გადაწყვეტილება №19542/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19542/2/2023
06 ივლისი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი:შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 29.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---------- 27.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19542/2/2023).
დავის საგანი:
1. საგადასახადო შემოწმების ჩატარება არასრულყოფილად:
ა) საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდი;
ბ) დღგ-ის ჩასათვლელი თანხის კორექტირება;
გ) ხარჯის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებლობის გამო მოგების გადასახადის დარიცხვა და მიღებული ჩათვლის გაუქმება.
2. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 30.09.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი;
2. აუდიტის დეპარტამენტის 6.10.2022 წლის №25549 ბრძანება;
3. აუდიტის დეპარტამენტის 6.10.2022 წლის №005-148 საგადასახადო მოთხოვნა;
4. ვალის მართვის დეპარტამენტის 7.10.2022 წლის №005-16344 შეტყობინება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის შესახებ;
5. შემოსავლების სამსახურის 6.04.2023 წლის №7531 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 134 135 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 86 284
დღგ - 77 620
მოგების გადასახადი - 8 664
ჯარიმა - 43 417
საურავი - 4 434
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში საბაჟო საწყობში შეაქვს და ასევე, ადგილობრივ ბაზარზე ყიდულობს საღეჭ თამბაქოს, ხოლო რეალიზაციას ახორციელებს ადგილობრივ ბაზარზე.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 20.06.2020 წლიდან 1.07.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 30.09.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში. შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 6.10.2022 წლის №25549 ბრძანება და ამავე თარიღის №005-148 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული აქტები ვალის მართვის დეპარტამენტის 7.10.2022 წლის №005-16344 საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების შეტყობინებასთან ერთად 7.11.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 6.04.2023 წლის №7531 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო შემოწმების ჩატარება არასრულყოფილად:
ა) საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;
ბ) დღგ-ის ჩასათვლელი თანხის კორექტირება;
გ) ხარჯის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებლობის გამო მოგების გადასახადის დარიცხვა და
მიღებული ჩათვლის გაუქმება.
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
ა) გადასახადის გადამხდელისგან საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე გამოთხოვილია ინფორმაცია ორჯერ, ერთხელ დაჯარიმებულია ინფორმაციის წარუდგენლობისთვის, ხოლო მეორედ გადამხდელის წარმომადგენელმა წარადგინა ახსნა-განმარტება, რომ მათ მიერ ვერ ხერხდებოდა ინფორმაციის წარდგენა. საწარმოს წარდგენილი აქვს მხოლოდ საბანკო ამონაწერი. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოწმებით დამუშავებულია შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემა, საბანკო ამონაწერი, საქონლის/მომსახურების შეძენა რეალიზაციის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, სასაქონლო ზედნადებები, საბაჟო დოკუმენტაცია და განსაზღვრულია საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციით დაფიქსირებული სმფ-ის საბოლოო ნაშთის გათვალისწინებით. საქონელი რეალიზებულად ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის შესაბამის თვეებში გადამხდელის დოკუმენტაციაში დაფიქსირებული ფასნამატით. კომპანიას დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
