გადაწყვეტილება №17087/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 18.11.2022
№ დოკუმენტი 17087/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№17087/2/2022

18.11.2022

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---------“ (ს/ნ ---------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 18.11.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --------- 7.07.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №17087/2/2022).

 

დავის საგანი:

1. აღნაგობის ხელშეკრულებისა და უძრავი ქონების გაცვლის წინარე ხელშეკრულების მიხედვით, მიწის სანაცვლოდ საცხოვრებელი ფართების გადაცემის ოპერაციის ბარტერად განხილვა და მისი დაბეგვრა გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში;

2. მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულების ბარტერად განხილვა და დაბეგვრა გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში;

3. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა;

4. მომსახურების გაწევის ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული 8 საცხოვრებელი ბინის დამფუძნებლებსა და დირექტორზე, ასევე სხვა ფიზიკურ პირებზე რეალიზაციის გადასახადის გადამხდელის რეალიზაციად განხილვა და დღგ-ით დაბეგვრა;

5. დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის საფუძვლით მოგების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულება; 6. ფიზიკურ პირებთან სამშენებლო მომსახურების გაწევისათვის დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2021 წლის №007-512 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 29.06.2022 წლის №16694 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

1 904 374 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 825 677

დღგ - 367 703

მოგების გადასახადი - 180 648

საშემოსავლო გადასახადი -277 326

ჯარიმა - 595 097

საურავი - 483 600

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სამშენებლო მომსახურების გაწევა, საცხოვრებელი შენობა-ნაგებობების მშენებლობა და რეალიზაცია. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.07.2021 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2021 წლის 15 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 21 დეკემბრის №39661 ბრძანება და 22 დეკემბრის №007-512 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 29.06.2022 წლის №16694 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ:

- მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით და მისი მონაწილეობით, დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- მე-8 სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხი შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 29.06.2022 წლის №16694 ბრძანება, არ დაკმაყოფილებულ საკითხების ნაწილში, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. აღნაგობის ხელშეკრულებისა და უძრავი ქონების გაცვლის წინარე ხელშეკრულების მიხედვით, მიწის სანაცვლოდ საცხოვრებელი ფართების გადაცემის ოპერაციის ბარტერად განხილვა და დაბეგვრა გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში ფაქტების აღწერა

შემოწმების აქტის მიხედვით, 2017 წელს გადასახადის გადამხდელსა და ფიზიკურ პირ ---------- (პ/ნ ----------) შორის დაიდო აღნაგობის ხელშეკრულება და უძრავი ქონების გაცვლის წინარე ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ფიზიკური პირი აღნაგობით გადასცემდა მიწის ნაკვეთს, ქ. -------------, საკ. კოდი №-------------, რომელზეც გადასახადის გადამხდელს უნდა აეშენებინა შენობა. შემდგომი შეთანხმებით, ფიზიკურ პირს აღნიშნული შენობიდან უნდა მიეღო საცხოვრებელი ფართის 20%, 13 საცხოვრებელი ბინა. მშენებლობა დამთავრდა 2020 წელს და მიწის მფლობელს გადაეცა, მომავალი მესაკუთრის სტატუსით, მთლიანი საცხოვრებელი ფართების 20%. გადასახადის გადამხდელს აღნიშნული მიწის შეძენა არ აქვს ბარტერად განხილული და ასევე, დღგ-ით დაბეგვრის მიზნებისთვის, არ აქვს ფაქტობრივი შესრულების მოცულობა განსაზღვრული საგადასახადო წლის ბოლომდე კონტრაქტის ფარგლებში გაწეული ხარჯების, კონტრაქტით გათვალისწინებულ ერთობლივ ხარჯებთან შეპირისპირებით. აღნიშნულ მშენებლობაზე კი ნაწილობრივ მიღებული აქვს შპს „------------“-ისგან მომსახურება. საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-10 ნაწილის, 309-ე მუხლის 107-ე ნაწილის, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-6 ნაწილის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმებით გაანგარიშებული იქნა ყოველი წლის ფაქტობრივი შესრულება და დაიბეგრა დღგ-ით. ასევე, გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, მე-8 მუხლის მე-10 ნაწილზე, მე-18 მუხლის მე-10 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“, „ა.ბ“ და „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტებზე, მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-6 ნაწილზე, მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-8 ნაწილზე, 173-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 107-ე ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმების მიერ, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისთვის, შინაარსიდან გამომდინარე, მხარეთა შორის განხორციელებული ოპერაციის გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში გაწეულ მომსახურებად განხილვა და დაბეგვრა მართლზომიერია. შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ხოლო გადასახადის გადამხდელის საჩივრები აღნიშნული სადავო საკითხების ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აუდიტის პოზიციას, რომ მოქალაქე ---------- კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მშენებლობა დასრულდა 2020 წელს, აცდენილია რეალობას, რადგან ამ ტერიტორიაზე ლიფტის მოწყობის სამუშაოები ახლა მიმდინარეობს და შესაბამისად, საცხოვრებელი კორპუსი არ არის ექსპლოატაციაში მიღებული. ამდენად, საუბარი იმის შესახებ, რომ თურმე 2020 წელს მოხდა მშენებლობის დასრულება, არასწორია. დავის მიმდინარეობის ეტაპზე წარადგინეს ლიფტის მონტაჟის ხელშეკრულება და ასევე, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული წერილი, რომელიც ადასტურებს, რომ მის მიერ აშენებული კორპუსი არ არის ექსპლოატაციაში მიღებული. აუდიტის მსჯელობის მიხედვით, კომპანიას აღნიშნული მიწის შეძენა არ აქვს ბარტერად განხილული და ასევე, დღგ-ით დაბეგვრის მიზნებისთვის, არ აქვს ფაქტობრივი შესრულების მოცულობა განსაზღვრული საგადასახადო წლის ბოლომდე კონტრაქტის ფარგლებში გაწეული ხარჯების, კონტრაქტით გათვალისწინებულ ერთობლივ ხარჯებთან შეპირისპირებით. აღნიშნული მსჯელობა არასწორია, რადგან მიწის ნაკვეთზე აღნაგობა ისევე არააა გაუქმებული და მოქალაქე -------------მაც კუთვნილი ქონებები არ მიიღო სრულად, როგორც მესაკუთრემ.

