გადაწყვეტილება №23183/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23183/2/2024
25 სექტემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.09.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --- ის 31.05.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23183/2/2024).
დავის საგანი:
1. გამოუყენებელი და დაუბრუნებელი აქციზური მარკების ნაწილში აქციზის გადასახადში დაკისრებული სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე;
2. მცირე მეწარმეებისათვის მომსახურების გაწევაზე გადახდილი თანხების გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება;
3. არარეზიდენტი მომწოდებლისთვის (----) გადახდილი თანხის უპროცენტო სესხის სახით გაცემულად განხილვა;
4. ოთხ ფიზიკურ პირზე გაცემულ ხელფასსა და დეკლარირებულ მონაცემებს შორის სხვაობის გამოვლენა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 3.10.2023 წლის №081-208 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 14.05.2024 წლის №11153 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 602 082 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 318 803
აქციზის გადასახადი - 2 395
მოგების გადასახადი - 172 140
საშემოსავლო გადასახადი - 144 268
ჯარიმა - 148 294
საურავი - 134 985
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სარესტორნო მომსახურება და აქვს ღვინის მაღაზია. კერძოდ, ქალაქ --- ზე არსებულ ობიექტზე განთავსებულია მექსიკური რესტორანი, პიცერია, სწრაფი კვების ობიექტი, კაფე-ბარი და ღვინის მაღაზია. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდების გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 28.09.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 3.10.2023 წლის №24359 ბრძანება და №081-208 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 13.12.2023 წლის №31471 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 29.02.2024 წლის №21770/2/2023 გადაწყვეტილებით, საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 13.12.2023 წლის №31471 ბრძანება და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. შემოსავლების სამსახურის 14.05.2024 წლის №11153 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. გამოუყენებელი და დაუბრუნებელი აქციზური მარკების ნაწილში აქციზის გადასახადში დაკისრებული სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა
შემოწმების პროცესში დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს გატანილი აქვს აქციზური მარკები (15,000 ერთეული) აქციზით დასაბეგრი საქონლის (ლუდი, ლიქიორი) იმპორტის მიზნით. გაიმპორტებული პროდუქციის რაოდენობა შეადგენს 13 204 ერთეულს. ხოლო 1 796 ცალი აქციზური მარკა პირს აქვს ნაშთად, ადგილზე. ასევე, 570 ცალი ერთეული აქციზით დასაბეგრი პროდუქციის იმპორტი განხორციელებული აქვს აქციზური მარკების გატანიდან 6 თვეზე მეტი ხნის ვადაში.
საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა აქციზის გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა მიუთითა ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურმა მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
განსახილველი სადავო საკითხის ნაწილში პირი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში და აღნიშნულთან დაკავშირებით წარმოადგენს არგუმენტებს:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 7 ოქტომბრის Nბს-222-219(კ-14) განჩინებით განმარტებულია, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას).
სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
კომპანიის მიერ აქციზურ მარკებთან დაკავშირებული საგადასახადო ვალდებულებები შესრულებულია სრულად და აქციზური მარკები განკარგულია კანონის მოთხოვნების შესაბამისად, თუმცა კომპანია განსახილველი სადავო საკითხის ნაწილში მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომით, რამდენადაც კომპანიას არ გააჩნდა ინფორმაცია აქციზური მარკების მიღებიდან მათი შეზღუდულ ვადაში გამოუყენებლობის შემთხვევაში დაბრუნების ვალდებულების თაობაზე.
ზემოაღნიშნულზე მითითებით და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილებით, კომპანია გათავისუფლდეს განსახილველი სადავო საკითხის მიხედვით დარიცხული სანქციებისგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია.
მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
2. მცირე მეწარმეებისათვის მომსახურების გაწევაზე გადახდილი თანხების გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება ფაქტების აღწერა
გადამხდელს უფიქსირდებოდა მომსახურების სანაცვლოდ თანხის გაცემა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირზე. აღნიშნული პირები შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში (მცირე ბიზნესის სტატუსის მიღებამდე) წარმოადგენდნენ შპს „----ის“ დაქირავებით მომუშავე ფიზიკურ პირებს. შემოწმებით შესწავლილ იქნა მათ შესახებ საბუღალტრო პროგრამაში, საბანკო ამონაწერებსა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია/მონაცემები. მათგან ერთ-ერთი ფიზიკური პირის ძირითადი საქმიანობა განსხვავდებოდა შპს „----ის“ მიმართ გაწეულ მომსახურებისგან. სხვა შემთხვევაში, ბუღალტრული აღრიცხვის მიხედვით, წარმოადგენდა ანგარიშვალდებულ პირს, ასრულებდნენ შიდა ორგანიზაციულ საქმიანობას (ფულის გამოტანა, შეტანა, თანამშრომლებისთვის გადახდა და ა.შ.). ორი ფიზიკური პირის მიერ 2022 წლის 9 თვეში შესრულებული დასუფთავების მომსახურების ღირებულება შეადგენს 120 000 ლარამდე თანხას, მაშინ როცა, დასუფთავების მომსახურებას უწევენ სხვა დაქირავებული პირებიც.
საწარმოს ყველა მათგანისთვის გადახდილი აქვს მცირე ბიზნესის გადასახადი და აღნიშნულ პირებს მცირე ბიზნესით დასაბეგრი შემოსავალი მიღებული აქვთ შპს „---გან“. შემოწმებამ აღნიშნული ოპერაციები განიხილა დაქირავებით მუშაობად, საწარმოს დაერიცხა კუთვნილი გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით. დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადამხდელს უფიქსირდება მომსახურების სანაცვლოდ თანხის გაცემა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე 6 პირზე. რამდენადაც ხსენებული პირები შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში (მცირე ბიზნესის სტატუსის მიღებამდე) წარმოადგენდნენ შპს „----ის“ დაქირავებით მომუშავე ფიზიკურ პირებს, შესწავლილ იქნა მათ შესახებ საბუღალტრო პროგრამაში, საბანკო ამონაწერებსა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია/მონაცემები და აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმებამ ეს ოპერაციები განიხილა დაქირავებით მუშაობად.
მომჩივანი განმარტავს, რომ კომპანია 2020 წლიდან ყოველთვიურად ასაქმებდა 100-მდე ადამიანს, რომელთა შრომის ანაზღაურების შესაბამის საშემოსავლო გადასახადს აკავებდა გადახდის წყაროსთან და იხდიდა სახელმწიფო ბიუჯეტში დროულად. აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტში ჯამში გადახდილია 730 000 ლარამდე საშემოსავლო გადასახადი.
შემოწმების დროს, დაქირავებით მომუშავე თანამშრომლების საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებით ხარვეზი თითქმის არ აღმოჩენილა. პირები, რომლებმაც შემდგომ მიიღეს მცირე ბიზნესის სტატუსი, მანამდე შრომით ურთიერთობაში იყვნენ კომპანიასთან, თუმცა ასრულებდნენ განსხვავებულ საქმიანობებს. ანუ, შრომით ურთიერთობაში მათი ფუნქციამოვალეობები იყო განსხვავებული, ხოლო მცირე ბიზნესის სტატუსის მიღების შემდეგ კომპანიას უწევდნენ სხვაგვარ მომსახურებას. ისინი არ ყოფილან დაქირავებით მომუშავე კადრები მას შემდეგ, რაც გადაწყვიტეს მიეღოთ მცირე ბიზნესის სტატუსი, ხოლო მანამდე მათი შრომის ანაზღაურების შესაბამისი საშემოსავლო გადასახადი კავდებოდა გადახდის წყაროსთან კანონის შესაბამისად. ამასთან, აღნიშნული პირები შემოსავალს იღებენ სხვა კომპანიებიდანაც.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ ხსენებული თანხების დარიცხვა მოხდა ექვს ფიზიკურ პირთან მიმართებაში, კერძოდ, ---- ის შემთხვევაში, კომპანიას მისთვის ორჯერ ჰქონდა ჩარიცხული მცირე მეწარმის გადასახადი, ---- ზე საქვეანგარიშოდ ჰქონდა გაცემული თანხები, ასევე, ჩარიცხული ჰქონდა თანხები სხვადასხვა საჭიროებისათვის (ბინის საფასური, კლუბის მუსიკოსზე გაცემული თანხა, ბაზრობაზე შეძენილი გაზქურა კომპანიისათვის და ა.შ.), --- თვის ჩარიცხული იყო მუშების ავანსი, სხვა პირის მივლინების თანხა და ა.შ. ---- ვის ერთჯერადად ჩარიცხული იყო მცირე ბიზნესის გადასახადის თანხა. შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ მომჩივნის მხრიდან დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საწარმოს მიერ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხების აღნიშნულ პირებზე გადახდილ ხელფასად დაკვალიფიცირება მართლზომიერად. ამდენად, საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო შემოწმების აქტით სადავო გარემოებად იქნა მიჩნეული კომპანიის მიერ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირებისგან მომსახურების შესყიდვისთვის გაწეული ხარჯები და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირები განხილული იქნენ კომპანიის დაქირავებულ პირებთან და გაცემული თანხები დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან 20%-იანი განაკვეთით დაბეგვრას. განმარტავს, რომ კომპანია 2020 წლიდან მოყოლებული საშუალოდ ყოველთვიურად ასაქმებდა 100- მდე ადამიანს, რომელთა შრომის ანაზღაურებაზე საგადასახადო ვალდებულებები შესრულებულია სრულად და კომპანიას ბიუჯეტში გადახდილი აქვს 730 000 ლარამდე ოდენობის საშემოსავლო გადასახადი.
შემმოწმებლის მიერ სადავო გარემოებად მიჩნეულ იქნა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისგან შესყიდული მომსახურებები იმ გარემოებაზე მითითებით, რომ პირები, მცირე ბიზნესის სტატუსის მიღებამდე შრომით ურთიერთობაში იყვნენ კომპანიასთან, თუმცა შემმოწმებელს აღნიშნულ ნაწილში არ განუხორციელებია საქმიანობის ანალიზი. კერძოდ, შრომით ურთიერთობაში ფიზიკური პირები ასრულებდნენ განსხვავებულ საქმიანობებს. ანუ, შრომით ურთიერთობაში მათი ფუნქციამოვალეობები იყო განსხვავებული, ხოლო მცირე ბიზნესის სტატუსის მიღების შემდეგ კომპანიას უწევდნენ სხვაგვარ მომსახურებას.
მაგალითისთვის, ი/მ ---, რომელიც შემოსავლებს იღებს სხვადასხვა წყაროდან, მათ შორის თავისი მშობლიური ქვეყნიდან და ის ხშირად დადის სხვა ქვეყანაში თავისი საქმიანობის განსახორციელებლად, 2021 წლის ივლისიდან კომპანიას უწევს შემდეგ მომსახურებას: თანამშრომელთა სწავლება/ზედამხედველობა საკვები პროდუქტების წარმოების მიმართულებით, კულინარიის ინსტრუქტაჟი, რეცეპტების ოპტიმიზაციაში მხარდაჭერა და კვების უსაფრთხოების ტრენინგი.
