ბრძანება N 24462

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 05.11.2025
№ დოკუმენტი 24462
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 24462

05 ნოემბერი 2025

ბრძანება

შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“)

(მის.: „-------“ )

2025 წლის 9 ოქტომბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 30 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №90) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“) 2025 წლის 9 ოქტომბრის №98297/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 3 სექტემბრის №057-15 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროში არსებული არაგონივრული ნაშთის გაანგარიშებას. განმარტავს, რომ საშემოსავლო გადასახადის ნაწილში სრულად არ იქნა გათვალისწინებული შემმოწმებლისთვის წარდგენილი დოკუმენტაცია, კერძოდ, ნაღდი ანგარიშსწორებით მცირე მეწარმეებზე გაცემული თანხა 664 000 ლარის ოდენობით. გადამხდელი ითხოვს წარმოდგენილი მომსახურების ხელშეკრულებების და მიღება-ჩაბარების აქტების სრულად გათვალისწინებას.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრას და განმარტავს, რომ დღგ-ის ნაწილში გასათვალისწინებელია ნულოვანი დეკლარირების დროს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული გადასახადები, რის გამოც ღიად დარჩენილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებზე შემოწმების შედეგად განმეორებით ხდება გადასახადის დარიცხვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 2 მაისის №8559 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდები, გარდა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 ივლისის №16124, 2024 წლის 16 იანვრის №443 და 2024 წლის 9 დეკემბრის №25863 ბრძანებებით მოცული საკითხებისა. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 8 აგვისტოს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 2 სექტემბრის №19390 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და 2025 წლის 3 სექტემბრის №057-15 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 308 338 ლარი, მათ შორის, გადასახადი 190 976 ლარი, ჯარიმა 101 565 ლარი და საურავი 15 797 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

1. გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში მომსახურებას ეწევა, როგორც დაქირავებული პირების, ასევე, მომსახურების გამწევი მეწარმეების მეშვეობით. კომპანია არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, შესაბამისად, სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის განსაზღვრის მიზნით გამოყენებულ იქნა „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის შესახებ“ მეთოდური მითითების №9 დანართი („სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“). შემოწმებით განისაზღვრა პერიოდის ბოლოს სალაროში არაგონივრული ნაშთი 595 483,47 ლარის ოდენობით. ამასთან, გადამხდელთან შემოწმების პროცესში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებულია სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის განსაზღვრის მიზნით ინვენტარიზაცია, რომლის მიხედვითაც, სალაროში ფულადი სახსრების ოდენობამ 2025 წლის 2 მაისის მდგომარეობით შეადგინა 300 ლარი. საგადასახადო შემოწმებით პერიოდის ბოლოს სალაროში არსებული არაგონივრული ფულის ნაშთი დაკვალიფიცირდა შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“) დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გამოვლენილ სხვაობაზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

2. გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. წარმოდგენილი ახსნაგანმარტების მიხედვით, არ უფიქსირდება დებიტორ-კრედიტორული ნაშთები, ასევე, არ გააჩნია სასაქონლო-მატერიალური მარაგები და ძირითადი საშუალებები. საგადასახადო შემოწმებით, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემების ანალიზის შედეგად გამოვლინდა სხვაობები დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. კერძოდ, გადამხდელს არასრულად ჰქონდა დეკლარირებული, როგორც სახელმწიფო შესყიდვებიდან, ასევე, კერძო პირებზე გაწეული მომსახურებებიდან მიღებული შემოსავალი. ამასთან, შემოწმებით გათვალისწინებულ იქნა მიღებული კორექტირებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისიწინებით, შპს „---------“-ს (ს/ნ „-------“) საგადასახადო შემოწმების აქტით დღგ-ის ნაწილში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე და 176-ე მუხლების საფუძველზე დაუკორექტირდა (შეუმცირდა) ჩასათვლელი თანხები, ხოლო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე და 1601 მუხლების შესაბამისად, დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):

ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას:

ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას;

ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს;

ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა;

ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, საგადასახადო შემოწმების მიერ განისაზღვრა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს კომპანიის სალაროში არსებული არაგონივრული ფულის ნაშთი, რომელიც დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

