ბრძანება N 27240
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 27240
06 ნოემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ს” (ს/ნ ---)
(მის.: ---) 2023 წლის 3 აგვისტოს საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 12 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №106) განიხილა შპს „---ს”(ს/ნ ---) №82839/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 4 ივლისის №072-3 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას. ასევე აცხადებს, რომ საწარმოს დოკუმენტური ფასნამატი 2020 წელს შეადგენს 17%-ს, 2021 წელს - 31%-ს, 2022 წელს - 24%-ს. აღნიშნავს, რომ დოკუმენტური ფასნამატის სწორად გამოყენების შემთხვევაში დღგ-ით დასაბაგრი ბრუნვა არ უნდა გაზრდილიყო იმ ოდენობით, როგორც შემოწმებით არის განსაზღვრული, შესაბამისად ითხოვს დოკუმენტური ფასნამატის განსაზღვრის ნაწილში საკითხის დამატებით შესწავლას.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი შემოსავლის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ თანხაში დღგ-ის გათვალისწინებას. აცხადებს, რომ საწარმოს არ მიუღია ფინანსური სარგებელი. ამასთან, შემოწმების მხრიდან არ წარმოდგენილა თანხების მიღების და შემდგომ გატანის რაიმე საბუთი. ითხოვს აღნიშნულ ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლას, უსასყიდლო ოპერაციად განხილვას და მოგების გადასახადით დაბეგვრას. ასევე, გადასახადის გადამხდელი ითხოვს ხარჯების გათვალისწინებას. აცხადებს, რომ საწარმოს გააჩნია ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 31 იანვრის №1456 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „---ს” (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 26 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 4 ივლისის №15766 ბრძანება და ამავე თარიღის №072-3 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 543 846 ლარი, მათ შორის, გადასახადი 329 159 ლარი, ჯარიმა 164 580 ლარი, საურავი 50 107 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი DSP-ის, DVP-ისა და PVC-ის შეძენა და რეალიზაცია როგორც საბითუმოდ, ასევე საცალოდ. საწარმო ასევე მცირე რაოდენობით ახორციელებს ავეჯის აწყობას და რეალიზაციას. საწარმოს ძირითადი მომწოდებლები არიან შპს ,,---“ (ს/ნ ---), შპს ,,---“ (ს/ნ ---) და შპს ,,---“ (ს/ნ ---).
შესამოწმებელ პერიოდში საწარმო ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს კომპიუტერულ პროგრამა „ინფო ბუღალტერიაში“, რომელშიც თითოეული შეძენილი საქონლის აღრიცხვა ხდება სახეობრივად, რაოდენობრივად და თანხობრივად. აღნიშნულ პროგრამაში იდენტიფიცირდებოდა როგორც საქონლის საბითუმო რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი და მისი თვითღირებულება, ასევე საქონლის საცალო რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი და მისი თვითღირებულება. პირის სააღრიცხვო პროგრამის ანალიზით, საწარმოს 2020 წელს საცალო რეალიზაციის ფასნამატი შეადგენს 14%-ს, ხოლო საბითუმო რეალიზაციის ფასნამატი - 19%-ს, 2021 წელს საცალო რეალიზაციის ფასნამატი შეადგენს 61%-ს, ხოლო საბითუმო რეალიზაციის ფასნამატი - 33%-ს, 2022 წელს საცალო რეალიზაციის ფასნამატი შეადგენს 34%- ს, ხოლო საბითუმო რეალიზაციის ფასნამატი - 25%-ს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გადამხდელის მიერ საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა საბითუმოდ (დოკუმენტით) რეალიზებული საქონლის ფასნამატი წლების მიხედვით, რამაც გამოიწვია გადამხდელის დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის და შემოსავლის გაზრდა. შემოწმებით დადგენილ შემოსავალსა და საწარმოს სააღრიცხვო პროგრამაში ასახულ შემოსავალს შორის სხვაობა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე, 101-ე და 154-ე მუხლების თანახმად, საწარმოს დაერიცხა გადასახადები და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:
ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული. ამავე კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებდა კომპიუტერულ პროგრამა ,,ინფო ბუღალტერიაში", რომელშიც თითოეული შეძენილი საქონლის აღრიცხვა ხდებოდა რაოდენობრივად, თანხობრივად და სახეობრივად. აღნიშნულ პროგრამაში იდენტიფიცირდებოდა როგორც საქონლის საბითუმო რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი და მისი თვითღირებულება, ასევე საქონლის საცალო რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი და მისი თვითღირებულება. საცალოდ რეალიზებულ საქონელთან მიმართებით, პირი შემოსავლის აღიარებას ახორციელებდა საკონტროლო-სალარო აპარატის და საბანკო ტერმინალის მეშვეობით. აღსანიშნავია, რომ საწარმოს არ ჰქონდა ცენტრალიზებულად მართული საცალო რეალიზაციის ავტომატიზებული კომპიუტერული სისტემა, რომლის მიხედვითაც იდენტიფიცირებადი იქნებოდა საცალოდ რეალიზებული საქონლის რაოდენობა და ფასი. შესაბამისად მიუხედავად იმისა, რომ საწარმო ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებდა საბუღალტრო პროგრამის მეშვეობით, საცალოდ რეალიზებულ საქონელზე დაბეგვრის ობიექტის დადგენა არ იყო შესაძლებელი. წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ საწარმოს დოკუმენტური ფასნამატი 2020 წელს შეადგენს 17%-ს, 2021 წელს - 31%-ს, 2022 წელს - 24%-ს. აღნიშნავს, რომ დოკუმენტური ფასნამატის სწორად გამოყენების შემთხვევაში დღგ-ით დასაბაგრი ბრუნვა არ უნდა გაზრდილიყო იმ ოდენობით, როგორც შემოწმებით არის განსაზღვრული, შესაბამისად ითხოვს დოკუმენტური ფასნამატის განსაზღვრის ნაწილში საკითხის დამატებით შესწავლას.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების და იმის გათვალისწინებით, რომ შესამოწმებელ პერიოდში შეუძლებელი იყო გადასახადის გადამხდელის საცალოდ რეალიზებულ საქონელზე დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება მართლზომიერია. ამასთან, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ ფასნამატის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით,გადასახადის გადამხდელი არამართლზომიერად მიიჩნევს შემოწმების მიერ საწარმოს დირექტორზე ხელფასად განხილულ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაანგარიშებულ შემოსავალში დღგ-ის გათვალისწინებას. ასევე აცხადებს, რომ საწარმოს გააჩნია ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები და ითხოვს მათ გათვალისწინებას.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, შემოწმებით დადგენილ შემოსავალსა და საწარმოს სააღრიცხვო პროგრამაში ასახულ შემოსავალს შორის სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები.
განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---ს” (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა" ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი შემოსავლის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ თანხაში დღგ-ის გათვალისწინებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 26 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 4 ივლისის №15766 ბრძანება და ამავე თარიღის №072-3 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 543 846 ლარი, მათ შორის, გადასახადი 329 159 ლარი, ჯარიმა 164 580 ლარი, საურავი 50 107 ლარი.
გადაწყვეტილება
საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:136; 49; 61; 2; 43; 73 ( 4, 5,9); 159; 163; 164; 101; 154; 105; 72.
2021 წლამდე მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 161.