შრომითი ურთიერთობის დროს კი ის წარმოადგენდა შეფ-მზარეულს და 2021 წლის ივნისში მასთან შეწყვეტილია შრომითი ხელშეკრულება და შესაბამისი დოკუმენტიც მოწოდებული გვაქვს.
საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლით განსაზღვრულია, რომ შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. ამავე კოდექსით განსაზღვრულია შრომითი ურთიერთობის დამახასიათებელი თვისებები, რომელიც აწესრიგებს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ურთიერთობებს.
შრომითი ურთიერთობის არსებობისას დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ხელშეკრულებით განისაზღვრება პირობები, რომელიც მოიცავს:
მუშაობის დაწყების თარიღს და შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობას;
სამუშაო დროისა და დასვენების დროის განსაზღვრას;
სამუშაო ადგილს და ინფორმაციას დასაქმებულის სხვადასხვა სამუშაო ადგილის შესახებ, თუ მისი მუდმივი ან ძირითადი სამუშაო ადგილი განსაზღვრული არ არის;
თანამდებობსა (არსებობის შემთხვევაში მიეთითება რანგი, თანრიგი, კატეგორია და სხვა) და შესასრულებელი სამუშაოს სახე ან აღწერილობა;
შრომის ანაზღაურებას (მიეთითება ხელფასი, აგრეთვე არსებობის შემთხვევაში − დანამატი) და მისი გადახდის წესს;
ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესს;
ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობას, ანაზღაურების გარეშე შვებულების ხანგრძლივობას და ამ შვებულებების მიცემის წესს;
დამსაქმებლისა და დასაქმებულის მიერ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის წესს;
აღნიშნული თვისებებისგან განსხვავებით მომსახურების გაწევისას პირი მოქმედებს საკუთარი სახელით, თავად მართავს სამუშაო და დასვენების დროს, პასუხისმგებელია კონკრეტული სამუშაოს შესრულებაზე და ვადებზე და აღნიშნული სამუშაოს შეუსრულებლობის შემთხვევაში პასუხს აგებს პირადი მატერიალური ზიანით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მომსახურების გამწევი მეწარმე ფიზიკური პირი ასევე დამოუკიდებლად ახორციელებს ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას, განსხვავებით შრომითი ურთიერთობისგან, სადაც ფიზიკური პირის სახელით ბიუჯეტთან საგადასახადო აგენტის ფუნქცია ეკისრება დამქირავებელს.
საგადასახადო შემოწმების აქტით სადავოდ გამხდარი მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირების შემთხვევაში, მომსახურების ხელშეკრულებით ცალსახად განსაზღვრულია რომ:
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირები მოქმედებენ საკუთარი სახელით;
ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მომსახურების გამწევ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირს;
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებს ვალდებულება აქვთ აუნაზღაურონ დამკვეთს მიყენებული ზიანი, რაც გამოწვეული იქნება მომსახურების არაჯეროვანი შესრულებით;
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებს ვალდებულება აქვთ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობები უზრუნველყონ საკუთარი ხარჯებით;
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირები სამუშაო საათებში შეზღუდულები არ არიან;
მესამე პირებთან ურთიერთობაში მათ უფლება არ აქვთ გამოვიდნენ დამქირავებლის სახელით;
საგადასახადო შემოწმების აქტში შემმოწმებელი აპელირებს, რომ კომპანიას მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისგან დასუფთავების მომსახურებასთან ერთად შეძენილი აქვს კომპანიისგან დასუფთავების მომსახურება. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული არგუმენტზე მითითებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მოკლებულია ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს, რამდენადაც, შემმოწმებელს ასევე გააჩნდა ვალდებულება ერთიდაიმავე დასახელების მომსახურების შესყიდვის ანალიზი განეხორციელებინა, რითიც ნათლად დასტურდება, რომ კომპანიისგან ხდებოდა სპეციფიური დასუფთავების მომსახურების შეძენა და აღნიშნული არ უკავშირდება ძირითად სისტემურ ყოველთვიურ მომსახურებას, რაც გათვალისწინებული იყო მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისგან შესყიდულ დასუფთავების მომსახურებასთან.
შემმოწმებელი ასევე აპელირებს, რომ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებზე ხდებოდა თანხების საქვეანგარიშოდ გაცემა. აღნიშნული მითითება ასევე მოკლებულია ფაქტობრივ საფუძვლებს და შემმოწმებლის მიერ აღნიშნული მითითება არამართლზომიერია.
განსახილველ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოწმების მიერ გამოყენებულ იქნა სსკ-ის 73-ე მუხლი, რომლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის უსაფუძვლობაზე მიუთითებს ის გარემოებაც, რომ შემმოწმებლის მიერ უგულვებელყოფილი იქნა ყველა სამართლებრივი საფუძველი, მათ შორის საქართველო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ნორმები და სასამართლო პრაქტიკა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 24 იანვრის Nბს-566-561(2კ-16) გადაწყვეტილებით სასამართლო იზიარებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას, რომლის მიხედვით, „იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.
