გადაწყვეტილება №18666/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18666/2/2023
24.02.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 24.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------------ 16.01.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18666/2/2023).
დავის საგანი:
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2.11.2022 წლის №CB1409791 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2.11.2022 წლის №CB1409794 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი; 3. შემოსავლების სამსახურის 28.12.2022 წლის №33156 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 1 910,67 ლარი.
2.11.2022 წლის №CB1409791 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი - 1 710 ლარი 2.11.2022 წლის №CB1409794 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი - 200 ლარი
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2.11.2022 წლის №CB1409791 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 14.07.2022 წლის №18531 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 17 106,71 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლომატერიალური ფასეულობების დანაკლისი. გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე 1 710,6 ლარის ოდენობით.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2.11.2022 წლის №CB1409794 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 14.07.2022 წლის №18531 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 45 ლარის საბაზრო ღირებულების აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები. გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე 200 ლარის ოდენობით.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2.11.2022 წლის №CB1409791 და №CB1409794 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 28.12.2022 წლის №33156 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2.11.2022 წლის №CB1409791 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ნაწილში შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-8 მუხლის მე-11 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე და 286-ე მუხლის მე-9 ნაწილზე.
გადასახადის გადამხდელი საჩივარში აღნიშნავს, რომ კომპანიის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი შეადგენდა 2 072 960,08 ლარს, ხოლო საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ზედმეტობა და დანაკლისი შეადგენს 45 ლარს და 17 106,71 ლარს. ვინაიდან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ზედმეტობის ან/და დანაკლისის ოდენობა ამავე სახის აღრიცხული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების 2 პროცენტს არ აღემატება, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, ვალდებული იყო არ გამოეყენებინა ამავე მუხლის მე-9 და მე-11 ნაწილებით გათვალისწინებული სანქციები.
გადამხდელის პოზიციასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მხარეთა მიერ საქმეზე არსებული მასალებით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საკითხთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებებითა და წარმოდგენილი არგუმენტებით დგინდება, რომ სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ზედმეტობის ან/და დანაკლისის ოდენობა აღემატება ამავე სახის აღრიცხული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ორ პროცენტს, ამდენად, გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-10 ნაწილზე აპელირება დაუსაბუთებელია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების, საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარს თან არ ურთავს ისეთ მტკიცებულებებს, რომელიც გავლენას მოახდენს (შეამცირებს) ინვენტარიზაციის შედეგებზე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ №CB1409791 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2.11.2022 წლის №CB1409794 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ნაწილში შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილზე, 72-ე მუხლზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-8 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-7 ნაწილებზე და 286-ე მუხლის მე-4 და მე-11 ნაწილებზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი წარმოადგენს პირველ შემთხვევას, რაც დასტურდება შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №CB1409794 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის - 200 ლარის ნაცვლად, საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, სანქციის სახით უნდა შეეფარდოს გაფრთხილება.
მომჩივნის არგუმენტაცია
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი ინვენტარიზაციის ჩატარების მომენტში შეადგენდა 2 072 960,08 ლარს, ხოლო საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამართალდარღვევის ოქმების მიხედვით გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ზედმეტობის და დანაკლისის ოდენობები განისაზღვრა შესაბამისად 45 ლარით და 17 106,71 ლარით, რაც ამავე სახის აღრიცხული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების 2%-ს არ აღემატება.
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი ინვენტარიზაციის ჩატარების მომენტში შეადგენდა 2 072 960,08 ლარს, ხოლო საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამართალდარღვევის ოქმების მიხედვით გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ზედმეტობის და დანაკლისის ოდენობები განისაზღვრა შესაბამისად 45 ლარით და 17 106,71 ლარით, რაც ამავე სახის აღრიცხული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების 2%-ს არ აღემატება.
შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კომპანიის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი შეადგენს 2 072 960 ლარს, ხოლო ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის ოდენობა 17 106 ლარს, გამოვლენილი დანაკლისი შეადგენს კომპანიის სასაქონლომატერიალური ფასეულობების 0,8252%-ს. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც გამოვლენილი დანაკლისის ოდენობა ნაშთად არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ოდენობის 1%-საც არ წარმოადგენს, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სამართლებრივი ნორმების დარღვევით მოხდა №CB1409791 სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე სანქციის შეფარდება.
შემოსავლების სამსახური ფაქტობრივ გარემოებებში მიუთითებს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ზედმეტობის (45 ლარი) და დანაკლისის (17 106,71 ლარი) ოდენობებს და აქვე უთითებს ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისათვის სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ნაშთს და განმარტავს, რომ კომპანიას გააჩნდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი ღირებულებით 2 072 960,08 ლარი. შესაბამისად, კიდევ უფრო გაუგებარია შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მის მიერვე ბრძანებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რადგან თუ ერთის მხრივ შემოსავლების სამსახური ეყრდნობა ფაქტებს და უთითებს როგორც სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ოდენობას (2 072 960,08 ლარი), ასევე დანაკლისის ოდენობას (17 106,71 ლარი), რატომ უგულებელყოფს კანონმდებლობის ნორმას (საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-10 ნაწილი) და შემოიფარგლება ზოგადი განმარტებით, რომ ვერ იქნა სათანადო მტკიცებულებები წარდგენილი.