ბ) გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით, ადგილობრივი ჩასათვლელი დღგ-ის თანხა შეადგენს სულ 108 709 ლარს. აღნიშნული თანხები ედრება დეკლარაციაზე მიბმულ ჩასათვლელ თანხებს, თუმცა მოიცავს, როგორც ავანსის, ისე მისი გამნაშთავი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ჯამს. შემოწმებით, საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში დაკორექტირდა (შემცირდა) ჩასათვლელი თანხა, კერძოდ, ჩათვლებში გათვალისწინებულია ავანსის და გამნაშთავი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გასალდოებული მონაცემები დასაბეგრი ოპერაციების განხორციელების თარიღების მიხედვით, რაზეც გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გ) კომპანიას 2022 წლის იანვარში ჩათვლილი აქვს შპს „----------“ (ს/ნ --------) გამოწერილი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლის შინაარსშიც მითითებულია „კვების მიწოდება“. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის გათვალისწინებით, შემოწმებით ვინაიდან საწარმოს მიერ ვერ მოხერხდა აღნიშნული ხარჯის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირების დადასტურება, მომჩივანს დაერიცხა მოგების გადასახადი, ასევე გაუუქმდა მიღებული ჩათვლა საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის შესაბამისად და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
ა) შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩხრეკის შედეგად ამოღებულია მხოლოდ საბაჟო დეკლარაციები. საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელისგან გამოთხოვილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე ინფორმაცია ორჯერ, ერთხელ დაჯარიმებულია ინფორმაციის წარუდგენლობისთვის, ხოლო მეორედ გადამხდელის წარმომადგენელმა წარადგინა ახსნა-განმარტება, რომ მათ მიერ ვერ ხერხდებოდა ინფორმაციის წარდგენა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმებით გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები მართლზომიერად იქნა განსაზღვრული არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, მართლზომიერია საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების განსაზღვრა და საქონლის რეალიზებულად განხილვა გადამხდელის დოკუმენტებში დაფიქსირებული ფასნამატით.
ბ) შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს ჩათვლილი აქვს დღგ-ის თანხები, რომლებიც ედრება დეკლარაციაზე მიბმულ ჩასათვლელ თანხებს, თუმცა მოიცავს, როგორც ავანსის, ისე მისი გამნაშთავი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ჯამს. შესაბამისად ორმაგად არის დღგ-ის თანხები ჩათვლებში ასახული.
გ) აგრეთვე, გადამხდელს 2022 წლის იანვარში ჩათვლილი აქვს შპს „----------“ (ს/ნ ----------) გამოწერილი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლის შინაარსშიც მითითებულია „კვების მიწოდება“, თუმცა საწარმოს მიერ ვერ განხორციელდა აღნიშნული ხარჯის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირების დადასტურება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ვერ განხორციელდა ზემოაღნიშნული ხარჯის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირების დადასტურდება მართლზომიერად განხორციელდა მოგების გადასახადით დაბეგვრა, ასევე შემოწმებით მართლზომიერად დაკორექტირდა/გაუქმდა დღგ-ის (შემცირდა) ჩასათვლელი თანხები.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმებით დამატებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო შემოწმების აქტში დადგენილ გარემოებად მითითებულია, რომ გადამხდელს არ აქვს წარდგენილი ბუღალტრული დოკუმენტაცია. სწორედ აღნიშნული გარემოებით არის შემოწმების აქტში განსაზღვრული საბოლოო ციფრები, თუმცა საბუღალტრო დოკუმენტაციის წარუდგენლობა არ არის გადამხდელის ბრალეულობა ვინაიდან, 29.03.2022 წელს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ სრულად იქნა ჩხრეკის შედეგად ამოღებული შპს „----------“-ის საქმიანობის პირველადი საბუღალტრო დოკუმენტები და შესაბამისად დღემდე მიმდინარეობს გამოძიება და საკუთარი ძალებით შეუძლებელი გახდა შემოწმების პერიოდში რაიმე დოკუმენტაციის წარდგენა.
გასათვალისწინებელია, რომ (გადამხდელი) შპს „-----------“-ის 100% წილის მფლობელი და დირექტორი, შემოწმების პერიოდში საქართველოში არ იმყოფებოდა, შესაბამისად არც გადამხდელთან და არც რწმუნებულ პირებთან კომუნიკაცია არავის არ დაუმყარებია შემოწმების მიმდინარეობისას.
გადამხდელთან არ ჩატარებულა ინვენტარიზაცია, არ ჩამოწერილა ვადაგასული საქონელი, არაა აღრიცხული ძირითადი საშუალებები.
