ბრძანება N 2190

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 08.02.2023
№ დოკუმენტი 2190
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 2190

08.02.2023

შპს „----------“-ის (ს/ნ ----------)

(მის.: ----------)

2021 წლის 2 დეკემბრის და 2022 წლის 2 მარტის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 12 იანვრის სხდომაზე (ოქმი №1) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 24 ივნისის №15906/2/2022 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) 2021 წლის 2 დეკემბრის №65455/1/2021 და 2022 წლის 2 მარტის №15906/2/2022 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 3 ნოემბრის №005-217 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სმფ-ების დანაკლისის მიწოდებად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და ითხოვს საკითხის ხელახლა შესწავლას და დარიცხული თანხების შემცირებას.

2. გადამხდელი არ ეთანხმება საწყისი ნაშთების საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურს არ გააჩნია მტკიცებულებები, რომ შესყიდვა განხორციელდა ფიზიკური პირისგან. შესაბამისად, არასწორად მიიჩნევს თანხის 3%-ით დაბეგვრას. ასევე აღნიშნავს, რომ არასწორადაა გამოანგარიშებული მარაგების მოძრაობა.

3. გადამხდელი არ ეთანხმება მეორადი აკუმულატორების მიწოდების ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრას. გადამხდელისთვის მიუღებელია შემოწმების აქტში დაფიქსირებული შეფასება, რომ დღგ-ის შეღავათი არ ეხება მეორადი აკუმლატორების მიწოდებას, ვინაიდან აღნიშნული საქონელი დაბეგვრის მიზნებისთვის არ განეკუთვნება არც შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართს და არც მათ ნარჩენებს. მიუთითებს „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 393 მუხლზე და განმარტავს, რომ სრულად აკმაყოფილებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მოთხოვნებს. აცხადებს, რომ საწარმოს გააჩნია მანქანა-დანადგარი, რომელიც გამოიყენება აკუმულატორების დასამტვრევად (რათა მოხდეს ჯართის გამოცალკევება გარსისგან). აცხადებს, რომ აღნიშნული დანადგარი არის გადამხდელის კომპანიაში შექმნილი, რის შესახებაც ზეპირსიტყვიერად განუცხადეს შემმოწმებელებს, რომელთაც აღნიშნული ფაქტის გადამოწმებაც არ განუხორციელებიათ. გადამხდელი ითხოვს საკითხის ხელახლა შესწავლას და დარიცხული თანხების შემცირებას.

4. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით დადგენილ და სააღრიცხვო მონაცემებით დაფიქსირებულ ფულად ნაშთს შორის სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და განმარტავს, რომ მისი გაანგარიშებით თანხები დათვლილია არასწორად, რის შედეგადაც დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირებულია არასწორი თანხები. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელი ითხოვს საკითხის ხელახლა შესწავლას და დარიცხული თანხების შემცირებას.

5. გადამხდელი მიუთითებს კეთილსინდისიერებაზე და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტების აღწერა:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 18 აგვისტოს №26916 ბრძანების საფუძველზე შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 აგვისტოდან 2021 წლის 1 აგვისტომდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2021 წლის 13 ოქტომბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი (საგადასახადო შემოწმების აქტი არ მოიცავს 2021 წლის 11 ოქტომბერს შედგენილი საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტით მოცულ საკითხებს). შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2021 წლის 3 ნოემბრის №34521 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №005-217 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 511 311 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 290 751 ლარი, ჯარიმა 152 513 ლარი და საურავი 68 047 ლარი.

ზემოაღნიშნულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ 2021 წლის 2 დეკემბერს წარმოდგენილი საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 11 თებერვლის №3190 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 11 თებერვლის №3190 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2022 წლის 24 ივნისის №15906/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 11 თებერვლის №3190 ბრძანება, საბჭოს აპარატს დაევალა შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტისათვის გაეგზავნა მომჩივნის მიერ 2022 წლის 2 მარტს წარმოდგენილი №15906/2/2022 საჩივარი თანდართულ მასალებთან ერთად და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 24 ივნისის №15906/2/2022 გადაწყვეტილებაში მითითებულია: „საბჭო მიუთითებს, რომ მომჩივნის მიერ 2.03.2022 წელს წარმოდგენილ №15906/2/2022 საჩივარში აღნიშნული სადავო საკითხები ასახულია აუდიტის დეპარტამენტის 13.10.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში და ვინაიდან აღნიშნული შემოწმების აქტის გასაჩივრების ეტაპზე შემოსავლების სამსახურს სადავო საკითხებთან მიმართებაში არ უმსჯელია, მიიჩნევს, რომ საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.“

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №23084 ბრძანების საფუძველზე გადასახადის გადამხდელთან 2019 წლის 11 ივლისის მდგომარეობით ჩატარებულია ინვენტარიზაცია. შემოწმებით, ინვენტარიზაციის შედეგების გამოყვანის მიზნით, შეძენისა და რეალიზაციის დოკუმენტაციის საფუძველზე გაანგარიშებულ იქნა ინვენტარიზაციის თარიღისთვის გადამხდელის ბუღალტრული ნაშთები და შეუდარდა ფაქტობრივ რაოდენობებს. შედეგად, 2020 წლის 24 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტით გამოვლინდა დანაკლისი. გადასახადის გადამხდელს გამოვლენილი დანაკლისი არ დაუბეგრავს დღგ-ით და მოგების გადასახადით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე, 161-ე და 97-ე მუხლების და აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საწარმოს შემოწმებით დაერიცხა დღგ, მოგების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №23084 ბრძანების საფუძველზე გადასახადის გადამხდელთან, 2019 წლის 11 ივლისის მდგომარეობით, ჩატარებულია ინვენტარიზაცია და განისაზღვრა საქონლის ფაქტობრივი ნაშთები აღნიშნული თარიღისთვის. 2019 წლის 11 ივლისიდან 1 აგვისტომდე პერიოდში საქონლის მოძრაობის ანალიზით, წინა საგადასახადო შემოწმებით განისაზღვრა საქონლის ნაშთები 1 აგვისტოს მდგომარეობით. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო მონაცემებით საქონლის სახეობების მიხედვით დასმული საწყისი ნაშთები განსხვავდება შემოწმებით განსაზღვრული ნაშთებისაგან. 2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე, 161-ე, 101-ე და 1333 მუხლების თანახმად, იმ საქონელზე (ჯართზე), რომელზეც გაზრდილი ოდენობითაა საწყისი ნაშთები წარმოდგენილი შემოწმებით ჩაითვალა თვითღირებულებით ფიზიკური პირებისგან დამატებით ჯართის შესყიდვად, ხოლო შემცირებული ნაშთი გამოვლენილი სხვაობით მოცულობაში საბაზრო ფასით რეალიზაციად, ვინაიდან შემოწმებით განსაზღვრული მიღებული შემოსავალი არ არის აღრიცხული, აღნიშნულ რეალიზაციაზე ჩაითვალა, რომ საწარმომ მიიღო თანხა და გასცა ანგარიშვალდებულ პირზე ხელფასად.

3. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს შეძენილი აქვს საქონელი დასახელებით „მეორადი აკუმულატორი“ და „აკუმულატორი ჯართი“. აღნიშნული საქონელი შეძენილი აქვს როგორც ადგილობრივად, ასევე შემოტანილი აქვს იმპორტით. საწარმო იმპორტისას აღნიშნულ საქონელზე იხდის დღგ-ის და შემდეგ ითვლის ამ თანხას. ასევე ადგილობრივ შეძენებზეც მიღებული აქვს 18%-იანი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და მიღებული აქვს ჩათვლები. საწარმო აღნიშნული საქონლის რეალიზაციას განიხილავს ჯართის მიწოდებად, გამოწერს ნულოვან საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს და ათავისუფლებს დღგ-ისგან. საწარმოს რაიმე ტიპის დანადგარი, რაც საჭიროა საქონლის გადასამუშავებლად არ უფიქსირდება. აღნიშნულ საქონელზე გამოწერს საგადასახადო ანგარიშფაქტურას და სასაქონლო ზედნადებს დასახელებით „აკუმულატორი ჯართი“. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის და საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 393 მუხლის შესაბამისად, უნდა ჩაითვალოს, რომ დღგ-ში დადგენილი შეღავათი არ ეხება მეორადი აკუმულატორების მიწოდებას, ვინაიდან, აღნიშნული საქონელი დაბეგვრის მიზნებისთვის არ განეკუთვნება არც შავი ან/და ფერადი ლითონის ჯართს და არც მათ ნარჩენებს. შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოების და იმის გათვალისწინებით, რომ საწარმოს მიღებული აქვს ჩათვლები მეორად აკუმულატორებზე, აღნიშნული საქონლის მიწოდება შემოწმებით არ იქნა განხილული ჯართის მიწოდებად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის შესაბამისად დაიბეგრა დღგ-ით. საწარმოს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

4. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, პირველადი დოკუმენტების, სააღრიცხვო მონაცემების და შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის საფუძველზე განხორციელდა საწარმოს ფულის მოძრაობის ანალიზი. შემოწმება დაეყრდნო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისგან მიღებულ ინფორმაციას და მასალებს, მათ შორის, საწარმოდან ამოღებულ დოკუმენტაციას. გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა ახსნა-განმარტება, რომ დამატებით (გარდა ამოღებული დოკუმენტაციისა) სხვა დოკუმენტაცია არ გააჩნია. ზემოაღნიშნული ინფორმაცია-დოკუმენტაციის ანალიზით გაანგარიშდა მიღებული და გადახდილი ფულადი სახსრები და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის განისაზღვრა ფულის ბუღალტრული ნაშთი. სააღრიცხვო მონაცემებით, გადასახადის გადამხდელი აფიქსირებს ფულის ნაშთს 357 ლარის ოდენობით. შემოწმების მიერ გადამოწმებულ იქნა წარმოდგენილი დებიტორ-კრედიტორული დავალიანების ნაშთები და გამოვლინდა არსებითი შეუსაბამობები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოთხოვნების და ვალდებულებების ნაშთები მიჩნეულ იქნა ნულად (გარდა საქვეანგარიშოდ გაცემული თანხის ნაშთისა - 218 205 ლარისა, რომელიც საწარმოს საქმიანობის სპეციფიკიდან და საკასო ხარჯებიდან გამომდინარე შემოწმებით მიჩნეულ იქნა მიზნობრივ ნაშთად), შესაბამისად, ყველა შემოსავალი ჩაითვალა მიღებულად და ყველა ხარჯი გადახდილად. შემოწმებით განსაზღვრულ ფულის ნაშთსა და სააღრიცხვო მონაცემებით დაფიქსირებულ ფულის ნაშთებს შორის სხვაობა განხილულ იქნა ფულადი სახსრების დანაკლისად და დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას, როგორც პასუხისმგებელ პირზე, დირექტორზე გაცემული ხელფასი. გადასახადის გადამხდელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრების განხილვა შემოსავლების სამსახურში ჩანიშნული იყო 2023 წლის 12 იანვარს გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრების ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია საჩივრის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდებად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა სასყიდლით (მათ შორის, საქონლის რეალიზაცია, გაცვლა, ხელფასის ან ნატურალური ფორმით ანაზღაურება) ან უსასყიდლოდ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით გათვალისწინებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ან/და ძირითადი საშუალების დანაკლისი ითვლება მისი გამოვლენის მომენტში ამ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელთან სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი დღგ-ის მიზნებისთვის ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად, ხოლო მოგების გადასახადის მიზნებისთვის კი საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვალდებული იყო აღნიშნული დანაკლისი აესახა შესაბამისი საანგარიშო პერიოდის მოგების და დღგ-ის დეკლარაციებში. განსახილველ შემთხვევაში კი დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისზე არ აქვს შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრების აღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მე-2, მე-3 და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „წ“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებულია შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდება, თუ შესაძლებელია საქონლის მიმღები მხარის იდენტიფიცირება. ამასთანავე, მიიჩნევა, რომ საქონლის მიწოდების საანგარიშო პერიოდის მიხედვით საქონლის მიმღებმა პირმა შესაბამის საქონელზე მიიღო დღგ-ის ჩათვლა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლის მიწოდებით ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი იბეგრება გადახდის წყაროსთან 3-პროცენტიანი განაკვეთით, საქონლის შემძენი პირის მიერ.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 393 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გადახდის წყაროსთან 3-პროცენტიანი განაკვეთით იბეგრება ფიზიკური პირის მიერ:

