გადაწყვეტილება №19274/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19274/2/2023
05.07.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ ------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 11.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------“ს 31.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19274/2/2023).
დავის საგანი:
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 26.08.2022 წლის №007-230 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 13.03.2023 წლის №4660 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 103 757,13 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 57 712
დღგ - 3 519
მოგების გადასახადი - 43 091
საშემოსავლო გადასახადი - 11 102
ჯარიმა - 34 817,4
საურავი - 11 227,73
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივნის საქმიანობას წარმოადგენს ტანსაცმლის აქსესუარებით ვაჭრობა ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე. საწარმოს მიერ პროდუქცია იმპორტირებულია ჩინეთიდან და თურქეთიდან.
აუდიტის დეპარტამენტის 26.07.2021 წლის №24486 და 30.06.2022 წლის №16938 ბრძანებების მიხედვით, მომჩივნის საქმიანობის საგადასახადო შემოწმებისას შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 10.01.2020 წლიდან 1.06.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო ინვენტარიზაციის შედეგების მიზნებისათვის 14.06.2022 წლის ჩათვლით.
აუდიტის დეპარტამენტის 22.08.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში ჩატარებული იქნა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა საქონლის ნაშთი 68 124,5 ლარის ოდენობით (საბაზრო ღირებულებით). საწარმოს არ გააჩნია ბუღალტრული აღრიცხვა და არ აწარმოებს კონტროლს სასაქონლო მარაგების მოძრაობაზე. რეალიზებული პროდუქციის ნაწილზე გამოწერილია სასაქონლო ზედნადები.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაციის, საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერებისა და ინვენტარიზაციის შედეგების ანალიზის შედეგად, საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, რეალიზებული საქონლის თვითღირებულებიდან დაანგარიშდა დოკუმენტური რეალიზაციის თვითღირებულება და სხვაობაზე გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატი. მიღებული შედეგების გათვალისწინებით გაკეთდა ფულის მოძრაობის ანალიზი და გამოვლინდა ნაშთი 244 179 ლარის ოდენობით, რომლის მიზნობრიობაც შემოწმებით ვერ დადგინდა. გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნული თანხა დაკვალიფიცირდა, როგორც დირექტორის მიერ გატანილი სესხი, რაზეც საწარმოს წარმოეშვა მოგების გადასახადით დაბეგვრის, ხოლო ფიზიკური პირის მიერ მიღებულ სარგებელზე (წლიური 20%) გადახდის წყაროსთან დაბეგვრის ვალდებულება.
მომჩივანს დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადები და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შესამოწმებელ პერიოდში კომპანია არ იყო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული. 17.01.2022 წელს ნებაყოფლობით დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად. ხოლო, 2022 წლის იანვრის თვის დეკლარაციაში ჩაითვალა ნაშთად არსებული საქონლის დღგ-ის თანხა. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაციის, საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერებისა და ინვენტარიზაციის შედეგების ანალიზის შედეგად, საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. დადგინდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი რეგისტრაციის თარიღისთვის, რაზეც, გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული ჩათვლა, საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად შემცირდა შემოწმების მონაცემით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 26.08.2022 წლის №007-230 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 13.03.2023 წლის №4660 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე და მე-8 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 28.01.2011 წლის №34 ბრძანების პირველ პუნქტზე და ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელის მიერ პროდუქცია იმპორტირებულია ჩინეთიდან და თურქეთიდან. შესამოწმებელ პერიოდში ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა საქონლის ნაშთი. გადამხდელს არ ჰქონდა ბუღალტრული აღრიცხვა და არ აწარმოებდა კონტროლს სასაქონლო მარაგების მოძრაობაზე. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ, შემოწმების პროცესში ფულადი ნაშთის რაოდენობაზე მოხდა სიტყვიერი დასტური და განმარტება, რომ მითითებული თანხა საწარმოდან გატანილი იყო დირექტორის მიერ სესხის სახით. ხოლო, ელექტრონული ფოსტის საშუალებით განიმარტა, რომ მიზნობრიობა არის ბიზნეს სესხი. საჩივრის არგუმენტირებისას ფულის მოძრაობის შესახებ წარმოდგენილი გაანგარიშებით გადამხდელი უარყოფს ინვენტარიზაციის შედეგებს და არ ითვალისწინებს არაპირდაპირი მეთოდის შედეგად მიღებულ შემოსავლებს. ასევე, გადამხდელის მიერ საჩივართან ერთად წარმოდგენილი იქნა დამფუძნებლის ბარათი, რომელში ასახული დამფუძნებლის შენატანიც არ ემთხვევა ბანკში რეალურად შეტანილი თანხების რაოდენობას. შედეგად მიღებული თანხა არსებითად განსხვავდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით და შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმებას შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, გამოვლენილი საქონლის ნაშთის რეალიზებულად განხილვა და რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე დოკუმენტური ფასნამატის გავრცელება მართლზომიერია. ასევე, სალაროს ნაშთის დირექტორზე გაცემულ სესხად განხილვა, მოგების გადასახადით დაბეგვრა და გაცემული სესხის მიხედვით გაანგარიშებული სარგებლის თანხის ხელფასის სახით განაცემად განხილვა და გადახდის წყაროსთან დაბეგვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიაში ინვენტარიზაცია ჩატარდა 2022 წლის ივნისის თვეში. საგადასახადო შემოწმების პერიოდში შემმოწმებლების მიერ მოთხოვნილ იქნა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთები სათითაო დასახელების მიხედვით, რომელიც არ იქნა გათვალისწინებული ინვენტარიზაციის დროს. არ იქნა გათვალისწინებული არც რაოდენობა - არც საქონლის თვითღირებულება. ასევე, შემოწმება და გადათვლა მოხდა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, არ იყო გადათვლილი სათითაო დასახელებების მიხედვით. ამ გარემოების გათვალისწინებით ფიზიკურად შეუძლებელი იყო სწორი და თუნდაც მიახლოებული ნაშთების გამოთვლა.
კომპანიას 2020 წლის განმავლობაში უწევდა ოპერირება პანდემიის პირობების გათვალისწინებით. თავდაპირველი კაპიტალი იყო სესხი. კომპანიის შემოსავლებისა და გასავლების ნუსხა შემოწმების პერიოდის გათვალისწინებით:
1. 10.01.2020 წლიდან 1.06.2022 წლამდე (საგადასახადო შემოწმების პერიოდი) - კომპანიის საბანკო ანგარიშებისა და სალაროში რეალიზებული პროდუქციიდან შემოსული თანხები შეადგენს 128 989 ლარს;
2. სესხის სახით შემოსულია 787 500 ლარი სს საქართველოს ბანკიდან, 151 000 ლარი სს თიბისი ბანკიდან და შპს ---ან 15 735 ლარი, ჯამში - 954 235 ლარი;
3. დამფუძნებლის მიერ შემოტანილი თანხები შეადგენს 22 191 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში - 67 764 ლარს;
4. დაბრუნებული სესხი - საბანკო ანგარიშებიდან შეადგენს 597 058 ლარს სს საქართველოს ბანკში და 106 000 ლარს სს თიბისი ბანკში და 15 735 ლარს შპს -----ში, ჯამში - 718 793 ლარი;
5. ასევე კომპანიას მომწოდებელ კომპანიასთან გადარიცხული აქვს 73 192 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, რაც ეროვნულ ვალუტაში შეადგენს 232 178 ლარს, შემოსავლების სამსახურში (მათ შორის გეზ-ში) გადარიცხულია 2 228 ლარი და სატრანსპორტო კომპანიაში, კერძოდ, -----აში 66 720 ლარი. ბიუჯეტში გადახდილია 38 028 ლარი, ბანკის საკომისიო შეადგენს 7 283 ლარს. იჯარაში გადახდილი თანხა შეადგენს 27 609 ლარს, ჯამში გადარიცხული თანხები შეადგენს 374 046 ლარს;
6. დამფუძნებლის მიერ უკან გატანილია 16 300 აშშ დოლარი, რაც შეადგენს 49 873 ლარს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით კომპანიის შემოსავალ-გასავალი არასწორად არის დაანგარიშებული. შესაბამისად, არასწორად არის დაანგარიშებული სალაროში არსებული ნაშთები, რომელზედაც აუდიტორს დარიცხული აქვს მოგებისა და საშემოსავლო გადასახადები. კერძოდ, თუ კომპანიის ჯამური შემოსავალი (რეალიზაცია + სესხი + დამფუძნებლის შენატანი) შეადგენს 1 150 988 ლარს, ხოლო გასავალი (სესხის ძირი + პროცენტი + კრედიტორული დავალიანებები + დამფუძნებლის უკან გატანილი თანხების ჯამი) შეადგენს 1 142 712 ლარს, გამოდის, რომ დარჩენილი ნაშთი არის არა 244 179 ლარი, არამედ 8 276, აქედან დეკლარირებული რეალური სალაროს ნაშთი შეადგენს 5 488 ლარს. მოგების გადასახადით დასაბეგრი ნაშთი 2 788 ლარი.
