გადაწყვეტილება №19486/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19486/2/2023
20.07.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-- --- ---“ (ს/ნ -----------------)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 8.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-- --- ---“ს 24.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19486/2/2023).
დავის საგანი:
საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტებში არასწორი მონაცემების არსებობისას იმპორტის გადასახდელების შემცირებისთვის დაკისრებული ჯარიმა და დარიცხული იმპორტის გადასახდელები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 7.12.2022 წლის №ა221-21-10 საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების აქტი;
2. საბაჟო დეპარტამენტის 20.12.2022 წლის №32006 გადასახადის დარიცხვისა და სანქციების დაკისრების შესახებ ბრძანება;
3. საბაჟო დეპარტამენტის 20.12.2022 წლის №002-232 საგადასახადო მოთხოვნა;
4. შემოსავლების სამსახურის 15.03.2023 წლის №5037 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 64 808,5 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 25 768
ჯარიმა - 25 768
საურავი - 13 272,5
ფაქტების აღწერა
გადამხდელმა ---------ში ორი ინვოისის (უნომრო, 29.11.19 წ და უნომრო, 08.12.19 წ.) საფუძველზე, ინდ/მეწარმე - -- „-------------------“-ისაგან შეიძინა და ორი საბაჟო დეკლარაციით (№11116-C13514, 3.12.19 წ. და №11116-C143880, 10.12.19წ. ) საქართველოში შემოიტანა 100 (50+50) ერთეული ელექტრო თვითგორიალა (სკუტერი - ------------------------).
თითოეულ საქონლის საბაჟო დეკლარაციაში და ინვოისში საქონლის რაოდენობა შეადგენს - 50 ერთეულს, ხოლო ღირებულება - 700,000 --ს. საქონლის ჯამური ღირებულება ორივე საქონლის საბაჟო დეკლარაციაში შეადგენს - 1,400,000 -ს, ხოლო საქონლის ერთეულის ფასი - 14,000 -ს, თუმცა შემოწმების მასალებიდან (№215098/21-10, 18.10.21 წ.), კერძოდ, მოვაჭრე მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტისა (№20/10/2019-3, 20.10.19 წ.) და ინვოისების (უნომრო, 2.12.19 წ. და უნომრო, 11.12.19 წ.) მონაცემების თანახმად, საქონლის ერთეულის რეალური ფასი შეადგენს - 45,000 --ს. შესაბამისად 100 ერთეული სკუტერის ჯამურმა ღირებულებამ ნაცვლად - 1,400,000 ---სა, შეადგინა - 4,500,000 ---ი.
თავის მხრივ, ექსპორტიორს (- -- „-------------------) სკუტერები შეძენილი აქვს -------ში კომპანია - - -- „-------------------“-ისაგან - 3,900,000----ად (ერთეულის ფასი - 39,000.0 --ი), რასაც ადასტურებს შემოწმების მასალებში არსებული კონტრაქტი №--- (27.10.19 წ.) სუბიექტებს შორის საქონლის მიწოდებაზე.
საგულისხმოა ასევე შემოწმების მასალებში მოძიებული, სკუტერის მოხმარების სახელმძღვანელო ინსტრუქცია, სადაც იდენტიფიცირებულია მისი მოდელი (--------) და მწარმოებელი ჩინური კომპანია „--“. კომპანიის საიტებზე (-----------) თავისუფლად იძებნება მოდელის ტექნიკური მახასიათებლები და ღირებულების ინტერვალი (5 00 დან 1 000-----მდე).
განცხადებაში მოყვანილი მტკიცებულებით, პროდუქცია საქართველოში მიწოდებულია აბსოლუტურად ახალ მდგომარეობაში და ორიგინალურ ქარხნულ შეფუთვაში. შესაბამისად, გამოიკვეთა საიტზე განთავსებული სკუტერის ფასებსა და იმპორტირებული ანალოგის ფასებს (№--- -----ი) შორის მნიშვნელოვანი სხვაობა.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საბაჟო დეპარტამენტის №30595 (5.12.22 წ.) ბრძანებით დაინიშნა საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმება ხსენებული საქონლის საბაჟო დეკლარაციების მიმართ, ხოლო 7.12.2022 წელს შედგა საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების აქტი №ა221-21-10, ასევე 20.12.2022 წელს გამოიცა №32006 ბრძანება გადამხდელზე გადასახდელის დარიცხვისა და სანქციის დაკისრების შესახებ. ამავე დღეს გამოიცა საგადასახადო მოთხოვნა №002-232, რომელთა თანახმად საქონლის საბაჟო დეკლარაციებში გადამხდელს დამატებით გადასახდელად დაერიცხა დღგ, საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ასევე სანქცია ჯარიმის სახით.
