გადაწყვეტილება №22557/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22557/2/2024
12 ივნისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: სს „------“ (ს/ნ „------“ )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 31.05.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება სს „------“ -ს 14.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22557/2/2024).
დავის საგანი:
როიალტის დაბეგვრა გადახდის წყაროსთან.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2023 წლის №094-94 საგადასახდო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 26.02.2024 წლის №4104 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 701 168,13 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 354 288
ჯარიმა - 177 144
საურავი - 169 736,13
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
კომპანიის ძირითადი საქმიანობაა ღრუ მინის წარმოება.
აუდიტის დეპარტამენტის 20.12.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2020 წლიდან 1.10.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდში გადახდილი როიალტის გადახდის წყაროსთან დაბეგვრის სისწორე.
საწარმოს გაფორმებული აქვს სალიცენზიო ხელშეკრულებები არარეზიდენტ, თურქეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებულ საწარმოსთან. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, სს „-------“ არარეზიდენტ საწარმოს ყოველწლიურად უხდის როიალტის თანხებს. აღნიშნული როიალტი საწარმოს 28.01.2020 წელს და 7.04.2021 წელს გადახდილი აქვს არარეზიდენტ საწარმოსთვის, აგრეთვე ასახული აქვს შესაბამისი პერიოდის დეკლარაციებში, მაგრამ გადასახადი დარიცხული არ აქვს, იმ მოტივით, რომ მის დაბეგვრას ახორციელებდა თურქული მხარე. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტების თანახმად, საწარმომ იხელმძღვანელა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის დადებული ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების თაობაზე ხელშეკრულებით, რომლის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოქმნილი და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი როიალტი შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში. საწარმოს წარმომადგენელი განმარტავს, რომ აღნიშნული როიალტის თანხა გადახდილია თურქეთის სახელმწიფოში, თურქეთის კანონმდებლობის შესაბამისად, ამასთან აღსანიშნავია, რომ შემდგომ პერიოდებში როიალტის თანხები დაბეგრილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გადახდის წყაროსთან საქართველოში.
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 21-ე ნაწილის, 154-ე მუხლის, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების ხელშეკრულების მე-12 ნაწილის პირველი და მე-2 ქვეპუნქტების გათვალისწინებით, არარეზიდენტ პირზე გადახდილი თანხებით გაიზარდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან 5%-იანი განაკვეთით. საწარმოს, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი 354 288 ლარი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით, 177 144 ლარის ოდენობით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2023 წლის №094-94 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 26.02.2024 წლის №4104 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, მე-8, 102-ე, 104-ე, 154- ე, 134-ე, 43-ე და მე-2 მუხლებზე, „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ 21.11.2007 წლის შეთანხმების მე-12 და 22-ე მუხლებზე.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმებების თანახმად, შემოსავლის წყარო სახელმწიფო უფლებამოსილია დაბეგროს აღნიშნული შემოსავალი, ხოლო რეზიდენტი სახელმწიფო ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმებების საფუძველზე იღებს ვალდებულებას მის რეზიდენტს ჩაუთვალოს წყარო სახელმწიფოში გადახდილი გადასახადები, რათა არ მოხდეს პირის მიერ მიღებული შემოსავლების ორმაგი დაბეგვრა.
შემოსავლების სამსახური ეყრდნობა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ სს „--------“ არარეზიდენტ საწარმოს ყოველწლიურად უხდის როიალტის თანხებს. პირს 2020 წლის 28 იანვარს და 2021 წლის 7 აპრილს გადახდილი როიალტის თანხა ასახული აქვს შესაბამისი პერიოდის დეკლარაციებში, თუმცა არ აქვს დაბეგრილი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან აღსანიშნავია, რომ შემდგომ პერიოდებში როიალტის თანხები დაბეგრილია გადახდის წყაროსთან საქართველოში.
