გადაწყვეტილება №21459/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21459/2/2023
03 აპრილი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 15.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ის 30.11.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21459/2/2023).
დავის საგანი:
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა;
2. ფიზიკურ პირებზე გადარიცხული თანხის ჩათვლა დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად;
3. შემოწმების შედეგად დადგენილი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;
4. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 22.06.2023 წლის №053-10 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 13.11.2023 წლის №27751 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 405 258.28 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 209 717
დღგ - 157 041
მოგების გადასახადი - 2 294
საშემოსავლო გადასახადი - 50 382
ჯარიმა - 129 555
საურავი - 65 986.28
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ჭაბურღილისა და სასმელი წყლის სამუშაოების შესრულება ტენდერის გზით. აუდიტის დეპარტამენტის 3.04.2023 წლის №7159 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.03.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 19.06.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 21.06.2023 წლის №14315 ბრძანება და 22.06.2023 წლის №053-10 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული აქტები 21.07.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 13.11.2023 წლის №27751 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება); დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 13.11.2023 წლის №27751 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოწმების პროცესში დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემები და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერი, რომლის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ განხორციელებული ტენდერებიდან მიღებული შემოსავლები განსხვავდება მის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვისაგან და ასევე ყველა შესრულებულ სამუშაოზე არ არის გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. შემოწმების შედეგად დადგენილი სხვაობით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ასევე გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ გარემოებებს. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურის 13.11.2023 წლის №27751 ბრძანებას ასაჩივრებს იმ სადავო საკითხების ნაწილში რომელიც არ იქნა დაკმაყოფილებული შემოწმებით გაზრდილია დღგ-ით 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა 872 479 ლარით (დღგის გარეშე). კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს სხვადასხვა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები, რომელიც ძირითადად ხორციელდება სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში, ხშირ შემთხვევაში ადგილი აქვს მომსახურების ღირებულების ავანსის სახით მიღებას. კომპანიის მიერ დამატებით შესწავლილი და გაანგარიშებულია დღგ-ის 18%-იანი ბრუნვები, რის შედეგადაც დგინდება სხვაობები შემოწმებით დადგენილ მონაცემებთან. არის შემთხვევები როდესაც მიღებული აქვს ავანსის თანხა 2019 წელს (არა შესამოწმებელ პერიოდში) რომლის შესაბამისი შესრულებები იყო 2020 წელს, შემოწმებით სრულად დაბეგრილია 2020 წელს განხორციელებული სამუშაოების შესრულებები ავანსის გამოკლებით. მათ შორის: ---ის მუნიციპალიტეტის დაკვეთით სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში, სარეგისტრაციო ნომრებით ----, ავანსად მიღებული იყო თანხები 2019 წლის აგვისტოში, აღნიშნული ავანსის შესაბამისად სამუშაოები შესრულდა 2020 წლის თებერვალში, აღნიშნული შესრულებები შემოწმებით დაბეგრილია სრულად 2020 წელს. აღნიშნულს არ ეთანხმება, რამდენადაც შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161- ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტის თანახმად, არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ითხოვს მიეცეს საშუალება შემმოწმებელთან ერთად გაიაროს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია. შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ და „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც:
ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველ ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემების და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ განხორციელებული ტენდერებიდან მიღებული შემოსავლები განსხვავდება მის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვისაგან და ასევე ყველა შესრულებულ სამუშაოზე არ არის გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. მომჩივანი მიუთითებს, რომ საქმიანობის განხორციელებისას ხშირ შემთხვევაში ადგილი აქვს მომსახურების ღირებულების ავანსის სახით მიღებას, კერძოდ ---ს მუნიციპალიტეტის დაკვეთით სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში, სარეგისტრაციო ნომრებით ---, ავანსად მიღებული იყო თანხები 2019 წლის აგვისტოში, აღნიშნული ავანსის შესაბამისად სამუშაოები შესრულდა 2020 წლის თებერვალში, აღნიშნული შესრულებები შემოწმებით დაბეგრილია სრულად 2020 წელს. აღნიშნულს შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტის თანახმად არ ეთანხმება, ითხოვს მიეცეს საშუალება შემმოწმებელთან ერთად გაიაროს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები.
