ბრძანება N 17712-4

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 30.06.2020
№ დოკუმენტი 17712-4
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 17712

30/06/2020

შპს ----- ს

(მის.: ქ. -------)

სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 12 ივნისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №39) განიხილა შპს ----- ს 2019 წლის 23 დეკემბრის №48159/1/2019 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 25 ნოემბრის №021-149 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.

სადავო საკითხი:

არ ეთანხმება საწარმოს გამოსაქვითი საამორტიზაციო ხარჯის შემცირებას (წილის სანაცვლოდ აქტივების მიწოდების გამო ხარჯის შემცირება). წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ არასწორია გამოსაქვითი თანხების განსაზღვრა თვითღირებულებით, რამდენადაც დამფუძნებელმა ფიზიკურმა პირმა ქონების შეძენის შემდგომ გაწია დიდი მოცულობის სარემონტო სამუშაოების ხარჯი, რომლითაც გაიზარდა ქონების ღირებულება და აღნიშნულის შემდეგ განახორციელა დამფუძნებელმა ფიზიკურმა პირმა შეძენილი ქონების (შენობა-ნაგებობა) შპს ----- ზე მიწოდება.გადამხდელი მიუთითებს, რომ ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტი ფიზიკურ პირს არ გააჩნდა, გამომდინარე იქიდან, რომ არ წარმოადგენდა იმ მომენტში მეწარმე სუბიექტს და შესყიდვის დოკუმენტების შეგროვების არანაირი ვალდებულება არ ჰქონია. გარდა აღნიშნულისა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 151-ე მუხლის მიხედვით აქტივის მიწოდებად არ ითვლება 50% და მეტი წილის სანაცვლოდ აქტივის გადაცემა. განსახილველ შემთხვევაში კი კომპანიის დამფუძნებლებმა ქონება 25%-25%-იანი წილის სანაცვლოდ გადასცეს კომპანიას, რაც წარმოადგენს აქტივების მიწოდებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაუდგენელია, როგორ უნდა იქნეს გამოყენებული 25%-ის სანაცვლოდ ქონების მიწოდებაზე ზემოთ ხსენებული მუხლი, როდესაც ეს მუხლის 50%-ისა და მეტი წილის სანაცვლოდ მიწოდებაზე გამოიყენება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ არასწორად არის განსაზღვრული ცვეთა და ცვეთის პერიოდი.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 12 ივლისის №23366 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს ----- ს საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების კუთხით. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2016 წლის 01 იანვრიდან 2019 წლის 01 ივნისამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგებზე, 2019 წლის 20 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რის საფუძველზეც გამოიცა 2019 წლის 22 ნოემბრის №40636 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა 2019 წლის 25 ნოემბრის №021-149 „საგადასახადო მოთხოვნა“, რომლის მიხედვით გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება დამატებით განისაზღვრა სულ 802 496 ლარით, მათ შორის: გადასახადი 401 583 ლარი, ჯარიმა 244 058 ლარი, ხოლო საურავი 156 855 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

სადავო საკითხთან დაკავშირებით, საწარმოს 2016 წლის საანგარიშო პერიოდში მოგების გადასახადში ამორტიზაციის გამოქვითვის კუთხით იყენებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 112-ე მუხლით განსაზღვრულ ძირითად საშუალებათა მიხედვით, საამორტიზაციო ანარიცხების სრულად გამოქვითვის მეთოდს. 2016 წლის საანგარიო პერიოდის მოგების გადასახადის დეკლარაციით, სრულად გამოქვითვებთან ერთად გამოქვითულია, ასევე ამორტიზაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად 93 993 ლარი. გადასახადის გადამხდელის განმარტებით, აღნიშნული წარმოადგენს 2012 წელს კაპიტალში შეტანილი დამფუძნებელთა საერთო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის და სატრანსპორტო საშუალებების ამორტიზაციას. (ვინაიდან მათი სრულად გამოქვითვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არ შეეძლო). თანხა კი განსაზღვრულია შეტანის მომენტში აქტივების შეფასებული საბაზრო ღირებულებებიდან. გადამხდელის წარმოდგენილი დოკუმენტაციით ირკვევა, რომ 2012 წელს 25-25%-იანი წილის მფლობელმა ორმა დამფუძნებელმა კაპიტალში შეიტანა საერთო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობა შეფასებული საერთო ღირებულებით 502 000 ლარი (აქედან მიწა შეფასებულია 22 500 ლარად, ხოლო უშუალოდ შენობა-ნაგებობა 479 500 ლარად), ასევე 2012 წელს დანარჩენმა 25-25%-იანი წილების მფლობელმა პარტნიორებმა ერთდროულად მოახდინეს მათ საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების კაპიტლში შეტანა (საერთო შეფასებული ღირებულებით 137 100 ლარი).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 111-ე და 151-ე მუხლების გათვალისწინებით, გამოსაქვითი საამორტიზაციო ანარიცხების გაანგარიშებისას შემოწმებამ იხელმძღვანელა არა შეფასებული საბაზრო ფასით, არამედ გადამხდელის მიერ წარმოდგენილი კაპიტალში შენატანის განმახორციელებელი პარტნიორების მიერ შენატანზე გაწეული ხარჯის დოკუმენტაციის საფუძველზე. შედეგად, დაკორექტირდა (შემცირდა) საწარმოს გამოსაქვითი საამორტიზაციო ხარჯები.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, რომლის თანახმად:

1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.