მხარეებმა გააფორმეს ხელშეკრულებები, რომელიც ადასტურებს, რომ მომავალში ბინებზე საკუთრება ექნება ამ მიწის პატრონს. ბარტერზე საუბარი შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც მხარეები გააფორმებენ შესაბამის დოკუმენტს - მიღება-ჩაბარების აქტს, რომლითაც დადასტურდება კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და ---------- როგორც კი დარეგისტრირდება ქონებების სრულფასოვან მესაკუთრედ, ამის პარალელურად მოხდება აღნაგობის უფლების გაუქმებაც. სწორედ ამ მიზეზებიდან გამომდინარე, არ განხორციელდა კომპანიის მიერ მიწის ბარტერად განხილვა და ასევე, დღგ-ით დაბეგვრის მიზნებისთვის, ფაქტობრივი შესრულების მოცულობა არ განისაზღვრა წლის ბოლომდე კონტრაქტის ფარგლებში გაწეული ხარჯების, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ერთობლივ ხარჯებთან შეპირისპირებით. ბუნდოვანია ასევე, აუდიტორმა რა მეთოდოლოგიით დაადგინა მიწის ფისკალური ღირებულება. იმ პირობებში, როცა მიწის ფასი 1 077 705 ლარია, ბუნდოვანია რა ფასი განისაზღვრა აუდიტორის მიერ.

შემოსავლების სამსახური ბრძანებაში ამ საკითხზე მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-8 ნაწილზე, კომპანიას უნდოდა მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის აშენება, რისთვისაც 2017 წელს გააფორმა აღნაგობის ხელშეკრულება, რაც შეეხება მიწის ნაკვეთს, მიღებული აქვს აღნაგობით და არა საკუთრებით. თვით მიწის ნაკვეთის მესაკუთრე დარეგისტრირებულია არა როგორც სრულფასოვანი მესაკუთრე, არამედ როგორც მომავალი მესაკუთრე.

 

2. მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულების ბარტერად განხილვა და დაბეგვრა გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში ფაქტების აღწერა

შემოწმების აქტის მიხედვით, გადასახადის გადამხდელმა ამხანაგობა ----------- (ს/კ ------------) 2017 წლის 11 აგვისტოს დადო მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ------- რაიონში --/--- (------ მიმდებარედ) უნდა აეშენებინა, პროექტის ნებართვის მიხედვით, საცხოვრებელი შენობა (მშენებლობა დაწყებული იყო), სანაცვლოდ გადასახადის გადამხდელი მიიღებდა 14 დან 8 საცხოვრებელ ფართს განშლის შესაბამისად. გადასახადის გადამხდელს აღნიშნული მომსახურების გაწევა არ აქვს მიჩნეული ბარტერად, ასევე დღგ-ით დაბეგვრის მიზნებისთვის, არ აქვს ფაქტობრივი შესრულების მოცულობა განსაზღვრული საგადასახადო წლის ბოლომდე კონტრაქტის ფარგლებში გაწეული ხარჯების, კონტრაქტით გათვალისწინებულ ერთობლივ ხარჯებთან შეპირისპირებით. საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-10 ნაწილის, 309-ე მუხლის 107-ე ნაწილის, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-6 ნაწილის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმებით გაანგარიშებულ იქნა ყოველი წლის ფაქტობრივი შესრულება და დაიბეგრა დღგ-ით. საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გაიზარდა როგორც დასაბეგრი, ასევე ჩასათვლელი თანხა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