ასევე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
საგადასახადო ორგანო ვალდებულია მითითებული მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოიკვლიოს გარემოებები და მხოლოდ ამ გარემოებათა კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და შეფასების შედეგად მიიღოს გადაწყვეტილება საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის შესახებ.“ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 14 მარტის (საქმე Nბს-702-695(2კ-16)) გადაწყვეტილებით განმარტებულია, რომ „საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა ან სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს, შესაბამისად, კანონმდებელი შესაძლებლად მიიჩნევს ოპერაციის კორექტირებას, თუ მისი გამოხატვის ფორმა და მხარეთა რეალური ნება არ ემთხვევა ერთმანეთს. ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლა შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ სამეურნეო ოპერაცია თავისი არსით ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს.
სსკ-ის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილი არ იძლევა მართლზომიერი გარიგების კვალიფიკაციის შეცვლის შესაძლებლობას, ის ეხება ბათილ, ნების ნაკლის მქონე გარიგებებს, მათ შორის თვალთმაქცურ და მოჩვენებით გარიგებებს და არა მართლზომიერ გარიგებებს, რომელთა შინაარსიც შეესაბამება მისივე ფორმას. ოპერაციის შინაარსის და ფორმის შესაბამისობა ურთიერთობის მარეგულირებელი კანონმდებლობით დგინდება.
მხარეთა რეალური ნების შესწავლის გარეშე არ დაიშვება გარიგების კვალიფიკაციის შეცვლა. დაუშვებელია მხარის რეალური ნების იგნორირება, თუ არ არის საკმარისად დიდი ალბათობა იმისა, რომ მხარე თვალთმაქცობს ან ცდება თავისი ნების გამოხატვაში. ოპერაციის ფორმისა და მხარეთა ნებას შორის შესაბამისობის გარკვევა ხდება იმ კანონმდებლობის საფუძველზე, რომლითაც რეგულირდება კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობა. ამ ნორმატიული აქტების გამოყენებით ხდება კონკრეტული სამართლებრივი კონსტრუქციის ფორმის ნორმატიულად დადგენილი შინაარსისა და მხარეთა ფაქტობრივი ნების შეპირისპირება. ფორმა წარმოადგენს მხარეთა შეთანხმების კანონმდებლობით დადგენილ შინაარსს, ხოლო შინაარსი კი მხარეთა რეალურ ნებას. ამასთან, ოპერაციის ფორმისა და შინაარსის შეუსაბამობის, კვალიფიკაციის შეცვლის საჭიროების მტკიცების ტვირთი აკისრია აღნიშნულის შესახებ აქტის გამომცემ ორგანოს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირების დაქირავებულ პირებად განხილვა მოკლებულია სამართლებრივ და ფაქტობრივ გარემოებებს, ეწინააღმდეგება სასამართლო პრაქტიკას და საგადასახადო ვალდებულებები ექვემდებარება სრულად გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 89-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსის 88-ე მუხლით დადგენილ პირობებს, უფლებამოსილია მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მიზნით მიმართოს საგადასახადო ორგანოს, რომელიც გასცემს მცირე ბიზნესის სერტიფიკატს. საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1 პროცენტით, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ ვალდებულების შესრულება იმ ურთიერთობათა ფარგლებში, რომლებიც რეგულირდება საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის შრომის კანონმდებლობით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირი ამ კოდექსის მიზნებისათვის იწოდება დაქირავებულად, პირი, რომელიც ანაზღაურებს ასეთი ფიზიკური პირის მიერ შესრულებულ სამუშაოს, – დამქირავებლად, ხოლო ასეთი ანაზღაურება - ხელფასად.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები. საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:
ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს;
დ) საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.
შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელს უფიქსირდებოდა მომსახურების სანაცვლოდ თანხის გაცემა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე 6 პირზე. აღნიშნული პირები შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში (მცირე ბიზნესის სტატუსის მიღებამდე) წარმოადგენდნენ შპს „---ის“ დაქირავებით მომუშავე ფიზიკურ პირებს. შემოწმებით შესწავლილ იქნა მათ შესახებ საბუღალტრო პროგრამაში, საბანკო ამონაწერებსა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია/მონაცემები. მათგან ერთ-ერთი ფიზიკური პირის ძირითადი საქმიანობა განსხვავდებოდა შპს „---ის“ მიმართ გაწეულ მომსახურებისგან. სხვა შემთხვევაში, ბუღალტრული აღრიცხვის მიხედვით, წარმოადგენდა ანგარიშვალდებულ პირს, ასრულებდნენ შიდა ორგანიზაციულ საქმიანობას (ფულის გამოტანა, შეტანა, თანამშრომლებისთვის გადახდა და ა.შ.). ორი ფიზიკური პირის მიერ 2022 წლის 9 თვეში შესრულებული დასუფთავების მომსახურების ღირებულება შეადგენს 120 000 ლარამდე თანხას, მაშინ როცა, დასუფთავების მომსახურებას უწევენ სხვა დაქირავებული პირებიც.
საწარმოს ყველა მათგანისთვის გადახდილი აქვს მცირე ბიზნესის გადასახადი და აღნიშნულ პირებს მცირე ბიზნესით დასაბეგრი შემოსავალი მიღებული აქვთ შპს „---გან“.
