გადაწყვეტილება №19329/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19329/2/2023
25.05.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: სს ---------- -----------ა (ს/ნ --------------)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 25.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება სს ---------- -----------ას 5.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19329/2/2023).
დავის საგანი:
საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურება, ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალების, საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობის ან ნიშანდებული ბარგის/ხელბარგის დაზიანება ანდა სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება იმგვარად დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებით, რომელიც მასში ამ იდენტიფიკაციის საშუალების დაუზიანებლად შეღწევის შესაძლებლობას იძლევა, ჩადენილი განმეორებით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 15.01.2023 წლის №EL197243 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 17.03.2023 წლის №5172 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 1 000 ლარი.
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
15.01.2023 წელს საბაჟო გამშვები პუნქტი „-----ის“ კონტროლის ზონაში საქართველოს მხრიდან სარკინიგზო შემადგენლობით შევიდა ------ის რესპუბლიკის დანიშნულებით მიმავალი №94795267 ვაგონი, რომელზეც განთავსებული იყო ტრანზიტული საქონლით (მანქანები და მექანიზმები) დატვირთული №------------ კონტეინერი.
საბაჟო ორგანოს წარმომადგენლის მიერ დათვალიერდა ზემოაღნიშნული სარკინიგზო შემადგენლობა, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ №----------კონტეინერის მხოლოდ ერთ კარზე იყო დადებული იდენტიფიკაციის საშუალება, ხოლო მეორე კარი იყო დაულუქავი და შესაძლებელი იყო ლუქის დაუზიანებლად ტვირთთან შეღწევა. ამასთან, კონტეინერში განთავსებული საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის რაოდენობა შეესაბამებოდა თანმხლებ დოკუმენტებში მითითებულ რაოდენობას.
ვინაიდან, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლით დატვირთული კონტეინერი გადაადგილდებოდა იმგვარად დადებული იდენტიფიკაციის საშუალებით, რომელიც მასში ამ იდენტიფიკაციის საშუალების დაუზიანებლად შეღწევის შესაძლებლობას იძლეოდა, ამასთან სარკინიგზო შემადგენლობის გადაადგილებაზე პასუხისმგებელი პირი – სს „---- ---------ა“ ანალოგიური ქმედების ჩადენისთვის არაერთგზისაა დაჯარიმებული 2022 წელს, გამოვლენილ ფაქტზე, საბაჟო დეპარტამენტის მიერ 15.01.2023 წელს შედგენილია №EL197243 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს დაეკისრა საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.
აღნიშნული სამართალდარღვევის ოქმი 17.02.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 17.03.2023 წლის №5172 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მომჩივანი არის საქონლის გადაზიდვაზე პასუხიმგებელი პირი, შესაბამისად სწორედ მას ავალდებულებს კანონმდებელი საბაჟო კონტროლის ზონაში დადგენილ ვადაში და უცვლელ მდგომარეობაში წარადგინოს საქონელი იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) დაუზიანებლად, უზრუნველყოს ნიშანდებულ სატრანსპორტო საშუალებაში შეუღწევადობა, რაც მომჩივნის მიერ არ შესრულდა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სს „------ ------ა“ იგივე ქმედების ჩადენისთვის 12 თვის განმავლობაში არაერთგზის არის დაჯარიმებული, ადგილი აქვს საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის ფაქტს.
სადავო აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მომჩივნის მოთხოვნაზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გათვალისწინებით დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის მიხედვით, საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.
სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
15.01.2023 წელს საბაჟო გამშვები პუნქტის -----ის მიერ საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გამოიწერა სადგურ გარდაბანში N------- კონტეინერზე, საგზაო უწყისი ------, -------, სატვირთო „----- -------“. ოქმის შედგენის მოტივი იყო „კონტეინერის ძირითადი კარი იმგვარად იყო დალუქული (ლუქი იდო მეორე კარზე) კონტეინერს ხდიდა შეღწევადს“.
აღნიშნული კონტეინერი სადგურ -------ში შევიდა 8.01.2023 წელს №------- თურქული ვაგონით, რომელიც გადაიტვირთა №------ვაგონზე და გაიგზავნა სადგურ ახალქალაქიდან 13 იანვარს. სადგურ ------ი მახარისხებელში ვაგონი შევიდა 14 იანვარს 01:50 სთზე და გავიდა სადგურიდან 15 იანვარს 05:30 სთ-ზე. ------ი მახარისხებლის კომერციული დათვალიერების პუნქტის თანამშრომლების მიერ კონტეინერზე კომერციული წუნი არ დაფიქსირებულა.