დაფიქსირებულია პირველ სადავო საკითხის ნაწილში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აუდიტორის პოზიციას, რომ ამხანაგობა ------------- შემთხვევაში უნდა განხორციელებულიყო მომსახურების გაწევის ბარტერად მიჩნევა და ასევე, დღგ-ით დაბეგვრის მიზნებისთვის, არ აქვს ფაქტობრივი შესრულების მოცულობა განსაზღვრული საგადასახადო წლის ბოლომდე კონტრაქტის ფარგლებში გაწეული ხარჯების, კონტრაქტით გათვალისწინებულ ერთობლივ ხარჯებთან შეპირისპირებით, არ ეთანხმება. მიაჩნია, რომ აღნიშნული მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძვლებს, რაზეც უკვე ისაუბრა პირველ სადავო საკითხის ნაწილში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი პირველ და მე-2 სადავო საკითხების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მომსახურებად ითვლება საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება. თუ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მომსახურებას მიეკუთვნება სამშენებლო-სამონტაჟო საქმიანობა. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, გრძელვადიანი კონტრაქტი არის კონტრაქტი წარმოებაზე, მონტაჟზე, მშენებლობაზე ან ასეთ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევაზე, რომელიც არ დასრულებულა იმ კალენდარულ წელს, რომელშიც დაიწყო კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურება, გარდა იმ კონტრაქტისა, რომელიც დასრულდა კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის დაწყებიდან 6 თვის განმავლობაში. შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“, „ა.ბ“ და „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია: საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც:

ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ: ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.

ამავე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, გრძელვადიანი კონტრაქტის შემთხვევაში, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობა:

ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა კალენდარული წლისათვის განისაზღვრება ფაქტობრივი შესრულების მოცულობის მიხედვით, რომელიც გაიანგარიშება გაწეული ხარჯების კონტრაქტით გათვალისწინებულ ერთობლივ ხარჯებთან შეპირისპირებით. ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯების გაწევის მომენტი განისაზღვრება ამ კოდექსის 142-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი შეზღუდვის გაუთვალისწინებლად;

ბ) დასაბეგრი ოპერაციის მომენტად ითვლება არაუგვიანეს ყოველი წლის დეკემბერი. ამასთანავე, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოიწერება და ამ კოდექსის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეზღუდვის ვადა აითვლება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობის დადგომის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან.

საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 107-ე ნაწილის თანახმად, 2018 წლის 1 იანვრამდე დადებული გრძელვადიანი კონტრაქტების მიმართ დღგ-ით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენება 2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი ნორმები.

საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაცია საქონლის/მომსახურების მიმწოდებელი თითოეული მხარისათვის ითვლება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით რეალიზაციად, ხოლო საქონლის/მომსახურების თითოეული მიმღებისათვის – საქონლის/ მომსახურების იმავე საბაზრო ფასით შეძენად. შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის თითოეული მხარისათვის დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის გარეშე თუ დღგ-ის გადამხდელი დასაბეგრი ოპერაციის სანაცვლოდ იღებს ან უფლება აქვს, მიიღოს საქონელი/მომსახურება.

ამავე კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირებს შორის საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის შემთხვევაში − თითოეული მხარისათვის მიწოდებულ საქონელზე/გაწეულ მომსახურებაზე გადახდილი ან/და გადასახდელი დღგ-ის თანხა, თუ თითოეული ოპერაცია იბეგრება დღგ-ით. ამასთანავე, ჩათვლა ხორციელდება სანაცვლო საქონლის/მომსახურების მიღების მომენტში, მიღებული საქონლის/მომსახურების მიმართ ამ მუხლით დადგენილი შეზღუდვების (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვისა) გათვალისწინებით.

დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის აშენების მიზნით, 2017 წლის აღნაგობის ხელშეკრულებისა და უძრავი ქონების გაცვლის წინარე ხელშეკრულების საფუძველზე, ფიზიკური პირისგან მიღებული აქვს მიწის ნაკვეთი, რის სანაცვლოდაც განსაზღვრულია მშენებლობის დასრულების შემდეგ გარკვეული ფართების (საცხოვრებელი ფართის 20%, 13 საცხოვრებელი ბინა) მიწის მესაკუთრისთვის გადაცემა. ამდენად, სახეზეა მხარეთა შორის გაცვლის (ბარტერული) შინაარსის მქონე ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც, კომპანია ფიზიკური პირის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების შეძენის სანაცვლოდ, კისრულობს სამშენებლო მომსახურების გაწევის ვალდებულებას. შემოწმებით, მხარეთა შორის განხორციელებული ოპერაციის თანხა გაანგარიშდა საგადასახადო წლის ბოლომდე კონტრაქტის ფარგლებში გაწეული ხარჯების, კონტრაქტით გათვალისწინებულ ერთობლივ ხარჯებთან შეპირისპირებით, რის შედეგადაც, გადასახადის გადამხდელს გაეზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ასევე დადგენილია, რომ 2017 წლის 11 აგვისტოს გადასახადის გადამხდელსა და ამხანაგობა --------- შორის გაფორმდა მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელს უნდა აეშენებინა საცხოვრებელი შენობა, რის სანაცვლოდაც გადასახადის გადამხდელი მიიღებდა 8 საცხოვრებელ ფართს განშლის შესაბამისად. გადასახადის გადამხდელს აღნიშნული მომსახურების გაწევა არ აქვს მიჩნეული ბარტერულ ოპერაციად, ასევე დღგ-ით დაბეგვრის მიზნებისთვის, არ აქვს ფაქტობრივი შესრულების მოცულობა განსაზღვრული საგადასახადო წლის ბოლომდე კონტრაქტის ფარგლებში გაწეული ხარჯების, კონტრაქტით გათვალისწინებულ ერთობლივ ხარჯებთან შეპირისპირებით. შემოწმებით გაანგარიშდა ყოველი წლის ფაქტობრივი შესრულება, რომელიც დაიბეგრა დღგ-ით, ასევე ამხანაგობა --------- გაფორმებული მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულების მიხედვით, გაიზარდა გადასახადის გადამხდელის როგორც დასაბეგრი, ასევე ჩასათვლელი თანხა.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სადავო საკითხების პირველ ეპიზოდთან მიმართებით არ ეთანხმება საგადასახადო ორგანოს პოზიციას, რადგან ლიფტი დამონტაჟებული, ხოლო საცხოვრებელი კორპუსი ექსპლოატაციაში შესული არ არის, ამდენად, საუბარი იმის შესახებ, რომ თურმე 2020 წელს მოხდა მშენებლობის დასრულება, არასწორია. ბარტერზე საუბარი შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც გადასახადის გადამხდელი საკუთრებაში მიიღებდა მიწას და ------------ დარეგისტრირდება ქონებების მესაკუთრედ, ამდენად, ოპერაციის ბარტერად განხილვა არასწორია. რაც შეეხება მეორე ეპიზოდს, ხელშეკრულებით ევალებოდა ამხანაგობა -----------ის რიგი სამუშაოების შესრულება, დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ გადასახადის გადამხდელმა რაიმე მიიღო საკუთრებაში არ არსებობს, საკუთრებაში არ მიუღია საცხოვრებელი ბინა, არაფერი, მომსახურება გაუწია და ამდენად, ოპერაციის ბარტერად განხილვა არასწორად მიაჩნია. მისი პოზიციით, არცერთ ეპიზოდში სახეზე არ არის ბარტერი.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა სადავო საკითხებთან დაკავშირებით დამატებით განმარტა, რომ პირველ ეპიზოდში, ბარტერად განიხილა სამშენებლო მომსახურების გაწევა, ხელშეკრულება დადებულია 2017 წელს გადასახადის გადამხდელზე მიწის გადაცემაზე და სანაცვლოდ, მიწის მესაკუთრეზე საცხოვრებელი ფართის 20%-ის გადაცემაზე, მშენებლობა დასრულებულია 2020 წელს, ხალხი შესახლებულია, მიღება-ჩაბარების აქტები გაფორმებულია, დასრულებული რომც არ იყოს, მაინც დასაბეგრი ოპერაცია, გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში გაწეულ მომსახურებად იქნა განხილული და ჩაბარებას ამ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. დარიცხვა ამ შემთხვევაში მოხდა 25-26 ათასი ლარის ოდენობით. რაც შეეხება მეორე ეპიზოდს, გადასახადის გადამხდელმა მომსახურება გაუწია ამხანაგობა ---------------- და ხელშეკრულების თანახმად მიიღო 8 საცხოვრებელი ბინა. არსებობს მიღება-ჩაბარების აქტი, დირექტორის ახსნა-განმარტება, რომ მიღებული აქვს 8 ბინა და პრეტენზია არ გააჩნია. ამ ეპიზოდთან დაკავშირებით, კერძოდ მომსახურების ბარტერად განხილვის ნაწილში, დარიცხვა არ განხორციელებულა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა შორის განხორციელებული ოპერაციის გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში გაწეულ მომსახურებად განხილვა და შესაბამისი გადასახადით დაბეგვრა მართლზომიერია. საქმესთან არსებული მასალების, მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ პირველ და მე-2 სადავო საკითხების ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება პირველ და მე-2 სადავო საკითხების ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

3. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა

ფაქტების აღწერა

შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი სრულად არ ბეგრავდა საცხოვრებელი ფართის რეალიზაციებს (------- პროექტი), ნაწილობრივ ბეგრავდა ქონების რეალიზაციაზე ჩარიცხული ავანსის თანხებს. 2018 წლიდან, გადასახადის გადამხდელმა უძრავ ქონებაზე უფლების წინასწარი ნასყიდობისა და ასევე ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე, დაიწყო მშენებარე უძრავ ქონებაზე სამომავალო საკუთრების უფლების გადაცემა. აღნიშნული ხელშეკრულებები რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს საცხოვრებელი ფართების რეალიზაციის თანხები მიღებული აქვს ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით.

