გადაწყვეტილება №27184/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 22.05.2026
№ დოკუმენტი 27184/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№27184/2/2026

22 მაისი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 8.05.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---- ის 20.04.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27184/2/2026).

 

დავის საგანი:

1. სატრანსპორტო მომსახურების საფუძველზე ჩარიცხული თანხების დღგ-ით დაბეგვრა;

2. სატრანსპორტო მომსახურების სანაცვლოდ ფიზიკურ პირებზე გადარიცხული თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა;

3. საწვავის ხარჯის/ღირებულების გაუთვალისწინებლობა ფულის ნაშთის/ხარჯის და დღგ-ის გაანგარიშებისას (ჩათვლა).

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 15.12.2025 წლის №081-334 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 13.02.2026 წლის №3100 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 261 452.97 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 161 821.87

დღგ - 110 049.66

მოგების გადასახადი -1 745.96

საშემოსავლო გადასახადი -50 0256.25

ჯარიმა - 79 327.20

საურავი - 20 303.90

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ტრანსპორტით მომსახურება, მონაწილეობას იღებს კონსოლიდირებულ ტენდერებში და ---ის მუნიციპალიტეტის სკოლებს უწევს სატრანსპორტო მომსახურებას. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, 1.01.2022 წლიდან 1.09.2025 წლამდე პერიოდის, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნებისათვის 2025 წლის 24 ოქტომბრის ჩათვლით, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 12 დეკემბრის შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 15.12.2025 წლის №27477 ბრძანება და №081-334 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 13.02.2026 წლის №3100 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მე-2 სადავო საკითხთან, კერძოდ, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირზე, რომელიც მაღალმთიან დასახლებაში საქმიანობით იღებს შემოსავალს, ანაზღაურებულ თანხებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს შეღავათით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები. ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, ამ ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში, შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, წარდგენილი მტკიცებულებების დამატებით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 13.02.2026 წლის №3100 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. სატრანსპორტო მომსახურების საფუძველზე ჩარიცხული თანხების დღგ-ით დაბეგვრა ფაქტების აღწერა კომპანიას არ ჰყავს საკუთარი სატრანსპორტო საშუალებები და მცირე მეწარმეები უწევენ მას აღნიშნულ მომსახურებას. შემოწმების მიერ შესწავლილი იქნა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემები, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია, მათ შორის საბანკო ამონაწერები და დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან ჩარიცხული აქვს თანხები, რომლებიც არ აქვს დაბეგრილი შესაბამის საანგარიშო პერიოდში. საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა 2026 წლის 5 თებერვალს 14:15 საათზე გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით. გადასახადის გადამხდელს ეცნობა საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარუდგენია განხილვის გადადებასთან დაკავშირებით. ამასთან, სატელეფონო კომუნიკაციისას თანხმობა განაცხადა საჩივრის მისი მონაწილეობის გარეშე განხილვაზე. შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომ გადასახადის გადამხდელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან ჩარიცხული აქვს თანხები, რომლებიც არ აქვს დაბეგრილი შესაბამის საანგარიშო პერიოდში და არც საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები აქვს გამოწერილი, განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ მართლზომიერად განხორციელდა სატრანსპორტო მომსახურების საფუძველზე მიღებული შემოსავლების დღგ-ით დაბეგვრა.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიას არ ჰყავს საკუთარი სატრანსპორტო საშუალებები და მცირე მეწარმეები უწევენ მას აღნიშნულ მომსახურებას. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემები, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია, მათ შორის საბანკო ამონაწერები და დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან ჩარიცხული აქვს თანხები, რომლებიც არ აქვს დაბეგრილი შესაბამის საანგარიშო პერიოდში. აღნიშნულ ნაწილში დარიცხვა არასწორია, ვინაიდან შემოწმებით არის დადგენილი, რომ გადასახადის გადამხდელს სრულად აქვს დაბეგრილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე მიღებული თანხები, შესაბამისად ითხოვს აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის დამატებით შესწავლა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან ჩარიცხული აქვს თანხები, რომლებიც არ აქვს დაბეგრილი შესაბამის საანგარიშო პერიოდში და არც საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები აქვს გამოწერილი. მომჩივანი სადავო საკითხის ნაწილში დარიცხვას არასწორად მიიჩნევს, ვინაიდან შემოწმებით არის დადგენილი, რომ გადასახადის გადამხდელს სრულად აქვს დაბეგრილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების საფუძველზე მიღებული თანხები, ითხოვს აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის დამატებით შესწავლა.

საჩივრის განხილვა ჩაინიშნა მომჩივნის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანმა სატელეფონო კომუნიკაციისას განაცხადა საჩივრის მისი მონაწილეობის გარეშე განხილვაზე.

შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით ირკვევა, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესში არ წარუდგენია და არც ამჟამად წარმოადგენს ისეთ არგუმენტს ან/და მტკიცებულებას, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გახდებოდა.

საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, შემოსავლების სამსახური სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. სატრანსპორტო მომსახურების სანაცვლოდ ფიზიკურ პირებზე გადარიცხული თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა ფაქტების აღწერა

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემების, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის/ინფორმაციის, მათ შორის საბანკო ამონაწერების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს გადახდის წყაროსთან არ აქვს დაბეგრილი ფიზიკურ პირებზე, გაწეული მომსახურების სანაცვლოდ, გაცემული თანხები.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე, მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, მე-5 ნაწილზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 391 მუხლის პირველ პუნქტზე, მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-3 პუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ მართლზომიერად განხორციელდა ფიზიკურ პირებზე მომსახურების სანაცვლოდ გაცემული თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.

ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომ შემოწმების მიერ არ არის გათვალისწინებული საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საგადასახადო შეღავათი და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირზე, რომელიც მაღალმთიან დასახლებაში საქმიანობით იღებს შემოსავალს, ანაზღაურებულ თანხებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს შეღავათით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები. თავის მხრივ, განსაზღვრულ ვადაში, შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

სატრანსპორტო მომსახურებას ახორციელებს ქვეკონტრაქტორი ფიზიკური პირების (ძირითადად მცირე მეწარმედ რეგისტრირებული ფიზიკური პირების) მეშვეობით, რომლებიც მათ საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებებით ახორციელებენ მოსწავლეთა ტრანსპორტირებას, პირველადი დოკუმენტაციის ანალიზით გამოვლინდა, რომ გარდა მეწარმე სუბიექტებად რეგისტრირებული ფიზიკური პირებისა, შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას მომსახურებას უწევს ფიზიკური პირები, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული ინდივიდუალურ მეწარმეებად და რომელთა მიმართაც არ არსებობს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენების საფუძველი.

აღნიშნულ ნაწილში დარიცხვა არასწორია, ვინაიდან სატრანსპორტო მომსახურების გამწევი ყველა მძღოლი არის ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული, გარდა ამისა, მათ მიერ მიღებული შემოსავალი არ იბეგრება საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ: ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები. საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირის მიერ მაღალმთიან დასახლებაში საქმიანობით კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული 6 000 ლარამდე დასაბეგრი შემოსავალი, გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციიდან და სახელმწიფოს მიერ ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამედიცინო დაწესებულებიდან ხელფასის სახით მიღებული შემოსავლისა.

ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო წლის მიხედვით გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავალზე შეღავათის გამოყენების წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 391 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული წესის მიხედვით, ცნობა საგადასახადო შეღავათით სარგებლობის შესახებ საგადასახადო ორგანოს მიერ გაიცემა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად და უფლებას აძლევს დაქირავებულს ისარგებლოს კუთვნილი საგადასახადო შეღავათით გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე.

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, ცნობა გამოიყენება მხოლოდ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული შეღავათების გავრცელებისას. ამასთან, იგი არ წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს.

შესაბამისად, შეღავათის გამოყენების მიზნით ამ პუნქტით გათვალისწინებულმა დაქირავებულმა პირებმა 6 დამქირავებელს (საგადასახადო აგენტს) ცნობასთან ერთად უნდა წარუდგინონ შეღავათით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. ეს პირები არიან:

ი) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირი, რომელიც მაღალმთიან დასახლებაში საქმიანობით იღებს შემოსავალს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ცნობა დაქირავებულს უფლებას აძლევს საგადასახადო წლის მიხედვით ისარგებლოს კუთვნილი საგადასახადო შეღავათით მხოლოდ ერთი დამქირავებლიდან (საგადასახადო აგენტიდან) მიღებული შემოსავლების მიხედვით.

ერთზე მეტი სამუშაო ადგილის შემთხვევაში გადახდის წყაროს, სადაც უნდა გავრცელდეს კუთვნილი საგადასახადო შეღავათი, განსაზღვრავს დაქირავებული.

დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს გადახდის წყაროსთან არ აქვს დაბეგრილი გაწეული მომსახურების სანაცვლოდ ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხები. ხოლო, აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული პირები არ წარმოადგენენ მეწარმეებად რეგისტრირებულ პირებს. მომჩივანი აღნიშნავს, რომ როგორც შემოწმებით გამოვლინდა, გარდა მეწარმე სუბიექტებად რეგისტრირებული ფიზიკური პირებისა, შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას მომსახურებას უწევს ფიზიკური პირები, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული ინდივიდუალურ მეწარმეებად და რომელთა მიმართაც არ არსებობს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენების საფუძველი. აღნიშნულ ნაწილში დარიცხვა არასწორია, ვინაიდან სატრანსპორტო მომსახურების გამწევი ყველა მძღოლი არის ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული, გარდა ამისა, მათ მიერ მიღებული შემოსავალი არ იბეგრება საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ვინაიდან, გადასახადის გადამხდელს გადახდის წყაროსთან არ აქვს დაბეგრილი გაწეული მომსახურების სანაცვლოდ ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხები, ამასთან, დადგინდა, რომ აღნიშნული პირები არ წარმოადგენენ მეწარმეებად რეგისტრირებულ პირებს, ხოლო მომჩივანი არ წარმოადგენს აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, მისი პოზიციის დამადასტურებელ მტკიცებულებას, საბჭო მიიჩნევს, რომ ფიზიკურ პირებზე მომსახურების სანაცვლოდ გაცემული თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართლზომიერია. ამასთან, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შინაარსის გათვალისწინებით, ვინაიდან საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეღავათის გავრცელების თაობაზე, სწორედ მომჩივნის არგუმენტის გათვალისწინებით, რომელიც ამჟამად წარმოდგენილი არგუმენტის ანალოგიურია, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს შეღავათით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების დამატებით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება), საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

3. საწვავის ხარჯის/ღირებულების გაუთვალისწინებლობა ფულის ნაშთის/ხარჯის და დღგ-ის გაანგარიშებისას (ჩათვლა) ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს მიღებული აქვს ჩათვლა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით (ეა----, ეა-----), რომლებიც არ არის დაკავშირებული გადასახადის გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობასთან.

საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად. ამასთან, შემოწმების მიერ შესწავლილი იქნა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემები, ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია, მათ შორის საბანკო ამონაწერები და დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეულია არაეკონომიკური ხარჯი. კერძოდ, გადახდილი აქვს სარესტორნო, საკლუბო და სურსათის ხარჯები, რაც არ უკავშირდება მის ეკონომიკურ საქმიანობას.

საგადასახადო კოდექსის 97-ე და 982 მუხლების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-2 ნაწილზე და ამავე მუხლის მე-3 ნაწილზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ არგუმენტებთან დაკავშირებით, რომლითაც ითხოვს საწვავის ხარჯის გათვალისწინებას და აცხადებს, რომ შემოწმების მიერ გაუქმდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე საწვავზე მიღებული ჩათვლები, ასევე აღნიშნული თანხები დაიბეგრა მოგების გადასახადით, როგორც არაეკონომიკური ხარჯი, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციაზე, რომ მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე საწვავის ხარჯები გათვალისწინებულია სრულად.

შესამოწმებელ პერიოდში მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა იყო მხოლოდ ორი. ამასთან, შემოწმების პროცესში განხორციელდა მცირე მეწარმეებთან სატელეფონო კომუნიკაცია და მათი განცხადებით, ასანაზღაურებელი თანხა მოიცავდა საწვავის ხარჯსაც. ასევე, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელს მიღებული ჰქონდა დღგ-ის თანხის ჩათვლა ორი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით (ეა----, ეა----), რომლის საფუძველზეც მიღებული დღგ-ის თანხის ჩათვლა შემოწმებით დაექვემდებარა გაუქმებას, რადგან არ იყო დაკავშირებული გადასახადის გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობასთან. კერძოდ, აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით შეძენილია „სკუტერები“, ხოლო არაეკონომიკურ ხარჯად დაიბეგრა სარესტორნო, საკლუბო და სურსათის ხარჯები, რაც არ უკავშირდება გადასახადის გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობას.

შემოსავლების სამსახური ასევე აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემმოწმებლის მიერ არ იქნა გათვალისწინებული კომპანიის მიერ გაწეული საწვავის ხარჯის/ღირებულება, როგორც ფულის ნაშთის/ხარჯის გაანგარიშების, ასევე დღგ-ის გაანგარიშების (დღგ-ის თანხის ჩათვლის) მიზნებისთვის. უფრო მეტიც, დღგ-ის ჩათვლებიდან იქნა ამოღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე მიღებული საწვავზე გაწეული ხარჯები და ასევე, აღნიშნული თანხები, როგორც არაეკონომიკური ხარჯი იქნა დაბეგრილი მოგების გადასახადით. აღნიშნულ ნაწილში დარიცხვა არასწორია, ვინაიდან შემმოწმებელმა არ გაითვალისწინა წარდგენილი დოკუმენტაცია, მათ შორის, მძღოლებთან დადებული მომსახურების ხელშეკრულებები, კერძოდ მომსახურების განსახორციელებლად აუცილებელ საწვავს, მომსახურების ხელშეკრულების 4.6 პუნქტის საფუძველზე, დამკვეთი წინასწარ დადგენილი მარშრუტის მიხედვით, უზრუნველყოფდა თავისი სახსრებით. საწვავის თანხებს ნაღდი ანგარიშსწორებით უხდიდა შემსრულებელს. აღნიშნულ საკითხებზე არსებობს ერთგვაროვანი პრაქტიკა, სადაც იდენტური ფაქტობრივი გარემოებების დროს (მათ შორის იგივე დამფუძნებლის და დირექტორის პირობებში), საწვავის ხარჯი იქნა გათვალისწინებული არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე, კერძოდ შპს -----ის საქმეზე და შპს ---ის საქმეზე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ- ფაქტურა.

საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო. საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტებთან (რომელიც შემოსავლების სამსახურში წარდგენილის ანალოგიურია) დაკავშირებით, რომლითაც გადასახადის გადამხდელი ითხოვს საწვავის ხარჯის გათვალისწინებას და აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ გაუქმდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე საწვავზე მიღებული ჩათვლები, ასევე, აღნიშნული თანხები დაიბეგრა მოგების გადასახადით, როგორც არაეკონომიკური ხარჯი, საყურადღებოა შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებაში მითითებული აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაცია, რომ მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე საწვავის ხარჯები გათვალისწინებულია სრულად. შესამოწმებელ პერიოდში მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა იყო მხოლოდ ორი. ამასთან, შემოწმების პროცესში განხორციელდა მცირე მეწარმეებთან სატელეფონო კომუნიკაცია და მათი განცხადებით, ასანაზღაურებელი თანხა მოიცავდა საწვავის ხარჯსაც.

შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელს მიღებული ჰქონდა დღგ-ის თანხის ჩათვლა ორი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით (ეა----, ეა----), რომლის საფუძველზეც მიღებული დღგ-ის თანხის ჩათვლა შემოწმებით დაექვემდებარა გაუქმებას, რადგან არ იყო დაკავშირებული გადასახადის გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობასთან, კერძოდ, აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით შეძენილია „სკუტერები“, ხოლო არაეკონომიკურ ხარჯად დაიბეგრა სარესტორნო, საკლუბო და სურსათის ხარჯები, რაც არ უკავშირდება გადასახადის გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობას.

მომჩივანი არ ეთანხმება სადავო საკითხის ნაწილში შემოწმებით განხორციელებულ დარიცხვას, მაგრამ არ წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებაში დაფიქსირებულ აუდიტის დეპარტამენტის ზემოაღნიშნულ ინფორმაციაზე/გარემოებებზე არგუმენტებს.

შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით ასევე ირკვევა, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესში არ წარუდგენია და არც ამჟამად წარმოადგენს ისეთ არგუმენტებს ან/და მტკიცებულებებს, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გახდებოდა.

საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. სატრანსპორტო მომსახურების საფუძველზე ჩარიცხული თანხების დღგ-ით დაბეგვრა;

2. სატრანსპორტო მომსახურების სანაცვლოდ ფიზიკურ პირებზე გადარიცხული თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა;

3. საწვავის ხარჯის/ღირებულების გაუთვალისწინებლობა ფულის ნაშთის/ხარჯის და დღგ-ის გაანგარიშებისას (ჩათვლა).

 

ფაქტობრივი გარემოებები

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გადასახადის გადამხდელს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან ჩარიცხული აქვს თანხები, რომლებიც არ აქვს დაბეგრილი შესაბამის საანგარიშო პერიოდში და არც საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები აქვს გამოწერილი. საგადასახადო შემოწმების მიერ განხორციელდა სატრანსპორტო მომსახურების საფუძველზე მიღებული შემოსავლების დღგ-ით დაბეგვრა.

გადასახადის გადამხდელს გადახდის წყაროსთან არ აქვს დაბეგრილი გაწეული მომსახურების სანაცვლოდ ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხები. აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული პირები არ წარმოადგენენ მეწარმეებად რეგისტრირებულ პირებს. საგადასახადო შემოწმების მიერ განხორციელდა ფიზიკურ პირებზე მომსახურების სანაცვლოდ გაცემული თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.

შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელს მიღებული ჰქონდა დღგ-ის თანხის ჩათვლა ორი საგადასახადო ანგარიშფაქტურით, რომლის საფუძველზეც მიღებული დღგ-ის თანხის ჩათვლა შემოწმებით დაექვემდებარა გაუქმებას, რადგან არ იყო დაკავშირებული გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობასთან. კერძოდ, აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით შეძენილია „სკუტერები“, ხოლო არაეკონომიკურ ხარჯად დაიბეგრა სარესტორნო, საკლუბო და სურსათის ხარჯები, რაც არ უკავშირდება გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობას.

შემოწმების შედეგები აისახა შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო შემოსავლების სამსახურის ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159 (1); 163 (1,2); 164 (1); 101 (1); 154 (1); 82 (2,გ); 174; 175; 176; 982.