ბრძანება N 5492
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 5492
13 მარტი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს ,,---ს“ (ს/ნ ---)
(მის.:----) 2023 წლის 28 დეკემბრის
საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 15 თებერვალს გამართულ სხდომაზე (ოქმი №15) განიხილა შპს ,,---ს“ (ს/ნ ---) №86370/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 18 დეკემბრის №007-377 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ შპს „---ს“ მიერ, 2019 წლის ბოლოს, მოხდა სს „----თან“ მოძრავი ქონების შეძენა ლიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე. 2021 წლის 24 სექტემბერს ლიზინგის ხელშეკრულებით წარმოშობილ ურთიერთობებში მოხდა მიმღები პირის, შპს ,,----ს“, ჩანაცვლება სხვა სუბიექტებით. შემოწმებით განისაზღვრა, რომ ზემოაღნიშნული ოპერაცია წარმოადგენდა შპს „---ის“ მიერ ლიზინგის საგნის გამოყენების უფლების გადაცემას, რომელიც ექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას. მომჩივანი განმარტავს, რომ შპს ,,---ის“ არ გააჩნდა სალიზინგო ქონებაზე საკუთრების უფლება, შესაბამისად, არ იყო უფლებამოსილი განეხორციელებინა ქონების სხვა პირებისთვის გადაცემა/მიწოდება. ლიზინგის საგნის გადაცემა განხორციელდა სალიზინგო კომპანიის მიერ, შესაბამისად, ის იყო ვალდებული მოეხდინა ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრა. ამასთან, შემმოწმებელი ვერ უთითებს საგადასახადო კოდექსის ნორმას, რომლის საფუძველზეც განახორციელა გადასახადის დარიცხვა. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, პირი მიიჩნევს, რომ აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები უკანონოა. ითხოვს, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 18 დეკემბრის №007-377 საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 22 სექტემბრის №23295 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს ,,---ს“ (ს/ნ ---) კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ აგვისტომდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 6 დეკემბერს შედგა 13 მარტი 2024 N 5492 საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის საფუძველზეც გამოიცა 2023 წლის 18 დეკემბრის №31807 ბრძანება და ამავე თარიღის №007-377 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 218 483 ლარი, მათ შორის გადასახადი 125 783 ლარი, ჯარიმა 62 892 ლარი, საურავი 29 808 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შპს ,,---“ (ს/ნ ---) რეგისტრირებულია 2019 წელს. საწარმოს დირექტორის განმარტებით, გადაწყვიტა დაეწყო ქვიშა-ბეტონის წარმოება და რეალიზაცია. ამ მიზნით 2019 წლის ბოლოს მოხდა სს ,,---ან“, ლიზინგით მოძრავი ქონებების შეძენა:
1. ქვის სამსხვრევი დანადგარი; 2. ბეტონის ქარხანა, 3. თვითმცლელი, 4. ფრონტალური დამტვირთველი, 5. ქვიშის სამსხვრევი დანადგარი.
2021 წლის 24 სექტემბერს მოხდა ლიზინგის ხელშეკრულებებსა და მათ საფუძველზე წარმოშობილ ურთიერთობებში მხარის ჩანაცვლების შესახებ შეთანხმებების გაფორმება, რითაც შპს ,,----“ ჩანაცვლდა ახალი მიმღები სუბიექტებით (----), რის საფუძველზეც, ლიზინგის ახალ მიმღებებზე გადავიდა დამატებითი ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ყველა უფლება და ვალდებულება. გადამხდელის განმარტებით, აღნიშნული ხელშეკრულებების გარდა სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობა შპს ,,---ის“ ამ კომპანიებთან არ ჰქონია. ამასთან, საწარმოს დირექტორის განმარტებით, კომპანიას სამეწარმეო საქმიანობა არ განუხორციელებია. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით ირკვევა, რომ სს ,,---ის“ მიერ ზემოაღნიშნული ძირითადი საშუალებების შეძენა/მომსახურებასთან დაკავშირებით შპს ,,---ს“ მიმართ გამოწერილია საგადასახადო ანგარიშფაქტურები (სულ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 824 585 ლარი), რომელთა საფუძველზეც შპს ,,---ის“ სრულად აქვს განხორციელებული დღგ-ს ჩათვლა 125 784 ლარის ოდენობით. შემოწმებით განისაზღვრა, რომ აღნიშნული ოპერაცია წარმოადგენს ლიზინგის საგნის გამოყენების უფლების გადაცემას, რომელიც ექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას 2021 წლის სექტემბრის თვის საანგარიშო პერიოდში (როდესაც განხორციელდა ----გთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში შპს ,,---ის“ ჩანაცვლება სხვა იურიდიული პირებით). შემოწმებით, საწარმოს დაერიცხა დღგ, ასევე, დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად, დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/ მომსახურების გაწევა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.
საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება საქონლის ფაქტობრივი გადაცემა იჯარის, ლიზინგის ან მსგავსი ხელშეკრულებით, გამოსყიდვის პირობით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება დასაბეგრი პირის მიერ საქონლის მიწოდება მისი დაქირავებული პირის პირადი სარგებლობისთვის ან მიწოდება/გამოყენება საკუთარი საქმიანობის მიზნისგან განსხვავებული მიზნით, თუ მას ამ საქონელზე ან მასზე გაწეულ ხარჯზე დღგ სრულად ან ნაწილობრივ აქვს ჩათვლილი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-6 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6. თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება: გ) ამ კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში − საქონლის ფაქტობრივად გადაცემის მომენტში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად: 1. თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/ მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
2. ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის: ა) „ა“−„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის შესყიდვის ფასი ამ ან ანალოგიურ საქონელზე, ან თუ ასეთი არ არსებობს − მისი წარმოების ფასი, რომელიც შესაბამის შემთხვევებში დგინდება საქონლის გამოყენების, გასხვისების, დასაკუთრების (მფლობელობაში დარჩენის) ან დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების მომენტში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 117-ე ნაწილის თანახმად, თუ ლიზინგის ხელშეკრულება 2022 წლის 1 იანვრამდეა გაფორმებული, ქონების ლიზინგით გაცემის ოპერაციის დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სალიზინგო გადასახდელების სრული თანხა (ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის ჩათვლით), ხოლო დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება გადასახდელი თანხის პროპორციულად, ეტაპობრივად, იმ საანგარიშო პერიოდების მიხედვით, რომელშიც გათვალისწინებულია შესაბამისი თანხის გადახდა. ამასთანავე, თუ თანხა, სრულად ან ნაწილობრივ, ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე ადრეა გადახდილი, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ამ თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96– ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომლის თანახმად, შპს ,,---ის“ არ გააჩნდა სალიზინგო ქონებაზე საკუთრების უფლება, შესაბამისად, არ იყო უფლებამოსილი განეხორციელებინა ქონების სხვა პირებისთვის გადაცემა/მიწოდება. შპს ,,---“ მოცემულ შეთანხმებაში მონაწილეობდა, როგორც მხარე, ყოფილი მოლიზინგე სუბიექტი და ფორმალურად გამოხატა თანხმობა მხარის ჩანაცვლებაზე. ლიზინგის საგნის გადაცემა განხორციელდა სალიზინგო კომპანიის მიერ, შესაბამისად, ის იყო ვალდებული მოეხდინა ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრა. საჩივარზე თანდართულია ლიზინგის ხელშეკრულებებსა და მათ საფუძველზე წარმოშობილ ურთიერთობებში მხარის ჩანაცვლების შესახებ შეთანხმებები. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სადავო ოპერაციაზე კვალიფიკაციის განსაზღვრის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, განხორციელებულ ოპერაციაზე კვალიფიკაცია განსაზღვროს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1.შპს ,,---ს“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, განხორციელებულ ოპერაციაზე კვალიფიკაცია განსაზღვროს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ლიზინგის საგნის გადაცემის ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრას.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 18 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 19 დეკემბრის №31968 ბრძანება და ამავე თარიღის №006-650 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 75 105 ლარი, მათ შორის, გადასახადი 46 752 ლარი, ჯარიმა 23 376 ლარი და საურავი 4 977 ლარი.
გადაწყვეტილება
საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159; 73 (9); 160 (3); 163; 164; 309 (117).