გადასახადის გადამხდელის ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის, სააღრიცხვო დოკუმენტაციის, საბანკო ამონაწერების და საჯარო რეესტრიდან მიღებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს სრულად არ აქვს დეკლარირებული დღგ-ის 18%- ით დასაბეგრი ბრუნვა. შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად (ურთიერდამოკიდებულ პირებთან რეალიზაციისას გამოყენებულია საბაზრო ფასი) გაიზარდა გადასახადის გადამხდელის დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა და ასევე, განისაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-8 ნაწილზე, 171-ე მუხლის პირველ ნაწილზე, საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, შემოწმებით დადგენილი გარემოებაზე, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ უძრავი ქონების რეალიზაციის გაორების თავიდან აცილების მიზნით, შემოწმების პროცესში გათვალისწინებულია გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თანხის მოძრაობა ბანკში, ასევე ავანსად ჩარიცხული თანხები, ასევე გათვალისწინებულია გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ყველა იდენტიფიცირებული, დადასტურებული დოკუმენტი, აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციაზე, რომ საბაზრო ფასი გამოყენებულია მხოლოდ ურთიერთდამოკიდებულ პირებზე, დირექტორის მეუღლეზე, ბუღალტერზე და დირექტორებზე (დამფუძნებელზე), სხვა შემთხვევაში უძრავი ქონების ღირებულების განსაზღვრისას შემოწმების მიერ საბაზრო ფასები არ გამოყენებულა.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს. შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიაჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივრები, აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აუდიტორის პოზიციით კომპანია სრულად არ ბეგრავდა საცხოვრებელი ფართებიდან მიღებულ თანხებს და ახდენდა მის ნაწილობრივ დაბეგვრას. აუდიტორს არ აქვს გათვალისწინებული ის ფაქტი, რომ ბევრ შემთხვევაში წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება შეწყდა და მიღებული თანხების დაბრუნება განხორციელდა მოქალაქეებისათვის. აუდიტორს უნდა გამოეკვლია, თუ რომელ ქონებებზე შეწყდა გაფორმებული წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები. ამასთან, მშენებლობის პროცესში რიგი ხარვეზების გამო დაგეგმილი 60 კვადრატულიანი ბინის ნაცვლად აშენდა 57 კვადრატული მეტრის ბინა, სადაც ნაცვლად 3 ოთახისა იყო 2 ოთახი. სწორედ ასეთი მიზეზების და მყიდველთა სურვილების გათვალისწინებით შეწყდა არა ერთი ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება. აუდიტორს გადაეცა ყველა წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ. გვერდზე უნდა გადაემოწმებინა თითოეული მესაკუთრე, წარდგენილი დოკუმენტები მეტი გულისხმიერებით უნდა განეხილა და ასეთ ვითარებაში აიცილებდა 1 ბინაზე 2 ნასყიდობის ხელშეკრულებიდან მომდინარე გადასახადების დარიცხვას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც:

ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:

ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი. ამავე კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.

შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი სრულად არ ბეგრავს საცხოვრებელი ფართის რეალიზაციებს, ხოლო ნაწილობრივ ბეგრავს ქონების რეალიზაციაზე ჩარიცხული ავანსის თანხებს. წინასწარი ნასყიდობისა და ასევე, ნასყიდობის ხელშეკრულებები რეგისტრირებულია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს საცხოვრებელი ფართების რეალიზაციის თანხები მიღებული აქვს ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით. ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის, სააღრიცხვო დოკუმენტაციის, საბანკო ამონაწერების და საჯარო რეესტრიდან მიღებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ სრულად არ არის დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.

შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილებაში დაფიქსირებული აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებიდან დამატებით ირკვევა, რომ უძრავი ქონების რეალიზაციის გაორების თავიდან აცილების მიზნით, შემოწმების პროცესში გათვალისწინებულია გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თანხის მოძრაობა ბანკში, ასევე ავანსად ჩარიცხული თანხები, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ყველა იდენტიფიცირებული, დადასტურებული დოკუმენტი, საბაზრო ფასი გამოყენებულია მხოლოდ ურთიერთდამოკიდებულ პირებზე, დირექტორის მეუღლეზე, ბუღალტერზე და დირექტორებზე (დამფუძნებელზე) და რომ სხვა შემთხვევაში, უძრავი ქონების ღირებულების განსაზღვრისას შემოწმების მიერ საბაზრო ფასები არ გამოყენებულა.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ არ არის გათვალისწინებული ის ფაქტი, რომ ბევრ შემთხვევაში წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება შეწყდა, ნაწილი ხელშეკრულებისა წარდგენილი იქნა შემოსავლების სამსახურში, ხოლო ნაწილი თანდართულია წარმოდგენილ საჩივარზე, აუდიტორს არ აქვს გათვალისწინებული შეწყვეტილი ხელშეკრულებები, აღნიშნული უნდა შეესწავლა და მისი გათვალისწინებით მოეხდინა დარიცხვა.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა დამატებით განმარტა, რომ შეწყვეტილი ხელშეკრულებები არ გამოუყენებია, რადგან თუ 2017 წელს დაიდო ხელშეკრულება, ხოლო 2018 წელს შეწყდა, მაგრამ გაიყიდა 2019 წელს, ეს ბოლო გაყიდვაა გათვალისწინებული. ამდენად, ალოგიკურია აღნიშნულზე დავა, რადგან ფაქტობრივად საბოლო რეალიზაცია, ანუ ბოლო მესაკუთრე იქნა მიღებული მხედველობაში. კომპანია საერთოდ არ ბეგრავდა გაყიდული ბინების რეალიზაციას, საკითხი გავლილია დირექტორთან, ბუღალტერთან და შეჯერებულია მათი მონაწილეობით.

საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ აღნიშნულ დავის საგანთან მიმართებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

4. მომსახურების გაწევის ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული 8 საცხოვრებელი ბინის დამფუძნებლებსა და დირექტორზე, ასევე სხვა ფიზიკური პირებზე რეალიზაციის გადასახადის გადამხდელის რეალიზაციად განხილვა და დღგ-ით დაბეგვრა ფაქტების აღწერა

შემოწმების აქტის მიხედვით, გადასახადის გადამხდელმა ამხანაგობა -------- ს/კ ---------- 2017 წლის 11 აგვისტოს გააფორმა მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ------ რაიონში --/--- (------ მიმდებარედ) ააშენა, პროექტის ნებართვის მიხედვით, საცხოვრებელი შენობა. შეთანხმების მიხედვით გადასახადის გადამხდელმა აღნიშნული შენობანაგებობიდან მიიღო 8 საცხოვრებელი ბინა (საჯარო რეესტრში გადაფორმებული არ არის შპს ----------), ხოლო რეალიზაცია მოხდა ამხანაგობა --------- მინდობილი პირის, --------- ხელმოწერით, რომელიც შპს --------- დამფუძნებელი და დირექტორიცაა. ბინები გადაფორმებულია როგორც შპს ------- დამფუძნებელზე და დირექტორზე, ასევე ფიზიკურ პირებზე. შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის საფუძველზე, გაიზარდა გადასახადის გადამხდელის დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა და ასევე, განისაზღვრა ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, დადგენილ გარემოებაზე და განმარტავს, რომ შემოწმების მიერ მართლზომიერად განხორციელდა ზემოაღნიშნული ფართების შპს -------- რეალიზაციად განხილვა, ასევე, მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად, ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს. შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიაჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივრები აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აუდიტორის პოზიციით კომპანიამ მიიღო ამხანაგობა ------------ 8 ბინა და მოახდინა მათი რეალიზაცია. თუ ვისაუბრებთ იმის შესახებ, რომ ---------- მინდობილობით განახორციელა ბინების გაყიდვა, ასეთივე მინდობილობა ნებისმიერ პირზე შეიძლება გამზადდეს და ის მოახდენს ბინების რეალიზებას. ეს სუფთა ტექნიკური საქმეა და არ უნდა განიხილოს ბინის მიღების დასტურად. აუდიტორი თავადვე ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ეს ბინები არ არის შპს --------- საკუთრებად აღრიცხული საჯარო რეესტრში. არსებული დოკუმენტებით დგინდება, რომ თანხა მინდობილმა პირმა კი არ მიიღო, არამედ გამყიდველმა და ამ დროს გადასახადი რატომ უნდა დაეკისროს შპს -------- ბუნდოვანია. გარდა ამისა, თუ ეს ბინა კომპანიამ მიიღო მომსახურების ხელშეკრულების შესაბამისად, ერთი, რომ ბინის მესაკუთრედ უნდა მომხდარიყო შპს -------- აღრიცხვა, რაც ამ მოცემულობაში არ გვაქვს და ამდენად საუბარი იმის შესახებ, რომ თურმე შპს -------- მიიღო ბინები და მოახდინა მისი რეალიზაცია, მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ არგუმენტაციას იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ თუ ვიღებ ბინას, უნდა დავრეგისტრირდე მის მესაკუთრედ და მინდობილობით ქონების რეალიზება არ უნდა იქნეს მიჩნეული ბინის მიღებად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის შესაბამისად, უძრავი ქონების შესყიდვისას აუცილებელია არსებობდეს გარიგება, რომელიც რეგისტრირდება საჯარო რეესტრში. აუდიტორის მიდგომა მხოლოდ იმ ვითარებაში და იმ ბინებზე იქნებოდა სამართლიანი, რომელიც გაფორმდებოდა მინდობილი პირის ოჯახის წევრებზე. გაუგებარია რა ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე დაასკვნა შემოსავლების სამსახურმა, ბინები კომპანიის საკუთრებად არასდროს არ იყო აღრიცხული და ასეთ პირობებში ბუნდოვანია როგორ შეიძლება ვისაუბროთ ქონების მიღებაზე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც:

ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელმა ამხანაგობა ------------ 2017 წლის 11 აგვისტოს გაფორმებული მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულების თანახმად ააშენა საცხოვრებელი შენობა და სანაცვლოდ მიიღო 8 საცხოვრებელი ბინა, რომელიც მარეგისტრირებელ ორგანოში გადასახადის გადამხდელზე საკუთრების უფლების გადაფორმების გარეშე, ამხანაგობა ----------- მინდობილი პირის, ----------- (შპს ----------- დამფუძნებელი და დირექტორი) ხელმოწერით, გადაფორმდა კომპანიის დამფუძნებლებზე და დირექტორებზე, ასევე ფიზიკურ პირებზე. ამასთან, ამხანაგობასა და გადასახადის გადამხდელს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარებით დასტურდება გადასახადის გადამხდელის მიერ 8 საცხოვრებელი ბინის მიღება და ამხანაგობა ------------ მოთხოვნისა და პრეტენზიის არ ქონა.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ამხანაგობა -------- გაფორმებული იყო თანამშრომლობის ხელშეკრულება, მომსახურებას უწევდა გადასახადის გადამხდელი, ხოლო სანაცვლოდ უნდა მიეღო 8 ბინა, კომპანია იქნება, თუ ფიზიკური პირი ქონების მესაკუთრე ხდება საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდგომ, არცერთ ქონებაზე არ აქვს მოპოვებული საკუთრება გადასახადის გადამხდელს. რწმუნებულება ნებისმიერ პირზე შეიძლება გაიცეს და მან განახორციელოს ბინების რეალიზაცია, მაგრამ აღნიშნული არ უნდა განიხილოს ბინის მიღების დასტურად, გადასახადის გადამხდელს არ მიუღია სარგებელი, თანხა არ მიუღია, ქონება არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში მის სახელზე, ამდენად რატომ უნდა დაეკისროს გადასახადი გაუგებარია.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა დამატებით განმარტა, რომ ამხანაგობა --------- და გადასახადის გადამხდელს შორის გაფორმებულია მიღება-ჩაბარება, რითაც დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელმა მიიღო 8 საცხოვრებელი ბინა და ამხანაგობა --------- მოთხოვნა და პრეტენზია არ გააჩნია. შესაბამისად, აღნიშნული ფართების რეალიზაცია ჩაითვალა გადასახადის გადამხდელის რეალიზაციად ფიზიკურ პირებზე და დაიბეგრა. საქმესთან არსებული მასალების, მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებებისა გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ფართების გადასახადის გადამხდელის რეალიზაციად განხილვა მართლზომიერია და საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

5. დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის საფუძვლით მოგების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულება ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზითა და კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებით გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები, რომელიც მოგების გადასახადით სრულად არ არის დაბეგრილი. შემოწმებით, საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და 982 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გაიზარდა მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილ ინფორმაციაზე, რომ 10 000 ლარი აღრიცხულია როგორც სამშენებლო მომსახურებები, დამატებითი მომსახურებები, დასუფთავება და სხვა, რომელზეც ძირითადად ბანკიდან ხდებოდა თანხების გადახდა და რისი დამადასტურებელი დოკუმენტებიც გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმების აქტის მონაცემების გაცნობისას პრეტენზია არ გააჩნდა, რაზეც წარდგენილი აქვს წერილობითი განმარტება, აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიაჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივრები, აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აუდიტორი განმარტავს, რომ თურმე ფიქსირდება დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯი. თუმც ამ მოცემულობაში ხარჯის განსაზღვრა აუდიტორს შეეძლო საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის თანახმად. აქვე არააა არაფერი ნათქვამი იმის შესახებ, თუ რა თანხობრივი მაჩვენებლის ხარჯზე მიუთითებს აუდიტორი და რა პერიოდს მოიცავს ეს თანხა. რჩება შთაბეჭდილება, რომ თანხობრივ მაჩვენებლებში გათვალისწინებულია 2017 წლის თანხებიც.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება:

ა) ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად;

ბ) ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.

ამავე კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებით უფიქსირდება დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები, რომელიც მოგების გადასახადით სრულად არ არის დაბეგრილი.

ამასთან, შემოსავლების სადავო გადაწყვეტილებაში დაფიქსირებული აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ ხარჯი 10 000 ლარის ოდენობით აღრიცხულია, როგორც სამშენებლო მომსახურებები, დამატებითი მომსახურებები, დასუფთავება და სხვა, რომელზეც ძირითადად ბანკიდან ხდებოდა თანხების გადახდა, რისი დამადასტურებელი დოკუმენტებიც გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია. ასევე, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს, საგადასახადო შემოწმების აქტის მონაცემების გაცნობისას, პრეტენზია არ გააჩნდა და რომ აღნიშნულზე წარდგენილი აქვს წერილობითი განმარტება.

