ბრძანება N7522
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N7522
06.04.2023
შპს „----------” (ს/ნ ----------)
(მის.: ქ----------)
2022 წლის 8 აგვისტოს საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 16 მარტის სხდომაზე (ოქმი №27) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 28 ოქტომბრის №17777/2/2022 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „-----------” (ს/ნ -----------) №73483/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 19 ივლისის №006-308 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ გაანგარიშებული არაგონივრული ფულადი ნაშთის საწარმოს უფლებამისილ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტების აღწერა:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 11 მაისის №11863 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „----------” (ს/ნ ----------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2018 წლის 25 დეკემბრიდან 2022 წლის 1 მარტამდე საანგარიშო პერიოდები, გარდა აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 22 აპრილის N12251 ბრძანებით მოცული საკითხებისა. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 1 ივლისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 18 ივლისის №19063 ბრძანება და 19 ივლისის №006-308 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 474 587 ლარი, მათ შორის: გადასახადი 280 861 ლარი, ჯარიმა 143 717 ლარი, საურავი 50 009 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა, გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და 2022 წლის 12 სექტემბრის №23506 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 12 სექტემბრის №23506 ბრძანებასთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში წარდგენილი საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და 2022 წლის 28 ოქტომბრის №17777/2/2022 გადაწყვეტილებით, საჩივარი პირველი დავის საგნის ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 28 ოქტომბრის №17777/2/2022 გადაწყვეტილებაში მითითებულია:
,,საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირ განხილვაზე მომჩივნის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საწარმოს ნაღდი ფულის ხარჯვა დოკუმენტების გარეშე არ გააჩნია, მშენებლობის განსახორციელებლად დამფუძნებლებს საწარმოში შეჰქონდათ თანხები, ამ თანხებით ხდებოდა მშენებელი კომპანიის დავალიანების გადახდა, დამფუძნებლების ფულადი მოძრაობა ასახულია საბუღალტრო პროგრამა „ორისის“ აღრიცხვაში. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ჯერ კიდევ არ იყო დაფარული დამფუძნებლების დავალიანება და აუდიტის დეპარტამენტში წარდგენილი საბუღალტრო პროგრამა „ორისის“ მიხედვით დასტურდება, რომ საწარმოს გადასახდელ ვალდებულებებში მიმდინარე პერიოდშიც ერიცხება დამფუძნებლების დავალიანება, აღნიშნული დავალიანება დადასტურებულია შესაბამისი პირველადი საბუღალტრო და საგადასახადო დოკუმენტებით.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი, რის გამოც საჩივარი ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციის და დასახელებული მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება ამ ნაწილში არამართლზომიერია. შედეგად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და საჩივარი პირველი დავის საგნის ნაწილში ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.’’
სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებების მიხედვით:
წარმოდგენილი სააღრიცხვო ინფორმაციის თანახმად დგინდება, რომ კომპანიას ყოველი თვის ბოლოს სალაროში უფიქსირდება დიდი ოდენობით ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც იზრდება/მცირდება პერიოდულად. შემოწმებით, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის N22708 ბრძანების შესაბამისად დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი N9) თანახმად, ყოველთვიური სალაროს ფულადი ნაშთიდან განსაზღვრული იქნა გონივრული ნაშთის ოდენობა (საკასო შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით), ხოლო დარჩენილი ნაღდი ფულის ნაშთის ნაწილი, შესაბამისი საანგარიშო პერიოდების მიხედვით დაკვალიფიცირდა როგორც არაგონივრული ნაშთის ოდენობა. შემოწმებით არ გამოვლენილა ისეთი გარემოებები, რომელთა გათვალისწინებითაც დასაბუთებული იქნებოდა სალაროში არაგონივრული ნაშთის შენახვის საჭიროება. შემოწმებით გაანგარიშებული არაგონივრული ნაშთის ოდენობა, მისი წარმოშობის კალენდარულ თვეში ჩაითვალა საწარმოს უფლებამოსილ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ზ’’ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მე 8 ნაწილის გათვალისწინებით, დაიბეგრა მოგების გადასახადით, ხოლო იმ პერიოდებში, სადაც სალაროს ნაშთი მცირდება, შემოწმებით დაკვალიფიცირებული იქნა სესხის დაბრუნებად და დარიცხული მოგების გადასახადი დაექვემდებარა ჩათვლას. გაცემული სესხის მიხედვით გაანგარიშებული სარგებლის თანხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად, დაკვალიფიცირდა ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას სარგებლის ღირებულებად ითვლება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.