საჩივარს ახლავს, შპს ---ს (ს/ნ ---) მიმართ 5.08.2020 წლით დათარიღებული სალაროს გასავლის ორდერი „ავანსი შესრულებული სამუშაოებისათვის“, ასევე, ამავე კომპანიასთან გაფორმებული ნარდობის ორი ხელშეკრულება. საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მოპასუხე ორგანის წარმომადგენელმა განმარტა, რომ აღნიშნული საკითხი, მომჩივნის არგუმენტის გათვალისწინებით, საჭიროებს შესწავლას. აღნიშნული გარემოებებიდან და მხარეთა არგუმენტებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს აღნიშნული სადავო საკითხის შესწავლა მომჩივნის არგუმენტის გათვალისწინებით და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
2. ფიზიკურ პირებზე გადარიცხული თანხის ჩათვლა დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოწმების პროცესში დამუშავდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერი, რომლის ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ 2021 წლის ივლისის თვეში ფიზიკურ პირთან გადარიცხულია საქონლის ღირებულება 13 000 ლარი, რომელზეც არც სასაქონლო ზედნადები და არც საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არ არსებობს, ასევე ვერ იქნა წარდგენილი სხვა დოკუმენტი. შემოწმების მიერ აღნიშნული გადახდა ჩაითვალა დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად. შესაბამისად, მომჩივანს დაერიცხა კუთვნილი მოგების გადასახადით და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსი 275- ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ასევე გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ გარემოებებს. ამდენად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შესამოწმებელ პერიოდში საბანკო ანგარიშიდან გადარიცხულია საქონელის ღირებულება 13 000 ლარი ი/მ ---თვის. შემოწმების პროცესში ვერ მოხერხდა შემმოწმებლისათვის შესაბამისი შესყიდვის დოკუმენტის წარდგენა და აღნიშნული თანხა დაიბეგრა მოგების გადასახადით, როგორც არადოკუმენტური ხარჯი. საჩივარზე თან დართულია დამატებით წარმოსადგენი ხარჯის დოკუმენტების ნაწილი. ითხოვს მიეცეს საშუალება აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტები და ინფორმაცია, რომლებიც დაადასტურებს კომპანიის მიერ შესამოწმებელ პერიოდში გაწეულ ხარჯებს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია: გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად. საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით:
1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.
2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
შემოწმებით დადგენილია, რომ 2021 წლის ივლისის თვეში ფიზიკურ პირთან გადარიცხულია საქონლის ღირებულება 13 000 ლარი, რომელზეც არც სასაქონლო ზედნადები და არც საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არ არსებობს, ასევე ვერ იქნა წარდგენილი სხვა დოკუმენტი.
მომჩივანი მიუთითებს, რომ შემოწმების პროცესში ვერ მოხერხდა შემმოწმებლისათვის შესაბამისი შესყიდვის დოკუმენტის წარდგენა და საჩივარზე თან დართულია დამატებით წარმოსადგენი ხარჯის დოკუმენტების ნაწილი. ითხოვს მიეცეს საშუალება აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტები და ინფორმაცია, რომლებიც დაადასტურებს კომპანიის მიერ შესამოწმებელ პერიოდში გაწეულ ხარჯებს. აღსანიშნია, რომ საჩივარს ახლავს, შპს ---ს (ს/ნ ---) მიმართ 5.08.2020 წლით დათარიღებული სალაროს გასავლის ორდერი „ავანსი შესრულებული სამუშაოებისათვის“, ასევე, ამავე კომპანიასთან გაფორმებული ნარდობის ორი ხელშეკრულება. ამდენად, მომჩივნის მითითება რომ საჩივარს ახლავს დამატებით წარმოსადგენი ხარჯის დოკუმენტების ნაწილი, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, რადგან წარმოდგენილ დოკუმენტებში არ ფიქსირდება, მისივე განმარტებით შესამოწმებელ პერიოდში ი/მ ---თვის საბანკო ანგარიშიდან საქონელის ღირებულების 13 000 ლარის გადარიცხვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოწმების შედეგად აღნიშნული გადახდის ჩათვალა დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად და მოგების გადასახადით დაბეგვრა მართებულია. ამდენად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტის გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
