გადაწყვეტილება №19516/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 15.06.2023
№ დოკუმენტი 19516/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19516/2/2023

15.06.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ------ (ს/ნ ------ )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 15.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------ 26.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19516/2/2023).

 

დავის საგანი:

1. ინვენტარიზაციით გამოვლენილი დანაკლისის საშემოსავლო გადასახადისა და დღგ-ის დეკლარაციებში აუსახველობა;

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 8.04.2020 წლის №006-174 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 10.04.2023 წლის №7883 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 93 073 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 44 669

დღგ - 21 159

საშემოსავლო გადასახადი - 23 510

ჯარიმა - 28 212

საურავი - 20 192

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა საკვები პროდუქტებით.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 12.10.2017 წლის №27599 ბრძანებით ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის მიწოდებად აღიარების სისწორის დადგენის მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 18.03.2020 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 8.04.2020 წლის №10671 ბრძანება და ამავე თარიღის №006-174 საგადასახადო მოთხოვნა, რომლებიც 2023 წლის 20 იანვარს და 17 თებერვალს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 10.04.2023 წლის №7883 ბრძანებით საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

- სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს გადასახადის გადამხდელთან ჩატარებული ინვენტარიზაციის მასალები, 2017 წლის საწყისი/საბოლოო მარაგების და შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესახებ ინფორმაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში, დღგ-ის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის, საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა;

- დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 10.04.2023 წლის №7883 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. ინვენტარიზაციით გამოვლენილი დანაკლისის საშემოსავლო გადასახადისა და დღგ-ის დეკლარაციებში აუსახველობა ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები გადამხდელის სმფ-ების განთავსების ადგილას, განხორციელდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, ინვენტარიზაციის შედეგებზე 10.11.2017 წელს შედგენილია №CB819410 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც გადასახადის გადამხდელთან გამოვლინდა 138 707 ლარის საბაზრო ღირებულების სმფ-ების დანაკლისი, რის საფუძველზეც გადამხდელი დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით. აღნიშნული დანაკლისი გადამხდელის მიერ არ არის განხილული მიწოდებად და არ არის ასახული საშემოსავლო გადასახადისა და დღგ-ის დეკლარაციებში.

შემოწმებით დანაკლისის ერთობლივ შემოსავალში ასახვა განხორციელდა 2017 წლის საანგარიშო პერიოდზე, მომჩივანს 4.12.2013 წელს მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი და ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები დეკლარირებული არ აქვს დაბეგვრის სპეციალური რეჟიმის შესაბამისად, ვინაიდან შემოწმების შედეგად გამოვლენილი დანაკლისი აღიარდა 2017 წლის ნოემბერში განხორციელებულ მიწოდებად, ამ ოპერაციის ფარგლებში პირის ერთობლივი შემოსავალი გადასცდა მცირე მეწარმისათვის დადგენილ 100 000 ლარიან ზღვარს, საგადასახადო კოდექსის 89-ე მუხლის შესაბამისად, რომელიც არეგულირებს მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმების წესს, გადასახადის გადამხდელს აღნიშნულ თარიღში გაუუქმდა მცირე ბიზნესის სტატუსი და აღნიშნული თარიღის შემდგომ მიღებული შემოსავალი დაექვემდებარება დაბეგვრას ჩვეულებრივი რეჟიმით 20%- იანი განაკვეთის შესაბამისად. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

ამასთან, შემოწმებით დანაკლისის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ასახვა განხორციელდა 2017 წლის ნოემბრის საანგარიშო პერიოდში, შესაბამისად მომჩივანს ასევე, დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე და 282-ე მუხლებით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს გადასახადის გადამხდელთან ჩატარებული ინვენტარიზაციის მასალები, 2017 წლის საწყისი/საბოლოო მარაგების და შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესახებ ინფორმაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში, დღგ-ის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის დარიცხულ ჯარიმასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის 21 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ საგადასახადო დავის განხილვის დასრულებამდე კანონით გაუქმებულია ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა ასეთი ქმედების ჩადენისათვის, დავის განმხილველი ორგანო ვალდებულია გამოიყენოს ახალი კანონით დადგენილი ნორმა. საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 2¹ და 2² ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით. საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ჯარიმის გამოყენების შემთხვევაში, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის საანგარიშო პერიოდზე (პერიოდებზე), დღგ-ის დეკლარაციასთან მიმართებით, ამ კოდექსის 274-ე და 275-ე მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმები არ გამოიყენება.

აღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, უნდა გაუქმდეს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში, დღგ-ის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არ ეთანხმება შემოწმების შედეგებს, ვინაიდან დეკლარირებული ჰქონდა ყველა გადასახადი. ამასთან, არ ფლობს ინფორმაციას ბუღალტერის მიერ ჩაბარებულ დეკლარაციებზე, როგორც მისთვის ცნობილია ყველა დეკლარაცია ჩაბარებულია კანონის შესაბამისად. აღნიშნულის დასტურად შეუძლია წარმოადგინოს ნებისმიერი დოკუმენტაცია და მტკიცებულებები (საბანკო გადარიცხვები, ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისების დადეკლარირების დამადასტურებელი დოკუმენტები და ა.შ.).

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად.

გადასახადის გადამხდელი საჩივარში მიუთითებს, რომ როგორც მისთვის ცნობილია ყველა დეკლარაცია ჩაბარებულია კანონის შესაბამისად. აღნიშნულის დასტურად შეუძლია წარმოადგინოს ნებისმიერი დოკუმენტაცია და მტკიცებულებები (საბანკო გადარიცხვები, ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისების დადეკლარირების დამადასტურებელი დოკუმენტები და ა.შ.). ამასთან, არის კეთილსინდისიერი გადამხდელი.

შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს გადასახადის გადამხდელთან ჩატარებული ინვენტარიზაციის მასალები, 2017 წლის საწყისი/საბოლოო მარაგების და შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესახებ ინფორმაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება); ამასთან, საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში, დღგ-ის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის, საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართებულია და არ არსებობს განსახვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საგადასახადო შემოწმების შედეგად მომჩივანს შეეფარდა ჯარიმა სულ 28 212 ლარის ოდენობით, მათ შორის საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით 22 334 ლარი (საშემოსავლო გადასახადში 11 755 ლარი და დღგ-ში 10 579 ლარი) და საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით (დღგ-ში) 5 877 ლარი. ასევე, აუდიტის დეპარტამენტის 8.04.2020 წლის №006-174 საგადასახადო მოთხოვნით დაეკისრა საურავი 20 192 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს. შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი განმარტავს, რომ არის კეთილსინდისიერი გადამხდელი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:

1. საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

2. საურავი ერიცხება გადასახადის თანხას, რომელიც არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საურავის დარიცხვა ხორციელდება თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან.

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2, 21 და 22 ნაწილების თანახმად:

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

21. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

22. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

გადასახადის გადამხდელს სამეწარმეო საქმიანობაში აკისრია გულისხმიერების ვალდებულება და ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და სრულად. ნებისმიერი შეცდომა არ წარმოადგენს სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველს. მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობის და უხეში გაუფრთხილებლობით არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას სადავო საკითხთან მიმართებით და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით.

ამგვარად, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმების შედეგებს, განმარტავს, რომ არის კეთილსინდისიერი გადამხდელი და ითხოვს დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა საკვები პროდუქტებით. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის მიწოდებად აღიარების სისწორის დადგენის მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 18.03.2020 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რომლებიც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის ბრძანებით საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართებულია და არ არსებობს განსახვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7); 272; 275; 282(4); 286(9)/