საგადასახადო ორგანომ აღნიშნული ოპერაციები განიხილა დაქირავებით მუშაობად. აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციით, ხსენებული თანხების დარიცხვა მოხდა 6 ფიზიკური პირზე, მათგან ---ის შემთხვევაში კომპანიას მისთვის ორჯერ ჰქონდა ჩარიცხული მცირე მეწარმის გადასახადი,----ზე საქვეანგარიშოდ ჰქონდა გაცემული თანხები, ასევე ჩარიცხული ჰქონდა თანხები სხვადასხვა საჭიროებისათვის (ბინის საფასური, კლუბის მუსიკოსზე გაცემული თანხა, ბაზრობაზე შეძენილი გაზქურა კომპანიისათვის და ა.შ.)---თვის ჩარიცხული იყო მუშების ავანსი, სხვა პირის მივლინების თანხა და სხვა. ----თვის ერთჯერადად ჩარიცხული იყო მცირე ბიზნესის გადასახადის თანხა.
საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ ყველა შემთხვევა და ფიზიკური პირი გადამოწმდა და შესწავლილი იქნა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 6 მაისის №12359 ბრძანების შესაბამისად, კითხვარის გათვალისწინებით
(სამუშაოს შემკვეთსა და სამუშაოს შემსრულებელს შორის წარმოშობილი ურთიერთობის დაქირავებით მუშაობად ან მომსახურების გაწევად კლასიფიცირების თაობაზე). .
მიღებული შედეგებით დადგინდა გაწეული მომსახურების დაქირავებით მუშაობად დაკვალიფიცირების საკითხი. საბჭო გადაწყვეტილების მიღებისას ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანმა ვერ შეძლო მოპასუხე ორგანოს წარმომადგენლის საპირწონე, გამაბათილებელი სათანადო არგუმენტების ან დოკუმენტურად დადასტურებულ შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც მისი არგუმენტების გათვალისწინების, შესაბამისად, შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ფიზიკური პირებისათვის მომსახურების გაწევაზე გადახდილი თანხების დაქირავებულზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართებულია, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
3. არარეზიდენტი მომწოდებლისთვის (---) გადახდილი თანხის უპროცენტო სესხის სახით გაცემულად განხილვა ფაქტების აღწერა
საწარმოს 2020 წლის მაისის, ივნისის და ივლისის თვეებში არარეზიდენტი მომწოდებლისათვის (იტალია - „----“) ერთჯერადად გადარიცხული აქვს 975 473 ლარი, რომლის საფუძველშიც მითითებულია „ავანსი რესტორნის ავეჯის და აღჭურვილობისთვის“ და შემოწმების დასრულების მომენტისათვის ბუღალტრულად ფიქსირდება მოთხოვნებში.
ამასთან, აღნიშნული ოპერაციის საფუძველზე საქონლის მიღება არ მომხდარა. ასევე, შემოწმებისათვის არ იქნა წარმოდგენილი რაიმე სახის სამართლებრივი დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა აღნიშნული დებიტორული დავალიანების მიზეზს და ნამდვილობას.
გადამხდელის ზეპირი განმარტებით, პანდემიის გამო შეფერხდა მოწოდება, ხოლო შემდეგ აღარ იყო აღნიშნული ავეჯის და აღჭურვილობის საჭიროება, ხოლო თანხის მისაღებად დირექტორი ვიზიტით იმყოფებოდა იტალიაში. შემოწმებამ ხსენებული თანხა განიხილა არარეზიდენტისთვის გაცემულ უპროცენტო სესხად, რაც დაიბეგრა მოგების გადასახადით საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-8 ნაწილით.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, საწარმოს 2020 წლის მაისი-ივლისის თვეებში არარეზიდენტი მომწოდებლისათვის (იტალია - „----“) გადარიცხული აქვს 975 473 ლარი. დანიშნულების მიხედვით, აღნიშნული თანხა არის ავანსი რესტორნის ავეჯისა და აღჭურვილობისთვის. შემოწმების დასრულების მომენტისათვის ბუღალტრულად ფიქსირდება მოთხოვნებში. ამასთან, აღნიშნული ოპერაციის საფუძველზე საქონლის მიღება არ მომხდარა.
ასევე, შემოწმებისათვის არ იქნა წარმოდგენილი რაიმე სახის სამართლებრივი დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა აღნიშნული დებიტორული დავალიანების მიზეზს და ნამდვილობას. შემოწმებამ ხსენებული თანხა განიხილა არარეზიდენტისთვის გაცემულ უპროცენტო სესხად, რაც დაიბეგრა მოგების გადასახადით.
მომჩივნის განმარტებით, ხელშეკრულება იტალიურ კომპანია „---“-სა და შპს „----ს“ შორის დადებულია 2020 წლის 30 აპრილს.
შეთანხმების თანახმად, -----ს უნდა მოეწოდებინა ჯამში 939 110.63 ევროს ღირებულების აღჭურვილობა. აღჭურვილობის ჩამონათვალი მოცემულია ხელშეკრულებაში. სახელშეკრულებო ღირებულების გადახდის პირობები აღწერილია ხელშეკრულების მე-3 მუხლში. საწყის ეტაპზე, შეკვეთისას, კომპანიამ მომწოდებელს გადაუხადა ღირებულების 30% ავანსის სახით (281 733 ევრო), რომელმაც შეადგინა 975 473 ლარი. ხელშეკრულებაში დეტალურად არის გაწერილი, თუ რა რაოდენობის და სახის საქონელი უნდა მოეწოდებინა იტალიურ კომპანიას. 2020 წელს დაიწყო კოვიდ პანდემია, რომელიც იყო ფორს-მაჟორი და ამიტომ, კომპანიამ შეცვალა თავისი სამოქმედო სტრატეგია: რესტორნების მოწყობა, ბრენდინგი, დიზაინები, რათა გამკლავებოდა პანდემიის დროს წარმოშობილ სირთულეებს. ამ მიზეზით, მხარეებს შორის მიდიოდა მოლაპარაკება, რათა შეცვლილიყო იმ საქონლის ჩამონათვალი, რაც თავდაპირველი ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული.