აქედან გამომდინარე, უნდა გაუქმდეს მოგების გადასახადის და შესაბამისი ჯარიმებისა და საურავების დარიცხვები და დარიცხვები განხორციელდეს შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული გაანგარიშებების შესაბამისად.
გაუგებარია რის საფუძველზე განხორციელდა დამატებით დღგ-ის დარიცხვები. უნდა გაუქმდეს შესაბამისი დარიცხვა თავისი ჯარიმებითა და საურავებით.
კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, თუკი მოხდება აუდიტის დეპარტამენტის მიერ დარიცხული თანხების გადაანგარიშება, გადაანგარიშების შედეგების გათვალისწინებით ჯარიმასაურავთან დაკავშირებით, გამოყენებულ უნდა იქნეს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის 1.01.2022 წლამდე მოქმედი რედაქციით თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია, გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის;
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას სარგებლის ღირებულებად ითვლება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა, რომელიც მცირდება დაქირავებულის მიერ ამ სარგებლის მიღებისას დამქირავებლისათვის გადახდილი თანხით.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
დადგენილია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. შესამოწმებელ პერიოდში ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა საქონლის ნაშთი 68 124,5 ლარის ოდენობით (საბაზრო ღირებულებით). საგადასახადო შემოწმების შედეგად, რეალიზებული საქონლის თვითღირებულებიდან დაანგარიშდა დოკუმენტური რეალიზაციის თვითღირებულება და სხვაობაზე გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატი. მიღებული შედეგების გათვალისწინებით გაკეთებული ფულის მოძრაობის ანალიზით გამოვლინდა ნაშთი 244 179 ლარის ოდენობით, რომლის მიზნობრიობაც არ დგინდება. გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნული თანხა დაკვალიფიცირდა, როგორც დირექტორის მიერ გატანილი სესხი. კომპანია შესამოწმებელ პერიოდში არ იყო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული. 17.01.2022 წელს განახორციელა ნებაყოფლობითი რეგისტრაცია. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაანგარიშდა 2022 წლის იანვრის თვიდან.
საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფაქტობრივი ნაშთის თაობაზე გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში პრეტენზია არ დაუფიქსირებია. ფაქტობრივი ნაშთის განსაზღვრის შედეგები დამოწმებულია კომპანიის დირექტორის ხელმოწერით. შემოწმების შედეგების მიხედვით გამოვლენილ თანხასთან დაკავშირებით მომჩივნის წარმომადგენელმა დააფიქსირა, რომ საწარმოს მიერ ნაშთი კვალიფიცირებული იყო როგორც დირექტორზე გაცემული სესხი. გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა ბუღალტრული აღრიცხვა. გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, რეალიზებული პროდუქცია აღემატებოდა შეძენილ პროდუქციას, რაც ვერ იქნებოდა გათვალისწინებული. შესაბამისად, გამოყენებული იქნა ინვენტარიზაციისას ფაქტობრივი აღწერის მონაცემები.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარზაციის ფარგლებში განხორციელებული ფაქტობრივი აღწერის მონაცემების და გადასახადის გადამხდელის მიერ დოკუმენტური რეალიზაციისას დაფიქსირებული ფასნამატის მონაცემების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №007-230 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის №4660 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარზაციის ფარგლებში განხორციელებული ფაქტობრივი აღწერის მონაცემების და გადასახადის გადამხდელის მიერ დოკუმენტური რეალიზაციისას დაფიქსირებული ფასნამატის მონაცემების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:43(4); 49(1 „ე“); 61(3);73(4 ,5 „ა“,9 „ბ“ );97(1 „ბ“ );982(3 „ზ“ ,8 );101(1,2 „ბ“ );136(3);154( 1 „ა“ ); 158(1); 159(1 „ა“,„ბ“ ); 163(1,2); 164(1); 174(1) 275; 302(6 );
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 28.01.2011 წლის №34 ბრძანების პირველ პუნქტი;