ამასთან, საქმის მასალები შესაბამისი რეაგირებისათვის გადაგზავნილია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში 22.12.2022 წლის №21-10/116624 წერილით.
აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 15.03.2023 წლის №5037 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლზე, 27-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტზე, 30-ე მუხლის მე-2, მე-6, მე-9 და მე-10 ნაწილებზე, 163-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 167-ე მუხლის პირველი ნაწილზე, საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, მომჩივნის არგუმენტზე შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქმის მასალების მიხედვით მოვაჭრე მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტისა (№20/10/2019-3, 20.10.19) და ინვოისების (უნომრო, 02.12.19 წ და უნომრო, 11.12.19 წ) მონაცემების თანახმად, საქონლის ერთეულის რეალური ფასი შეადგენს - 45,000--ს. ამდენად, 100 ერთეული სკუტერის ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა - 4,500,000 -----ი. ასევე საგულისხმოა, რომ ექსპორტიორს სკუტერები შეძენილი აქვს ----ში 3,900,000 ---ად (ერთეულის ფასი - 39,000 ---ი). ამასთან, კომპანიის საიტებზე იძებნება მოდელის ტექნიკური მახასიათებლები და ღირებულების ინტერვალი არის 500 დან 1000 ------მდე.
საქმის მასალებით დასტურდება საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირების ფაქტი, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით (167-ე მუხლი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო აქტით მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული ჯარიმა და წარმოშობილი საბაჟო ვალდებულების დარიცხვა მართლზომიერია.
რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს სადავო აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
როგორც საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების აქტიდან ირკვევა, ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური შემოწმება და დადგინდა, რომ 2019 წლის ნოემბერში საქართველოში შემოუტანია 50+50, სულ 100 ერთეული თვითგორიალა (სკუტერი -----). გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ დეკლარაციაში მითითებული ფასი არის 1 ერთეული 14 000 ---ი, შესაბამისად 100 ერთეული - 1 400 000 ----ი. შემმოწმებელი უთითებს, რომ როგორც შემოწმების მასალებიდან (№219098/21-10, 18.11.2021) ირკვევა, მოვაჭრე მხარეთა შორის დადებული კონტრაქტის (20/10/2019-3, 20.10.19) და ინვოისების (უნომრო, 2.12.19 და 11.12.19) მიხედვით, 1 ერთეულის რეალური ფასი ყოფილა 45 000 ---ი, ამიტომ 100 ერთეულის ჯამური ღირებულება ყოფილა 1 400 000 -----ი.
ზემოთ მოყვანილი პოზიციის გასამყარებლად შემმოწმებელი ასევე უთითებს ერთგვარ ბმულზე, რომელიც არის კონკრეტული თვითგორიალას მწარმოებელი კომპანიის ოფიციალური ვებ-გვერდი, სადაც გასაყიდად გამოტანილია ახალი მოდელები, მითითებული დღევანდელი ფასები და ასევე მითითებულია საცალო ფასები. ამ პირობებში იგი ეჭვებს გამოთქვამს, რომ ასეთი თვითგორიალა საშუალოდ 500-1000 -----ი ღირს და გადამხდელმა კიდევ 217-220 ------ად დაადეკლარირაო.
შემდგომში შემოწმება ახსენებს რაღაც განცხადებას, რომელშიც მოყვანილია მტკიცებულებებიო რომლებითაც დგინდებოდა, რომ მითითებული თვითგორიალები მოწოდებულ იქნა აბსოლუტურად ახალ მდგომარებაში ორიგინალურ ქარხნულ შეფუთვებშიო.