2021 წლის ნოემბერში და 2022 წლის ნოემბერში მხარეებს შორის შედგა შეთანხმება, რომ გადარიცხული თანხა კვლავ წარმოადგენდა მომწოდებლის დავალიანებას, მიღებულ ავანსს და მომწოდებელი ელოდებოდა შეცვლილი საქონლის ჩამონათვალს. 2023 წლის მაისში მოხდა დამატებითი შეთანხმება, რის მიხედვითაც, მომწოდებელი 2024 წლის იანვრის ბოლომდე ან დააბრუნებდა გადახდილ თანხას ან საპირწონედ მოაწვდიდა ხელახლა შეთანხმებულ საქონელს. ფაქტია, რომ არსებობს სამართლებრივი დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება აღნიშნული ავანსის ნამდვილობა და მიზეზი.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი რაიმე სახის სამართლებრივი დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა აღნიშნული დებიტორული დავალიანების მიზეზს და ნამდვილობას. გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართული დოკუმენტი წარმოადგენს ხელშეკრულებას, რომელიც ადასტურებს მხარეებს შორის შეთანხმებას განსაზღვრული რაოდენობის საქონლის მიწოდებაზე, ხოლო ის ფაქტი, რომ აღნიშნული ოპერაცია დღემდე წარმოადგენს დებიტორულ დავალიანებას და არ მომხდარა თანხის უკან დაბრუნება, არ დასტურდება დოკუმენტურად.
შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ მომჩივნის მხრიდან დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებისას საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი განმარტავს, რომ კატეგორიულად არ ვეთანხმებით შემმოწმებლის შეფასებას და მიაჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის/შეფასების გარეშე და სამართლებრივი ნორმების უხეში დარღვევით და წარმოადგენს არგუმენტებს დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების უსაფუძვლობასთან დაკავშირებით:
საგადასახადო შემოწმების აქტით, სადავოდ იქნა მიჩნეული კომპანიის მიერ არარეზიდენტი პირისთვის გადახდილი ავანსი და აღნიშნული დაკვალიფიცირდა როგორც არარეზიდენტისთვის გაცემული სესხი და განესაზღვრა შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებები მოგების გადასახადის ნაწილში. უპირველესად ყურადღება გვინდა გავამახვილოთ იმ გარემოებაზე, რომ შემმოწმებლის მიერ ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის და შეფასების გარეშე იქნა სადავო საკითხის ირგვლივ გადაწყვეტილება მიღებული და საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა კანონმდებლობის უხეში დარღვევით.
შემმოწმებლის მიერ ვალდებულებები რეალურად განისაზღვრა სსკ-ის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გამოყენების საფუძველზე, თუმცა საგადასახადო შემოწმების აქტი არათუ არ შეიცავს აღნიშნული ნორმის გამოყენების თაობაზე დასაბუთებას, არამედ შემოწმების აქტი არ არის მითითებული შესაბამისი ნორმაც კი. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 18 ივლისის (საქმე Nბს-854-846(კ-16)) გადაწყვეტილებით განმარტებულია, რომ ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ სამეურნეო ოპერაცია თავისი არსით ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილი არ იძლევა მართლზომიერი გარიგების კვალიფიკაციის შეცვლის შესაძლებლობას, ის ეხება ბათილ, ნების ნაკლის მქონე გარიგებებს, მათ შორის თვალთმაქცურ და მოჩვენებით გარიგებებს და არა მართლზომიერ გარიგებებს, რომელთა შინაარსიც შეესაბამება მისივე ფორმას. ოპერაციის შინაარსის და ფორმის შესაბამისობა ურთიერთობის მარეგულირებელი კანონმდებლობით დგინდება. მხარეთა რეალური ნების შესწავლის გარეშე არ დაიშვება გარიგების კვალიფიკაციის შეცვლა.
