გადაწყვეტილება №19425/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19425/2/2023
18.05.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს„----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 18.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------ 13.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19425/2/2023).
დავის საგანი: საჩივრის განუხილველად დატოვება - გასულია გასაჩივრების ვადა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 16.12.2021 წლის №024-112 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 22.02.2023 წლის №3263 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 25 339 ლარი.
მათ შორის:
ქონების გადასახადი - 13 926
ჯარიმა - 6 963
საურავი - 4 450
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 14.12.2021 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.12.2021 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 16.12.2021 წლის №024-112 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 22.02.2023 წლის №3263 ბრძანებით საჩივარი დარჩა განუხილველი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველ, მე-10 და მე-11 ნაწილებზე, 299-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე, 299-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და განმარტავს, რომ მომჩივანს მის მიმართ შედგენილი 14.12.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი, მის საფუძველზე გამოცემული 16.12.2021 წლის №38971 ბრძანება და ამავე თარიღის №024-112 საგადასახადო მოთხოვნა წერილობითი ფორმით 2-ჯერ (27.12.2021 წელს და 12.01.2022 წელს) გაეგზავნა საფოსტო დაწესებულების საშუალებით, იურიდიულ მისამართზე (-----), თუმცა ადრესატისთვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა. საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, 17.03.2022 წელს განხორციელდა აღნიშნული ბრძანებისა და საგადასახადო მოთხოვნის საჯაროდ გავრცელება და ჩაბარებულად ჩაითვალა 6.04.2022 წელს. ხოლო, გადასახადის გადამხდელი სადავო საგადასახადო მოთხოვნას გადასახადის გადამხდელის ავტორიზებულ ვებგვერდზე გაეცნო 27.01.2023 წელს.
შემოსავლების სამსახურში საჩივარი წარმოდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 3.02.2023 წელს.
შემოსავლების სამსახური იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ გადასახადის გადამხდელს 14.12.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი, „გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ“ აუდიტის დეპარტამენტის 16.12.2021 წლის №38971 ბრძანება და ამავე თარიღის №024-112 საგადასახადო მოთხოვნა წერილობითი ფორმით 2-ჯერ გაეგზავნა საფოსტო დაწესებულების საშუალებით, იურიდიულ მისამართზე, განმარტავს, რომ მართლზომიერად განხორციელდა სადავო საგადასახადო მოთხოვნის საჯაროდ გავრცელება.
მითითებულ სამართლებრივ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საჩივარი წარმოდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანს არ წარმოუდგენია პოზიცია გასაჩივრების ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით გამოწვევასთან დაკავშირებით, სახეზეა საჩივრების განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიას საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებული მიწის ნაკვეთი არ გააჩნია საკუთრებაში, საწარმოს რეესტრის მონაცემებით ერიცხება აღნიშნული მიწის ნაკვეთი, თუმცა სარეგისტრაციო ორგანოსათვის მისი მიმართვის შემდეგ მარეგისტრირებელმა ორგანომ არ გასცა მიწის რეგისტრაციის დოკუმენტი, არ გასცა მისი დაზუსტებული მონაცემები და დღემდე გრძელდება აღნიშნული საკითხის განხილვა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა თუ ეკონომიკის სამინისტროში. ამასთან, მომჩივანი არ ფლობდა აღნიშნულ მიწის ნაკვეთსაც, ფაქტობრივადაც არ ხდებოდა მისი გამოყენება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე უსაფუძვლოდ მიაჩნია შემმოწმებლების მიერ დამატებით დარიცხული ჯარიმები რადგან მიწის გადასახადი, რომელსაც ვერ ფლობ, არ არსებობს მისი რეგისტრაცია, ანუ გარდა ძველი ამონაწერისა და რომელიც სადაოა შპს ------ და მარეგისტრირებელ ორგანოს შორის, იწვევს დაჯარიმებას არ არსებულ მიწის ნაკვეთზე.
მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთი არასწორად არის გამოყენებული სულ მცირე აღნიშნულის გამოა გადასაანგარიშებელი აღნიშნული დარიცხვა.
გადაწყვეტილება და საგადასახადო მოთხოვნა საჩივრდება სრულად. უნდა გაუქმდეს დარიცხული გადასახადები, გამოყენებულ უნდა იქნას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის დანაწესი და გაუქმდეს დარიცხული ჯარიმები, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს განახორციელოს გადაანგარიშება მომჩივნის მიერ წარდგენილი იმ დოკუმენტების მეშვეობით რომელის მოპოვებულ იქნება მარეგისტრირებელი ორგანოსთან კანონით დადგენილი მიწის რეგისტაციის შემდგომ.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად:
4. პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის, მე-10 ნაწილის 19.04.2023 წლამდე მოქმედი რედაქციის და მე-11 ნაწილის თანახმად:
9. საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
10. შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ შესრულებულია შემდეგი პირობები:
ა) პირს 2-ჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა;
ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში ადრესატი დოკუმენტს არ გასცნობია.
11. დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს.
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 19.04.2023 წლის №36767-21-14 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ აუდიტის დეპარტამენტის 14.12.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტს, მის საფუძველზე გამოცემულ 16.12.2021 წლის №38971 ბრძანებას და 16.12.2021 წლის №024-112 საგადასახადო მოთხოვნას ადრესატი ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია.
აღნიშნულ წერილზე თანდართული დოკუმენტების მიხედვით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 14.12.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი, მის საფუძველზე გამოცემულ აუდიტის დეპარტამენტის 16.12.2021 წლის №38971 ბრძანება და ამავე დეპარტამენტის 16.12.2021 წლის №024-112 საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელს წერილობითი ფორმით 2-ჯერ (27.12.2021 წელს და 12.01.2022 წელს) გაეგზავნა საფოსტო დაწესებულების საშუალებით, იურიდიულ მისამართზე (ქ. -------), თუმცა ადრესატისთვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტების თანახმად განხორციელდა აღნიშნული ბრძანების და საგადასახადო მოთხოვნის საჯაროდ გავრცელება 17.03.2022 წელს. ამასთან, ზემოაღნიშნულ დოკუმენტაციას გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის (www.rs.ge) საშუალებით 27.01.2023 წელს.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირისათვის ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტის 16.12.2021 წლის №024-112 საგადასახადო მოთხოვნა ჩაბარებულად ჩაითვალა 6.04.2022 წელს.
შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის 16.12.2021 წლის №024-112 საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების ვადის 30-ე დღე იყო 6.05.2022 წელი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის თაობაზე საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარდგენილია ელექტრონულად 3.02.2023 წელს.
მომჩივანი არ მიუთითებს გარემოებებზე/არგუმენტებზე, რომელიც დაადასტურებდა, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის 16.12.2021 წლის №024-112 საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების ვადის ბოლო დღე იყო 6.05.2022 წელი და საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარდგენილია 3.02.2023 წელს, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 22.02.2023 წლის №3263 ბრძანება საჩივრის საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე განუხილველად დატოვების თაობაზე მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საჩივრის განუხილველად დატოვება - გასულია გასაჩივრების ვადა
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 16.12.2021 წლის №024-112 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 22.02.2023 წლის №3263 ბრძანებით საჩივარი დარჩა განუხილველი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
მომჩივანი არ მიუთითებს გარემოებებზე/არგუმენტებზე, რომელიც დაადასტურებდა, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული. ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის 16.12.2021 წლის №024-112 საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების ვადის ბოლო დღე იყო 6.05.2022 წელი და საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარდგენილია 3.02.2023 წელს, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 22.02.2023 წლის №3263 ბრძანება საჩივრის საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე განუხილველად დატოვების თაობაზე მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 44; 299 ; 301 (,,ე“)