ამ ყველაფრის შედეგად დაადგინეს, რომ გადამხდელს შეუმცირებია გადასახადები და დაარიცხეს დღგ - 25 768 --ი და მისი 100% ჯარიმა - 25 768 --ი, რომელსაც თავისთავად დღემდე ერიცხება საურავები.
შემმოწმებელმა შემოწმება ჩაატარა უმოკლეს დროში, დაახლოებით 2 თვეში, დაჩქარებული წესით, ისე, რომ გადამხდელისთვის არაფერი უცნობებიათ, მას მხოლოდ შემოწმების შედეგები გაუგზავნეს და უკვე დასრულებული პროცესის შემდეგ ითხოვდნენ შეხვედრას, რომელიც არ შედგა, რამეთუ უკვე აზრს იყო მოკლებული, რამეთუ დასრულებული იყო ყველა პროცედურა და აქტები გამოცემული იყო.
სწორედ იმის გამო, რომ გადამხდელისთვის უცნობია, თუ რაზე დაყრდნობით მოხდა სადავო აქტების მიღება, უჭირს კონკრეტული პოზიციის დაფიქსირება. აღნიშნული შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ხელმისაწვდომი გახდება საქმის წარმოების სრული მასალები, განსაკუთრებით კი ხსენებული განცხადება, რომელზე დაყრდნობითაც დაადგინეს, რომ თვითგორიალები მოწოდებულ იქნა აბსოლუტურად ახალ მდგომარებაში, ორიგინალურ ქარხნულ შეფუთვაში, რამეთუ ეს არ შეესაბამება რეალობას.
---ი ინდ. მეწარმე ---- --- ---------ი, გარკვეულ მიზეზთა გამო, იმყოფება კონფლიქტურ დამოკიდებულებაში შპს -- ---- ----ს ერთ-ერთ დირექტორთან და დამფუძნებელთან - --- -------თან, რის გამოც იღებს ყველა ზომებს, რომ მას რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენოს. აღნიშნული შემოწმებაც ხომ სწორედ ----ის მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და მასალების საფუძველზე დაიწყო საბაჟო დეპარტამენტმა?!
---- -----ი იმყოფება -----ში და მისთვის არ არის საფრთხის შემცველი ყალბი და ცრუ ინფორმაციის მიწოდება, ამიტომ იგი უკან არ იხევს და ყველაფერზე მიდის, რათა ზიანი მიაყენოს ---- -------ს და მასთან კავშირს მყოფ პირებს, ეს იქნება ფიზიკური თუ იურიდიული პირი. ამას დადასტურებაა ის ფაქტიც, რომ ასევე მისი საჩივრის/განცხადების/მიმართვის საფუძველზე დაიწყო --- -----ის შემოწმებაც, ზუსტად იგივე პერიოდზე, ისევ თვითგორიალების შესყიდვასთან დაკავშირები, ასევე ---- ------მა სარჩელი აღძრა --- ----ის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოშიც და ითხოვდა სოლიდური თანხების დაკისრებას, სადაც აცხადებდა, რომ ზუსტად იგივე თვითგორიალები (-------) მიყიდა --- -------ს, რომელმაც თანხა არ გადაუხადა. სასამართლოშიც გაყალბებული საბუთები წარადგინა, რომელიც მალევე გამოვლინდა, რის გამოც მათ გაიხმეს სარჩელი (შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საჩივრის დანართი №4 და №5).
კონკრეტულ შემთხვევაში --- ---ის მიერ საბაჟო დეპარტამენტისთვის მიწოდებული 20.10.2019 წლით დათარიღებული კონტრაქტი მხარეთა შორის არ დადებულა. ასეთი კონტრაქტი ბუნებაში არ არსებობს. მან არ წარმოადგინა დედნები, შეგნებულად წარადგინა ასლები, რომლებიც თვითონვე დაამოწმა და თავისი ხელით დაწერა და დაამოწმა ასლი სწორიაო. წარმოდგენილ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა გაკეთებულია მხოლოდ ბოლო გვერდზე, რომელიც ასევე გაყალბებულია. მხარეთა შორის ურთიერთობა შემოიფარგლა მხოლოდ ინვოისით. ასევე მხარეთა შორის არ შექმნილა მის მიერ წარდგენილი ინვოისები, სადაც ერთეულის ფასია 45 000 --ი. ვინაიდან ინვოისს ადგენს მხოლოდ ერთი მხარე, მას დღესაც შეუძლია შექმნას ახალი ინვოისი და მოაწეროს ხელი.