საყურადღებოა ის გარემოება, რომ შემმოწმებელს ერთპიროვნულად 30.09.2022 წელს დაევალა შემოწმების ჩატარება, ხოლო ამავე დღეს დასრულდა შემოწმება და აქტზე სწორედ იგი აწერს ხელს, მიაჩნია, რომ შემმოწმებელი რამდენიმე საათის განმავლობაში არა თუ ჩაატარებდა შემოწმებას, არამედ იგი სხვის დაწერილსაც ვერ გაეცნობოდა, ვინაიდან ამ პროცედურებს წინ უსწრებდა ჯერ მოხსენებითი ბარათი და შემდგომ ბრძანება. აღნიშნულიდან გამომდინარე გამოდის, რომ შემმოწმებელს ერთი სრული სამუშაო დღეც არ ჰქონდა სხვისი დაწერილის წასაკითხად არამც თუ შემოწმების ჩასატარებლად.
გარდა ზემოაღნიშნულისა შემოწმების პერიოდი ნაწილობრივ მოიცავს ისეთ პერიოდს, რომლის ანგარიშვალდებულების დრო ჯერ არ დამდგარა და ამ მხრივ გადამხდელს უნდა ჰქონდეს მიმდინარე პერიოდზე მოქმედების საშუალება.
გადამხდელთან ვერ შედგა ვერანაირი კომუნიკაცია ახსნა-განმარტებისთვის და შემოწმება ჩატარდა არა სრულყოფილად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს გაუქმდეს სადავო აქტები და შესაბამისად გადამხდელთან დაინიშნოს ხელახალი საგადასახადო შემოწმება. ამ საჩივრით არ ითხოვს თანხების კორექტირებას, ითხოვს რომ დაინიშნოს ხელახალი საგადასახადო შემოწმება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
ბ) შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის და მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით:
1. დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.
2. დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.
მოქმედი საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
2. დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.
საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
გ) საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია: გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
მომჩივანს მიაჩნია, რომ საბუღალტრო დოკუმენტაციის წარუდგენლობა არ არის გადამხდელის ბრალეულობა ვინაიდან, 29.03.2022 წელს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ სრულად იქნა ჩხრეკის შედეგად ამოღებული პირველადი საბუღალტრო დოკუმენტები და შესაბამისად დღემდე მიმდინარეობს გამოძიება. გარდა აღნიშნულისა შემოწმების პერიოდი ნაწილობრივ მოიცავს ისეთ პერიოდს, რომლის ანგარიშვალდებულების დრო ჯერ არ დამდგარა და ამ მხრივ გადამხდელს უნდა ჰქონდეს მიმდინარე პერიოდზე მოქმედების საშუალება. გადამხდელთან ვერ შედგა ვერანაირი კომუნიკაცია ახსნა-განმარტებისთვის და შემოწმება ჩატარდა არასრულყოფილად. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ ითხოვს თანხების კორექტირებას, ითხოვს, რომ დაინიშნოს ხელახალი საგადასახადო შემოწმება.
საჩივარს ერთვის 22.03.2022 წლით დათარიღებული დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩხრეკის წარმოების შესახებ და 29.03.2022 წლის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმი, სადაც მითითებულია რომ ამოღებულია შპს „-------------“ დოკუმენტაცია (ორი ცალი ბაინდერი), ორი ცალი პროცესორი, სალაროს ქვითრები და ასევე სხვა კომპანიებთან/პიროვნებებთან დაკავშირებული მასალები/დოკუმენტაცია.
მომჩივანს ეცნობა საჩივრის განხილვის თაობაზე, მაგრამ განხილვაში მონაწილეობის სურვილი არ გამოუთქვამს.
მომჩივნის არგუმენტზე მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველო წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე №092301221002 სხვადასხვა საწარმოს ხელმძღვანელი პირების მიერ, ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებათა ერთობლიობით დგინდება რომ მომჩივნის მიერ 2021 წლის მაისის, ივნისი აგვისტო და ოქტომბრის, ასევე 2022 წლის იანვრის თვეების საანგარიშო პერიოდზე მიღებული ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (------------) სულ თანხით 230 297 ლარი (დღგ-ის თანხა 35 130 ლარი) არის ყალბი.
რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტებს, აღსანიშნია რომ საგამოძიებო სამსახურის მიერ რეალურად ამოღებულია მხოლოდ საბაჟო დეკლარაციები, ხოლო დანარჩენი დოკუმენტაციის წარდგენა (მათ შორის ბუღალტრული ჩანაწერების) შესაძლებელი იყო. ინფორმაციის წარდგენაზე აუდიტის დეპარტამენტის წერილს გადამხდელი ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 10.12.2021 წელს და ინფორმაციის წარმოუდგენლობისთვის დაჯარიმდა. ის ფაქტი რომ კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი არ იმყოფებოდა საქართველოში უსაფუძვლოა, რადგან აუდიტის დეპარტამენტის 19.11.2021 წლის №21- 14/138657 წერილით საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის მიხედვით ინფორმაცია გამოთხოვილია კომპანიისგან, ასევე კომპანიის ოფიციალურ მეილზე გაიგზავნა შემოწმებით მოცული საკითხები. უსაფუძვლოა ფაქტი, რომ არ ჩატარებულა ინვენტარიზაცია, რადგან საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 14.06.2020 წლის №14956 ბრძანების საფუძველზე, გადამხდელთან ჩატარდა ინვენტარიზაცია, რომლის მასალებიც გადაეცა შემოწმებას და გათვალისწინებულია აქტის შედგენისას. ასევე უსაფუძვლოა ფაქტი, რომ შემმოწმებელს ერთპიროვნულად 30.09.2022 წელს დაევალა შემოწმების ჩატარება, ვინაიდან 19.11.2021 წლის №36133 ბრძანებით დაინიშნა კომპანიის შემოწმება და მასში მითითებულია ის შემმოწმებელი აუდიტორი, რომელიც მითითებულია შემოწმების აქტში. ასევე, გაუგებარია რა პერიოდზე საუბრობს გადამხდელი, რადგან შემოწმებამ მოიცვა 20.06.2020 წლიდან 1.07.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდები და საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია აღნიშნულ პერიოდზე.
ზემოთ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიმართ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელს 7.10.2022 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება 134 135 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 86 284 ლარი, ჯარიმა 43 417 ლარი და საურავი 4 434 ლარი. აღნიშნულის გამო საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, კომპანიის მთელ ქონებაზე ვალის მართვის დეპარტამენტის 7.10.2022 წლის №005-16344 შეტყობინების საფუძველზე, გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
სამართლებრივი ნორმებისა და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს 7.10.2022 წლის მდგომარეობით პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხებოდა და ერიცხება საგადასახადო დავალიანება, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიმართ საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება გავრცელებულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ სადავო შეტყობინების გაუქმების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
არგუმენტს მოიცავს პირველი დავის საგანი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან.
2. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს 7.10.2022 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება, საბჭოს მიაჩნია, რომ კომპანიის მთელ ქონებაზე ვალის მართვის დეპარტამენტის 7.10.2022 წლის №005-16344 შეტყობინების საფუძველზე მართებულად გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება. ამდენად, არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. საგადასახადო შემოწმების ჩატარება არასრულყოფილად:
ა) საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდი;
ბ) დღგ-ის ჩასათვლელი თანხის კორექტირება;
გ)ხარჯის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებლობის გამო მოგების გადასახადის დარიცხვა და მიღებული ჩათვლის გაუქმება.
2. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 20.06.2020 წლიდან 1.07.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 30.09.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში. შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 6.10.2022 წლის №25549 ბრძანება და ამავე თარიღის №005-148 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული აქტები ვალის მართვის დეპარტამენტის 7.10.2022 წლის №005-16344 საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების შეტყობინებასთან ერთად 7.11.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 6.04.2023 წლის №7531 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;
136,73,160,161,159,164,173,174,176,97,239,238;239