დაუშვებელია მხარის რეალური ნების იგნორირება, თუ არ არის საკმარისად დიდი ალბათობა იმისა, რომ მხარე თვალთმაქცობს ან ცდება თავისი ნების გამოხატვაში. ფორმა წარმოადგენს მხარეთა შეთანხმების კანონმდებლობით დადგენილ შინაარსს, ხოლო შინაარსი კი მხარეთა რეალურ ნებას. ამასთან, ოპერაციის ფორმისა და შინაარსის შეუსაბამობის, კვალიფიკაციის შეცვლის საჭიროების მტკიცების ტვირთი აკისრია აღნიშნულის შესახებ აქტის გამომცემ ორგანოს. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით უნდა იკვეთებოდეს/დასტურდებოდეს ისეთი გარემოების არსებობა, რომელიც მიუთითებს ნების გამოვლენის ნაკლზე, ეკონომიკური რეალობის, შინაარსის და სამართლებრივი ფორმის შეუსაბამობაზე, რაც განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო შემოწმების აქტით, შემოწმების მასალებით და დავის წარმოებისას წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება. როგორც ცნობილია, შპს „----ს“-სა და იტალიურ კომპანია „---.“-ს შორის დადებული იყო ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა სპეციფიური დიზაინის რესტორნის ავეჯისა და აღჭურვილობის მოწოდებას. შეთანხმების თანახმად, ----ს უნდა მოეწოდებინა ჯამში 939 110.63 ევროს ღირებულების აღჭურვილობა. აღჭურვილობის ჩამონათვალი მოცემულია ხელშეკრულებაში. ხელშეკრულებაში დეტალურად არის გაწერილი, თუ რა რაოდენობის და სახის საქონელი უნდა მოეწოდებინა იტალიურ კომპანიას. სახელშეკრულებო ღირებულების გადახდის პირობები აღწერილია ხელშეკრულების მე-3 მუხლში. ხელშეკრულება შემოწმების საანგარიშო პერიოდში წარდგენილია აუდიტის დეპარტამენტში. საწყის ეტაპზე, შეკვეთისას, კომპანიამ მომწოდებელს გადაუხადა ღირებულების 30% ავანსის სახით (281 733 ევრო), რომელმაც შეადგინა 975 473 ლარი. ხელშეკრულების მე-3 მუხლი განსაზღვრავს ხელშეკრულებით თანხის გადახდის პირობებს, რომლითაც ცალსახად განსაზღვრულია რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში შპს ---- ს გააჩნდა ვალდებულება მომწოდებლისთვის გადაეხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღირებულების 10%, რომლის მე-3 ნაწილის 3.1.3 პუნქტი გულისხმობს სრული თანხის 50%-ის გადახდას შპს „----“-ის მიერ.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ 2020 წელს დაიწყო პანდემია, რომელიც იყო ფორს-მაჟორი და ამიტომ, კომპანიამ შეცვალა თავისი სამოქმედო სტრატეგია: რესტორნების მოწყობა, ბრენდინგი, დიზაინები, რათა გამკლავებოდა პანდემიის დროს წარმოშობილ სირთულეებს. კომპანიას არსებული მდგომარეობიდან არ შეეძლო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღირებულების 50%-ის გადახდა და შპს ---ის ვერ იქნა ნაკისრი ვალდებულებები შესრულებული. ხელშეკრულების მე-7 პუნქტი კი ითვალისწინებს ხელშეკრულების ანაზღაურების პირობების დარღვევისას პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას, თუმცა შემმოწმებლის მიერ აღნიშნული უგულვებელყოფილი იქნა, ასევე უგულვებელყოფილი იქნა კომპანიის მიერ წარდგენილი არგუმენტები იმის თაობაზე რომ მოლაპარაკებები აღნიშნული ხელშეკრულების ირგვლივ მიმდინარეობს დღესაც.
საგადასახადო დავის წარმოების პროცესში წარმოგიდგენთ დამატებით მტკიცებულებებს აღნიშნული სადავო საკითხის ირგვლივ. ამდენად, შემმოწმებელმა არ შეისწავლა არსებული ხელშეკრულების არსებითი პირობები, უგულვებელყო ფაქტობრივი გარემოებები და საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა იმდაგვარად, რომ არ გააჩნდა აღნიშნული საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, ხოლო აღნიშნულ საკითხზე შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ასევე მოკლებულია ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს. განსახილველ ნაწილში შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება არამართლზომიერია, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა დაუსაბუთებლად და დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები ექვემდებარება სრულად გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ სამეურნეო ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება საბანკო დაწესებულების, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
შემოწმებისას დადგინდა, რომ საწარმოს 2020 წლის მაისის, ივნისის და ივლისის თვეებში არარეზიდენტი მომწოდებლისათვის (იტალია - „----“) ერთჯერადად გადარიცხული აქვს 975 473 ლარი, რომლის საფუძველშიც მითითებულია „ავანსი რესტორნის ავეჯის და აღჭურვილობისთვის“ და შემოწმების დასრულების მომენტისათვის ბუღალტრულად ფიქსირდება მოთხოვნებში.
ამასთან, აღნიშნული ოპერაციის საფუძველზე საქონლის მიღება არ მომხდარა. ასევე, შემოწმებისათვის არ იქნა წარდგენილი რაიმე სახის სამართლებრივი დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა აღნიშნული დებიტორული დავალიანების მიზეზს და ნამდვილობას. გადამხდელის ზეპირი განმარტებით, პანდემიის გამო შეფერხდა მოწოდება, ხოლო შემდეგ აღარ იყო აღნიშნული ავეჯის და აღჭურვილობის საჭიროება, ხოლო თანხის მისაღებად დირექტორი ვიზიტით იმყოფებოდა იტალიაში.
შემოწმებამ ხსენებული თანხა განიხილა არარეზიდენტისთვის გაცემულ უპროცენტო სესხად, რაც დაიბეგრა მოგების გადასახადით. აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციით, შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი რაიმე სახის სამართლებრივი დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა აღნიშნული დებიტორული დავალიანების მიზეზს და ნამდვილობას. გადამხდელის მიერ საჩივარს დართული დოკუმენტი წარმოადგენს ხელშეკრულებას, რომელიც ადასტურებს მხარეებს შორის შეთანხმებას განსაზღვრული რაოდენობის საქონლის მიწოდებაზე, (DAP პირობით ინკოტერმს 2010-ის მიხედვით) ის ფაქტი, რომ აღნიშნული ოპერაცია დღემდე წარმოადგენს დებიტორულ დავალიანებას და არ მომხდარა თანხის უკან დაბრუნება, არ დასტურდება არანაირი დოკუმენტით.
საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირ განხილვაზე მომჩივნის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საჩივარში დასახელებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებული შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენა ვერ მოხერხდა, თუმცა მოლაპარაკებები ზემოთ დასახელებული ხელშეკრულების ირგვლივ მიმდინარეობს დღესაც. კერძოდ, წერილი აქვს მიწერილი საქონლის მომწოდებელი კომპანიისათვის, რაზეც პასუხი ამ ეტაპზე არ მიუღია.