თანამშრომელს დეკლარირების დროს გაუჩნდა შეკითხვა, კერძოდ 9.12.2019 წლის №41 ინვოისში მითითებული ფასი - ჯამურად 50 ერთეული 700 000 --ი, მოიცავდა თუ არა ტრანსპორტირებას. რამეთუ აღნიშნულ ინფორმაციას არ შეიცავდა ინვოისი, ამიტომ --- ------მა დარეკა ---- ----თან, რომელიც როგორც გამყიდველმა და ინვოისის ავტორმა საბაჟოს თანამშრომლის ელექტრონულ ფოსტაზე გამოაგზავნა განმარტებითი წერილი, სადაც აღნიშნა, რომ 8.12.2019 წლის №41 ინვოისში მითითებული ფასი - 700 000 ---ი მოიცავდა ტრანსპორტირების ხარჯებსაც. აღნიშნული დოკუმენტი უკვე დევს მასალებში, თუმცა მეტი თვალსაჩინოებისთვის იგი მასში მითითებულ ინვოისებთან ერთად დაურთო შემოსავლების სამსახურში დართულ საჩივარს (შემოსავლების სამსახურში დართული საჩივრის დანართი №6 და №7). ამ დოკუმენტით მან დამატებით დაადასტურა, რომ ინვოისში მითითებული ფასი შეესაბამება მხარეთა შორის შეთანხმებული გარიგების ნამდვილ ფასს - 1 ერთეულის 14 000 რუბლი, ხოლო ინვოისი, რომელიც საბაჟო დეპარტამენტში წარადგინა, ისიც არის №41, თუმცა დათარიღებულია 11.12.2019 წლით, ამიტომ იგი ვერ იტყვის, რომ შეეშალა და სხვა ინვოისს გულისხმობდა, როდესაც საბაჟოს თანამშრომელს მეილზე მიწერა განმარტება ხარჯებთან დაკავშირებით.
თვითგორიალებზე უნდა აღნიშნოს, რომ მისი ბაზარი ხასიათდება არასტაბილურობით, რაშიც გულისხმობს იმას, რომ ერთი და იგივე მოდელის ნივთი შესაძლოა შეიძინო 100 ---დაც და 500 -----დაც. მათ შორის განსხვავება შეიძლება იყოს მხოლოდ უმნიშვნელო ცვეთა. თუ ეს საქმე არ იქცა მომგებიანად, მაშინ ყოველი არამომგებიანი დღე არის ზარალი, ამიტომ კომპანია, რომელსაც ასეთი სკუტერები ჰყავს ათასობით, არა მოგების არამედ ზიანის თავიდან არიდების მიზნით მნიშვნელოვნად იაფად ყიდის მათ, უბრალოდ საჭირო დროს საჭირო ადგილზე უნდ აღმოჩნდე და საკმაოდ სარფიანი გარიგება გამოგივა. კონკრეტულ შემთხვევაში ---- -----ის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულება, თითქოს წინა პერიოდში იგივე თვითგორიალები თვითონ სხვა კომპანიისგან შეიძინა 39 000 000 ---ად არ შეესაბამება რეალობას, თუ იქ მითითებული თვითგორიალები არის იგივე, რაც შემდგომში მოწოდებულ იქნა შპს -- -- ---ვის, სხვა შემთხვევაში, გაკეთებული განმარტებიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული რომ რეალურ ფასთან იყოს მიახლოებული.
შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო მის დასაბუთებაში იკითხება ერთგვარი რწმენა ---- ----ის მიერ საჩივარში მითითებული ფაქტების მიმართ. ისეთი რწმენა, რომ არცკი სცადეს მისი გადამოწმება, მიუხედავად იმისა რომ განმარტა და დაასაბუთა, რომ მომჩივანი პირი არის პირდაპირ დაინტერესებული პირი იმაში, რომ რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენოს როგორც --- ------ს, ასევე მასთან კავშირში მყოფ ნებისმიერ პირს. ამ მიზნის მისაღწევად კი იგი მზადაა გააყალბოს საბუთები და ინფორმაცია.
მიუთითებს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის მე-5 ნაწილზე და განმარტავს, რომ ამ ეტაპზეც კი ბოლომდე უცნობია, თუ რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიჩნია შემმოწმებელმა იმპორტის გადასახადის ოდენობა შემცირებულად. ფაქტია, რომ კანონმდებელმა ეჭვის საფუძველზე გამორიცხა სამართალდარღვევის შემადგენლობის არსებობა.
ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი 7.12.2022 წლის საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების №ა221-21-10 აქტი. 20.12.2022 წლის №32006 საბაჟო დეპარტამენტის ბრძანება, 20.12.2022 წლის №002-232 საგადასახადო მოთხოვნა და შემოსავლების 15.03.2023 წლის №5037 ბრძანება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:
ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;
ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი. საბაჟო კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის განახორციელოს საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლი.
საბაჟო კოდექსის 30-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:
ა) საბაჟო დეკლარაციით, დროებით შენახვის დეკლარაციით, საქონლის შემოტანის ზოგად დეკლარაციით, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციით, რეექსპორტის დეკლარაციით ან რეექსპორტის შეტყობინებით დეკლარირებული მონაცემების სისწორე, აგრეთვე მისი თანმხლები დოკუმენტების არსებობა, სისწორე, ნამდვილობა და ძალაში ყოფნა;
ბ) დეკლარანტის საბუღალტრო და სხვა ჩანაწერები, რომლებიც დაკავშირებულია შესამოწმებელ საქონელთან ან მასთან დაკავშირებულ ოპერაციებთან ამ საქონლის გაშვებამდე ან გაშვების შემდეგ.
საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება (გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
საგადასახდო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს მისი წარდგენის ერთერთი შემდეგი საფუძველი ადასახადის დარიცხვის ან/და სანქციის დაკისრების შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება ან საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.
მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ უცნობია თუ რაზე დაყრდნობით მოხდა სადავო აქტების მიღება, უჭირს კონკრეტული პოზიციის დაფიქსირება. აღნიშნული შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ხელმისაწვდომი გახდება საქმის წარმოების სრული მასალები, განსაკუთრებით კი ხსენებული განცხადება, რომელზე დაყრდნობითაც დაადგინეს, რომ თვითგორიალები მოწოდებულ იქნა აბსოლუტურად ახალ მდგომარებაში, ორიგინალურ ქარხნულ შეფუთვაში, რამეთუ ეს არ შეესაბამება რეალობას.
--- ---ის მიერ საბაჟო დეპარტამენტისთვის მიწოდებული 20.10.2019 წლით დათარიღებული კონტრაქტი მხარეთა შორის არ დადებულა. ასეთი კონტრაქტი ბუნებაში არ არსებობს. მან არ წარმოადგინა დედნები, შეგნებულად წარადგინა ასლები, რომლებიც თვითონვე დაამოწმა და თავისი ხელით დაწერა და დაამოწმა ასლი სწორიაო. წარმოდგენილ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა გაკეთებულია მხოლოდ ბოლო გვერდზე, რომელიც ასევე გაყალბებულია. მხარეთა შორის ურთიერთობა შემოიფარგლა მხოლოდ ინვოისით. ასევე მხარეთა შორის არ შექმნილა მის მიერ წარდგენილი ინვოისები, სადაც ერთეულის ფასია 45 000 ----ი. ვინაიდან ინვოისს ადგენს მხოლოდ ერთი მხარე, მას დღესაც შეუძლია შექმნას ახალი ინვოისი და მოაწეროს ხელი.
მიუთითებს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის მე-5 ნაწილზე და განმარტავს, რომ ამ ეტაპზეც კი ბოლომდე უცნობია, თუ რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიჩნია შემმოწმებელმა იმპორტის გადასახადის ოდენობა შემცირებულად. ფაქტია, რომ კანონმდებელმა ეჭვის საფუძველზე გამორიცხა სამართალდარღვევის შემადგენლობის არსებობა.
ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი 7.12.2022 წლის საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების №ა221-21-10 აქტი. 20.12.2022 წლის №32006 საბაჟო დეპარტამენტის ბრძანება, 20.12.2022 წლის №002-232 საგადასახადო მოთხოვნა და შემოსავლების 15.03.2023 წლის №5037 ბრძანება. საბჭოს სხდომაზე საკითხის განხილვისას საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით საქონლის განბაჟებისას წარმოდგენილი ინვოისში მთითებული ინფორმაცია განსხვავდება ექსპორტიოროს მიერ მოწოდებული ინვოისისგან, საბაჟო დეპარტამენტი კი შემოწმებისას დაეყრდნო ექსპორტიორის მიერ მიწოდებულ ინვოისს. ამასთან საქმე შესაბამისი რეაგირებისთვის გადაცემულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.
ფაქტობრივი გარემოებების და წარმოდგენილი არგუმენტების განხილვის შემდეგ, საბჭომ მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, საბაჟო დეპარტამენტს უნდა დაევალოს, დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება, დამატებით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში აღნიშნული გარემოებები, საჩივარზე წარმოდგენილი არგუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების, მათ შორის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გაგზავნილი მასალების საფუძველზე მიღებული ინფორმაციის გათვალიწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 15.03.2023 წლის №5037 ბრძანება;
3. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება, დამატებით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში აღნიშნული გარემოებები, საჩივარზე წარმოდგენილი არგუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების, მათ შორის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გაგზავნილი მასალების საფუძველზე მიღებული ინფორმაციის გათვალიწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად;
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტებში არასწორი მონაცემების არსებობისას იმპორტის გადასახდელების შემცირებისთვის დაკისრებული ჯარიმა და დარიცხული იმპორტის გადასახდელები.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელმა ორი ინვოისის საფუძველზე, ინდ/მეწარმისაგან შეიძინა და ორი საბაჟო დეკლარაციით საქართველოში შემოიტანა 100 ერთეული ელექტრო თვითგორიალა (სკუტერი).
განცხადებაში მოყვანილი მტკიცებულებით, პროდუქცია საქართველოში მიწოდებულია აბსოლუტურად ახალ მდგომარეობაში და ორიგინალურ ქარხნულ შეფუთვაში. შესაბამისად, გამოიკვეთა საიტზე განთავსებული სკუტერის ფასებსა და იმპორტირებული ანალოგის ფასებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობა.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საბაჟო დეპარტამენტის №30595 ბრძანებით დაინიშნა საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმება ხსენებული საქონლის საბაჟო დეკლარაციების მიმართ, შედგა საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების აქტი №ა221-21-10, ასევე გამოიცა №32006 ბრძანება გადამხდელზე გადასახდელის დარიცხვისა და სანქციის დაკისრების შესახებ. გამოიცა საგადასახადო მოთხოვნა №002-232, რომელთა თანახმად საქონლის საბაჟო დეკლარაციებში გადამხდელს დამატებით გადასახდელად დაერიცხა დღგ, საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ასევე სანქცია ჯარიმის სახით.
ამასთან, საქმის მასალები შესაბამისი რეაგირებისათვის გადაგზავნილია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.
აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №5037 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
ფაქტობრივი გარემოებების და წარმოდგენილი არგუმენტების განხილვის შემდეგ, საბჭომ მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, საბაჟო დეპარტამენტს უნდა დაევალოს, დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება, დამატებით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში აღნიშნული გარემოებები, საჩივარზე წარმოდგენილი არგუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების, მათ შორის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გაგზავნილი მასალების საფუძველზე მიღებული ინფორმაციის გათვალიწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 64(2„ბ“ ); 302(6);
ასევე საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:13(2 „ა“ და „ბ“); 27(1 „თ“ ); 30(2„ა“ და „ბ“, 6, 9 ,10 ); 163(1); 167(1,5);