გადაწყვეტილება №17969/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 08.12.2022
№ დოკუმენტი 17969/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№17969/2/2022

8.12.2022

გადაწყვეტილება

მომჩივანი:" -------" (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 8.12.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება -------- 9.10.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივრებზე (რეგისტრაციის №17969/2/2022; №17970/2/2022; 75343/1/2022).

დავის საგანი:

1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის განსაზღვრა;

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 10.05.2022 წლის №236-2 საგადასახადო მოთხოვნა; 2. შემოსავლების სამსახურის 5.09.2022 წლის №23000 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 163 358 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 90 445

საშემოსავლო გადასახადი - 90 205

ქონების გადასახადი - 240

ჯარიმა - 45 363

საურავი - 27 550

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა შავი ლითონის ჯართის და ნარჩენების შეძენა და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.01.2022 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 14.04.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 10.05.2022 წლის №11794 ბრძანება და ამავე თარიღის №236-2 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 11.06.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 5.09.2022 წლის №23000 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი სხვა ხარჯის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები.

ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 5.09.2022 წლის №23000 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის განსაზღვრა ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოწმების პროცესში განხორციელდა გადამხდელის მიერ 2019 და 2020 წლების საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში დეკლარირებული სხვა ხარჯების ანალიზი, რის შედეგადაც დადგინდა, რომ სხვა ხარჯებში ასახული არ არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის მიხედვით დასაკავებელი საშემოსავლო გადასახადი (3%). შემოწმების მიერ გაანგარიშებულმა საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის მიხედვით დასაკავებელმა საშემოსავლო გადასახადმა (3%-იანი განაკვეთი) შეადგინა 43 002 ლარი, რომელიც საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით დაექვემდებარა გამოქვითვას. შესაბამისად, აღნიშნული თანხით შემცირებულია დასაბეგრი შემოსავალი

მეწარმის მიერ წარდგენილი 2019 და 2020 წლების საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციების მიხედვით ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითულია სხვა ხარჯი 300 ლარის ოდენობით, ნაცვლად შემოწმებით დადგენილი 50 028 ლარის (ქონების გადასახადი 388 ლარი, სახარჯი მასალები 49 112 ლარი, ბანკის საკომისიო 528 ლარი) სხვადასხვა ხარჯისა. შემოწმების შედეგად გამოვლენილი სხვაობა 49 728 ლარის ოდენობით, საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, დაექვემდებარა სხვა ხარჯების ნაწილში ასახვას. შესაბამისად, აღნიშნული თანხით შემცირებულია დასაბეგრი შემოსავალი.

მეწარმის მიერ დეკლარირებული 2019 და 2020 წლების საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციების მიხედვით ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითულია 1 583 552 ლარის ღირებულების შეძენილი საქონელი, მასალა და ნედლეული (მეწარმე შეძენილი საქონლის ღირებულებას ადეკლარირებს გამოქვითვას დაქვემდებარებულ სხვა ხარჯის გრაფაში). შემოწმების შედეგად მეწარმის ახსნა-განმარტებების, შავი და ფერადი ლითონის მიღება-ჩაბარების აღრიცხვის ჟურნალის მონაცემების და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, საქონლის მოძრაობის ანალიზის შესწავლის საფუძველზე განხორციელდა შეძენილი მარაგების (შავი ლითონის ჯართის) ღირებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, გადამხდელის მიერ დოკუმენტურად რეალიზებული გამოწერილი ელ. სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული შავი ლითონის ჯართის შეძენის ღირებულებად (დოკუმენტურად დადასტურებული შეძენილი ჯართის გათვალისწინებით) აღებულია აუდიტის დეპარტამენტში არსებული მონაცემები (ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი საწარმოების აუდირებული მონაცემები), აგრეთვე მეწარმის მიერ შავი ლითონის მიღება-ჩაბარების ჟურნალში დაფიქსირებული შეძენის ფასები შესაბამისი პერიოდების მიხედვით. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების შედეგად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითმა შეძენილი ნედლეულის (შავი ლითონის ჯართის) ღირებულებამ შეადგინა 1 390 393 ლარი. შემოწმებით გამოვლენილი სხვაობა 193 159 ლარის ოდენობით, საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, დაექვემდებარა შემცირებას. აღნიშნული თანხით გაიზარდა დასაბეგრი შემოსავალი და მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი. ამასთან, დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