სადგური --------ის 19 იანვრის №0001959 წერილისა და 15 იანვრის №289250 საერთო ფორმის აქტის თანახმად, №------ ვაგონი აიხსნა კონტეინერის კარებზე დადებული უმოქმედო დამღების გამო. საბაჟო სამსახურის, დაცვის პოლიციის და რკინიგზის წარმომადგენლების მიერ კონტეინერში ტვირთის ვიზუალური დათვალიერების შემდეგ დანაკლისი არ გამოვლენილა. კონტეინერი დაილუქა და გაიგზავნა დანიშნულებით.
საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2003 წლის 18 აპრილის №26 ბრძანებით დამტკიცებული „რკინიგზის ტვირთის გადაზიდვის წესების“ პირველი მუხლის თანახმად: რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესები (შემდგომ - წესები) განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე რკინიგზით ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, მათ მონაწილეთა უფლება-მოვალეობებს და პასუხიმგებლობას. ამავე წესების 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად,1. ვაგონებს ტვირთავს ტვირთგამგზავნი – არასაერთო და საერთო სარგებლობის ადგილებში, თუ დატვირთვა არ არის სავალდებულო რკინიგზისათვის. 2. კონტეინერებს საერთო და არასაერთო სარგებლობის ადგილებში ტვირთავს ტვირთგამგზავნი. ასევე, 31-ე მუხლის პირველი პუნქტით, ტვირთგამგზავნი ვალდებულია, ტვირთი გადასაზიდად იმდაგვარად მოამზადოს, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება და ტვირთის, ვაგონების (კონტეინერების) მთლიანობა.
რკინიგზის ტვირთის გადაზიდვის წესების 22-ე თავი ეთმობა საქართველოს რკინიგზაზე „ვაგონების და კონტეინერების დაპლომბვის წესს“, სადაც 327-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, ვაგონებში (კონტეინერებში) გარეშე პირთა შეღწევის თავიდან აცილების მიზნით და გადასაზიდი ტვირთის ხელშეუხებლობისა და დაცულობის უზრუნველსაყოფად გამოიყენება საკეტ-საპლომბი მოწყობილობა. საკეტ-საპლომბი მოწყობილობა უნდა უზრუნველყოფდეს მისი მოხსნის შეუძლებლობას მთლიანობის დაურღვევლად და ვაგონში (კონტეინერში) უნებართვო შეღწევის შესაძლებლობას. 328-ე მუხლის მე-2 პუნქტით საკეტ-საპლომბ მოწყობილობას ვაგონსა და კონტეინერზე აყენებს მისი დამტვირთავი მხარე, ამავე წესების 329-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით თუ საბაჟო შემოწმებისას ვაგონები (კონტეინერები) გაიხსნა, მასზე ახალი საკეტსაპლომბი მოწყობილობების დაყენებას უზრუნველყოფს საბაჟო ორგანო, რის შესახებ აღინიშნება გადაზიდვის საბუთებში. საბაჟო ორგანოს მიერ ვაგონების (კონტეინერების) გახსნის შესახებ ფორმდება შესაბამის აქტი, ტვირთის გადაზიდვისას აქტების შედგენის წესის თანახმად.
სამოქალაქო კოდექსის 668-ე მუხლის თანახმად, გადაზიდვის ხელშეკრულებით გადამზიდველი ვალდებულია შეთანხმებული საზღაურის გადახდით გადაიტანოს ტვირთი ან გადაიყვანოს მგზავრი დანიშნულების ადგილზე. ამავე კოდექსის 686-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გადამზიდველი პასუხს აგებს ტვირთის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვისა და დაზიანებისათვის, თუ ტვირთი დაზიანდა ან დაიკარგა მისი მიღებიდან ჩაბარებამდე დროის შუალედში, ასევე – მიტანის ვადის გადაცილებისათვის.
საქმის მასალებით დასტურდება რომ ორივე შემთხვევაში, სარკინიგზო ვაგონებით მოძრავი კონტეინერები გადაადგილდებოდა ტრანზიტულად, რაც გარდა საგზაო უწყისებისა, დასტურდება საქმეში წარდგენილი საბაჟო მოწმობებით. შესაბამისად, საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებით, მაშინაც კი თუ ტვირთის დანაკლისი აღმოჩნდა, წინამდებარე შეთანხმების (სმგს) 39-ე მუხლის მე-4 პარაგრაფის მე-4 პუნქტის თანახმად, გადამზიდავი პასუხისმგებელი არ არის დანაკლისზე, კონტეინერებში მოთავსებული ტვირთისათვის, რომელიც დატვირთულია გამგზავნის მიერ ვაგონში (კარებებით შიგნით), თუ კონტეინერები ამ ვაგონში გადაიზიდა გადაადგილების გარეშე მსვლელობის სრულ გზაზე და გადაეცა მიმღებს პლომბების შემოწმების გარეშე და ტვირთთან შეხების გარეგანი ნიშნების არსებობის პირობებში, რაც შესაძლოა გამხდარიყო ტვირთის დანაკლისის მიზეზი.