გადასახადის გადამხდელის მიერ დავის წარმოების ეტაპზე წარმოდგენილ მტკიცებულებებთან დაკავშირებით, რომლითაც გადამხდელი ითხოვს მცირე მეწარმეებზე ნაღდი ანგარიშსწორებით გაცემული თანხების გათვალისწინებას, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, საგადასახადო შემოწმების მიერ სრულად იქნა გათვალისწინებული გაწეული ხარჯის დოკუმენტაცია, კერძოდ, წარმოდგენილი მომსახურების ხელშეკრულებების და მიღება-ჩაბარების აქტების შესაბამისად, ნაღდი ანგარიშსწორებით მცირე მეწარმეებზე გაცემული თანხა 656 000 ლარის ოდენიბით.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად:

1. დღგ-ით დასაბეგრი თანხა და, შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება, თუ შეიცვალა ის გარემოებები/ფაქტორები, რომელთა საფუძველზეც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი თანხა.

2. დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება ხორციელდება კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის საანგარიშო პერიოდში.

4. დღგ-ით დასაბეგრი თანხის კორექტირების შემთხვევებს, აგრეთვე დოკუმენტის გამოწერისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა დეკლარირებული, როგორც სახელმწიფო შესყიდვებიდან, ასევე, კერძო პირებზე გაწეული მომსახურებებიდან მიღებული შემოსავალი. გადასახადის გადამხდელს შემოწმებით გამოვლენილ სხვაობაზე დაერიცხა დღგ. ასევე, შემოწმებით დაკორექტირდა (შემცირდა) დღგ-ის ჩასათვლელი თანხები მიღებული კორექტირებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ პოზიციასთან, დღგ-ის განმეორებით დარიცხვასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციაზე, რომლის თანახმად გადასახადის გადამხდელი რამდენჯერმე შემოწმებულია შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორესთან დაკავშირებით. ასევე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დარიცხული აქვს დღგ N287-ე ბრძანებით (დაუბეგრავი ანგარიშ-ფაქტურები). დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებისას გათვალისწინებული იქნა წინა შემოწმების შედეგები და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დარიცხული გადასახადები.

შემოსავლების სამსახური ასევე აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადამხდელი არ ეთანხმება შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროში არსებული არაგონივრული ნაშთის გაანგარიშებას.ითხოვს წარმოდგენილი მომსახურების ხელშეკრულებების და მიღება-ჩაბარების აქტების სრულად გათვალისწინებას.

2.მომჩივანი არ ეთანხმება დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრას და განმარტავს, რომ დღგ-ის ნაწილში გასათვალისწინებელია ნულოვანი დეკლარირების დროს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული გადასახადები, რის გამოც ღიად დარჩენილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებზე შემოწმების შედეგად განმეორებით ხდება გადასახადის დარიცხვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში მომსახურებას ეწევა, როგორც დაქირავებული პირების, ასევე, მომსახურების გამწევი მეწარმეების მეშვეობით. სალაროში ფულადი სახსრების ოდენობამ 2025 წლის 2 მაისის მდგომარეობით შეადგინა 300 ლარი.საგადასახადო შემოწმებით პერიოდის ბოლოს სალაროში არსებული არაგონივრული ფულის ნაშთი დაკვალიფიცირდა მომჩივანის დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გამოვლენილ სხვაობაზე გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

2.გადამხდელს არასრულად ჰქონდა დეკლარირებული, როგორც სახელმწიფო შესყიდვებიდან, ასევე, კერძო პირებზე გაწეული მომსახურებებიდან მიღებული შემოსავალი. ამასთან, შემოწმებით გათვალისწინებულ იქნა მიღებული კორექტირებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისიწინებით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმების აქტით დღგ-ის ნაწილში სსკ-ის 175-ე და 176-ე მუხლების საფუძველზე შეუმცირდა ჩასათვლელი თანხები, ხოლო სსლ-ის 159-ე, 160-ე და 1601 მუხლების შესაბამისად, დაერიცხა დღგ და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

1.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

2.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(9),101,154,179.