ა) შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი;

ბ) შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი.

შენიშვნა: შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართად და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენად (შავი ლითონის წარმოების ნარჩენისა და ფერადი ლითონების დაუმუშავებელი შენადნობის გარდა) მიიჩნევა ლითონის მეორადი ნედლეული, რომელიც განკუთვნილია საწარმოო გადამუშავებისათვის და რომელიც წარმოიშობა ლითონის წარმოების ან მექანიკური დამუშავების პროცესში, ასევე ლითონის ის ნაკეთობები, რომლებიც გამოუსადეგარია იმ დანიშნულებით გამოსაყენებლად, რისთვისაც ისინი შეიქმნა გატეხვის, გაცვეთის (მათ შორის, მორალური), მექანიკური, ქიმიური დაზიანების ან სხვა მიზეზთა გამო.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და „პ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:

ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

პ) პირი, რომელიც ამ კოდექსის 1333 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფიზიკურ პირს უნაზღაურებს მისგან შეძენილი საქონლის ღირებულებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო მონაცემებით საქონლის სახეობების მიხედვით დასმული საწყისი ნაშთები განსხვავდება შემოწმებით განსაზღვრული ნაშთებისაგან. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ იმ საქონელზე (ჯართზე), რომელზეც გაზრდილი ოდენობითაა საწყისი ნაშთები წარმოდგენილი, მართლზომიერად ჩაითვალა ფიზიკური პირებისგან თვითღირებულებით დამატებით ჯართის შესყიდვად, შემცირებული ნაშთი გამოვლენილი სხვაობით მოცულობაში მართებულად ჩაითვალა საბაზრო ფასით რეალიზებულად და აღნიშნული რეალიზაციიდან მიღებული აღურიცხველი შემოსავლი ანგარიშვალდებულ პირზე ხელფასის სახით განაცემად. ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრების აღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს შეძენილი აქვს საქონელი დასახელებით „მეორადი აკუმულატორი“ და „აკუმულატორი ჯართი“. საწარმოს რაიმე ტიპის დანადგარი, რაც საჭიროა საქონლის გადასამუშავებლად არ უფიქსირდება, შესაბამისად, აღნიშნული საქონელი დაბეგვრის მიზნებისთვის არ განეკუთვნება არც შავი ან/და ფერადი ლითონის ჯართს და არც მათ ნარჩენებს. აღნიშნულიდან გამომდინარე შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ მითითებული საქონლის მიწოდება შემოწმებით მართლზომიერად დაიბეგრა დღგ-ით. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრების აღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, შემოწმებით განსაზღვრულ ფულის ნაშთსა და სააღრიცხვო მონაცემებით დაფიქსირებულ ფულის ნაშთს შორის გამოვლინდა სხვაობა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული სხვაობის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და შესაბამისად დაბეგვრა მართლოზმიერია.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრების აღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

ამავე კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის;

2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

21 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

22 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.