ბრძანება N 17606
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
05 აგვისტო 2025
N 17606
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
----- (პ/ნ -----) (მის.: ქ. ------)
2025 წლის 9 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 18 ივლისის სხდომაზე (ოქმი N 57) განიხილა ----- (პ/ნ -----) N 96703/1/2025 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 3 ივლისის N EL289243 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სადავო ოქმს და განმარტავს, რომ კონტეინერი შევიდა გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისში“ და დაიწყო ტვირთის შემოწმება. მისი მხრიდან იყო სრული თანამშრომლობა, მო ნაწილეობას იღებდა ყველა იმ ყუთის გახსნაში, რომელსაც თავად მებაჟე ეუბნებოდა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ყველაფერი სწორად ჰქონდა. დეკლარაციაში ერთ-ერთ საქონლად მითითებული იყო პლასტმასის სუვენირი. გარკვეულ ყუთებში აღმოჩნდა მცირე მოცულობის სითხე, რომელიც მოთავსებული იყო პატარა შუშის ბოთლში. აღნიშნული კომპონენტი ზოგიერთ შეფუთვაში საერთოდ ძნელად შესამჩნევი იყო და მხოლოდ დეტალური დათვალიერებისას იქნა აღმოჩენილი. მებაჟე ოფიცერმა მოაწოდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა არომატიზატორის ელემენტი ყოფილიყო, რაც სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან არ ჰქონდა ინფორმაცია დამატებითი კომპონენტის არსებობის შესახებ, არც დოკუმენტაციიდან და არც მომწოდებლის კომუნიკაციიდან გამომდინარე. სითხე მოთავსებული იყო იმავე ყუთში, რომელშიც განთავსებული იყო თავად სუვენირი, თუმცა იგი არ იყო წარმოდგენილი როგორც პროდუქტის აუცილებელი ან ძირითადი კომპონენტი.
მომჩივნის განმარტებით, აღნიშნული განპირობებულია გაურკვევლობით და არავითარ შემთხვევაში არ იყო განზრახულობა. დეკლარაციაში მითითებული ინვოისის თანხა არ შეცვლილა, და არც გადასახადის შემცირებას ან თავის არიდებას ჰქონია ადგილი.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2025 წლის 2 ივნისს ინდ. მეწარმე ელშან მუსაევის (ს/ნ -----) მიერ N 11117/C58511 საბაჟო დეკლარაციით საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში წინასწარ დადეკლარირდა 131775.74 ლარის საბაჟო ღირებულების სხვადასხვა დასახელების საქონელი. აღნიშნული დეკლარაციისთვის მონაცემთა დამუშავების ავტომატიზებული სისტემა „eCustoms“-ის მიერ განისაზღვრა „წითელი დერეფანი“.
გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისის“ უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა დეკლარაციისა და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმება და საქონლის დათვალიერება, რის შედეგადაც დეკლარირებულ საქონელთან ერთად აღმოჩენილ იქნა არადეკლარირებული საქონელი – 2010 ერთეული ავტომობილის არომატიზატორი.
საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის 2025 წლის 2 ივლისის N -----/2025 დასკვნის მიხედვით, არადეკლარირებული საქონლის სეს ესნ-ის კოდად განისაზღვრა 3307 90 000 00, ხოლო საბაჟო ღირებულებად – 10702.35 ლარი.
ვინაიდან ----- მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანას, გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისის“ უფლებამოსილი პირის მიერ 2025 წლის 3 ივლისს შედგენილ იქნა N EL289243 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც ----- (ს/ნ -----) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 10702.35 ლარის (საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტი) ოდენობით.
ჯარიმის თანხის გადახდის შემდეგ, არადეკლარირებული საქონლის გაფორმების მიზნით, ცვლილება იქნა შეტანილი N-----/C----- საბაჟო დეკლარაციაში და საქონელი გაშვებულ იქნა თავისუფალ მიმოქცევაში.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლის მიხედვით, პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:
ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;
ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;
გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფაქტს, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო აქტით საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ----- (პ/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 6) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სადავო ოქმს.
ფაქტობრივი გარემოებები:
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფაქტს. გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისის“ უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა დეკლარაციისა და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმება და საქონლის დათვალიერება, რის შედეგადაც დეკლარირებულ საქონელთან ერთად აღმოჩენილ იქნა არადეკლარირებული საქონელი – 2010 ერთეული ავტომობილის არომატიზატორი. შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა
გადაწყვეტილება:
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 168 (1); მუხლი 13;.