3. შემოწმების შედეგად დადგენილი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში დივიდენდი გაცემული არ აქვს. მომზადდა ფულადი სახსრების მოძრაობის ამსახველი ცხრილი, შესამოწმებელ პერიოდზე დადგინდა ფულის ნაშთი (თვის ჭრილში). აღნიშნული თანხა შემოწმების შედეგად ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარა შესაბამის საანგარიშო პერიოდებზე საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ამასთან დავის წარმოების ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. შესაბამისად საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ შესწავლილია კომპანიის ნაღდი ფულის მოძრაობა, რის შედეგადაც დადგინდა საწარმოში არსებული ნაღდი ფულის ბუღალტრული ნაშთი, რაც ჩაითვალა დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად და დაექვემდებარა დაბეგვრას გადახდის წყაროსთან 20% იანი განაკვეთით. საჩივარზე თან დართულია დამატებით წარმოსადგენი ხარჯის დოკუმენტების ნაწილი. ითხოვს მიეცეს საშუალება აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტები და ინფორმაცია, რომლებიც დაადასტურებს კომპანიის მიერ შესამოწმებელ პერიოდში გაწეულ ხარჯებს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად:
4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
9. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოწმების შედეგად მომზადდა ფულადი სახსრების მოძრაობის ამსახველი ცხრილი, შესამოწმებელ პერიოდზე დადგინდა ფულის ნაშთი (თვის ჭრილში). გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში დივიდენდი გაცემული არ აქვს. მომჩივანი ითხოვს მიეცეს საშუალება აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტები და ინფორმაცია, რომლებიც დაადასტურებს კომპანიის მიერ შესამოწმებელ პერიოდში გაწეულ ხარჯებს.
ზემოთ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ აღნიშნული თანხის შემოწმების შედეგად ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა მართებულია. ამდენად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტის გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
4. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოწმების შედეგად მომჩივანს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დაეკისრა ჯარიმა სულ 129 555 ლარი, მათ შორის მოგების გადასახადში 1 147 ლარი, დღგ-ში 103 442 ლარი და საშემოსავლო გადასახადში 24 966 ლარი. ასევე, აუდიტის დეპარტამენტის 22.06.2023 წლის №053-10 საგადასახადო მოთხოვნით დაეკისრა საურავი 65 986.28 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი 7 შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს. შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად ითხოვს შეუმცირდეს შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმა-საურავები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:
1. საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
2. საურავი ერიცხება გადასახადის თანხას, რომელიც არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საურავის დარიცხვა ხორციელდება თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2, 21 და 22 ნაწილების თანახმად:
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. გადასახადი გადამხდელს სამეწარმეო საქმიანობაში აკისრია გულისხმიერების ვალდებულება და ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და სრულად. ნებისმიერი შეცდომა არ წარმოადგენს სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველს. მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობის და უხეში გაუფრთხილებლობით არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას სადავო საკითხთან მიმართებით და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. ამგვარად, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 13.11.2023 წლის №27751 ბრძანება;
3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, პირველი სადავო საკითხის შესწავლა მომჩივნის არგუმენტის გათვალისწინებით და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა;
2. ფიზიკურ პირებზე გადარიცხული თანხის ჩათვლა დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად;
3. შემოწმების შედეგად დადგენილი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;
4. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 3.04.2023 წლის №7159 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.03.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 19.06.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 21.06.2023 წლის №14315 ბრძანება და 22.06.2023 წლის №053-10 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული აქტები 21.07.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 13.11.2023 წლის №27751 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
შემოსავლების სამსახურის 13.11.2023 წლის №27751 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 ( 4,5,9); 101; 154; 159; 163; 164; 105; 72; 982; 269 (7).
2021 წლამდე მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 160; 161.