ბრძანება N 4617

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 01.03.2024
№ დოკუმენტი 4617
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 4617

01 მარტი 2024

ბრძანება

შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“)

(მის.:„-------“)

2024 წლის 23 იანვრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 8 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №12) განიხილა შპს „------“-ის (ს/ნ „-------“) 2024 წლის 23 იანვრის №87033/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 დეკემბრის №006-752 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხები:

1.გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირებზე ბინების რეალიზაციის დროდ 2021 წლის მიჩნევას და შესაბამისად ამ პერიოდის მიხედვით საბაზრო ფასის განსაზღვრას.

2.გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საქვეანგარიშოდ გაცემული არაგონივრული ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. განმარტავს, რომ „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ მეთოდური მითითების“ საფუძველზე, კომპანიაში ფულის ნაშთის გონივრული ოდენობა განისაზღვრება საკასო შემოსავლის 10%-ს დამატებული საკასო ხარჯის 10%-ის ოდენობით. კომპანიის საშუალო საკასო ხარჯი და საკასო შემოსავალი აკმაყოფილებს აღნიშნულ კრიტერიუმს. შესაბამისად ითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას.

3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ერთ-ერთ ფიზიკურ პირზე გადაცემული თანხის (პირგასამტეხლოს) საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. 4. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ქონების გადასახადის დარიცხვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 ივლისის №17603 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის 18 ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 27 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 28 დეკემბრის №33671 ბრძანება და ამავე თარიღის №006-752 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 1 295 323 ლარი, მათ შორის, გადასახადი 652 780 ლარი, ჯარიმა 378 536 ლარი, საურავი 264 007 ლარი.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

1. საჯარო რეეტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის შესწავლით დადგინდა, რომ შპს „------“-ის დამფუძნებლებს/დირექტორებს: „-------“-სა და „-------“-ს ამავე კომპანიისგან, 2021 წელს შეძენილი აქვთ ჯამში 632.1 მ 2 უძრავი ქონება, მათ შორის 587.1 მ 2 არის ბინები. ნასყიდობის ხელშეკრულებების მიხედვით აღნიშნული ბინების რეალიზაციის საშუალო ფასი კვადრატულ მეტრზე შეადგენს 1 555 ლარს (დღგ-ის ჩათვლით), ხოლო ამავე პერიოდში სხვა ბინების რეალიზაციის საშუალო ფასი კვადრატულ მეტრზე შეადგენს 4 415 ლარს. შესაბამისად აღსანიშნავია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებებში, რომლითაც ზემოთ აღნიშნული პირები ყიდულობენ ბინას/ავტოფარეხს შპს „-------“-სგან, დაფიქსირებული ფასები ბევრად დაბალია იმავე პერიოდში სხვა პირებზე რეალიზებული უძრავი ქონების ფასებზე.საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე, 158-ე და 164-ე მუხლების გათვალისწინებით და შემოწმების პროცესში გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, როგორც ურთიერთდამოკიდებული პირების - დამფუძნებლების/დირექტორების „-------“-ის და „-------“-ის მიერ შპს „------“-სგან შეძენილი უძრავი ქონებების საბაზრო ფასსა და გადახდილ თანხას შორის სხვაობა (საბაზრო ფასი განისაზღვრა კვადრატულ მეტრზე 4 415 ლარის ოდენობით, იმავე პერიოდში სხვა პირებზე რეალიზებული უძრავი ქონების ფასების მიხედვით) ჩაითვალა საწარმოს დირექტორებზე გაცემულ ხელფასად. ამასთან, აღნიშნულ რეალიზაციებზე საბაზრო ფასი ასევე გავრცელდა დღგ-ის მიზნებისთვის - საბაზრო ფასსა და ფაქტობრივად, ნასყიდობის ხელშეკრულებაში დაფიქსირებულ და გადახდილ თანხებს შორის სხვაობა დამატებით დაიბეგრა დღგ-ით. შედეგად, შპს-ს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი, დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

2.გადამხდელის მიერ მოწოდებული ბუღალტრული პროგრამის, ბანკის ამონაწერებისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციებით დადგინდა, რომ საწარმოს ანგარიშვალდებულ პირებზე გაცემული აქვს თანხები, რომელიც თვეების განმავლობაში უძრავად ფიქსირდება 1430-ის დებეტურ ანგარიშზე 2022 წლის მაისის თვიდან. აღნიშნული ნაშთის მიზნობრიობა/ფაქტობრივად არსებობა შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციით არ დასტურდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლებისა და ფაქტობრივი მდგომარეობისა გათვალისწინებით, საქვეანგარიშოდ გაცემული არაგონივრული ნაშთი განხილულ იქნა დირექტორ(ებ)ზე გაცემულ ხელფასად, შედეგად საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

