ბრძანება N 9515
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 9515
02.05.2023
შპს „--ის“ (ს/ნ ---)
(მის.: ---) 2022 წლის 30 იანვრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 16 მარტის და 12 აპრილის სხდომებზე (ოქმები №27 და №39) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 7 ოქტომბრის №17287/2/2022 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „--ის“ (ს/ნ ---) №67520/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 24 დეკემბრის №007-547 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
მომჩივნის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, კერძოდ იმ საქონლის და მასალების, რომელთა რეალიზაციაც დოკუმენტურად არ დასტურდებოდა რეალიზებულად განხილვის საფუძვლით დარიცხულ თანხებს.
ასევე, არ ეთანხმება შემოწმების შედეგად განსაზღვრული ფულადი საშუალებების ნაშთის პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას.
ფაქტების აღწერა:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 20 სექტემბრის №32747 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „--ის“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების კუთხით. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2018 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 1 სექტემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2021 წლის 21 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2021 წლის 23 დეკემბრის №40419 ბრძანება და 24 დეკემბრის №007-547 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 1 155 380 ლარი, მათ შორის: გადასახადი 577 404 ლარი, ჯარიმა 306 220 ლარი, საურავი 271 756 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა, გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და 2022 წლის 7 ივლისის №17684 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 7 ივლისის №17684 ბრძანებასთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში წარდგენილი საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და 2022 წლის 7 ოქტომბრის №17287/2/2022 გადაწყვეტილებით, საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 7 ოქტომბრის №17287/2/2022 გადაწყვეტილებაში მითითებულია:
,,აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, შემოწმება დაეყრდნო საგამოძიებო სამსახურის მიერ მიწოდებულ 9.09.2020 წელს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებულ ექსპერტიზას შპს ---ის მიერ დამკვეთისთვის (შპს ---) შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით. ექსპერტისთვის დასმული იყო კითხვა შემდეგი სახით: შეესაბამება თუ არა 2.07.2017 წლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები კომპანიის მიერ ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოებს და აღნიშნულ სამუშაოებზე გახარჯული იქნა თუ არა წარდგენილ სამუშაოთა მიღება-ჩაბარების აქტებში დაფიქსირებული ღირებულების, რაოდენობების, მოცულობის მასალები. ასევე, შპს ---ის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების სანაცვლოდ მისაღები მომსახურების ღირებულება შეესაბამება თუ არა საბაზრო ფასს.
ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით ხელშეკრულებების ფარგლებში შესრულებული სამუშაოების მოცულობები შეესაბამება მიღება-ჩაბარების აქტში (ფორმა №2) დაფიქსირებულ სამუშაოთა მოცულობებს და ობიექტებზე ფაქტობრივად აღნიშნულ სამუშაოებზე გახარჯულია წარმოდგენილ სამუშაოთა მიღება-ჩაბარების (ფორმა №2) აქტში დაფიქსირებული ღირებულების, რაოდენობის და მოცულობის მასალები. ხოლო კომპანიის მიერ შესამოწმებელ პერიოდში გამოწერილი მიღება-ჩაბარების აქტები არ ყოფილა მოცული ექსპერტიზის დასკვნის ფარგლებში, შესაბამისად შემოწმების მიერ მიჩნეულია, რომ აღნიშნული მომსახურება არ უკავშირდება ექსპერტიზით მოცულ ხელშეკრულებებს.