ბრძანება N 5328-1

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 13.03.2018
№ დოკუმენტი 5328-1
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 5328

13/03/2018

სს -----

(მის: ქ.-------)

სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ 2018 წლის 14 თებერვალს გამართულ სხდომაზე (ოქმი N15) განიხილა სს ----- 2018 წლის 22 იანვრის საჩივარი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 20 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტთან, 2017 წლის 22 დეკემბრის N34891 ბრძანებასა და 2017 წლის 22 დეკემბრის N094-376 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელს საჩივარში წარმოდგენილი აქვს შემდეგი სადავო საკითხი:

არ ეთანხმება საბანკო დეპოზიტზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის ოდენობით სესხით სარგებლობის საპროცენტო ხარჯის შემცირებას. განმარტავს, რომ დეპოზიტზე განთავსებული თანხები წარმოშობილი იყო კომპანიის გაუნაწილებელი მოგებიდან, რომელიც დაბეგრილი იყო მოგების გადასახადით. აღნიშნული თანხების კანონიერი გზით განკარგვა იყო კომპანიის განსასაზღვრი და არ არის მართებული ოპერაციის შინაარსის შეცვლა და გამოსაქვითი ხარჯის შემცირება. აღნიშნავს, რომ ფინანსურ მართვაში არსებული პრინციპებიდან და პრაქტიკიდან გამომდინარე არ არის სწორი მიღებული სესხის მომსახურეობის ხარჯის ბანკში განთავსებულ დეპოზიტებთან დაკავშირება, რადგანაც ბანკში დეპოზიტებზე განთავსებული იყო სამუშაო კაპიტალის ნაწილი, რაც აუცილებელი იყო კომპანიის ფინანსური უსაფრთხოებისათვის. ამასთან, ბანკში განთავსებული ყველა დეპოზიტი იყო მოკლევადიანი და არ ყოფილა ბლოკირებული, ხელშეკრულების მიხედვით, საჭიროების შემთხვევაში დაუყონებლივ მოხდებოდა კომპანიის მიმდინარე ანგარიშზე გადმოტანა. გადამხდელი ასევე განმარტავს, რომ საბაზრო პრინციპიდან გამომდინარე და ბაზარზე არსებული საბანკო საპროცენტო განაკვეთების გამო არ არსებობდა მოტივაცია კომპანიას მიღებული სესხი დაებანდებინა საბანკო დეპოზიტებში, რადგანაც საბანკო დეპოზიტზე არსებულ საპროცენტო სარგებელსა და აღებული სესხის მომსახურებისათვის გადასახდელ პროცენტს შორის სხვაობა შეადგენდა 4.05%-ს, კერძოდ, დეპოზიტებზე საპროცენტო სარგებელი შეადგენდა 2.25%-ს, ხოლო მიღებული სასხის მომსახურეობის პროცენტი იყო 6.3%, რაც დადასტურებულია შემოწმების აქტითაც.

შემოსავლების სამსახურში საქმეზე არსებული ინფორმაციით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 31 აგვისტოს N23112 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული იქნა სს ----- საგადასახადო შემოწმება, რაზეც 2017 წლის 20 დეკემბერს შედგენილი იქნა საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი. აღნიშნული შემოწმების შედეგებზე გადამხდელს წარედგინა 2017 წლის 22 დეკემბრის N34891 ბრძანება და 2017 წლის 22 დეკემბრის N094-376 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად დაერიცხა სულ 38768.45 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 23890, ჯარიმა 14753 ლარი, საურავი 125.45 ლარი.

შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

სს ----- 2009 წელს ---- ბანკისაგან აღებული აქვს 4 მილიონი ევროს ოდენობის სესხი, რომელიც ახალი სესხის საშუალებით გადაფარულია 2017 წელს. 2014 წელს აღნიშნულ სესხზე გაწეული საპროცენტო ხარჯი შეადგენს 964 691 ლარს, ამასთან შესამოწმებელ პერიოდში 2014 წელს გადამხდელს ------ ბანკში განთავსებული აქვს ვადიანი დეპოზიტები, რომლიდანაც მიღებული აქვს საპროცენტო შემოსავალი, 143 208 ლარის ოდენობით, რომელიც სსკ-ის 131-ე მუხლის თანახმად, როგორც ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტისაგან მიღებული შემოსავალი საგადასახადო მიზნებისათვის არ ექვემდებარება ერთობლივ შემოსავალში ასახვას. სესხის ხელშეკრულებით საპროცენტო ხარჯი განისაზღვრება 6%-ს დამატებული --------- ხოლო დეპოზიტებზე დარიცხული საპროცენტო შემოსავალი განსაზღვრულია 2.25%-ის ოდენობით.