განსახილველ შემთხვევაში ვაგონებზე განთავსებული კონტეინერები განლაგებული იყო კარებით შიგნით, რომელთა შემოწმებაც მოხდა საბაჟო ტერმინალში. შესაბამისად, მარტოოდენ გადამზიდავის სტატუსი არ წარმოადგენს სამართალდარღვევის ოქმის შედგენის საფუძველს. თუ არ იკვეთება დამდგარ შედეგსა და პირის ბრალეულობას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. ამდენად, გაუგებარია რა სამართალდარღვევა ჩაიდინა სს -------- ------ამ, რომელი საბაჟო პროცედურა დაირღვა მის მიერ ან კონკრეტულად რა ქმედება არ განახორციელა.
ამასთან, განსაკუთრებული შემთხვევების და გარემოებების გარდა სს -------- ------ზე ვაგონებისა და კონტეინერების დატვირთვას უზრუნველყოფს ტვირთგამგზავნი, შესაბამისად, არ შეიძლება კანონიერად ჩაითვალოს საბაჟო ორგანოს მიერ სს -------- ------ას მიმართ სამართალდარღვევის დადგენა და სანქციის გამოყენება. მითუმეტეს ისეთ შემთხვევაში როდესაც ტვირთი ტრანზიტულია.
საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს პასუხიმგებლობას სამართალდარღვევის განზრახ ჩადენისათვის, შესაბამისად სამართალდამრღვევი უნდა მოქმედებდეს განზრახ, ხოლო ასეთი ფაქტის მტკიცების ტვირთი ცალსახად საგადასახადო სამართალდამრღვევის გამომვლენი ორგანოს მხარეს აკისრია. ამავდროულად, აღნიშნული კატეგორიის საქმის განხილვისას, საქმის მწარმოებელი ორგანო ვალდებულია დაადგინოს არა მხოლოდ იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურების ფაქტი, არამედ დაზიანების მიზეზი და მის ჩადენაში ბრალეული პირი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს მხრიდან არ არის წარდგენილი სს „ -------- ------ის“ მიერ იდენტიფიკაციის საშუალების დაზიანების/გაუვარგისების ფაქტის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება და შესაბამისად კანონშეუსაბამოა დასკვნა სამართალდარღვევის ჩადენაში კომპანიის ბრალეულობის შესახებ. ასევე აღსანიშნია რომ სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებსა და სხვა დოკუმენტების თანახმად დანაკლისი არ არის დაფიქსირებული.
შემოსავლების სამსახურმა სადავო ბრძანება მიიღო საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, კერძოდ, მომჩივნის დაუსწრებლად. ამავე კოდექსის ამავე მუხლის მე-5, მე-7 და მე-9 ნაწილებით რეგლამენტირებულია, რომ საჩივარი განიხილება მომჩივნის მონაწილეობით. საჩივრის ზეპირი განხილვის დროისა და ადგილის შესახებ მომჩივანს ეცნობება დავის განმხილველი ორგანოს ხელთ არსებული საშუალებით, მათ შორის, ტელეფონით, დაზღვეული ან ელექტრონული ფოსტით, მოკლე ტექსტური შეტყობინებით და სხვა. და რომ მომჩივანს უფლება აქვს თავისი ინტერესები დაიცვას პირადად ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით. დასახელებული მუხლის მე-8 ნაწილით კი მომჩივანთან დაკავშირების შესაძლებლობის, მისი მოუძიებლობის ან საჩივრის ზეპირ განხილვაზე მომჩივნის გამოუცხადებლობის შემთხვევაში საჩივარი მის დაუსწრებლად განიხილება.
მომჩივანი მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველ მუხლზე, ამავე კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე, 96-ე მუხლზე, 601 მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 53-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე და განმარტავს, რომ იმისათვის რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება. ამასთან, საბაჟო სანქცია არიას საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისათვის დაკისრებული პასუხისმგებლობის ზომა. აღნიშნული ნორმა ცალსახად უთითებს პირის, სამართალდარღვევის მართლსაწინააღმდეგო ქმედებაზე ან უმოქმედობაზე, და მხოლოდ ამის შემდგომ აკისრებს პირს პასუხისმგებლობას. სს ------- -------ის მხრიდან არავითარ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, ადგილი არ ჰქონია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე, 178-ე, 179-ე და 181-ე მუხლების თანახმად ბათილად იქნეს ცნობილი სადავო აქტები. იმ შემთხვევაში თუ დავის განმხილველი ორგანო საკმარის მტკიცებულებად არ მიიჩნევს კომპანიის არგუმენტაციას და წარდგენილ დოკუმენტაციას, ითხოვს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმისგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.