,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ: პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96– ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ საწარმოს სალაროში ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთი არ ერიცხება. განმარტავს, რომ საწარმოს ბინების რეალიზაცია დაწყებული აქვს 2020 წლის დეკემბრიდან, ხოლო მანამდე საწარმოში მშენებლობის განსახორციელებლად თანხა შემოჰქონდათ პარტნიორებს და იღებდნენ სესხებს. განმარტავს, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ჯერ კიდევ არ იყო დაფარული დამფუძნებლის დავალიანება და ეს ინფორმაცია ასახულია საწარმოს მიერ წარდგენილ ბუღალტრულ აღრიცხვაში. ასევე მიუთითებს, რომ შემოწმებამ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ საწარმოს მიერ ნაღდი ფულით გაწეული ხარჯები დადასტურებულია პირველადი საბუღალტრო და საგადასახადო დოკუმენტებით. აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტს არ შეუსწავლია საწარმოში ნაღდი ფულის მოძრაობა და არალოგიკურია სესხად ჩაითვალოს თანხა, რომელიც შემოტანილი აქვს დამფუძნებელს და ეს დავალიანება არ არის დაფარული. ითხოვს აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხების გაუქმებას.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებაში წარმოდგენილ განმარტებაზე, რომლის მიხედვით დგინდება, რომ საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირ განხილვაზე მომჩივნის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საწარმოს ნაღდი ფულის ხარჯვა დოკუმენტების გარეშე არ გააჩნია, მშენებლობის განსახორციელებლად დამფუძნებლებს საწარმოში შეჰქონდათ თანხები და ამ თანხებით ხდებოდა მშენებელი კომპანიის დავალიანების გადახდა. დამფუძნებლების ფულადი მოძრაობა ასახულია საბუღალტრო პროგრამა „ორისის“ აღრიცხვაში. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ჯერ კიდევ არ იყო დაფარული დამფუძნებლების დავალიანება და აუდიტის დეპარტამენტში წარდგენილი საბუღალტრო პროგრამა „ორისის“ მიხედვით დასტურდება, რომ საწარმოს გადასახდელ ვალდებულებებში მიმდინარე პერიოდშიც ერიცხება დამფუძნებლების დავალიანება, აღნიშნული დავალიანება დადასტურებულია შესაბამისი პირველადი საბუღალტრო და საგადასახადო დოკუმენტებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე არსებული მასალებით და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მოყვანილი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----------” (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ გაანგარიშებული არაგონივრული ფულადი ნაშთის საწარმოს უფლებამისილ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივნის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საწარმოს ნაღდი ფულის ხარჯვა დოკუმენტების გარეშე არ გააჩნია, მშენებლობის განსახორციელებლად დამფუძნებლებს საწარმოში შეჰქონდათ თანხები, ამ თანხებით ხდებოდა მშენებელი კომპანიის დავალიანების გადახდა, დამფუძნებლების ფულადი მოძრაობა ასახულია საბუღალტრო პროგრამა „ორისის“ აღრიცხვაში. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ჯერ კიდევ არ იყო დაფარული დამფუძნებლების დავალიანება და აუდიტის დეპარტამენტში წარდგენილი საბუღალტრო პროგრამა „ორისის“ მიხედვით დასტურდება, რომ საწარმოს გადასახდელ ვალდებულებებში მიმდინარე პერიოდშიც ერიცხება დამფუძნებლების დავალიანება, აღნიშნული დავალიანება დადასტურებულია შესაბამისი პირველადი საბუღალტრო და საგადასახადო დოკუმენტებით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
შემოწმებით, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის N22708 ბრძანების შესაბამისად დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი N9) თანახმად, ყოველთვიური სალაროს ფულადი ნაშთიდან განსაზღვრული იქნა გონივრული ნაშთის ოდენობა (საკასო შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით), ხოლო დარჩენილი ნაღდი ფულის ნაშთის ნაწილი, შესაბამისი საანგარიშო პერიოდების მიხედვით დაკვალიფიცირდა როგორც არაგონივრული ნაშთის ოდენობა.შემოწმებით არ გამოვლენილა ისეთი გარემოებები, რომელთა გათვალისწინებითაც დასაბუთებული იქნებოდა სალაროში არაგონივრული ნაშთის შენახვის საჭიროება. შემოწმებით გაანგარიშებული არაგონივრული ნაშთის ოდენობა, მისი წარმოშობის კალენდარულ თვეში ჩაითვალა საწარმოს უფლებამოსილ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(9),982,101,154
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანება.