გადაწყვეტილება №24343/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 23.01.2025
№ დოკუმენტი 24343/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24343/2/2024

23 იანვარი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს "--------" (ს/ნ "--------")

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,20.12.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "--------"-ის 26.11.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24343/2/2024).

 

დავის საგანი:

სმფ-ების შიდა ინვენტარიზაციით გამოვლენილი დანაკლისის მოგების გადასახადის დეკლარაციაში ასახვა და შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 3 ოქტომბრის №007-244 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 5.11.2024 წლის №23601 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 542 752,08 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 348 323

დღგ - 15 433

მოგების გადასახადი - 332 890

ჯარიმა - 173 908

საურავი - 20 521,08

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეა ტანსაცმლით საცალო ვაჭრობა. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 2023 წლის პირველი აპრილიდან 2024 წლის პირველ ივნისამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 25 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს პროგრამა სუპერფინში. შესამოწმებელ პერიოდში საშუალო ფასნამატი შეადგენს 52%-ს. კომპანიაში 2024 წლის 30 მაისს 23 იანვარი 2025 N 03/3409 ჩატარებული შიდა ინვენტარიზაციით გამოვლინდა სმფ-ის დანაკლისი, რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენს 4 153 395.86 ლარს. მომჩივანმა დანაკლისი ასახა დამატებული ღირებულების გადასახადის 2024 წლის მაისის თვის დეკლარაციაში. ასევე, მოგების გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციაში, სადაც დანაკლისად დაბეგრა 1 633 449 ლარი, ხოლო საწესდებო კაპიტალი შეამცირა 2 611 964 ლარით.

საგადასახადო კოდექსის 97-ე და 983 მუხლების გათვალისწინებით მოგების გადასახადის დეკლარაციაში ასახვას ექვემდებარება კომპანიის სმფ-ების შიდა ინვენტარიზაციით გამოვლენილი დანაკლისი სრულად, საწარმოს დეკლარირებული აქვს მხოლოდ მისი ნაწილი, შესაბამისად მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა გაიზარდა 1 886 378 ლარით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 3 ოქტომბრის №21610 ბრძანება და ამავე თარიღის №007-244 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 5.11.2024 წლის №23601 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილზე, ამავე მუხლის 28-ე ნაწილზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე,983 მუხლის მე-2 ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე,ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გამოვლენილი დანაკლისი მოგების გადასახადის მიზნებისთვის ითვლება უსასყიდლოდ საქონლის მიწოდებად. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვალდებული იყო განეხორციელებინა დანაკლისის სრულად დეკლარირება და დაბეგვრა მოგების გადასახადით. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

2024 წლის 30 მაისს ჩატარებული ინვენტარიზაციით გამოვლინდა საქონლის დანაკლისი 2 435 546 ლარის თვითღირებულებით, რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენდა 4 153 395.86 ლარს. დანაკლისი აღიარებული იქნა ფულადი სახსრების დანაკლისად და აისახა მაისის თვის მოგების დეკლარაციაში, ხოლო 2 611 964.37 ლარით შემცირდა საწესდებო კაპიტალი.

პირველ რიგში საგადასახადო შემოწმების აქტში 30.06.2023 მსგავსი შემთხვევა უკვე აქვს და განხილულია აუდიტის მიერ დანაკლისი როგორც კაპიტალის შემცირება.

თან ურთავს ძველ აქტს, ბრძანებას.

კითხვა- როდის იყო აუდიტის მიერ გამოცემული აქტი სწორი? ცხადია, ერთი და იგივე შემთხვევაა, რომელსაც დასაბეგრად განვიხილავთ სხვადასხვაგვარად, რატომ?!

რამე ახალი შეიცვალა კანონმდებლობაში, არა!. არც კანონმდებლობა შეცვლილა და არც აუდიტის დეპარტამენტის უფროსია შეცვლილი.

უცხოელი ინვესტორიდან ფულის გამოძალვაა, თუ სისხლის სამართლის დამნაშავედ გამოცხადება ინვესტორის? მიუხედავად იმისა, რომ ყველა არგუმენტი და ანალოგია მოყვანილ იქნა საჩივარში, დავებმა არათუ გაითვალისწინა, სიტყვაც არ თქვა, უბრალოდ არც შეიმჩნია მისი მოთხოვნა. თხოვნა, რომ თუ შესაძლებელი იყო 2023 წელს გამოცემულ აქტში საწესდებო კაპიტალის შემცირება მომხდარიყო დანაკლისის აღიარებით, ეს 2024 არაა შესაძლებელიო, ესეც კი არ თქვა, ვერ ხედავს რას წერს და კოპიფეისტს აკეთებს საგადასახადო კანონმდებლობიდან ,,ასწავლის, მაზუთხინებს სწორედ იმ კოდექსს, რაც მოქმედებდა 2023 წლის საგადასახადო რევიზიის დროს! თუ 2023 წლის 6 ივლისის ბრძანების საფუძველზე დაერიცხა გადასახადები საქონლის დანაკლისის საწესდებო კაპიტალად შემცირებით რა მოხდა 2024 წელს, რამე შეიცვალა საგადასახადო კოდექსში? რატომ ეკრძალება 2024 წლის აქტით საწესდებო კაპიტალის შემცირება ამას კი არ უხსნის შემოსავლების სამსახურის დავები, მხოლოდ კანონს აზუთხინებს და აპრიორში სისხლის სამართლის დამნაშავედ ხდის.

ითხოვს საბჭოსგან სამართლიან მოქცევას მის მიმართ და ბიუჯეტის სასარგებლოდ არასწორად და არასამართლიანად დარიცხული საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.

და როგორც ანალოგია შესაბამისობაში იქნას მოყვანილი 30/06/2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტთან. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტთან ყოველთვის თანამშრომლობდა სიამოვნებით, მათ მუშაობას აფასებდა დადებითად და ამ ბოლო აქტმა და საგადასახადო მოთხოვნამ განცდა შეუქმნა რომ სძარცვავენ.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია, უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.

საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ამ კოდექსით გათვალისწინებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ან/და ძირითადი საშუალების დანაკლისი ითვლება მისი გამოვლენის მომენტში ამ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად.

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, საჩივრის განხილვა ჩაინიშნა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით. გადამხდელს ეცნობა საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, თუმცა მომჩივანს არ მიუღია მონაწილეობა საჩივრის ზეპირ განხილვაზე.

მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას განაცხადა, რომ მომჩივანმა შიდა ინვენტარიზაციით გამოავლინა სმფ-ის დანაკლისი და დაბეგრა დღგ-ით, ნაწილი მოგების გადასახადით ჰქონდა დაბეგრილი და დარჩენილი ნაწილით შეიმცირა კაპიტალი. შემოწმებით მთლიანი სმფ-ის დანაკლისი დაბეგრილია მოგების გადასახადით საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად.

მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში აპელირებს 30.06.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტზე და აღნიშნავს, რომ წინა შემთხვევაში ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სხვაობა, კუთვნილი დღგ-ის ჩათვლით განხილულ იქნა როგორც საწესდებო კაპიტალის შემცირება, ხოლო მიმდინარე აუდიტის შემოწმების შედეგად სმფ-ების დანაკლისი არ იქნა განხილული საწესდებო კაპიტალის შემცირებად. ვინაიდან 2023 წლის 30 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტით სახეზეა მსგავსი შემთხვევა და შემოწმების მიერ დანაკლისი განხილულია კაპიტალის შემცირებად, მიმდინარე შემოწმებითაც დარიცხული გადასახადი უნდა მოვიდეს შესაბამისობაში 2023 წლის 30 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტთან.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 30 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში აღნიშნულია შემდეგი: „საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 24.04.2023 წლის ბრძანება №8780-ის შესაბამისად ჩატარდა გადამხდელის სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის მიხედვით სმფ-ს ნაშთმა შეადგინა 1 876 237 ლარი პირვანდელი ღირებულებით. შემოწმების პროცესში მომჩივნის დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ სხვაობა 221 057 ლარი ბუღალტრულ და ფაქტობრივად დადგენილ ნაშთს შორის ჩაითვალა რეალიზებულად, გადამხდელის ბუღალტრული ფასნამატით და შემოწმებით დაანგარიშებული დასაბეგრი შემოსავალი გადანაწილდა გადამხდელის დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად. ამასთან, შემოწმება დაეყრდნო აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 24 მაისის ბრძანება 15798 საფუძველზე გამოცემული 2021 წლის 30 ივლისის საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ნაშთებს და სხვაობა შესაბამისი აქტით განსაზღვრულ სალაროს საბოლოო და მიმდინარე შესამოწმებელი პერიოდის საწყის ნაშთებს შორის 18 390 ლარი განხილულია როგორც კაპიტალის შემცირება. ასევე,გაზრდილი დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა შემოწმებამ განიხილა როგორც კაპიტალის შემცირება“.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 30 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტით სხვაობა, ბუღალტრულ და ფაქტობრივად დადგენილ ნაშთს შორის რეალიზებულად არის ჩათვლილი და გადამხდელის ბუღალტრული ფასნამატით და შემოწმებით დაანგარიშებული დასაბეგრი შემოსავალი გადანაწილებულია გადამხდელის დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად. მოცემულ შემთხვევაში კი ფაქტობრივი გარემოება არის განსხვავებული, რადგან თავად მომჩივანს აქვს ოპერაციისთვის დანაკლისის კვალიფიკაცია მინიჭებული.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის და 983 მუხლის მე-2 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის დანაკლისი ითვლება მისი გამოვლენის მომენტში ამ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად, რისი დეკლარირების ვალდებულებაც (გამოვლენილი დანაკლისი სრული მოცულობით) ჰქონდა მომჩივანს.

საქმეში არსებული გარემოებების, აუდიტის დეპარტამენტის, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის შესწავლის, მათ შორის, მომჩივნის მიერ ოპერაციისთვის მინიჭებული კვალიფიკაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს საბჭოსგან არასწორად და არასამართლიანად დარიცხული საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს პროგრამა სუპერფინში. შესამოწმებელ პერიოდში საშუალო ფასნამატი შეადგენს 52%-ს. კომპანიაში ჩატარებული შიდა ინვენტარიზაციით გამოვლინდა სმფ-ის დანაკლისი.მომჩივანმა დანაკლისი ასახა დამატებული ღირებულების გადასახადის 2024 წლის მაისის თვის დეკლარაციაში. ასევე, მოგების გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციაში, სადაც დანაკლისად დაბეგრა,ხოლო საწესდებო კაპიტალი შეამცირა.

საგადასახადო კოდექსის 97-ე და 983 მუხლების გათვალისწინებით მოგების გადასახადის დეკლარაციაში ასახვას ექვემდებარება კომპანიის სმფ-ების შიდა ინვენტარიზაციით გამოვლენილი დანაკლისი სრულად, საწარმოს დეკლარირებული აქვს მხოლოდ მისი ნაწილი, შესაბამისად მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა გაიზარდა.გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და შეეფარდა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

983,275.