აღნიშნული კიდევ უფრო გაურკვეველს ხდის გადაწყვეტილების შინაარსს, ვინაიდან როდესაც ინვენტარიზაციის მასალებით დადასტურებულია როგორც ნაშთის, ასევე დანაკლისის ოდენობა, რომლის მონაცემებით ნათლად დგინდება, რომ დანაკლისის ოდენობა არ აღემატება ნაშთის 2%-ს, აღნიშნულ ნაწილში რა მტკიცებულებების წარდგენა იყო შესაძლებელი. ამდენად, შემოსავლების სამსახურის მიერ გადაწყვეტილება გამოცემულია ფაქტების გამოკვლევის გარეშე, ასევე კომპანიისთვის დანაკლისის გამოვლენის საფუძვლით სანქცია შეფარდებულია კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევით და შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება და სამართალდარღვევის ოქმი ექვემდებარება გაუქმებას. ასევე, კანონმდებლობის ნორმების დარღვევით განხორციელდა №CB1409794 სამართალდარღვევის ოქმით სანქციის შეფარდება გამოვლენილი ზედმეტობის საფუძვლით. შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით შეფარდებული სანქცია 200 ლარის ოდენობით აღნიშნულ ნაწილში შეიცვალა გაფრთხილებით, რაც ასევე არასწორია. გარდა იმისა, რომ სამართალდარღვევის ოქმით არამართლზომიერად იქნა შეფარდებული სანქცია ზედმეტობის გამოვლენის საფუძვლით, აღნიშნული გამოვლენილია ფაქტობრივი გარემოებების არასათანადო გამოკვლევით, რისი მიზეზიც შესაძლოა ასევე იყოს საქონლის დასახელების არასწორი აღრიცხვით ინვენტარიზაციის შედეგად, მით უმეტეს იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ოდენობა ინვენტარიზაციის მასალებით შეადგენს 2 072 960 ლარს, ხოლო გამოვლენილი ზედმეტობის ოდენობა 45 ლარს. ამდენად, შემოსავლების სამსახურის მიერ გადაწყვეტილება გამოცემულია ფაქტების გამოკვლევის გარეშე, ასევე კომპანიისთვის დანაკლისის და ზედმეტობის გამოვლენის საფუძვლით სანქციები შეფარდებულია კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევით და შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება და სამართალდარღვევის ოქმები ექვემდებარება სრულად გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 და 22-ე ნაწილების თანახმად:
11. დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად საქონლის არამატერიალური ფორმით მარკირების/ნიშანდების შემთხვევაში დანაკლისად არ ჩაითვლება ამ საქონლის წარმოების პროცესში მწარმოებლის მიერ გამოვლენილი დანაკარგი.
22. სააღრიცხვო დოკუმენტაცია არის პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.
ამავე კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის, მე-9 ნაწილის და მე-10 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად:
4. გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა – იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით.
9. გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.
10. ამ მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული სანქციები არ გამოიყენება, თუ: ა) სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ზედმეტობის ან/და დანაკლისის ოდენობა ამავე სახის აღრიცხული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების 2 პროცენტს არ აღემატება.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 31.01.2023 წლის №6866-21-12 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, საინვენტარიზაციო კომისიამ მოახდინა სასაქონლო– მატერიალური ფასეულობების ფაქტიური ნაშთების აღწერა, რომლის მონაცემები შეტანილა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღწერის შესახებ ოქმში (დანართი №16). მომჩივნის ობიექტებში ინვენტარიზაციის დაწყების მდგომარეობით აღმოჩნდა სულ 3 297 547,13 ლარის
ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები საბაზრო ფასით. ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისათვის (14.07.2022 წ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ნაშთმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 2 072 960,08 ლარი. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა სასაქონლომატერიალურ ფასეულობათა დანაკლისმა საბაზრო ღირებულებით შეადგინა (დღგ-ის ჩათვლით და 38,6% ფასნამატის გათვალისწინებით) – 17 106,71 ლარი. 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა 1 710,67 ლარის ოდენობით. ასევე ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა აღურიცხველი სმფ-ები 45 ლარის ოდენობით, რაზეც მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-11 ნაწილით 200 ლარის ოდენობით.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. უნდა დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს შეისწავლოს 14.07.2022 წლის №18531 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული, მომჩივნის კუთვნილი სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მასალები და თუ სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ზედმეტობის ან/და დანაკლისის ოდენობა ამავე სახის აღრიცხული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების 2 პროცენტს არ აღემატება, უზრუნველყოს დაკისრებული ჯარიმების კორექტირება ან სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების გაუქმება.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 28.12.2022 წლის №33156 ბრძანება;
3. დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს შეისწავლოს სადავო საკითხი ამ გადაწყვეტილების შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.