მხარეთა არგუმენტების, წარმოდგენილი მასალების და მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დასახელებული არგუმენტების დამადასტურებელი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. აღნიშნული მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს წარდგენილი მტკიცებულებების და არარეზიდენტი მომწოდებლისთვის გადახდილი თანხის უპროცენტო სესხის სახით გაცემულად კვალიფიკაციის საკითხის შესწავლა, შესწავლის და შეფასების შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
4. ოთხ ფიზიკურ პირზე გაცემულ ხელფასსა და დეკლარირებულ მონაცემებს შორის სხვაობის გამოვლენა ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 28.09.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, წარდგენილი დოკუმენტაციის/ინფორმაციის დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ ოთხ ფიზიკურ პირზე გაცემული ხელფასი განსხვავდება დეკლარირებულისაგან. შემოწმების შედეგად გადამხდელს აღნიშნულ სხვაობაზე დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, წარმოდგენილი დოკუმენტაციის/ინფორმაციის დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ ოთხ ფიზიკურ პირზე გაცემული ხელფასი განსხვავდება დეკლარირებულისაგან. გადამხდელს აღნიშნულ სხვაობაზე დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი.
მომჩივანი აცხადებს, რომ შემმოწმებელს არ მოუწოდებია დეტალური ინფორმაცია, თუ რომელ ფიზიკურ პირებზე გაცემული შრომის ანაზღაურება არ იყო შესაბამისად დეკლარირებული. შესაბამისად, არ ჰქონიათ შესაძლებლობა, გადაემოწმებინა წარდგენილი დეკლარაციის სიზუსტე.
შემოწმების პროცესში დადგინდა, რომ ----საბუღალტრო პროგრამაში გაცემული ხელფასის თანხები განსხვავდებოდა დეკლარირებულისაგან ჯამურად 35 196 ლარით. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებისას საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა იმ საფუძვლით რომ კომპანიის მიერ წარდგენილ საბუღალტრო ჩანაწერების მიხედვით ფიქსირდება დეკლარირებულზე მეტი ოდენობის გაცემული ხელფასები. მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 309-ე მუხლის 112-ე ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის 1ა“ ქვეპუნქტსა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, განსახილველ ნაწილში ნაწილობრივ ეთანხმება შემმოწმებლის პოზიციას, თუმცა მიაჩნია, რომ პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციით, საბუღალტრო ჩანაწერებითა და მისი გაანგარიშებით შემოწმების მონაცემები შეიცავს რიგ უზუსტობებს, რამდენადაც კომპანიის მიერ გაცემული ხელფასები დეკლარირებული/დაბეგრილია სრულად და შესაბამისად არის ასახული საბუღალტრო ჩანაწერებშიც. მნიშვნელოვანია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების აქტს არ ახლავს საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების დანართები (კერძოდ შემოწმებით განსაზღვრული მონაცემები), რომლის მიხედვითაც შემოწმებით განისაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები. ამდენად, ითხოვს მიეცეს შესაძლებლობა საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესწავლილ იქნას მომჩივნის მონაწილეობით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციით, შემოწმების პროცესში დადგინდა, რომ ----ზე საბუღალტრო პროგრამაში გაცემული ხელფასის თანხები განსხვავდებოდა დეკლარირებულისგან ჯამურად 35 196 ლარით. აღნიშნული თანხები ჩაითვალა გაცემულ ხელფასად.
საბჭო გადაწყვეტილების მიღებისას ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო ორგანოს წარმოდგენილ ინფორმაციაზე და იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანმა ვერ შეძლო მოპასუხე ორგანოს გამაბათილებელი არგუმენტების ან დოკუმენტურად დადასტურებული შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც მისი არგუმენტების გათვალისწინების, შესაბამისად, შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან საბუღალტრო პროგრამაში გაცემული ხელფასის თანხები განსხვავდებოდა დეკლარირებულისგან, საბჭოს მიაჩნია, რომ აღნიშნული თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართებულია და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 14.05.2024 წლის №11153 ბრძანება;
3. მე-3 დავის საგნის ნაწილში:
ა) მომჩივანს მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დასახელებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს:
ბ.ა) ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, უზრუნველყოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა;
ბ.ბ) შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. გამოუყენებელი და დაუბრუნებელი აქციზური მარკების ნაწილში აქციზის გადასახადში დაკისრებული სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე;
2. მცირე მეწარმეებისათვის მომსახურების გაწევაზე გადახდილი თანხების გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება;
3. არარეზიდენტი მომწოდებლისთვის გადახდილი თანხის უპროცენტო სესხის სახით გაცემულად განხილვა;
4. ოთხ ფიზიკურ პირზე გაცემულ ხელფასსა და დეკლარირებულ მონაცემებს შორის სხვაობის გამოვლენა.
ფაქტობრივი გარემოებები:
შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 28.09.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 3.10.2023 წლის №24359 ბრძანება და №081-208 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 13.12.2023 წლის №31471 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 29.02.2024 წლის №21770/2/2023 გადაწყვეტილებით, საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 13.12.2023 წლის №31471 ბრძანება და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. შემოსავლების სამსახურის 14.05.2024 წლის №11153 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მე-3 დავის საგნის ნაწილში, აუდიტის დეპარტამნეტს დაევალა შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,9); 89; 88; 90; 12; 101; 102; 154; 269 (7); 98 2.