საბაჟო კოდექსის მე-100 მუხლის მე-5 და მე-7 ნაწილების მიხედვით:
5. საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალება ისე უნდა იქნეს დადებული, რომ მის დაუზიანებლად შეუძლებელი იყოს საქონელთან მისვლა ან კვალის დატოვების გარეშე სატრანსპორტო საშუალებაში ან შენობა-ნაგებობაში უკანონო შეღწევა. საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალება იმგვარად უნდა იყოს დადებული, რომ გამოირიცხოს დაუზიანებლად მისი მოხსნა/მოცილება. საბაჟო ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი ვალდებულია შესაბამის დოკუმენტში ან/და საბაჟო დეკლარაციაში აღნიშნოს მის მიერ საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების დადება.
7. დაუშვებელია საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მისი მოხსნა/მოცილება აუცილებელია სატრანსპორტო საშუალებაში ან შენობა-ნაგებობაში შენახული საქონლის ხელშეუხებლობის ან/და განადგურებისგან დაცვის უზრუნველყოფისთვის და ეს აუცილებლობა ამ კოდექსით გათვალისწინებული დაუძლეველი ძალის შედეგად წარმოიშვა.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ამავე ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) 30- ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, იდენტიფიკაციის საშუალებები (ნიშნები) ისე უნდა იქნეს დადებული, რომ გამოირიცხოს დაუზიანებლად მისი მოხსნა/მოცილება და შეუძლებელი იყოს საქონელთან მისვლა ან კვალის დატოვების გარეშე სატრანსპორტო საშუალებაში ან შენობა-ნაგებობაში უკანონო შეღწევა.
საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:
1. საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურება, ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალების, საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობის ან ნიშანდებული ბარგის/ხელბარგის დაზიანება ანდა სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება იმგვარად დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებით, რომელიც მასში ამ იდენტიფიკაციის საშუალების დაუზიანებლად შეღწევის შესაძლებლობას იძლევა, იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას, რომ განსახილველ შემთხვევაში მომჩივანი არის საქონლის გადაზიდვაზე პასუხისმგებელი პირი, შესაბამისად სწორედ მას ავალდებულებს კანონმდებელი საბაჟო კონტროლის ზონაში დადგენილ ვადაში და უცვლელ მდგომარეობაში წარადგინოს საქონელი იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) მოუხსნელად (მოუცილებლად)/დაუზიანებლად, უზრუნველყოს ნიშანდებულ სატრანსპორტო საშუალებაში შეუღწევადობა, რაც მომჩივნის მიერ არ შესრულდა.
საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. ასევე არ არსებობს დაკისრებული სანქციისგან საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმისგან.
ფაქტობრივი გარემოებები
საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლით დატვირთული კონტეინერი გადაადგილდებოდა იმგვარად დადებული იდენტიფიკაციის საშუალებით, რომელიც მასში ამ იდენტიფიკაციის საშუალების დაუზიანებლად შეღწევის შესაძლებლობას იძლეოდა.
ამასთან,სარკინიგზო შემადგენლობის გადაადგილებაზე პასუხისმგებელი პირი ანალოგიური ქმედების ჩადენისთვის არაერთგზისაა დაჯარიმებული . გამოვლენილ ფაქტზე, საბაჟო დეპარტამენტის მიერ შედგენილია საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს დაეკისრა საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა .
საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გათვალისწინებით დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის მიხედვით, საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. ასევე არ არსებობს დაკისრებული სანქციისგან საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302(5,6,7,9);
ასევე საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:70(1);100(5,7);163(11);166(2);
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 1; 2 (1 „დ“ ); 53(5); 601( 1 ,2 ); 96;177;178;179;181;
სამოქალაქო კოდექსის 668;686(1)
საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2003 წლის 18 აპრილის №26 ბრძანებით დამტკიცებული „რკინიგზის ტვირთის გადაზიდვის წესების“ 1;30(1 „ბ“);31(1);327(1,2);. 328(2);329(1,2);
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) 1(1);(დანართი №2) ;30(3 );