ბრძანება N 30172-3

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 06.10.2020
№ დოკუმენტი 30172-3
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 30172

06/10/2020

შპს --------------------

(მის.: ქ. --------------)

სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 10 სექტემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №66) განიხილა შპს ----- ს 2020 წლის 09 იანვრის №2979/21 საჩივარი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 11 დეკემბრის №006-1057 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს შემდეგ გარემოებათა გამო:

არ ეთანხმება ძირითად საშუალებაზე გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლების შემცირებას და აცხადებს, რომ კომპანიას ზუსტად ჰქონდა გამიჯნული საიჯარო ფართის რა ნაწილს იყენებდა ფინანსური მომსახურებისთვის და რა ნაწილს - ქვეიჯარით გასაცემად. ამასთან, ქვეიჯარით გაცემული ფართი წარმოადგენს დამოუკიდებელ, იზოლირებულ სართულებს, რომლებიც არის ქვემოიჯარის განკარგულებაში, საკუთრების უფლება მოცემულ ფართზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია დამოუკიდებლად და მას მინიჭებული აქვს ინდივიდუალური საკადასტრო კოდი. აღნიშნული გარემოებები ადასტურებს, რომ კომპანიას გამიჯნული ჰქონდა ძირითადი საშუალების იმ ნაწილის იჯარაზე გადახდილი დღგ, რომელსაც იყენებდა ჩათვლის უფლების მქონე ოპერაციაში.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 27 დეკემბრის №38788 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს ----- ს საქმიანობის გასვლითი სრული საგადასახადო შემოწმება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორის დადგენის მიზნით. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2016 წლის 08 იანვრიდან 2018 წლის 01 ოქტომბრამდე საანგარიშო პერიოდი. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2019 წლის 05 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რის საფუძველზეც აუდიტის დეპარტამენტმა 2019 წლის 10 დეკემბერს გამოსცა №43062 ბრძანება და 11 დეკემბრის №006-1057 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 3 845 651 ლარი, მათ შორის, გადასახადი 1 978 061 ლარი, ჯარიმა 989 230 ლარი და საურავი 878 360 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

საქმიანობის ეტაპზე კომპანიამ იჯარით აღებული ფართის გარკვეული ნაწილი (შვიდ სართულიანი შენობიდან ორი სართული) ქვეიჯარით გადასცა მესამე კომპანიას. აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში კომპანია იჯარით აღებული და გაცემული ფართების პროპორციულად ახორციელებს გადახდილი საიჯარო თანხებზე და მასთან დაკავშირებულ მომსახურებაზე დარიცხული დღგ-ს ჩათვლას. საგადასახადო შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის გათვალისწინებით, დაკორექტირდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხები.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა სადავო საკითხთან დაკავშირებით არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.

ამავე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.

ხოლო ამ მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, თუ საქონელი ან მომსახურება ერთდროულად გამოიყენება ჩათვლის უფლების მქონე და ჩათვლის უფლების გარეშე ოპერაციებში და მათი გამიჯვნა შეუძლებელია, მაშინ:

ა) დღგ-ის ჩასათვლელი თანხა გაიანგარიშება საანგარიშო პერიოდში საერთო ბრუნვის თანხაში ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციების თანხის ხვედრითი წონის მიხედვით;

ბ) ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტება ხდება მიმდინარე საგადასახადო წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის დეკლარაციაში წლის განმავლობაში საერთო ბრუნვის თანხაში ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციების თანხის ხვედრითი წონის მიხედვით.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ კომპანიის ძირითადი საქმიანობაა ფინანსური მომსახურება, კერძოდ, სესხების ელექტრონულად გაცემა. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში კომპანიამ იჯარით აღებული ფართის გარკვეული ნაწილი ქვეიჯარით გადასცა მესამე კომპანიას, აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში კომპანია იჯარით აღებული და გაცემული ფართების პროპორციულად ახორციელებს გადახდილ საიჯარო თანხებზე და მასთან დაკავშირებულ მომსახურებაზე დარიცხული დღგ-ის ჩათვლას.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ვინაიდან საიჯარო ფართი გამოიყენება ჩათვლის უფლების მქონე და ჩათვლის უფლების გარეშე ოპერაციებში და მათი გამიჯვნა შეუძლებელია, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის გათვალისწინებით საგადასახადო შემოწმების მიერ დღგ-ის ჩასათვლელი თანხების კორექტირება განხორციელდა მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შპს ----- ს 2020 წლის 09 იანვრის საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16), ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელი არ ეთანხმება ძირითად საშუალებაზე გადახდილი დღგ-ის ჩათვლების შემცირებას. აცხადებს, რომ ქვეიჯარით გაცემული ფართი წარმოადგენს დამოუკიდებელ, იზოლირებულ სართულებს და მინიჭებული აქვს ინდივიდუალური საკადასტრო კოდი. აღნიშნული ადასტურებს, რომ კომპანიას გამიჯნული ჰქონდა ძირითადი საშუალების იმ ნაწილის იჯარაზე გადახდილი დღგ, რომელსაც იყენებდა ჩათვლის უფლების მქონე ოპერაციაში.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

შემოწმების აქტის მიხედვით კომპანიის ძირითადი საქმიანობაა სესხების ელექტრონულად გაცემა. ამასთან, კომპანიამ იჯარით აღებული ფართის გარკვეული ნაწილი ქვეიჯარით გადასცა მესამე კომპანიას. აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში კომპანია იჯარით აღებული და გაცემული ფართების პროპორციულად ახორციელებს გადახდილი საიჯარო თანხებზე და მასთან დაკავშირებულ მომსახურებაზე დარიცხული დღგ-ს ჩათვლას. საგადასახადო შემოწმებით, სსკ-ს 174-ე მუხლის გათვალისწინებით, დაკორექტირდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხები.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საიჯარო ფართი გამოიყენება ჩათვლის უფლების მქონე და ჩათვლის უფლების გარეშე ოპერაციებში და მათი გამიჯვნა შეუძლებელია, სსკ-ს 174-ე მუხლის გათვალისწინებით საგადასახადო შემოწმების მიერ დღგ-ის ჩასათვლელი თანხების კორექტირება განხორციელდა მართლზომიერად, ხოლო საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

01.01.2021 წლამდე მოქმედი: 161(1,,ა“); 174(1,,ა“); 174(2,,ა“); 174(6)