შემოსავლების სამსახური „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ 2007 წლის 21 ნოემბრის შეთანხმებაზე მითითებით აღნიშნავს, რომ როიალტი შეიძლება დაიბეგროს ხელშემკვრელ სახელმწიფოში (საქართველოში), რომელშიც ის წარმოიქმნება, ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ასევე „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს მინის წარმოება, რასთან დაკავშირებითაც კომპანიას გაფორმებული აქვს სალიცენზიო ხელშეკრულებები თურქეთში რეგისტრირებულ საწარმოსთან. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე კომპანია თურქულ მხარეს უხდის შესაბამისი ოდენობის როიალტს. შესამოწმებელ პერიოდში, კერძოდ 2020 და 2021 წელს როიალტიდან მიღებული შემოსავალი იბეგრებოდა თურქული მხარის მიერ მოგების გადასახადით, რის გამოც კომპანია აღარ ახორციელებდა როიალტის გადახდის წყაროსთან დაბეგვრას საქართველოში. კერძოდ, მიღებული როიალტი ამ პერიოდებში ჩაერთო თურქული მხარის ერთობლივ შემოსავალში და დასაბეგრი შემოსავალი თურქულმა მხარემ დაბეგრა შესაბამისი გადასახადით, რის დასტურადაც წარმოდგენილია სტამბულის სერტიფიცირებულ ბუღალტერთა პალატის წევრის სერტიფიცირებული ბუღალტრის ბატონი თურგუთ ეკინის სპეციალური დანიშნულების ანგარიში, რომლის მიხედვითაც ცალსახად დასტურდება გადახდილი როიალტის თურქულ მხარესთან აღრიცხვის სისწორე და შესაბამისი გადასახადის გადახდის ფაქტი. შესაბამისად, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნითა და „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმებით მისთვის მინიჭებული უფლებების გათვალისწინებით, კომპანიამ აღნიშნული როიალტი აღარ დაბეგრა გადახდის წყაროსთან საქართველოში, თუმცა ეს ოპერაციები კანონმდებლობით დადგენილი წესით ასახა დეკლარაციაში.
აუდიტის დეპარტამენტის და შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება არ არის მართებული და ეწინააღმდეგება საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-7 ნაწილს, რომლის თანახმად, გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებულ საკითხზე საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულ და ძალაში შესულ საერთაშორისო ხელშეკრულებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა ამ კოდექსის მიმართ.
გადაწყვეტილება ასევე ეწინააღმდეგება ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმებას, კერძოდ, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმების მე-12 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები განსაზღვრავს შემდეგს: „მუხლი 12. როიალტი 1. ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოქმნილი და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი როიალტი შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში. 2. ამასთან, როიალტი შეიძლება აგრეთვე დაიბეგროს ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ის წარმოიქმნება, ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ თუ როიალტის ფაქტობრივი მფლობელი წარმოადგენს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, მაშინ გადასახადის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს როიალტის მთლიანი თანხის 10 პროცენტს.“ აღნიშნული მუხლი გარიგების მონაწილე მხარეებს აძლევს თავისუფლებას, საქართველოში წარმოშობილი და თურქეთის რეზიდენტისათვის გადახდილი როიალტი დაბეგრონ ან ერთ, ან მეორე სახელმწიფოში. არჩევანი ამ ქვეყნებს შორის დამოკიდებულია გადასახადის გადამხდელის გადაწყვეტილებაზე.
შემოსავლების სამსახურის მიერ მოყვანილი არგუმენტაცია რომ შემდგომ პერიოდებში როიალტის თანხები დაბეგრილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოში სწორედ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ხელშემკვრელი მხარეები თავად განსაზღვრავენ დაბეგვრის ადგილს და შემდგომ პერიოდებში გადახდილი თანხები მხარეთა შეთანხმებით დაიბეგრა საქართველოში. ამასთან გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ საწარმო წარმოადგენს ერთ-ერთ მსხვილ გადასახადის გადამხდელ კომპანიას და 2020-2023 წლებში ბიუჯეტში გადარიცხული თანხები 35 მილიონ ლარს აღემატება. საწარმოს არ ჰქონია არანაირი განზრახვა თავიდან აერიდებინა ან დაემალა გადასახადი და გადაწყვეტილება 2020- 2021 წლებში თანხების თურქეთში დაბეგვრის შესახებ ისევე როგორც შემდგომ პერიოდებში მათი საქართველოში დაბეგვრის შესახებ მხარეებს შორის შეთანხმების შედეგად მოხდა.
ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმების მე-12 მუხლის პირველი პუნქტი არაორაზროვნად განმარტავს, რომ თანხა შესაძლებელია დაიბეგროს ნებისმიერ ხელშემკვრელ სახელმწიფოში და იძლევა უფლებას, როიალტი დაბეგროს თურქეთში. ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმების მე-12 მუხლის მეორე პუნქტის მიზანი არ არის შეცვალოს არჩევანის თავისუფლება, რომელსაც ამავე მუხლის პირველი პუნქტი არაორაზროვნად იძლევა, არამედ მიზანია განსაზღვროს დაბეგვრის ფარგლები. რაც გადასახადის გადამხდელს კი არ უმცირებს არჩევანის თავისუფლების ფარგლებს, არამედ უფართოებს მას, რაც გამოიხატება მეორე პუნქტის ფორმულირებაშიც - „ამასთან, როიალტი შეიძლება აგრეთვე დაიბეგროს ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ის წარმოიქმნება.“ შესაბამისად, ამ მეორე პუნქტით გადასახადის გადამხდელს შეუძლია შეარჩიოს საქართველო ან თურქეთი და როიალტი დაბეგროს ერთ-ერთ ამ სახელმწიფოში საკუთარი გადაწყვეტილებით. მათ შორის, მხარეებს შეუძლიათ როიალტი დაბეგროს იმ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტიც არის როიალტის მიმღები, წარმოშობის სახელმწიფოს ნაცვლად. მეტიც, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმების ფორმულირების მიხედვით აღნიშნული დაბეგვრის წესი მიიჩნევა ძირითად წესად, ხოლო წარმოშობის სახელმწიფოში დაბეგვრა - დამატებითად („ამასთან, როიალტი შეიძლება აგრეთვე დაიბეგროს [...]“). ამის საპირისპიროდ, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმების მე-12 მუხლის აუდიტის დეპარტამენტის ინტერპრეტაცია, რომ როიალტის თურქეთში დაბეგვრის მიუხედავად მისი დაბეგვრის ვალდებულება არსებობს საქართველოშიც, ეწინააღმდეგება თვითონ ამ ხელშეკრულების მიზანს - ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებას.
ხაზგასასმელია, რომ კომპანიის პოზიცია ასევე ეფუძნება, ხოლო სსიპ შემოსავლების სამსახურის ინტერპრეტაცია ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას. კერძოდ, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ უკვე იმსჯელა ზემოთხსენებული ნორმის იდენტური ჩანაწერზე 4.10.2018 წლის გადაწყვეტილებაში საქმეზე №ბს-1004-1000(2კ-17). ამ გადაწყვეტილებაში შეფასებული იყო „საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და შემოსავლებზე და ქონებაზე გადასახადების გადაუხდელობის შესახებ“ 18.02.1997 წლის კონვენციის მე-11 მუხლი, რომელიც პროცენტებთან მიმართებით ზუსტად იმეორებს ზემოთხსენებული ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმების მე-12 მუხლის ჩანაწერს: №ბს-1004-1000(2კ-17) საქმეზე გადაწყვეტილებაში სადავო იყო სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებები, რომელთა მიხედვითაც არასწორად ჩაითვალა ქართული კომპანიის მიერ აზერბაიჯანული კომპანიისათვის გადახდილი სესხის პროცენტების მხოლოდ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაბეგვრა. მოპასუხეების პოზიციით, აღნიშნული პროცენტები ასევე უნდა დაბეგრილიყო საქართველოში, გადახდის წყაროსთან, აზერბაიჯანული მხარის მიერ აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით შესაბამისი გადასახადის გადახდის მიუხედავად.
პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებმა, ისევე როგორც საკასაციო სასამართლომ, არ გაიზიარეს აღნიშნული მიდგომა და ბათილად ცნეს ამ საქმის ფარგლებში გასაჩივრებული გადაწყვეტილებები. სასამართლოს მსჯელობის თანახმად, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმებული კონვენციის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას და განსაზღვრავს ქვეყნების რეზიდენტებს შორის განხორციელებული ოპერაციების დაბეგვრის პრინციპებს. აღნიშნული კონვენცია გაფორმებულია სწორედ ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით, რის გამოც დაუსაბუთებელია კასატორების მოსაზრება მოსარჩელის მიერ გადახდილი პროცენტის როგორც გადახდის წყაროსთან, ასევე პროცენტის მიმღებთან დაბეგვრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შესახებ. იმ პირობებში, როდესაც პროცენტის მიმღებ კომპანიას აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გადახდილი ჰქონდა გადასახადი ამ პროცენტზე, არ არსებობდა ამ პროცენტის გადახდის წყაროსთან დაბეგვრის საფუძველი. ანალოგიური გადაწყვეტილება გამოტანილ იქნა საქმეზე №ბს-806(2კ-19), კერძოდ ადმინისტრაციული ორგანოების მიერ, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობის საკითხის გაუთვალისწინებლობას, პალატამ მიუთითა, რომ ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმებების მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და ინვესტიციების მოზიდვას. ამგვარ შეთანხმებათა ტექსტები ეფუძნება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მოდელს და განსაზღვრავს ქვეყნებს შორის დაბეგვრის პრინციპებს, კერძოდ, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ მეორე ქვეყანაში გაწეული საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი დაიბეგრება იმ ქვეყანაში, სადაც იგი იქნა მიღებული, ან რეზიდენტობის ქვეყანაში.
შემოსავლის წყაროს ქვეყანაში დაბეგვრის შემთხვევაში ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით რეზიდენტი ქვეყანა იღებს ვალდებულებას, გადასახადის გადამხდელს ჩაუთვალოს წყაროს ქვეყანაში გადახდილი გადასახადი. შეთანხმების მთავარი მიზანია ასევე გადასახადების გადაუხდელობისაგან თავის არიდება, რაც მიიღწევა საგადასახადო მიზნებისათვის ინფორმაციის გაცვლის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვით. პალატამ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილია ნიდერლანდების სამეფოს როტერდამის საგადასახადო ორგანოების ადმინისტრაციული სამსახურის მიერ გაცემული, ნოტარიულად დამოწმებული რეზიდენტობის ცნობები, რომლის შესაბამისადაც ერთერთი კონტრაქტორი განიხილება, როგორც ნიდერლანდების რეზიდენტი. რეზიდენტობის ცნობები ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას არ ყოფილა შეფასებული. ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებებში აქცენტი თავად ხელშეკრულებაზე და წარმოდგენილ რეზიდენტობის დამადასტურებელ ცნობებზეა გაკეთებული, მომჩივნის მიერ დამატებით წარმოდგენილია თურქეთში რეგისტრირებული სერტიფიცირებული ბუღალტრის სპეციალური ანგარიში, რომელიც ცალსახად ადასტურებს გადახდილი თანხების თურქეთში დაბეგვრის ფაქტს. აღნიშნულის გათვალისწინებით, კომპანიის გადაწყვეტილება, თურქული მხარისათვის გადახდილი როიალტი დაიბეგროს მხოლოდ თურქეთში, შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვან პრაქტიკას. განსახილველი შემთხვევა ფაქტობრივი გარემოებებისა და შესაფასებელი სამართლებრივი ნორმების კუთხით პირდაპირ ემთხვევა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებს საქმეზე №ბს-1004-1000(2კ-17) და საქმეზე №ბს-806(2კ-19), რის გამოც წარმოდგენილი აქტები და ბრძანება მოკლებულია სათანადო ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს. ამასთან, ითხოვს საჩივარი განხილულ იქნას მომჩივნის დასწრებით, რათა საშუალება მიეცეს პირადად წარმოადგინოს აღნიშნული არგუმენტაცია. შემოსავლების სამსახურმა უგულებელყო აღნიშნული მოთხოვნა და დავა მომჩივნის მონაწილეობის გარეშე განიხილა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე მიაჩნია, რომ არ არსებობს წარმოდგენილი აქტების და ბრძანების გამოცემის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები და ითხოვს მათ ბათილად ცნობას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კარის მიზნებისათვის საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს განეკუთვნება როიალტი, თუ როიალტის გადამხდელი საქართველოს რეზიდენტია. ამასთანავე, მიუხედავად იმისა, არის თუ არა როიალტის გადამხდელი საქართველოს რეზიდენტი:
ი.ა) როიალტი ჩაითვლება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად, თუ არარეზიდენტს საქართველოში აქვს მუდმივი დაწესებულება, რომელთან დაკავშირებითაც წარმოიშვა როიალტის გადახდის ვალდებულება, მიუხედავად იმისა, ეს ხარჯი ამ მუდმივი დაწესებულების მიერ არის გაწეული თუ არა;
ი.ბ) როიალტი არ ჩაითვლება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად, თუ რეზიდენტი დაადასტურებს, რომ უცხო ქვეყანაში აქვს მუდმივი დაწესებულება, რომელთან დაკავშირებითაც წარმოიშვა როიალტის გადახდის ვალდებულება, მიუხედავად იმისა, ეს ხარჯი ამ მუდმივი დაწესებულების მიერ არის გაწეული თუ არა.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც იხდის ამ კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ გადასახდელებს.
საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ1 “ ქვეპუნქტის თანახმად, არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფ არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში, იბეგრება გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე, როიალტი – 5 პროცენტით.
საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებულ საკითხზე საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულ და ძალაში შესულ საერთაშორისო ხელშეკრულებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა ამ კოდექსის მიმართ.
„საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ 21.11.2007 წლის შეთანხმების მე-12 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად:
1. ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოქმნილი და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი როიალტი შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. ამასთან, როიალტი შეიძლება აგრეთვე დაიბეგროს ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ის წარმოიქმნება, ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ თუ როიალტის ფაქტობრივი მფლობელი წარმოადგენს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, მაშინ გადასახადის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს როიალტის მთლიანი თანხის 10 პროცენტს.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, გადასახადის გადამხდელისთვის შემოწმების პროცესში მოთხოვნილი იქნა, რომ წარმოედგინა თურქეთის საგადასახადო ორგანოდან მტკიცებულება, რომ თურქეთში მოხდა როიალტის დეკლარირება და გადასახადის გადახდა. აღნიშნულის ნაცვლად, წარმოდგენილი იქნა ბუღალტრის ინფორმაცია, რომელიც წერდა, რომ თურქულმა საწარმომ თურქეთში დაადეკლარირა და გადაიხადა გადასახადი.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მითითებულ საკანონმდებლო ნორმებზე და აღნიშნავს, რომ შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ ხელშეკრულება ითვალისწინებს როიალტის საქართველოში გადახდის წყაროსთან დაბეგვრას, ხოლო თურქული მხარის მიერ ერთობლივ შემოსავალში ჩართვისა და გადახდილი გადასახადის გამოქვითვის უფლება განსაზღვრულია შესაბამისი ხელშეკრულებით და კანონმდებლობით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანს მიაჩნია, რომ არ არსებობს წარმოდგენილი აქტების და ბრძანების გამოცემის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები და ითხოვს მათ ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმოს გაფორმებული აქვს სალიცენზიო ხელშეკრულებები არარეზიდენტ, თურქეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებულ საწარმოსთან. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, მომჩივანი არარეზიდენტ საწარმოს ყოველწლიურად უხდის როიალტის თანხებს. აღნიშნული როიალტი საწარმოს 28.01.2020 წელს და 7.04.2021 წელს გადახდილი აქვს არარეზიდენტ საწარმოსთვის, აგრეთვე ასახული აქვს შესაბამისი პერიოდის დეკლარაციებში, მაგრამ გადასახადი დარიცხული არ აქვს, იმ მოტივით, რომ მის დაბეგვრას ახორციელებდა თურქული მხარე. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტების თანახმად, საწარმომ იხელმძღვანელა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის დადებული ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების თაობაზე ხელშეკრულებით.საწარმოს წარმომადგენელი განმარტავს, რომ აღნიშნული როიალტის თანხა გადახდილია თურქეთის სახელმწიფოში, თურქეთის კანონმდებლობის შესაბამისად, ამასთან აღსანიშნავია, რომ შემდგომ პერიოდებში როიალტის თანხები დაბეგრილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გადახდის წყაროსთან საქართველოში.
არარეზიდენტ პირზე გადახდილი თანხებით გაიზარდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან 5%-იანი განაკვეთით. საწარმოს, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
104,154.