მომჩივანი არ ეთანხმება სადავო საკითხის ნაწილში დარიცხვას, მაგრამ არ წარმოადგენს მტკიცებულებას/დასაბუთებას, რომელიც მის არგუმენტს გაამყარებდა და რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ როცა საუბარია დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯებზე, მსჯელობა უნდა იყოს დასაბუთებული და არგუმენტირებული, ხოლო აქტში აღნიშნული შინაარსით ვერ რწმუნდება, რომ დარიცხვა და მიდგომა იყო სამართლიანი, აქტით სადავო დარიცხვა უნდა იყოს დასაბუთებული.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა დამატებით განმარტა, რომ 10 000 ლარის ხარჯი ქონდა გადასახადის გადამხდელს გაწეულად დაფიქსირებული და ვერ დასტურდებოდა დოკუმენტურად, ბუღალტრის მიერ ვერ იქნა წარდგენილი დოკუმენტი, რომელიც გაწეულ ხარჯს დაადასტურებდა. ამდენად, ჩაითვალა დაუდასტურებელ ხარჯად და დაიბეგრა.

საქმესთან არსებული მასალების, მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია.

 

6. ფიზიკურ პირებთან სამშენებლო მომსახურების გაწევისათვის დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულება

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება მცირე სამშენებლო მომსახურებების გაწევა 2 ფიზიკურ პირთან, რომლის ღირებულებაც დღგ-ით არ არის დაბეგრილი. შემოწმებით, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 171-ე მუხლის პირველ ნაწილზე, საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილ ინფორმაციზე, რომ გადასახადის გადამხდელს 2 ფიზიკურ პირთან, -------- და -------- ტერიტორიაზე, უფიქსირდება 2 სამშენებლო მომსახურების გაწევა. შემოწმების მიერ შესწავლილია სასაქონლო ზედნადებები, რომლის დასრულების ადგილის მიხედვით განისაზღვრა აღნიშნული მომსახურებები, რაც დადასტურებულია მეორე მხარის მიერ. თანხები ჩარიცხულია ნაწილი ბანკით, რომელიც გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა აღრიცხული და დაბეგრილი. მოცემული საკითხი შეთანხმებული და გავლილი იყო გადასახადის გადამხდელთან, რომელსაც პრეტენზია არ გააჩნდა.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს. შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიაჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივრები აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აუდიტორი განმარტავს, რომ ფიქსირდება მცირე საამშენებლო მომსახურების გაწევა 2 ფიზიკურ პირთან. თუმც დეტალურად არ განმარტავს საკითხს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

ამავე კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.

შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება მცირე სამშენებლო მომსახურებების გაწევა 2 ფიზიკურ პირთან, რომლის ღირებულებაც მის მიერ დღგ-ით არ არის დაბეგრილი.

ამასთან, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილებაში დაფიქსირებული აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს ფიზიკურ პირებთან, -------- და ------- ტერიტორიაზე, უფიქსირდება 2 სამშენებლო მომსახურების გაწევა. შემოწმების მიერ სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული, დასრულების ადგილის მიხედვით, განისაზღვრა აღნიშნული მომსახურებები და რომ აღნიშნული დადასტურებულია მეორე მხარის მიერ. ასევე, დადგენილია, რომ თანხები ჩარიცხულია ნაწილი ბანკით, რომელიც გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა აღრიცხული და დაბეგრილი. ამასთან, მოცემული საკითხი შეთანხმებული, გავლილი იყო გადასახადის გადამხდელთან და რომ აღნიშნულზე პრეტენზია არ გააჩნდა.

მომჩივანი არ წარმოადგენს არგუმენტს აუდიტის დეპარტამენტის ზემოაღნიშნულ ინფორმაციაზე და მტკიცებულებას, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ როცა საუბარია დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯებზე, მსჯელობა უნდა იყოს დასაბუთებული და არგუმენტირებული, ხოლო აქტში აღნიშნული შინაარსით ვერ რწმუნდება, რომ დარიცხვა და მიდგომა იყო სამართლიანი, აქტით სადავო დარიცხვა უნდა იყოს დასაბუთებული.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა დამატებით განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელმა, ------- და ------- ტერიტორიაზე, სამშენებლო მომსახურება გაუწია 2 ფიზიკურ პირს, შესწავლილია სასაქონლო ზედნადებები, რომლის დასრულების ადგილის მიხედვით განისაზღვრა აღნიშნული მომსახურებები, აგრეთვე აღნიშნული დადასტურებულია მეორე მხარის მიერ. ამგვარად, მომსახურების მიწოდება დაიბეგრა დღგ-ით.

საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.