3. გადამხდელის მიერ მოწოდებული საბუღალტრო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის შესწავლით დადგინდა, რომ ფ/პ „-------“-ს შპს „------“-სთვის ჩარიცხული აქვს თანხა უძრავი ქონების შესაძენად 2014 წლის მაისსა და სექტემბერის თვეებში ჯამურად 72 500 ლარის ოდენობით. საწარმოს სააღრიცხვო მონაცემების ანალიზით დგინდება, რომ შპს „--------“-ს 2020 წლის მაისის თვეში ფ/პ „-------“-ს -თვის დაბრუნებული აქვს თანხა სალაროდან 131 057 ლარის ოდენობით. გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა შედარების აქტი, რომლის მიხედვითაც მოიშალა ნასყიდობის ხელშეკრულება და გადახდილ თანხასთან ერთად ფ/პ „-------“-ს დაუბრუნდა პირგასამტეხლოც.

საქრთველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის და 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გათვალისწინებით მიღებულ და დაბრუნებულ თანხებს შორის სხვაობა (131 057 - 72 500 = 58 557 ლარი) დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

4. გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის შესწავლით დადგინდა, რომ შპს „------“-ს მიერ აშენებულ კორპუსში გარდა საცხოვრებელი ბინებისა და ავტოსადგომებისა, ასევე არის კომერციული ფართი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების თანახმად, შპს უძრავი ქონებების რეალიზაციას ახორციელებს 2019 წლიდან (ხოლო წინარე-ნასყიდობის ხელშეკრულებები გაფორმებულია და მშენებლობა დაწყებულია ბევრად უფრო ადრე). საგადასახადო შემოწმების დანიშვნის დროს უძრავი ქონებების ძირითადი ნაწილი რეალიზებული იყო. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებისა და შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის ანალიზით დადგინდა, რომ შპს „------“-ის მიერ 27.02.2023 წელს იჯარით გაიცა კომერციული ფართი (725 მ 2 ). საწარმოს არ აქვს დაბეგრილი აღნიშნული აქტივი ქონების გადასახადით, ამასთან გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულება, რომლითაც კომერციული ფართის კვალიფიცირება მოხდებოდა სარეალიზაციოდ განკუთვნილ აქტივად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე და 202-ე მუხლების გათვალისწინებით შემოწმებამ ჩათვალა, რომ კომერციული ფართი შპს „-------“-სათვის შესამოწმებელ პერიოდში წარმოადგენს დაუმთავრებელ მშენებლობას, რომლიც არ იყო განკუთვნილი რეალიზაციისთვის. გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც:

ა) პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია;

ბ) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირ საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 156-ე მუხლის „რ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კარის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

რ) საბაზრო ფასი − ფასი, რომელიც გადასახდელი იქნებოდა მომხმარებლის მიერ შესაბამის დროს ამ საქონლის ან მომსახურების შესყიდვისას იმავე დონის ბაზარზე, სადაც თავისუფალი კონკურენციისა და სუბიექტების ეკონომიკური დამოუკიდებლობის პირობებში ხორციელდება საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა და, სადაც ეს ოპერაცია იბეგრება დღგ-ით. თუ შეუძლებელია საქონლის ან მომსახურების შედარებითი ფასის დადგენა, დღგ-ის მიზნისთვის საბაზრო ფასი არის:

რ.ა) საქონლისთვის − ფასი, რომელიც არ უნდა იყოს ამ ან ანალოგიური საქონლის შესყიდვის ფასზე ნაკლები, ხოლო, თუ შესყიდვის ფასი არ არსებობს, ამ საქონლის წარმოების ღირებულება მისი მიწოდების მომენტში;