მეწარმის მიერ დეკლარირებული 2019 და 2020 წლების საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის მიხედვით ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითულია ხელფასის სახით განაცემები 60 600 ლარის ოდენობით. შემოწმების შედეგად განხორციელდა გადამხდელის მიერ დეკლარირებული 2019 და 2020 წლების გამოსაქვითი ხარჯების ანალიზი, შედეგად დადგინდა, რომ მეწარმის მიერ შესამოწმებელ პერიოდში გაცემული ხელფასი შეადგენდა 26 120 ლარს. შემოწმების შედეგად გამოვლენილი სხვაობა 34 480 ლარის ოდენობით, საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, დაექვემდებარა შემცირებას. აღნიშნული თანხით გაიზარდა დასაბეგრი შემოსავალი, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით და მის მიერ ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. ამასთან, შემოწმების შედეგად გაანგარიშებულმა ფ/პირებისგან შეძენილი შავი ლითონების ჯართის და ნარჩენების ღირებულებამ შეადგინა 2 466 333 ლარი, რომელიც არ არის დაბეგრილი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის მიხედვით. ასევე, მეწარმის მიერ დეკლარირებული 2019 და 2020 წლების საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციების მიხედვით ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითულია 1 583 552 ლარის ღირებულების შეძენილი საქონელი, მასალა და ნედლეული (მეწარმე შეძენილი საქონლის ღირებულებას ადეკლარირებს გამოქვითვას დაქვემდებარებულ სხვა ხარჯის გრაფაში). შემოწმების შედეგად მეწარმის ახსნა-განმარტებების, შავი და ფერადი ლითონის მიღება-ჩაბარების აღრიცხვის ჟურნალის მონაცემებისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, საქონლის მოძრაობის ანალიზის შესწავლის საფუძველზე განხორციელდა შეძენილი მარაგების (შავი ლითონის ჯართის) ღირებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, გადამხდელის მიერ დოკუმენტურად რეალიზებული გამოწერილი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული შავი ლითონის ჯართის შეძენის ღირებულებად (დოკუმენტურად დადასტურებული შეძენილი ჯართის გათვალისწინებით) აღებულია აუდიტის დეპარტამენტში არსებული მონაცემები (ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი საწარმოების აუდირებული მონაცემები), აგრეთვე მეწარმის მიერ შავი ლითონის მიღება-ჩაბარების ჟურნალში დაფიქსირებული შეძენის ფასები შესაბამისი პერიოდების მიხედვით, რომლის შედეგად ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითმა შეძენილი ნედლეულის (შავი ლითონის ჯართის) ღირებულებამ შეადგინა 1 390 393 ლარი. შესაბამისად, შემოწმებით გამოვლენილი სხვაობა 193 159 ლარის ოდენობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით დაექვემდებარა შეძენილი მასალების გამოსაქვითი ხარჯიდან შემცირებას.

ამასთან, გადამხდელი განმარტავს, რომ სასაქონლო ზედნადებებით გაგზავნილ ჯართის რაოდენობასა და ჟურნალებში დაფიქსირებულ ჯართის რაოდენობას შორის სხვაობა გამოწვეულია ავტომანქანების შეძენით. კერძოდ, შეძენილია მწყობრიდან გამოსული ავტომანქანები (400 ცალამდე), რაზეც არ აქვს შესყიდვის აქტები და შეუძლია ავტომანქანების ტექპასპორტების წარდგენა. აღნიშნავს, რომ თითოეული მანქანის დაშლის შემდეგ იღებდა შავ ლითონს, რომელსაც ბევრად უფრო იაფად ყიდდა. ასევე, სამასი ტონა ჯართი, 180 000 ლარის ღირებულების, იყო მეწარმის საკუთრება, ანუ წყობიდან გამოსული ორი მარშუტკა და სატვირთო. აცხადებს, რომ აღნიშნულ თანხაზე არ ეკუთვნოდა 3% გადასახადის გადახდა. თუმცა, ფიზიკური პირებისგან შესყიდულ საქონელზე ხარჯის გაწევის დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულება არ გააჩნია და საჩივარში მითითებული არგუმენტების დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებები არც საჩივრის განხილვის ეტაპზე არ არის წარდგენილი.