2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოსა საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 111-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებულ ძირითად საშუალებათა საამორტიზაციო ანარიცხები გამოიქვითება ამ მუხლით გათვალისწინებული პირობების მიხედვით. ხოლო, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თითოეული ჯგუფის საამორტიზაციო ანარიცხების ოდენობა გამოიანგარიშება საგადასახადო წლის ბოლოს ჯგუფის ღირებულებითი ბალანსიდან, ამ მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული ამორტიზაციის ნორმების შესაბამისად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 112-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ძირითადი საშუალებების მიმართ, გარდა საწარმოს კაპიტალში შეტანილისა, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, სრულად გამოქვითოს ამ აქტივების ღირებულება იმ საგადასახადო წელს, როდესაც ძირითადი საშუალებები ექსპლუატაციაში შევიდა.

ამავე კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირის (პირთა) მიერ იურიდიული პირისათვის მასში 50 პროცენტის ან მეტი წილის (აქციების) სანაცვლოდ აქტივების გადაცემა (დავალიანებით ან მის გარეშე) არ არის აქტივების მიწოდება. ხოლო, მე-2 მუხლის მიხედვით, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიმღები მხარისათვის აქტივების ღირებულება იგივეა, რაც მიმწოდებელი მხარისათვის მათი ღირებულება გადაცემის მომენტისათვის.

დადგენილია, რომ 25-25%-იანი წილის მფლობელი 2 დამფუძნებლი პირის მიერ განხორციელდა კაპიტალში საერთო საკუთრებაში (თანასაკუთრება) არსებული შენობა-ნაგებობის მიწოდება.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა უშვებს პირის ან/და პირთა მიერ იურიდიულ პირში წილის (აქციების) სანაცვლოდ აქტივების შეტანის შესაძლებლობას. პირი/პირთა წრე მოიცავს, როგორც ერთ პირს, ასევე პირთა ჯგუფს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საწარმოს დამფუძნებლების მიერ ქონების 25%-25%-იანი წილის სანაცვლოდ შეტანა, განიხილება პირთა (პირთა ჯგუფის) მიერ იურიდიული პირისათვის მასში 50 პროცენტის სანაცვლოდ აქტივების გადაცემად. შესაბამისად, შემოწმებით მართლზომიერად განხორციელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად საამორტიზაციო ანარიცხების გაანგარიშება კაპიტალში შენატანის განმახორციელებელი პარტნიორების მიერ, შენატანზე გაწეული დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯის საფუძველზე. ამასთან, აღსანიშნავია, რომ გადამხდელის მიერ გაწეული ხარჯის (საწარმოს კაპიტალში უძრავი ქონების შეტანამდე, აღნიშნული უძრავი ქონების გაუმჯობესების მიზნით პარტნიორების მიერ გაწეულია დიდი მოცულობის სარემონტო სამუშაოები) დამადასტურებელი დოკუმენტაცია ვერც დავის ეტაპზე ვერ იქნა წარმოდგენილი.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გამოსაქვითი საამორტიზაციო ანარიცხები განსაზღვრულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად, შემოწმებით განხორციელებული დარიცხვა შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან და არ არსებობს მომჩივნის მიერ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილი საჩივრის აღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს ----- ს საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს გამოსაქვითი საამორტიზაციო ხარჯის შემცირებას არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ ცვეთას და ცვეთის პერიოდის.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

შემოწმების აქტის მიხედვით,: საწარმო 2016 წლის მოგების გადასახადში ამორტიზაციის გამოქვითვის კუთხით იყენებს სსკ-ს 112-ე მუხლით განსაზღვრულ ძირითად საშუალებათა მიხედვით, საამორტიზაციო ანარიცხების სრულად გამოქვითვის მეთოდს. მოგების გადასახადის დეკლარაციით, სრულად გამოქვითვებთან ერთად გამოქვითულია, ასევე ამორტიზაცია სსკ-ს 111-ე მუხლის შესაბამისად. გადამხდელის განმარტებით, აღნიშნული წარმოადგენს 2012 წელს კაპიტალში შეტანილი ქონების ამორტიზაციას. ირკვევა, რომ 2012 წელს 25-25%-იანი წილის მფლობელმა ორმა დამფუძნებელმა კაპიტალში შეიტანა საერთო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობა.

სსკ-ს 111-ე და 151-ე მუხლების გათვალისწინებით, გამოსაქვითი საამორტიზაციო ანარიცხების გაანგარიშებისას შემოწმებამ იხელმძღვანელა არა შეფასებული საბაზრო ფასით, არამედ კაპიტალში შენატანის განმახორციელებელი პარტნიორების მიერ შენატანზე გაწეული ხარჯის დოკუმენტაციის საფუძველზე. შედეგად, დაკორექტირდა საწარმოს გამოსაქვითი საამორტიზაციო ხარჯები.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გამოსაქვითი საამორტიზაციო ანარიცხები განსაზღვრულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად, შემოწმებით განხორციელებული დარიცხვა შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან და არ არსებობს მომჩივნის მიერ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილი საჩივრის აღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 105; 111; 112(1); 151(1)