რ.ბ) მომსახურებისთვის − ფასი, რომელიც არ უნდა იყოს ნაკლები ამ მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ყველა დანახარჯის ღირებულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციის დროს დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი, დღგ-ის გარეშე, თუ დასაბეგრი ოპერაციის ანაზღაურების თანხა დაბალია მის საბაზრო ფასზე და საქონლის/მომსახურების შემძენს ამ კოდექსის შესაბამისად, ამ ოპერაციაზე არ აქვს დღგ-ის სრულად ჩათვლის უფლება.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ კომპანიის დამფუძნებლებთან გაფორმებული იყო წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები 2014 წელს. ხელშეკრულებებში ნასყიდობის საგნის ღირებულება განსაზღვრული იყო 700 აშშ დოლარის ეკვივალენტის ოდენობით მ 2 -ზე. რაც იმ პერიოდისათვის იყო კიდეც ბინების საბაზრო სარეალიზაციო ფასი (ამავე პერიოდში სხვა მყიდველებზეც ანალოგიურ ფასად არის მიყიდული). დამფუძნებლებს, ისევე როგორც სხვა მყიდველებს, წინარე ნასყიდობის საფუძველზე კომპანიაში შეჰქონდათ თანხები ბინის ღირებულების დასაფარად. თანხის გადახდა ხორციელდებოდა 2014-2015 წლებში საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით და გადარიცხვის დროს ფიქსირდებოდა კიდეც საფუძველი - „ბინის ღირებულება წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად“. 2014-2015 წლებში დამფუძნებლებმა სრულად გადაიხადეს წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფასური. რაც შეეხება ბინების გადაფორმებას, სასამართლო პროცესების და არქიტექტურული პრობლემების გამო, ვერ ხერხდებოდა ე.წ „განშლის“ გაკეთება. შესაბამისად დამფუძნებლებზე ბინების გადაფორმება განხორციელდა მოგვიანებით - 2021 წელს. შემოწმებამ ანალოგიური ფასის გაანგარიშებისას გამოიყენა 2021-2022 წლების სარეალიზაციო ფასები, რაც არ არის მართებული. ბინების რეალიზაციის თარიღად და ფასის განმსაზღვრელ პერიოდად მიჩნეული უნდა იყოს 2014 წელი, ვინაიდან წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებაც და თანხის გადახდაც განხორციელდა ამ პერიოდში. მაშინ როდესაც მშენებლობა იყო საწყის ეტაპზე, რეალიზაციას ახორციელებდა ნაკლებად ცნობილი კომპანია, ფაქტობრივად იყიდებოდა ე.წ „ჰაერი“ და 2021-2022 წელს უკვე ხდებოდა ბინების რეალიზაცია თითქმის დასრულებულ მდგომარეობაში და ამასთან ერთად ხდებოდა ბინების რეალიზაცია ცნობილი პარტნიორის - „დომუსის“ სახელით. (აღნიშნულ კომპანიასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა 2018 წელს). გარდა ამისა გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ 2014 წელში ბინები იყიდებოდა ე.წ „თეთრი კარკასის“ მდგომარეობაში, ხოლო მას შემდეგ რაც „დომუსთან“ გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, ბინების გაყიდვა დაიწყო ე.წ „მწვანე კარკასით“.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და წარდგენილი ხელშეკრულებებით და საბანკო ამონაწერებით თუ დადასტურდება, რომ წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები გაფორმებული იყო 2014 წელს და ასევე დასტურდება 2014-2015 წელს საბანკო ანგარიშზე შესაბამისი თანხების ჩარიცხვა, ურთიერთდამოკიდებულ პირებზე უძრავი ქონების რეალიზაციისას საბაზრო ფასის გამოყენების საფუძვლით განსაზღვრული ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვთ, საწარმოს ანგარიშვალდებულ პირებზე გაცემული აქვს თანხები, რომელიც თვეების განმავლობაში უძრავად ფიქსირდება 1430-ის დებეტურ ანგარიშზე 2022 წლის მაისის თვიდან. აღნიშნული ნაშთის მიზნობრიობა/ფაქტობრივად არსებობა შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციით არ დასტურდება. შედეგად, საქვეანგარიშოდ გაცემული არაგონივრული ნაშთი განხილულ იქნა დირექტორ(ებ)ზე გაცემულ ხელფასად.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „მ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:

დ) საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.

