გადაწყვეტილება №27042/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27042/2/2026
07 მაისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.04.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----“-ის 30.03.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27042/2/2026).
დავის საგანი:
რეესტრში დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაციის აუსახველობა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 5.02.2026 წლის №CB1868153 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 19.03.2026 წლის №5942 ბრძანება.
შეფარდებული სანქცია:
ჯარიმა - 200 ლარი.
ფაქტების აღწერა
5.02.2026 წელს, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა დაქირავებულ პირთა რეესტრში ასახული მონაცემების სისწორის შესწავლა. გაირკვა, რომ მომჩივანს დაქირავებულ პირთა რეესტრში არ ჰქონდა ასახული ინფორმაცია ერთი დაქირავებული პირის (---) შესახებ, რაზეც 5.02.2026 წლის №CB1868153 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა, საგადასახადო კოდექსის 2885 გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 200 ლარის ოდენობით. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 19.03.2026 წლის №5942 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომ ---ს (პ/ნ ---) დაქირავებულ პირთა რეესტრში სტატუსი შეწყვეტილი ჰქონდა 2025 წლის 6 ივნისს, ხოლო გადასახადის გადამხდელის მიერ რეესტრში ---ის (პ/ნ ---) სტატუსის გააქტიურება მოხდა დაჯარიმების შემდეგ (ოქმი შედგა 2026 წლის 5 თებერვალს 11:22 საათზე, ხოლო შპს „---“-ის (ს/ნ ---) მიერ მისი დამატება მოხდა 2026 წლის 5 თებერვალს 13:33 საათზე).
ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე, საიდანაც დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების ყოველთვიური დეკლარაციები, რომლის მიხედვით ---ზე (პ/ნ ---) გაცემული თანხები კომპანიას დაბეგრილი აქვს როგორც მომსახურების ანაზღაურებად, ასევე, ხელფასად.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი წარმოადგენს პირველ შემთხვევას, რაც დასტურდება შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის ნაცვლად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სანქციის სახით უნდა შეეფარდოს გაფრთხილება.
მომჩივნის არგუმენტაცია
ადმინისტრაციულმა ორგანოებმა არასწორად შეაფასეს, როგორც ფაქტობრივი გარემოებები, ისე სამართლებრივი ნორმები. კერძოდ, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა და სსიპ შემოსავლების სამსახურმა სამართალდარღვევად მიიჩნიეს ის გარემოება, რომ --- (პ/ნ: ---) არ იყო ასახული დაქირავებულ პირთა რეესტრში, თუმცა მომჩივანი თავიდანვე განმარტავდა და შესაბამისი მტკიცებულებებით ადასტურებდა, რომ აღნიშნულ პირთან არ არსებობდა შრომითსამართლებრივი ურთიერთობა, პირიქით --- კომპანიას ზეპირი მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე, პერიოდულად უწევდა მომსახურებას, რაც დასტურდება როგორც მიღება-ჩაბარების აქტებით, ასევე საგადახდო დოკუმენტაციით, სადაც ანაზღაურება ასახულია, როგორც მომსახურების საფასური.
ამასთან, აღნიშნული პირი არ ექვემდებარებოდა კომპანიის შინაგანაწესს, არ იღებდა ფიქსირებულ ხელფასს და საქმიანობას ასრულებდა პერიოდულად, რაც გამორიცხავს შრომითი ურთიერთობისთვის დამახასიათებელ კრიტერიუმებს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის შინაარსიდან ცალსახად გამომდინარეობს, რომ დაქირავებულ პირად მიიჩნევა მხოლოდ ის ფიზიკური პირი, რომელიც შრომითსამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში ასრულებს ვალდებულებას, ხოლო ასეთ პირთა შესახებ ინფორმაციის რეესტრში ასახვის წესიც უკავშირდება სწორედ შრომითი ურთიერთობის არსებობას, შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 288⁵ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, რადგან მისი აუცილებელი ელემენტი - დაქირავებული პირის არსებობა - არ არის სახეზე.
მიუხედავად ამისა, შემოსავლების სამსახურმა არ გაიზიარა აღნიშნული არგუმენტაცია და ფაქტობრივად ისე დატოვა ძალაში სამართალდარღვევა რომ მხოლოდ სანქცია შეამსუბუქა და ჯარიმა შეცვალა გაფრთხილებით. ამ შემთხვევაში, თუ ორგანო მიიჩნევდა, რომ სამართალდარღვევა არსებობდა, იგი ვალდებული იყო სრულად და დასაბუთებულად ემსჯელა ურთიერთობის სამართლებრივ ბუნებაზე, რაც მის მიერ გამოცემულ ბრძანებაში №5942 არ განხორციელებულა. უფრო მეტიც, მოცემულ სიტუაციაში რთულია განსაზღვრო მომავალში როგორ უნდა მოიქცეს კომპანია - კანონის შესაბამისად, მხოლოდ შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში მყოფი პირები ასახოს დაქირავებულ პირთა რეესტრში, თუ ყველა, ვინც თუნდაც რამდენიმე დღით უწევს მომსახურებას.
