ბრძანება N 21022

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 25.08.2023
№ დოკუმენტი 21022
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 21022

25.08. 2023

 

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ ------ ----------ის (ს/ნ ------------------)

(მის.: -----------------------------------------)

2023 წლის 14 აგვისტოს საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 23 აგვისტოს გამართულ სხდომაზე (ოქმი №87) განიხილა ი/მ ------ ----------ის (ს/ნ ------------------) 2023 წლის 14 აგვისტოს №83045/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 18 ივლისის №006-366 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხულ თანხებს და ითხოვს მის კორექტირებას. აცხადებს, რომ 2020 წლის ქონების გადასახადის დარიცხვა უკანონოა და უნდა გაუქმდეს, რადგან 2020 წლის ქონების გადასახადის წლიურ დეკლარაციაში შეიტანება 2019 წლის დასაბეგრი ქონების შესახებ მონაცემები, ხოლო 2020 წლის ქონების გადასახადის დეკლარირების სისწორის დადგენა შეუძლებელია 2019 წლის მონაცემების შემოწმების გარეშე და იმის გათვალისწინებით, რომ შესამოწმებელი პერიოდი იწყებოდა 2020 წლის პირველი იანვრიდან აუდიტორს არ ჰქონდა უფლება გამოეთხოვა 2019 წლის მონაცემები, ვინაიდან აღნიშნული პერიოდი წარმოადგენს ხანდაზმულს. ამასთანავე, გადამხდელი აცხადებს, რომ დასაბეგრი ქონების ფასებზე გამოყენებულ იქნა გასხვისების ფასები, რაც მოკლებულია ლოგიკას და აცდენილია დროში, მიაჩნია, რომ დასაბეგრი ქონების ფასები უნდა დადგენილიყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის შესაბამისად. აგრეთვე, მიუთითებს, რომ აუდიტორს არაპირდაპირ მეთოდზე გადასვლის და შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით დადგენის უფლებამოსილება არ ჰქონია და ამ წესით გამოანგარიშებული ვალდებულებები არამართლზომიერია.

2. მომჩივანი აცხადებს, რომ ქონების გადასახადის არასწორად/არასრულად დეკლარირება გამოწვეულია შეცდომით, ამასთან, აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმებისას ითანამშრომლა შემოწმებასთან და მიაწოდა ყველა საჭირო ინფორმაცია, ასევე სრულად გადაიხადა საგადასახადო შემოწმებით დარიცხული გადასახადის თანხა და ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნაში ასახული სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 ივნისის №13109 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ ------ ----------ის (ს/ნ ------------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2020, 2021 და 2022 წლების ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის დაბეგვრის სისწორის განსაზღვრის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 30 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 17 ივლისს გამოსცა №17270 ბრძანება და 2023 წლის 18 ივლისის №006-366 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის თანახმად გადასახადის გადამხდელს დამატებით საგადასახადო ვალდებულებები განესაზღვრა სულ 5 542 ლარით, მათ შორის: გადასახადი 3 270 ლარი, ჯარიმა 1 635 ლარი და საურავი 637 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

ი/მ ------ ----------ის შემოსავალმა 2019 და 2021 წლებში გადააჭარბა 40 000 ლარიან ზღვარს, შესაბამისად, წარმოიშვა ქონების გადასახადის დეკლარირების და გადახდის ვალდებულება. 2019 წლის შემოსავალი დადგინდა 40 000 დან 100 000 ლარამდე, ხოლო 2021 წელს გადააჭარბა 100 000 ლარს. ი/მ ------ ----------მა წარადგინა ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია და გადაიხადა 121 ლარი, ნაცვლად შემოწმებით დადგენილი 3 392 ლარისა. შესაბამისად, შემოწმებით დამატებით დაერიცხა სხვაობა დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ გადასახადს შორის 3 271 ლარი.

შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-200, 201-ე, 202-ე, 205-ე და 206-ე მუხლებით, რომელთა თანახმადაც პირს დაერიცხა ქონების გადასახადი შესაბამისი საანგარიშო პერიოდების მიხედვით და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია ფიზიკური პირი, მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, შენობა-ნაგებობაზე ან მათ ნაწილზე), იახტებზე (კატარღებზე), შვეულმფრენებზე, თვითმფრინავებსა და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით განსაზღვრულ მსუბუქ ავტომობილებზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:

ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის - საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არა უმეტეს 0.2 პროცენტისა;

ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის - საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არა უმეტეს 1 პროცენტისა.

