გადაწყვეტილება №18687/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18687/2/2023
17.03.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ ------ (ს/ნ--------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 17.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება --------------ის 18.01.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18687/2/2023).
დავის საგანი:
დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 28.09.2022 წლის №006-421 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 30.12.2022 წლის №33810 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 71 983.23 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 41 076,5
ჯარიმა - 18 127
საურავი - 12 779,73
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდების უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების სრულყოფილად შესრულების სისწორის დადგენის მიზნით.
შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 9 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში პირს უფიქსირდება უძრავი ქონებების (მიწა) შეძენა-რეალიზაცია, რომელთა რეალიზაციით მიღებული ნამეტი არ არის დეკლარირებული. წლების მიხედვით მიღებულმა ნამეტმა შემოსავალმა შეადგინა 2019 წელს 16 647 ლარი, 2020 წელს - 132 476 ლარი და 2021 წელს - 32 151 ლარი, სულ - 181 274 ლარი.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 79-ე და მე-80 მუხლების გათვალისწინებით, გაანგარიშდა ქონების რეალიზაციით მიღებული ნამეტი, აღნიშნულ თანხაზე მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტმა 2022 წლის 28 სექტემბრის №24817 ბრძანება და ამავე თარიღის №006-421 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 30 დეკემბრის №33810 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა, საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 269-ე მუხლის პირველი და მე-7 ნაწილებით, 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 272-ე მუხლის პირველი ნაწილით, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით და განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივნის განმარტებით, არ ფლობდა ინფორმაციას უძრავი ქონების რეალიზაციაზე გადასახადების გადახდის ვალდებულების შესახებ. ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად სანქციისგან გათავისუფლებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
დადგენილია, რომ მომჩივანს უძრავი ქონების რეალიზაციით მიღებული ნამეტზე დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. მომჩივნის განმარტებით, არ ფლობდა ინფორმაციას უძრავი ქონების რეალიზაციაზე გადასახადების გადახდის ვალდებულების შესახებ. ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად სანქციისგან გათავისუფლებას.
მომჩივნის განმარტებით, არ ფლობდა ინფორმაციას უძრავი ქონების რეალიზაციაზე გადასახადების გადახდის ვალდებულების შესახებ. ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად სანქციისგან გათავისუფლებას.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადაო საკითხიი:
დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოება
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში პირს უფიქსირდება უძრავი ქონებების (მიწა) შეძენა-რეალიზაცია, რომელთა რეალიზაციით მიღებული ნამეტი არ არის დეკლარირებული
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 79; 80; 269 (7); 270 (1) (2); 275 (2)