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის განმარტებით, 2017 წლის ბოლოსთვის სამუშაოების დიდი ნაწილი დასრულებული იყო და შესაბამისად ჩაბარებული ჰქონდა დამკვეთს. ხოლო დარჩენილი სამუშაოების ფაქტობრივი ჩაბარება მოხდა 2018 წლის ივნისის თვეში, აღნიშნულ სამუშაოებზე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა კომპანიის მხრიდან გამოწერილი არ იყო და შესაბამისად არც შემოსავალი იყო დეკლარირებული. მოგვიანებით, შემოწმების პერიოდში მოხდა, როგორც საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა, ასევე ურთიერთშეთანხმების აქტის გაფორმება დამკვეთსა და შემსრულებელს შორის. შესაბამისად, ის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, რომელსაც შემოწმება თვლის რეალიზებულად გახარჯულია და ეკუთვნის აღნიშნულ სამუშაოებს. ყოველივე ეს დასტურდება იმ პირველადი დოკუმენტებით და საბუღალტრო პროგრამის ასლით, რომელიც თავის დროზე წარდგენილი იყო შემოწმებისთვის და გაუგებარია, რატომ მოხდა შემოწმების პროცესში არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება. ამასთან, შემოწმების პერიოდში გამოწერილი მიღებაჩაბარების აქტები, ვერ მოხვდებოდა ექსპერტიზის დასკვნაში, ვინაიდან ექსპერტიზა ჩატარდა 9.09.2020 წელს, ხოლო მიღება-ჩაბარება დამკვეთსა და შემსრულებელს შორის გაფორმდა მოგვიანებით 20.12.2020 წელს. ამასთან, კომპანიას გააჩნია აუდიტორული კომპანიის მიერ 12.04.2018 წლით დათარიღებული დასკვნა, რომელშიც მოცემულია შპს ---ის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ფორმა 2-ით აღიარებულ მოცულობებს ანუ აღნიშნული აუდიტორული დასკვნა ცალსახად ადასტურებს, რომ შპს ---ის მიერ 12.04.2018 წლისათვის ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოები ხარჯთაღრიცხვებიდან გამომდინარე ბევრად უფრო მეტი მოცულობის და ღირებულებისაა, ვიდრე ეს წერია 2017 წლის ფორმა 2-ში. ხოლო რაც შეეხება ამ ნაწილში დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს, ითხოვს სრულად შემცირებას, ვინაიდან თანხის ანაზღაურებას დამკვეთის მხრიდან ადგილი არ ჰქონია. უფრო მეტიც შპს ---სა და შპს ---ს შორის აღნიშნულ თანხაზე მიმდინარეობს სასამართლო დავა.
ზემოთ აღნიშნული ცხადყოფს, რომ სახეზე არ არის არავითარი მოჩვენებითი თუ თვალთმაქცური გარიგება. არ არსებობდა შინაარსის ფორმაზე აღმატებულობის პრინციპის გამოყენების საფუძველი. აშკარაა ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ გამოცემული აქტების ბათილობის და კომპანიის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლები.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე, შემოსავლების სამსახურის და საგადასახადო ორგანოს შეფასებებზე და მიაჩნია, რომ მხარეებს შორის განხორციელებული ოპერაციის შეფასება, მათ შორის სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 7.07.2022 წლის №17684 ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.’’
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2019 წლის 23 სექტემბრის N32783 ბრძანების შესაბამისად ჩატარდა შპს ,,---ს’’ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებისა და ძირითადი საშუალებების ფაქტიური აღწერა. აღნიშნული აღწერის შესახებ ინფორმაცია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შემდგომი რეაგირების მიზნით გადაიგზავნა აუდიტის დეპარტმანენტში. შემოწმების პროცესში გაკეთებული ანალიზის შედეგად, საწარმოს უფიქსირდება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენა, რომლის გარკვეული ნაწილის ფაქტიური ნაშთი არ გააჩნია. გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის შესაბამისად არ ახორციელებს საქონლის ჩამოწერას, კერძოდ შემოწმების შედეგად უნდა ჰქონოდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი, რომელიც ინვენტარიზაციის შედეგად არ აღმოაჩნდა.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოწმების მსვლელობისას გამოყენებული იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის დებულებები და საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, ვინაიდან გადამხდელის ძირითად საქმიანობის საგანს წარმოადგენს სამშენებლო-სარემონტო მომსახურების გაწევა, ის საქონელი და მასალები, რომლის რეალიზაციაც დოკუმენტურად არ დასტურდებოდა, ჩაითვალა რეალიზებულად საწარმოს საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე განსაზღვრული ფასნამატით და დაიბეგრა დღგ-ით.
შემოწმების ფარგლებში განსაზღვრულ იქნა ფულადი საშუალებების ნაშთი, რომელიც ფაქტიურად საწარმოს არ აღმოაჩნდა. აღნიშნული თანხა განხილული იქნა პასუხისმგებელ პირზე ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
სადავო საკითხებთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექს ის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ მათ დამკვეთს წარმოადგენდა შპს ,,---’’, რომელთანაც გაფორმებული იყო გრძელვადიანი კონტრაქტები სხვადასხვა სამშენებლო სამუშაოებზე. 2017 წლის ბოლოსთვის სამუშაოების დიდი ნაწილი დასრულებული იყო და დამკვეთს ჩაბარებული ჰქონდა, ხოლო დარჩენილი სამუშაოების ფაქტობრივი ჩაბარება მოხდა 2018 წლის ივნისში. აღნიშნულ სამუშაოებზე საგადასახადო ანაგარიშ-ფაქტურა არ იყო გამოწერილი და არც შემოსავალი არ იყო დეკლარირებული. მოგვიანებით, შემოწმების პერიოდში მოხდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა, ასევე ურთიერთშეთანხმების აქტის გაფორმება, რომლითაც შემსრულებელმა ჩააბარა, ხოლო დამკვეთმა ჩაიბარა 2018 წლის ჩატარებული სამუშაოები. კერძოდ, მრავალფუნქციური შენობის სამშენებლო სამუშაოები თანხით 1 083 165.24 ლარი და ტერმინალის ადმინისტრაციული შენობის სამუშაოები თანხით 159 519.01 ლარი. შესაბამისად, ის სმფები, რომელიც შემოწმებამ ჩათვალა რეალიზებულად, გახარჯულია და ეკუთვნის ზემოაღნიშნულ სამუშაოებს. აღნიშნული დასტურდება იმ პირველადი დოკუმენტებით და ბუღალტრული პროგრამით, რომელიც თავის დროზე წარუდგინეს შემოწმებას. რაც შეეხება საშემოსავლო გადასახდში დარიცხულ თანხებს, ითხოვს მათ სრულად გაუქმებას, რადგან დამკვეთს თანხა არ აუნაზღაურებია. მხარეებს შორის აღნიშნულ თანხაზე მიმდინარეობს სასამართლო დავა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებაში მითითებულ მომჩივნის განმარტებაზე, რომლის თანახმად შემოწმების პერიოდში გამოწერილი მიღება-ჩაბარების აქტები, ვერ მოხვდებოდა ექსპერტიზის დასკვნაში, ვინაიდან ექსპერტიზა ჩატარდა 2020 წლის 9 სექტემბერს, ხოლო მიღებაჩაბარება დამკვეთსა და შემსრულებელს შორის გაფორმდა მოგვიანებით 2020 წლის 20 დეკემბერს. ამასთან, კომპანიას გააჩნია აუდიტორული კომპანიის მიერ 2018 წლის 12 აპრილით დათარიღებული დასკვნა, რომელშიც მოცემულია შპს ,,---ის’’ მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ფორმა N2-ით აღიარებულ მოცულობებს ანუ აღნიშნული აუდიტორული დასკვნა ცალსახად ადასტურებს, რომ შპს ,,---ის’’ მიერ 2018 წლის 12 აპრილისთვის ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოები ხარჯთაღრიცხვებიდან გამომდინარე ბევრად უფრო მეტი მოცულობის და ღირებულებისაა, ვიდრე ეს წერია 2017 წლის ფორმა N2-ში. რაც შეეხება აღნიშნულ ნაწილში დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს, ითხოვს სრულად შემცირებას, ვინაიდან თანხის ანაზღაურებას დამკვეთის მხრიდან ადგილი არ ჰქონია. უფრო მეტიც შპს ,,---სა’’ და შპს ,,---ს’’ შორის აღნიშნულ თანხაზე მიმდინარეობს სასამართლო დავა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ მხარეებს შორის განხორციელებულ ოპერაციაზე საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის საკითხი და შემოწმების შედეგად განსაზღვრული ფულადი საშუალებების ნაშთის პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით და მისი მონაწილეობით, აგრეთვე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 7 ოქტომბრის №17287/2/2022 გადაწყვეტილების შესაბამისად შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხები, მათ შორის გამოითხოვოს საგამოძიებო სამსახურში არსებული ინფორმაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით და მისი მონაწილეობით, აგრეთვე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 7 ოქტომბრის №17287/2/2022 გადაწყვეტილების შესაბამისად შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხები, მათ შორის გამოითხოვოს საგამოძიებო სამსახურში არსებული ინფორმაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, საქონლის და მასალების რეალიზებულად განხილვის საფუძვლით დარიცხულ თანხებს.
არ ეთანხმება შემოწმების შედეგად განსაზღვრული ფულადი საშუალებების ნაშთის პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 7 ივლისის №17684 ბრძანებასთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში წარდგენილი საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და 2022 წლის 7 ოქტომბრის №17287/2/2022 გადაწყვეტილებით, საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
გადაწყვეტილება
საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (5); 101; 154.
2021 წლამდე მოქმედი სსკ 161; 171.