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმებით მართლზომიერად განხორციელდა გადასახადის 4 გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა აღნიშნული სადავო საკითხის ნაწილში და წარდგენილი საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ამასთან, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებული ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას დაქვემდებარებული სხვა სახის ხარჯის ნაწილზე, კერძოდ, გადამხდელის განმარტებით შემოწმების დროს არ მოხდა ტრანსპორტირებისთვის აუცილებელი ხარჯების სრულყოფილად გათვალისწინება. აღნიშნავს, რომ საწვავის შეძენას კომპანიებისგან ახდენდა წინასწარ ტალონების სახით, შემდგომში კი ეს შეიზღუდა და ტექნიკურად გართულდა საბუთით თითოეული რეისისათვის საწვავის შეძენა, თუმცა არაპირდაპირი მეთოდით შესაძლებელი იყო დადგენილიყო ჯართის ტრანსპორტირებისათვის გაწეული საწვავის ხარჯი. საუბარია 100 რეისისათვის საჭირო საწვავზე, რაც შეადგენს 65 000 ლარს. აცხადებს, რომ არ იქნა ასახული არაერთი მნიშვნელოვანი ხარჯი. მაგ: დაქირავებული მუშების ხელფასი, მათი კვების ხარჯი, დენის გადასახადი, ჯართის დაჭრის ხარჯები, იჯარით აღებული მიწის გადასახადი და სხვა.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალიწინებით შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი სხვა ხარჯის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის ბრძანებით მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ წარადგენს ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტებს. გასათვალისწინებელია, რომ შემოწმების შედეგად დამატებით თანხის დარიცხვა გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ არ ჰქონდა საკმარისი დოკუმენტაცია, რის გამოც ითხოვდა მონიტორინგის ან სხვა ხერხის გამოყენებით მომხდარიყო გადაანგარიშება, რომ შეძლებოდა დამატები დარიცხული თანხის გადახდა. ყველა დოკუმენტი რაც გააჩნდა წარდგენილია აქვს საგადასახადო ორგანოსთვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მიაჩნია, რომ დაკისრებული ჯარიმა არის არასამართლიანი. შეცდომას აღიარებს არასწორი ბუღალტერიის წარმოების გამო. სწორედ აღნიშნულია მიზეზი იმისა რომ ხარჯები სრულად არ არის ასახული ბუღალტრულად, შეგნებულად არ აურიდებია თავი გადასახადებისთვის. ითხოვს მონიტორინგის გამოყენებით დაეკისროს ის გადასახადი რაც ეკუთვნის, რადგან სატრანსპორტო საშუალება საწვავის გარეშე ვერ განახორციელებდა გადაზიდვას. საწვავის ხარჯი შეადგენს 65 000 ლარს.

აღნიშნული გათვალისწინებით ითხოვს განხორციელდეს შემოწმების შედეგების კორექტირება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივრები ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების 5 გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:

1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.

2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

მომჩივანი მიუთითებს, რომ ყველა დოკუმენტი რაც გააჩნდა წარდგენილია აქვს საგადასახადო ორგანოსთვის. ვინაიდან არ ჰქონდა საკმარისი დოკუმენტაცია ითხოვდა მონიტორინგის ან სხვა ხერხის გამოყენებით მომხდარიყო გადაანგარიშება. აღიარებს, რომ არასწორი ბუღალტერიის წარმოების გამო ხარჯები სრულად არ არის ასახული ბუღალტრულად, კერძოდ, სატრანსპორტო საშუალება საწვავის გარეშე ვერ განახორციელებდა გადაზიდვას, საწვავის ხარჯი კი შეადგენს 65 000 ლარს.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, საწვავთან დაკავშირებით არსებული ყველა სპეც. ანგარიშ-ფაქტურა გათვალისწინებულია ჯამში დაახლოებით 50 000 ლარის ოდენობით. რაც შეეხება დანარჩენ ხარჯებს, როგორც აქტშია მითითებული სხვა ხარჯებში აისახა საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის მიხედვით დასაკავებელი საშემოსავლო გადასახადი 43 002 ლარი, ასევე, მომჩივნის მიერ გამოქვითული სხვა ხარჯის, 300 ლარის, ნაცვლად გამოქვითვას დაექვემდებარა შემოწმებით დადგენილი 50 028 ლარი (ქონების გადასახადი 388 ლარი, სახარჯი მასალები 49 112 ლარი, ბანკის საკომისიო 528 ლარი). ხოლო, შეძენილი მარაგების (შავი ლითონის ჯართის) ღირებულების განსაზღვრა შემოწმების შედეგად განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და გამოვლენილი სხვაობა 193 159 ლარის ოდენობით, დაექვემდებარა შემცირებას. ასევე, შემცირდა გამოქვითული ხელფასის სახით განაცემები შემოწმების შედეგად გამოვლენილი სხვაობით 34 480 ლარის ოდენობით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები ამ ნაწილში განსაზღვრულია მართებულად, არ არსებობს მისი არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები შემოწმების აქტის მიხედვით მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად 45 264 ლარი და ამავე კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად 100 ლარი. ასევე, 10.05.2022 წლის №236-2 საგადასახადო მოთხოვნით დაეკისრა საურავი 27 550 ლარის ოდენობით.

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს. შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად, დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანს მიაჩნია, რომ დაკისრებული ჯარიმა არის არასამართლიანი. აღიარებს შეცდომას არასწორი ბუღალტერიის წარმოების გამო და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ შეგნებულად არ აურიდებია თავი გადასახადებისთვის ითხოვს დარიცხული თანხის კორექტირებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივრები ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:

1. საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

2. საურავი ერიცხება გადასახადის თანხას, რომელიც არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საურავის დარიცხვა ხორციელდება თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან.

ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მე-2, 21 და 22 ნაწილების თანახმად:

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად, პირის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, რისთვისაც ამავე კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა, იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

გადასახადი გადამხდელს სამეწარმეო საქმიანობაში აკისრია გულისხმიერების ვალდებულება და ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და სრულად. ნებისმიერი შეცდომა არ წარმოადგენს სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველს. მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობის და უხეში გაუფრთხილებლობით არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას სადავო საკითხთან მიმართებით და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით.

ამგვარად, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.