შემოწმებამ იხელმძღვანელა აღნიშნული ოპერაციის შინაარსით და მიიჩნია, რომ სესხთან დაკავშირებულ საპროცენტო ხარჯად უნდა შეფასდეს სესხზე დარიცხული საპროცენტო ხარჯი, რომელიც შემცირდება თავისუფალი ფულადი სახსრების ბანკში დეპოზიტზე განთავსებით მიღებულ შემოსავალის თანხით, ვინაიდან აღნიშნული შემოსავალი სსკ-ის 131-ე მუხლის თანახმად არ ექვემდებარება ერთობლივ შემოსავალში ასახვას, გადამხდელის მიერ სესხზე გაწეული რეალური ხარჯი უნდა შეფასდეს, ხარჯი სარგებლის გათვალისწინებით, ამასთან, სსკ-ის 106-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის ან საშემოსავლო გადასახადის გადახდისაგან გათავისუფლებული შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები არ გამოიქვითება. შემოწმებით მოხდა დეპოზიტებზე განთავსებულ თანხებზე დარიცხული საპროცენტო შემოსავლის ოდენობით 2014 წელს გაწეული სესხის საპროცენტო ხარჯის შემცირება. გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმება სსკ-ის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

სადავო საკითხი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ: გ) გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო- სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.

2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

სსკ-ის 131-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტიდან მიღებული პროცენტები გადახდის წყაროსთან არ იბეგრება. ამასთანავე, აღნიშნული პროცენტები მიმღები პირის მიერ ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება, თუ ამ პროცენტების მიმღები არ არის ასევე ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტი.

სსკ-ის 106-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება მოგების გადასახადის ან საშემოსავლო გადასახადის გადახდისაგან გათავისუფლებული შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები, გარდა ამ მუხლის შენიშვნით გათვალისწინებული შემთხვევისა.

სადავო საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ დეპოზიტზე განთავსებული თანხები წარმოშობილი იყო კომპანიის გაუნაწილებელი მოგებიდან, რომელიც დაბეგრილი იყო მოგების გადასახადით. აღნიშნული თანხების კანონიერი გზით განკარგვა იყო კომპანიის განსასაზღვრი და არ არის მართებული ოპერაციის შინაარსის შეცვლა და გამოსაქვითი ხარჯის შემცირება. აღნიშნავს, რომ ბანკში დეპოზიტებზე განთავსებული იყო სამუშაო კაპიტალის ნაწილი, რაც აუცილებელი იყო კომპანიის ფინანსური უსაფრთხოებისათვის, ბანკში განთავსებული ყველა დეპოზიტი იყო მოკლევადიანი და არ ყოფილა ბლოკირებული. ამასთან, მიუთითებს, რომ საბაზრო პრინციპიდან გამომდინარე და ბაზარზე არსებული საბანკო საპროცენტო განაკვეთების გამო არ არსებობდა მოტივაცია კომპანიას მიღებული სესხი დაებანდებინა საბანკო დეპოზიტებში, ვაინაიდან საბანკო დეპოზიტზე არსებულ საპროცენტო სარგებელსა და არებული სესხის მომსახურებისათვის გადასახდელ პროცენტს შორის სხვაობა შეადგენდა 4.05%-ს, კერძოდ, დეპოზიტრბზე საპროცენტო სარგებელი შეადგენდა 2.25%-ს, ხოლო მიღებული სესხის მომსახურეობის პროცენტი იყო 6.3%, რაც დადასტურებულია შემოწმების აქტითაც.

