ბრძანება N 2716
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 2716
14.02.2023
სს „---------“ (ს/ნ --------- )
(მის: ---------- )
2022 წლის 10 ნოემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 10 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №12) განიხილა სს „-------- “ (ს/ნ ---------- ) №204400/21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 8 ოქტომბრის №EL186378 და №EL186381 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს და განმარტავს, რომ საქონლის დანაკლისი არ გამოვლენილა. ამასთან, მარტოოდენ გადამზიდავის სტატუსი არ წარმოადგენს სამართალდარღვევის ოქმის შედგენის საფუძველს, თუ არ იკვეთება დამდგარ შედეგსა და პირის ბრალეულობას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. მისივე განცადებით, სს „-------- “ გაუგებარია რა სამართალდარღვევაა ჩადენილი და რომელი საბაჟო პროცედურაა დარღვეულია მისი მხრიდან.
მომჩივანი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე, 178-ე, 179-ე, 181-ე მუხლებზე მითითებით, ითხოვს სადავო აქტის ბათილად ცნობას. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ დავის განმხილველი ორგანო საკმარის მტკიცებულებად არ მიიჩნევს კომპანიის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციასა და არგუმენტებს, ითხოვს საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, კომპანია გათავისუფლებულ იქნეს სადავო აქტით დაკისრებული პასუხისმგებლობისგან
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2022 წლის 3 ოქტომბერს, საბაჟო გამშვები პუნქტი „-------“ კონტროლის ზონაში საქართველოს მხრიდან შევიდა №------- და №-------- სარკინიგზო ვაგონები, რომლებზეც განთავსებული იყო ტრანზიტის პროცედურაში დეკლარირებული საქონლით (რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობა №------- დატვირთული კონტეინერები (№-------- ; №-------).
საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა ზემოაღნიშნული კონტეინერების დათვალიერება, რის შედეგადაც დადგინდა რომ კონტეინერებზე დადებული იდენტიფიკაციის საშუალებები, ვერ უზრუნველყოფდა შეუღწევადობას, კერძოდ, კონტეინერების კარის გაღება შესაძლებელი იყო საბაჟო ლუქის დაუზიანებლად. ამასთან, კონტეინერებში განთავსებული საქონლის რაოდენობა დაემთხვა დოკუმენტებში მითითებულს.
ვინაიდან, სარკინიგზო შემადგენლობის გადაადგილებაზე პასუხისმგებელ პირი – სს „-------“ ანალოგიური ქმედების ჩადენისთვის არაერთგზისაა დაჯარიმებული 2022 წელს, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტებზე, საბაჟო გამშვები პუნქტი „-----------“ უფლებამოსილი პირის მიერ 2022 წლის 8 ოქტომბერს შედგენილ იქნა №EL186381 და №EL186378 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლებითაც სს „--------“ (ს/ნ --------) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა თითოეული ოქმით 1 000 ლარის ოდენობით.
შპს „--------“ (ს/ნ --------- ) მიერ 2023 წლის 8 თებერვალს მოწოდებული ინფორმაციის (წერ. რეგ. №------) თანახმად, საჩივარი სს „---------“ მიერ ფოსტაში ჩაბარებულია 2022 წლის 7 ნოემბერს.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-100 მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილია, რომ საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალება ისე უნდა იქნეს დადებული, რომ მის დაუზიანებლად შეუძლებელი იყოს საქონელთან მისვლა ან კვალის დატოვების გარეშე სატრანსპორტო საშუალებაში ან შენობა-ნაგებობაში უკანონო შეღწევა. საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალება იმგვარად უნდა იყოს დადებული, რომ გამოირიცხოს დაუზიანებლად მისი მოხსნა/მოცილება. საბაჟო ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი ვალდებულია შესაბამის დოკუმენტში ან/და საბაჟო დეკლარაციაში აღნიშნოს მის მიერ საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების დადება.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ პირველი მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები.საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.
ამავე ინსტრუქციის 30-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილია, რომ „იდენტიფიკაციის საშუალებები (ნიშნები) ისე უნდა იქნეს დადებული, რომ გამოირიცხოს დაუზიანებლად მისი მოხსნა/მოცილება და შეუძლებელი იყოს საქონელთან მისვლა ან კვალის დატოვების გარეშე სატრანსპორტო საშუალებაში ან შენობა-ნაგებობაში უკანონო შეღწევა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურება, ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალების, საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობის ან ნიშანდებული ბარგის/ხელბარგის დაზიანება ანდა სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება იმგვარად დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებით, რომელიც მასში ამ იდენტიფიკაციის საშუალების დაუზიანებლად შეღწევის შესაძლებლობას იძლევა, იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
დადგენილია, რომ მომჩივანი არის საქონლის გადაზიდვაზე პასუხისმგებელი პირი, შესაბამისად სწორედ მას ავალდებულებს კანონმდებელი საბაჟო კონტროლის ზონაში დადგენილ ვადაში და უცვლელ მდგომარეობაში წარადგინოს საქონელი იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) დაუზიანებლად, უზრუნველყოს ნიშანდებულ სატრანსპორტო საშუალებაში შეუღწევადობა, რაც მომჩივნის მიერ არ შესრულდა. აღნიშნული კი წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით (166-ე მუხლი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმა მართლზომიერია
რაც შეეხება მომჩივნის მიერ ადმინისტრაციულ-სამარტლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების მოთხოვნას, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, ასევე სახეზე არ არის კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მომჩივნის მოთხოვნაზე, საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გათვალისწინებით დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის მიხედვით, საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილი გადასახადის გადამხდელის სანქციისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს იმ პირობებში, როცა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი ცდება, ან არ არის მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. კანონმდებლის მიზანია საბაჟო პასუხისმგებლობისაგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. სს „--------“ (ს/ნ --------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.