მ) პირი, რომელიც ქონებას უსასყიდლოდ გადასცემს ფიზიკურ პირს, რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული არ არის, გარდა ამ პირის მიერ ამავე ფიზიკური პირისთვის საგადასახადო წლის განმავლობაში 1000 ლარამდე ღირებულების ქონების უსასყიდლოდ გადაცემისა. ასეთ შემთხვევაში, საგადასახადო აგენტის მიერ გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს. ხოლო მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური, ყურადღებას ამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 18 ივლისის №ბს-854-846 (კ-16) საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც განიმარტა, რომ ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლა შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ სამეურნეო ოპერაცია თავისი არსით ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილი არ იძლევა მართლზომიერი გარიგების კვალიფიკაციის შეცვლის შესაძლებლობას, ის ეხება ბათილ, ნების ნაკლის მქონე გარიგებებს, მათ შორის თვალთმაქცურ და მოჩვენებით გარიგებებს და არა მართლზომიერ გარიგებებს, რომელთა შინაარსიც შეესაბამება მისივე ფორმას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ კომპანიას წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებებით ბინების გაყიდვა დაწყებული ჰქონდა 2014 წელს. მყიდველებს შორის ერთ-ერთი ვეღარ დაელოდა მშენებლობის დასრულებას და მოითხოვა გადახდილი თანხის უკან დაბრუნება შესაბამისი პირგასამტეხლოებით. აღნიშნულ მყიდველსაც 700 აშშ დოლარის ეკვივალენტად ჰქონდა ფართი შეძენილი. 2020 წლის მაისში კომპანიამ დაუბრუნა მყიდველს მის მიერ გადახდილი თანხა სრულად და მასთან ერთად პირგასამტეხლო. აღნიშნულის გათვალისწინებით გადამხდელი ითხოვს გაცემულ პირგასამტეხლოზე დარიცხული საშემოსავლო გადასახადის გაუქმებას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გამოყენებით ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 28-ე ნაწილის მიხედვით, სასაქონლომატერიალური ფასეულობა არის პირის მიერ ჩვეულებრივი სამეურნეო საქმიანობის პროცესში გამოყენებული ნედლეული, მასალა, ნახევარფაბრიკატები, სამარაგო ნაწილები, ტარა და მზა პროდუქცია (საქონელი) ბასს-ის მიხედვით.

ამავე მუხლის 31-ე ნაწილის თანახმად, ძირითადი საშუალება არის მატერიალური აქტივი, რომელსაც პირი იყენებს საქონლის წარმოების, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის, იჯარით (მათ შორის, ლიზინგით) გადაცემის ან/და ადმინისტრაციული მიზნებისათვის და რომლის სასარგებლო გამოყენების ვადა ერთ წელზე მეტია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის შემადგენლობაში შეიტანოს თავის საკუთრებაში არსებული დამუშავებული ან ნაწილობრივ დამუშავებული საქონელი, მისი ადგილმდებარეობის მიუხედავად, კერძოდ, ნედლეული ან/და მასალები (გარდა კაპიტალიზებადი ხარჯებისა), რომლებიც შეძენილია შემდგომი რეალიზაციისათვის ან საქონლის წარმოებისათვის/ მომსახურების გაწევისათვის.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის აღრიცხვისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია წარმოებული ან შეძენილი საქონლის ღირებულება აღრიცხვაში ასახოს ამ საქონლის წარმოებაზე გაწეული ხარჯების (გარდა საამორტიზაციო ანარიცხებისა) ან შეძენის ფასად. ამასთანავე, გადასახადის გადამხდელი საქონლის ღირებულებაში შეიტანს მისი შენახვისა და ტრანსპორტირების ხარჯებს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონებაზე გადასახადს იხდის მიმდინარე გადასახდელის სახით, გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის ოდენობით, არა უგვიანეს საგადასახადო წლის 15 ივნისისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ ფართი იჯარით გაიცა 2023 წლის თებერვალს გაფორმებული წინარე ხელშეკრულებით. ფართი იყო თეთრი კარკასის მდგომარეობაში და არ წარმოადგენდა კომერციულ ფართს, იყო ჩვეულებრივი საცხოვრებელი ფართი. ხოლო, მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ ფართი უნდა გადაკეთებულიყო საოფისედ, გარემონტებულიყო და მეიჯარისთვის ისე გადაცემულიყო, კომპანიის მხრიდან დადეკლარირდა კიდეც ქონების გადასახადის დეკლარაციაში. რაც შეეხება წინა პერიოდს და შემმოწმებლის არგუმენტაციას, თითქოსდა ფართი თავიდანვე იყო განკუთვნილი იჯარით გასაცემად, მას არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება, უფრო მეტიც, აქტში დააფიქსირა, რომ კომპანიას უნდა წარედგინა მტკიცებულებები, რომ არ აპირებდა ფართის იჯარით გაცემას. კომპანიის მხრიდან აღნიშნულ მტკიცებულებად შეიძლება ჩაითვალოს ბუღალტრული პროგრამა, სადაც ზემოხსენებული ფართი ზუსტად იგივენაირადაა აღრიცხული, როგორც სხვა სარეალიზაციო ფართები. არც ე.წ „განშლაში“ წინა პერიოდებში არ ფიქსირდება, რომ ფართი არის საოფისე, არც საჯარო სივრცეში ყოფილა კომპანიის მიერ განთავსებული რაიმე სახის განცხადება ფართის გაქირავებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ითხოვს დარიცხული ქონების გადასახადის გაუქმებას.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით ფართი 2023 წლამდე არ გაცემულა იჯარით, წარმოადგენდა ფართს, რომელიც განკუთვნილი იყო სარეალიზაციოდ. ამასთან, იჯარით გაცემის შემდგომ გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნული ქონება აღირიცხა როგორც ძირითადი საშუალება და განხორციელდა მისი დეკლარირება.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ქონების გადასახადში დამატებით განსაზღვრული ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „--------“-ის (ს/ნ „-------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და წარდგენილი ხელშეკრულებებით და საბანკო ამონაწერებით თუ დადასტურდება, რომ წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები გაფორმებული იყო 2014 წელს და ასევე დასტურდება 2014-2015 წელს საბანკო ანგარიშზე შესაბამისი თანხების ჩარიცხვა, ურთიერთდამოკიდებულ პირებზე უძრავი ქონების რეალიზაციისას საბაზრო ფასის გამოყენების საფუძვლით განსაზღვრული ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;

3. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გამოყენებით ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ქონების გადასახადში დამატებით განსაზღვრული ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

6. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირებზე ბინების რეალიზაციის დროდ 2021 წლის მიჩნევას და ამ პერიოდის მიხედვით საბაზრო ფასის განსაზღვრას.

2. მომჩივანი არ ეთანხმება საქვეანგარიშოდ გაცემული არაგონივრული ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.ითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას.

3. გადამხდელი არ ეთანხმება ერთ-ერთ ფიზიკურ პირზე გადაცემული თანხის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

4. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ქონების გადასახადის დარიცხვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.შემოწმების პროცესში გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, როგორც ურთიერთდამოკიდებული პირების - დამფუძნებლების/დირექტორების მიერ მომჩივანისგან შეძენილი უძრავი ქონებების საბაზრო ფასსა და გადახდილ თანხას შორის სხვაობა ჩაითვალა საწარმოს დირექტორებზე გაცემულ ხელფასად. ამასთან, აღნიშნულ რეალიზაციებზე საბაზრო ფასი ასევე გავრცელდა დღგ-ის მიზნებისთვის.შედეგად, შპს-ს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი, დღგ და ჯარიმა.

2.საწარმოს ანგარიშვალდებულ პირებზე გაცემული აქვს თანხები, რომელიც თვეების განმავლობაში უძრავად ფიქსირდება 1430-ის დებეტურ ანგარიშზე 2022 წლის მაისის თვიდან. აღნიშნული ნაშთის მიზნობრიობა/ფაქტობრივად არსებობა შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციით არ დასტურდება. საქვეანგარიშოდ გაცემული არაგონივრული ნაშთი განხილულ იქნა დირექტორ(ებ)ზე გაცემულ ხელფასად, შედეგად საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

3.გადამხდელმა წარმოადგინა შედარების აქტი, რომლის მიხედვითაც მოიშალა ნასყიდობის ხელშეკრულება და გადახდილ თანხასთან ერთად ფ/პ-ს დაუბრუნდა პირგასამტეხლოც.მიღებულ და დაბრუნებულ თანხებს შორის სხვაობა დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

4. მომჩივანის მიერ აშენებულ კორპუსში გარდა საცხოვრებელი ბინებისა და ავტოსადგომებისა, ასევე არის კომერციული ფართი.შპს უძრავი ქონებების რეალიზაციას ახორციელებს 2019 წლიდან.საგადასახადო შემოწმების დანიშვნის დროს უძრავი ქონებების ძირითადი ნაწილი რეალიზებული იყო. შპს-ის მიერ 27.02.2023 წელს იჯარით გაიცა კომერციული ფართი.საწარმოს არ აქვს დაბეგრილი აღნიშნული აქტივი ქონების გადასახადით.შემოწმებამ ჩათვალა, რომ კომერციული ფართი მომჩივანისათვის შესამოწმებელ პერიოდში წარმოადგენს დაუმთავრებელ მშენებლობას, რომლიც არ იყო განკუთვნილი რეალიზაციისთვის. გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

1.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და წარდგენილი ხელშეკრულებებით და საბანკო ამონაწერებით თუ დადასტურდება, რომ წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები გაფორმებული იყო 2014 წელს და ასევე დასტურდება 2014-2015 წელს საბანკო ანგარიშზე შესაბამისი თანხების ჩარიცხვა, ურთიერთდამოკიდებულ პირებზე უძრავი ქონების რეალიზაციისას საბაზრო ფასის გამოყენების საფუძვლით განსაზღვრული ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.

2.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

3.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გამოყენებით ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

4.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ქონების გადასახადში დამატებით განსაზღვრული ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

73(9),101,145,154,201,202,205.