვერ მოხერხდებოდა სასაწყობე ფართის დალუქვა და საქონლის ქრონომეტრაჟი მისი რაოდენობისა და წონის მიხედვით, ვინაიდან, ეს უკანასკნელი გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებდა კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობას, რადგან ვერ მოხერხდებოდა განბაჟებული საქონლის დასაწყობება, რაც თავის მხრივ სარკინიგზო ვაგონების მოცდენის საფასურის სავალდებულო გადასახადს გამოიწვევდა, რაც მძიმე არამართებულ ტვირთად დააწვებოდა კომპანიას.

გადამხდელი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-10 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და აცხადებს, რომ დანაკლისად მიჩნეული საქონელი მთლიანი პროდუქციის, ასევე გვარეობითი ნიშნით დაჯგუფებული პროდუქციის სხვაობის 2%-ს არ აღემატება.

შემოსავლების სამსახურის №4376 ბრძანებით და მედიაციის საბჭოს ოქმით არაა დასაბუთებული თუ რა კავშირშია „სმფ-ების ნაშთის წარუდგენლობა“ სანქციასთან. მომჩივანი განმარტავს, რომ ვინაიდან მაკონტროლებელმა ორგანომ ყოველმხრივ მოიკვლია და ჩაატარა კანონშესაბამისი ინვენტარიზაცია, რატომ არ იქნა დეტალურად ჩაშლილი ან/და აღწერილი ესა თუ ის პროცედურები. ჩატარებული ინვენტარიზაცია უნდა ყოფილიყო კანონშესაბამისი და დადგენილი შეღავათით სარგებლობის შესაძლებლობას უნდა ჰქონოდა გადასახადის გადამხდელს.

მომჩივანი აპელირებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი 601, 32-ე და 34-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ სხდომა ჩატარდა წესებისა და ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს, სადავო აქტების ბათილობას და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლი მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.

ამავე მუხლის მე-10 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული სანქციები არ გამოიყენება, თუ სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ზედმეტობის ან/და დანაკლისის ოდენობა ამავე სახის აღრიცხული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების 2 პროცენტს არ აღემატება.

სადავო საკითხზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით: 25.10.2022 წლის მდგომარეობით, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ბუღალტრულმა ნაშთმა შეადგინა 9 904.88 ტონა (არმატურა დიამეტრების მიხედვით 7 795.94 ტონა, გლინულა დიამეტრების მიხედვით 2 108.937 ტონა). საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი ნაშთი არ უფიქსირდება. შეძენილმა სასაქონლომატერიალური ფასეულობების პირვანდელმა რაოდენობამ შეადგინა 29 628.165 ტონა. 19.04.2022 წლიდან 25.10.2022 წლის ჩათვლით რეალიზებულმა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რაოდენობამ სულ შეადგინა 19 723.29 ტონა (არმატურა დიამეტრების მიხედვით 17 412.49 ტონა, გლინულა დიამეტრების მიხედვით 2 310.798 ტონა). ანგარიშის საფუძვლად აღებულ იქნა შესაბამისი თვეების ჭრილში სასაქონლო ზედნადებებში მითითებული რაოდენობების ბრუნვები. სარეალიზაციო ფასად აღებულია ინვენტარიზაციის დაწყების დროს გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაცია საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზების ჩატარების დროს პროდუქციაზე არსებული ფასების შესახებ (დღგ-ის ჩათვლით), კერძოდ, 24.10.2022 – 31.10.2022 წ.წ. პერიოდში ერთი ტონა არმატურის ღირებულება იყო 2 279.56 ლარი, ხოლო ერთი ტონა გლინულის ღირებულება შეადგენდა 2 329.44 ლარს

ზემოაღნიშნული მონაცემების საფუძველზე ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისათვის სმფების ნაშთმა რაოდენობრივად შეადგინა: 9 779.17 ტონა (არმატურა დიამეტრების მიხედვით 7 699.36 ტონა, გლინულა დიამეტრების მიხედვით 2 079.814 ტონა). ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა დანაკლისმა შეადგინა 125.7042 ტონა (არმატურა 96.5812 ტონა, გლინულა 29.123 ტონა) ღირებულებით 288 027.93 ლარი.

მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-10 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და განმარტავს, რომ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღწერის შედეგად გამოვლინდა 9 904.88 ტონა საბუღალტრო დოკუმენტაციით აღრიცხული საქონელი, ხოლო ფაქტობრივად არსებულმა საქონელმა შეადგინა 9 779.165 ტონა. ამდენად, სხვაობამ შეადგინა 125.715 ტონა. კერძოდ, არმარტურა 7 795.94 ტონიდან შეადგენდა 7 699.36 ტონას, მათ შორის სხვაობა განისაზღვრა - 96.58 ტონა. ხოლო გლინულა 2 108.94 ტონიდან შეადგენდა 2 079.81 ტონას, მათ შორის სხვაობა განისაზღვრა - 29.13 ტონა, რაც წარმოადგენს, როგორც მთლიანი პროდუქციის ასევე გვარეობითი ნიშნით დაჯგუფებული პროდუქციის სხვაობის 2%-ზე ნაკლებს.

მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა მომჩივნის არგუმენტზე განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ რაოდენობრივ აღრიცხვას, შესაბამისად მან სრულად არ წარმოადგინა დანართი №19 (სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული სმფ-ების ნაშთის შესახებ ოქმის №1 და №2 ცხრილები, ოქმის დანართი), რაზე დაყრდნობითაც საგადასახადო ორგანოს ექნებოდა საფუძველი საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-10 ნაწილით სანქციისგან გათავისუფლების. ამავდროულად, საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-10 ნაწილით დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლდება გადასახადის გადამხდელი, თუ სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ზედმეტობის ან/და დანაკლისის ოდენობა ამავე სახის აღრიცხული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების 2 პროცენტს არ აღემატება.

აღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, საბჭოს მიაჩნია, რომ ვინაიდან სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ფაქტიური ნაშთი აღწერილია სახეობრივად ჯამურად (არმატურა, გლინულა), საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს უნდა დაევალოს სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის აღწერის შედეგების შედარება სახეობრივად, ჯამური წონების მიხედვით (მაგ: არმატურა, გლინულა) არსებულ სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ბუღალტრულ ნაშთთან (ჯამური წონების მიხედვით (მაგ: არმატურა, გლინულა)) და სათანადო საფუძვლების და საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-10 ნაწილის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელისთვის დაკისრებული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და

 

გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 7.03.2023 წლის №4376 ბრძანება;

3.დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს: ა) სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის აღწერის შედეგების შედარება სახეობრივად, ჯამური წონების მიხედვით (მაგ: არმატურა, გლინულა) არსებულ სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ბუღალტრულ ნაშთთან (ჯამური წონების მიხედვით (მაგ: არმატურა, გლინულა)); ბ) ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შედეგებიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-10 ნაწილის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელისთვის დაკისრებული ჯარიმის კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

მომჩივანი განმარტავს, რომ ჩატარებული ინვენტარიზაცია უნდა ყოფილიყო კანონშესაბამისი და დადგენილი შეღავათით სარგებლობის შესაძლებლობას უნდა ჰქონოდა გადასახადის გადამხდელს.

გადამხდელი ითხოვს, სადავო აქტების ბათილობას და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

ინვენტარიზაციის შედეგად გადასახადის გადამხდელს გამოუვლინდა საბაზრო ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი,.გადამხდელს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია.

 

გადაწყვეტილება

 

საბჭოს მიაჩნია, რომ ვინაიდან სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ფაქტიური ნაშთი აღწერილია სახეობრივად ჯამურად (არმატურა, გლინულა), საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს უნდა დაევალოს სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის აღწერის შედეგების შედარება სახეობრივად, ჯამური წონების მიხედვით (მაგ: არმატურა, გლინულა) არსებულ სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ბუღალტრულ ნაშთთან (ჯამური წონების მიხედვით (მაგ: არმატურა, გლინულა)) და სათანადო საფუძვლების და საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-10 ნაწილის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელისთვის დაკისრებული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

8(11), 286(9,10)