ამავე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, დასაბეგრ ქონებაზე ფიზიკური პირის ქონების გადასახადის გაანგარიშება ხორციელდება საგადასახადო პერიოდის განმავლობაში ამ ქონების მის საკუთრებაში არსებობის დროის პროპორციულად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ - მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.

ამავე მუხლის მე-14 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირი ქონებაზე და მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასის განსაზღვრისას გამოიყენება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასების შესახებ ინფორმაციის ოფიციალური წყაროები, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების საინფორმაციო ბაზა, საგადასახადო ორგანოებისათვის გადასახადის გადამხდელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია, აგრეთვე სხვა სარწმუნო ინფორმაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად,1. გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის თანხის დარიცხვისა და საგადასახადო ვალდებულების შესახებ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

5. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმების ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება შესამოწმებელი პერიოდის შესაბამისი კალენდარული წლის დასრულებიდან.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმებას დაექვემდებარა 2020, 2021 და 2022 წლების ქონების გადასახადის დეკლარაციების სისწორე, შესაბამისად აღნიშნული პერიოდები არ წარმოადგენდა ხანდაზმულ პერიოდს. ამასთან, დასაბეგრი ქონების ღირებულებად საბაზრო ფასის გამოყენება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. გარდა ამისა, გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ასევე, დავის წარმოების პროცესში მის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების მიერ დადგენილ გარემოებებს.

ამასთან, გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნავს, რომ სრულად გადაიხადა საგადასახადო შემოწმებით დარიცხული გადასახადის თანხა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

ამავე კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის საჩივარში წარმოდგენილ განმარტებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ სამართალდარღვევა გამოწვეულია არცოდნით. ამასთან, ი/მ ------ ----------ს 2023 წლის 18 ივლისის №006-366 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული გადასახადი გადახდილი აქვს მიმდინარე წლის 11 აგვისტოს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში, შესაბამისად, ი/მ ------ ----------ი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 18 ივლისის №006-366 საგადასახადო მოთხოვნით გადასახდელად განსაზღვრული ჯარიმისაგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე (ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღისათვის) დარიცხული საურავისაგან.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1.ი/მ ------ ----------ის (ს/ნ ------------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2.ი/მ ------ ----------ი (ს/ნ ------------------) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 18 ივლისის №006-366 საგადასახადო მოთხოვნით გადასახდელად განსაზღვრული ჯარიმისაგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე (ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღისათვის) დარიცხული საურავისაგან;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხულ თანხებს და ითხოვს მის კორექტირებას. აცხადებს, რომ 2020 წლის ქონების გადასახადის დარიცხვა უკანონოა და უნდა გაუქმდეს, ამასთანავე, გადამხდელი აცხადებს, რომ რომ დასაბეგრი ქონების ფასები უნდა დადგენილიყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის შესაბამისად. მიუთითებს, რომ აუდიტორს არაპირდაპირ მეთოდზე გადასვლის და შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით დადგენის უფლებამოსილება არ ჰქონია და ამ წესით გამოანგარიშებული ვალდებულებები არამართლზომიერია.

2. მომჩივანი აცხადებს, რომ ქონების გადასახადის არასწორად/არასრულად დეკლარირება გამოწვეულია შეცდომით, ასევე სრულად გადაიხადა საგადასახადო შემოწმებით დარიცხული გადასახადის თანხა და ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნაში ასახული სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2020, 2021 და 2022 წლების ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის დაბეგვრის სისწორის განსაზღვრის მიზნით. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით მომჩივანის შემოსავალმა 2019 და 2021 წლებში გადააჭარბა 40 000 ლარიან ზღვარს, შესაბამისად, წარმოიშვა ქონების გადასახადის დეკლარირების და გადახდის ვალდებულება.გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია და გადაიხადა მხოლოდ დეკლარირებით დარიცხული თანხა. შესაბამისად, შემოწმებით დამატებით დაერიცხა სხვაობა დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ გადასახადს შორის .

შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-200, 201-ე, 202-ე, 205-ე და 206-ე მუხლებით, რომელთა თანახმადაც პირს დაერიცხა ქონების გადასახადი შესაბამისი საანგარიშო პერიოდების მიხედვით და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში, მომჩივანი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნით გადასახდელად განსაზღვრული ჯარიმისაგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე (ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღისათვის) დარიცხული საურავისაგან.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:4(1,5,6); 18(7); 43(1 „ა“); 200, 201(1 „გ.ა“); 202(5„ა“, „ბ“); 205(12,14); 206; 269(1,7); 270(1,2); 272(1); 275(2); 302(6);