აქედან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია და დასაბუთება ბუნდოვანია და ვერ პასუხობს კითხვას იმასთან დაკავშრებით, თუ როგორ უნდა იმოქმედოს კომპანიამ მომავალში იმისთვის, რომ თავიდან აიცილოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
დამატებით, სსიპ შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილი ჰქონდა დეკლარაციები, სადაც აღნიშნულ პირზე გაცემული თანხები ასახულია, როგორც მომსახურების ანაზღაურებად, ასევე ხელფასად, თუმცა აღნიშნული არგუმენტი სამართლებრივად არარელევანტურია, რადგან საგადასახადო და ბუღალტრული აღრიცხვა არ განსაზღვრავს სამართლებრივ ურთიერთობას და იგი მხოლოდ ფინანსური ოპერაციების ასახვას ემსახურება. მხარეთა შორის ურთიერთობის ბუნება უნდა დადგინდეს ხელშეკრულების შინაარსისა და ფაქტობრივი ურთიერთობის მიხედვით. საქართველოს საგადასახადო კოდექსი და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №996 გადასახადების ადმინისტრირების შესახებ პირდაპირ მიუთითებს, რომ რეესტრში რეგისტრირებული პირების შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში უნდა იმყოფებოდნენ კომპანიასთან. შესაბამისად, ის პირები, რომლებიც პერიოდულად უწევენ მომსახურებას კომპანიას დაქირავებულ პირთა რეესტრში რეგისტრაციას არ ექვემდებარებიან.
საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, დაქირავებით მუშაობად ითვლება: ,,ფიზიკური პირის მიერ ვალდებულების შესრულება იმ ურთიერთობათა ფარგლებში, რომლებიც რეგულირდება საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის შრომის კანონმდებლობით’’ იმავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით:
,,დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირი ამ კოდექსის მიზნებისათვის იწოდება დაქირავებულად, პირი, რომელიც ანაზღაურებს ასეთი ფიზიკური პირის მიერ შესრულებულ სამუშაოს, – დამქირავებლად, ხოლო ასეთი ანაზღაურება – ხელფასად’’.
,,ამ მუხლით გათვალისწინებული დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაცია დამქირავებელმა უნდა ასახოს დაქირავებულ პირთა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს შემოსავლების სამსახური’’.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №996 გადასახადების ადმინისტრირების შესახებ 112 მუხლის მიხედვით, დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაცია შემოსავლების სამსახურს წარედგინება ელექტრონულად, შრომითი ურთიერთობის დაწყებამდე, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის ცალსახაა, რომ კანონმდებლობა დაქირავებულ პირთა რეესტრში ინფორმაციის ასახვას უკავშირებს მხოლოდ შრომით სამართლებრივ ურთიერთობას, ხოლო ის პირები, რომლებიც მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებენ ურთიერთობას არ წარმოადგენენ „დაქირავებულ პირებს“ საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის და შესაბამისად, მათზე არ ვრცელდება რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულება.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ არ შეისწავლა ურთიერთობის სამართლებრივი ბუნება, რითაც დაარღვია ადმინისტრაციული წარმოების პრინციპები.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ცალსახაა, რომ ---თან არსებობდა მომსახურების და არა შრომითი ურთიერთობა, არ არსებობდა დაქირავებულ პირთა რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულება და არ არსებობს საგადასახადო სამართალდარღვევა. მომჩივანი ითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი 2026 წლის 5 თებერვლის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 19 მარტის ბრძანება №5942 და სრულად დაკმაყოფილდეს შპს „---“-ის 2026 წლის 4 მარტის №35192/01 საჩივარი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად:
1. დაქირავებით მუშაობად ითვლება:
ა) ფიზიკური პირის მიერ ვალდებულების შესრულება იმ ურთიერთობათა ფარგლებში, რომლებიც რეგულირდება საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის შრომის კანონმდებლობით;
ბ) ფიზიკური პირის მიერ იმ ვალდებულების შესრულება, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს თავდაცვის ძალებში, სამართალდამცავ ორგანოებსა და მათთან გათანაბრებულ ორგანოებში მის სამსახურთან;
გ) ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.
2. დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირი ამ კოდექსის მიზნებისათვის იწოდება დაქირავებულად, პირი, რომელიც ანაზღაურებს ასეთი ფიზიკური პირის მიერ შესრულებულ სამუშაოს, – დამქირავებლად, ხოლო ასეთი ანაზღაურება – ხელფასად.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაცია დამქირავებელმა უნდა ასახოს დაქირავებულ პირთა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს შემოსავლების სამსახური.
4. დაქირავებულ პირთა რეესტრში ასასახი ინფორმაციის ნუსხა და ინფორმაციის ასახვის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 112 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაცია შემოსავლების სამსახურს წარედგინება ელექტრონულად, შრომითი ურთიერთობის დაწყებამდე, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის (www.rs.ge) მეშვეობით.
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის 3719 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტების თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 491 მუხლის თანახმად, ზოგადი ანალიტიკური პროცედურების საფუძველზე განახორციელოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლით განსაზღვრულ „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლა.
ამ მუხლის მიზნებისათვის „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლა გულისხმობს დაქირავებულ ფიზიკურ პირთა რაოდენობის და მათი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, სქესი, მოქალაქეობა და სხვა) შესახებ ინფორმაციის ანალიზს.
„დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლას საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ახორციელებს დამქირავებელ პირთან კომუნიკაციის დამყარების გზით ან/და დამქირავებელი პირის ობიექტ(ებ)ზე გასვლით. „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლისას, თუ გამოვლინდა დაქირავებულ ფიზიკურ პირთა შესახებ არასწორი ინფორმაცია, აღნიშნული გამოიწვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ პასუხისმგებლობას.
საგადასახადო კოდექსის 2885 მუხლის თანახმად, პირის მიერ დაქირავებულ პირთა რეესტრში დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობა იწვევს პირის დაჯარიმებას ყოველ დაქირავებულ პირზე 200 ლარის ოდენობით.
მომჩივნის განმარტებით დაქირავებულად მიჩნეული პირი რეალურად არ იყო საზოგადოების თანამშრომელი და ის მხოლოდ პერიოდულად ეწეოდა გარკვეული სახის მომსახურებას, ამიტომაც ის უნდა განხილულიყო, როგორც მომსახურების გამწევი პირი და არა დაქირავებული თანამშრომელი.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 6 აპრილის №2988-21-12 წერილის თანახმად, საგადასახადო ინფორმაციის გადამოწმებისას გაირკვა, რომ --- (პ/ნ ---) დაქირავებულ პირთა რეესტრში ასახული იყო შეწყვეტილი სტატუსით.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ინფორმაციითვე სტატუსი შეწყვეტილი იყო 2025 წლის 6 იანვრიდან, ხოლო აღნიშნული სტატუსის გააქტიურება მოხდა დაჯარიმების შემდეგ 2026 წლის 5 თებერვალს 13:33 საათზე (ოქმი შედგა 2026 წლის 5 თებერვალს 11:22 საათზე).
შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით: იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი წარმოადგენს პირველ შემთხვევას, რაც დასტურდება შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის ნაცვლად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სანქციის სახით უნდა შეეფარდოს გაფრთხილება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 19 მარტის №5942 ბრძანების გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
რეესტრში დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაციის აუსახველობა.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივნის განმარტებით დაქირავებულად მიჩნეული პირი რეალურად არ იყო საზოგადოების თანამშრომელი და ის მხოლოდ პერიოდულად ეწეოდა გარკვეული სახის მომსახურებას, ამიტომაც ის უნდა განხილულიყო, როგორც მომსახურების გამწევი პირი და არა დაქირავებული თანამშრომელი.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის წერილის თანახმად, საგადასახადო ინფორმაციის გადამოწმებისას გაირკვა, რომ პირი დაქირავებულ პირთა რეესტრში ასახული იყო შეწყვეტილი სტატუსით.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ინფორმაციითვე სტატუსი შეწყვეტილი იყო 2025 წლის 6 იანვრიდან, ხოლო აღნიშნული სტატუსის გააქტიურება მოხდა დაჯარიმების შემდეგ 2026 წლის 5 თებერვალს 13:33 საათზე (ოქმი შედგა 2026 წლის 5 თებერვალს 11:22 საათზე).
შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით: იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი წარმოადგენს პირველ შემთხვევას, რაც დასტურდება შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის ნაცვლად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სანქციის სახით უნდა შეეფარდოს გაფრთხილება.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 19 მარტის №5942 ბრძანების გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 12; 2885; 270 (7).