საგადასახადო შემოწმების აქტში აღნიშნულია, რომ სს ----- 2009 წელს ევროპის ----- ბანკისაგან აღებული აქვს 4 მილიონი ევროს ოდენობის სესხი, ამასთან შესამოწმებელ პერიოდში - 2014 წელს გადამხდელს ------ ბანკში განთავსებული აქვს ვადიანი დეპოზიტები, რომლიდანაც მიღებული აქვს საპროცენტო შემოსავალი, რომელიც სსკ-ის 131-ე მუხლის თანახმად, როგორც ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტისაგან მიღებული შემოსავალი საგადასახადო მიზნებისათვის არ ექვემდებარება ერთობლივ შემოსავალში ასახვას. შემოწმებამ იხელმძღვანელა აღნიშნული ოპერაციის შინაარსით და მიიჩნია, რომ სესხთან დაკავშირებულ საპროცენტო ხარჯად უნდა შეფასდეს სესხზე დარიცხული საპროცენტო ხარჯი, რომელიც შემცირდება თავისუფალი ფულადი სახსრების ბანკში დეპოზიტზე განთავსებით მიღებული შემოსავალის თანხით, ვინაიდან აღნიშნული შემოსავალი სსკ-ის 131-ე მუხლის თანახმად არ ექვემდებარება ერთობლივ შემოსავალში ასახვას, გადამხდელის მიერ სესხზე გაწეული რეალური ხარჯი უნდა შეფასდეს, ხარჯი სარგებლის გათვალისწინებით.

ზემოაღნიშნული არგუმენტების და საქმესთან დაკავშირებით წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ აღნიშნა, რომ გადამხდელის განმარტებით, დეპოზიტზე განთავსებული ფულადი სახსრები ფორმირებულია საწარმოს გაუნაწილებელი მოგებიდან, ამასთან, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით არ არის დადგენილი უშუალო კავშირი საწარმოს მიერ აღებული სესხის თანხებსა და დეპოზიტზე განთავსებულ თანხებს შორის. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ განმარტა, რომ დამატებით შესწავლას საჭიროებს დეპოზიტზე განთავსებული ფულადი სახსრების წარმოშობის და აღნიშნული თანხების საწარმოს მიერ აღებულ სესხთან უშუალო კავშირის არსებობის საკითხი.

დავების განხილვის საბჭო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

ზემოაღნიშნულ ნორმაზე დაყრდნობით, დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებების და საქმესთან დაკავშირებით წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ინფორმაცია/მტკიცებულება დეპოზიტზე განთავსებული თანხების ფორმირების წყაროსთან დაკავშირებით, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ არ დადგინდება დეპოზიტზე განთავსებული თანხების საწარმოს მიერ აღებულ სესხთან უშუალო კავშირი, განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. სს ----- 2018 წლის 22 იანვრის საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ინფორმაცია/მტკიცებულება დეპოზიტზე განთავსებული თანხების ფორმირების წყაროსთან დაკავშირებით, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ არ დადგინდება დეპოზიტზე განთავსებული თანხების საწარმოს მიერ აღებულ სესხთან უშუალო კავშირი, განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება;

3. ამ ბრძანების მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. N16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელი არ ეთანხმება საბანკო დეპოზიტზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის ოდენობით სესხით სარგებლობის საპროცენტო ხარჯის შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

შემოწმების აქტის მიხედვით გადამხდელს ბანკისაგან აღებული აქვს სესხი და ასევე განთავსებული აქვს ვადიანი დეპოზიტები. შემოწმებამ მიიჩნია, რომ სესხთან დაკავშირებულ საპროცენტო ხარჯად უნდა შეფასდეს სესხზე დარიცხული საპროცენტო ხარჯი, რომელიც შემცირდება ბანკში დეპოზიტზე განთავსებით მიღებული შემოსავალის თანხით, ვინაიდან აღნიშნული შემოსავალი სსკ-ის 131-ე მუხლის თანახმად არ ექვემდებარება ერთობლივ შემოსავალში ასახვას, გადამხდელის მიერ სესხზე გაწეული რეალური ხარჯი უნდა შეფასდეს, ხარჯი სარგებლის გათვალისწინებით, ამასთან, სსკ-ის 106-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის ან საშემოსავლო გადასახადის გადახდისაგან გათავისუფლებული შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები არ გამოიქვითება. შემოწმებით მოხდა დეპოზიტებზე განთავსებულ თანხებზე დარიცხული საპროცენტო შემოსავლის ოდენობით გაწეული სესხის საპროცენტო ხარჯის შემცირება. გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

 

აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ არ დადგინდება დეპოზიტზე განთავსებული თანხების საწარმოს მიერ აღებულ სესხთან უშუალო კავშირი, განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 105(2); 106,,დ“; 131(5); 275(2)