ბრძანება N 15701
📄 სრული ტექსტი
N 15701
03 ივლისი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ფ/პ ------- (პ/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2023 წლის 8 ივნისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 16 ივნისის სხდომაზე (ოქმი N66) განიხილა ფ/პ ------- (პ/ნ -------) №81546/1/2023 საჩივარი, რომლითაც მომჩივანი არ ეთანხმება მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 7 ივნისის N------- წერილს.
მომჩივნის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ სერვისცენტრის თანამშრომლის მიერ შეცდომით იქნა შეყვანილი დამოკიდებულ პირთა სიაში და ითხოვს ამ სიიდან ამოღებას.
ფაქტების აღწერა:
მომსახურების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციითა და საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ ფ/პ ------- (პ/ნ -------) 2023 წლის 2 ივნისს თბილისის სერვისცენტრს მიმართა საკუთარი შემოსავლების გადამოწმების მიზნით, რადგან როგორც თვითონ აღნიშნა, მას სესხის განაცხადი ჰქონდა წარდგენილი საქართველოს ბანკში და მისი ყოველთვიური შემოსავალი იმაზე ნაკლები ფიქსირდებოდა, ვიდრე რეალურად ჰქონდა მიღებული. გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში მოხდა მისი შემოსავლების გადამოწმება და გადამოწმების პროცესს თავადაც აკვირდებოდა (წინა მონიტორის საშუალებით). გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ ------- შესახებ დამსაქმებლის მიერ წარდგენილი შემოსავლების შესახებ ინფორმაცია ხარვეზს არ შეიცავდა.
ამასთან, ------- ვიზიტის დროს აღნიშნა, რომ მისი საბანკო ანგარიშიდან რამდენჯერმე ფიქსირდებოდა სხვის სასარგებლოდ აზარტულ თამაზშებზე თანხის გადარიცხვის ფაქტი, რაც დამატებით დაბრკოლებას წარმოადგენდა სესხის გაცემისას. მან განმარტა, რომ არანაირი კავშირი თავად არ ჰქონდა აზარტულ თამაშებთან და არც არასდროს მიუღია მონაწილეობა. იგი ფლობდა ინფორმაციას, რომ შემოსავლების სამსახურს აქვს ე.წ. მოთამაშეთა რეესტრი. თბილისის სერვისცენტრის თანამშრომელმა განუმარტა, რომ შესაძლებელი იყო ამ რეესტრში მონაცემების შეტანა, რითაც აზარტულ თამაშებში მონაწილეობა და გადარიცხვის განხორციელება შეეზღუდებოდა. შესაბამისად, დარეგისტრირდა განცხადება „დამოკიდებულ პირთა სიაში მონაცემების შეტანის შესახებ“ (ID -------, შტრიხკოდი -------), რომლის რეგისტრაციის დროს წინა მონიტორი გახსნილი იყო და გადამხდელი თავად ხედავდა განცხადების რეგისტრაციის პროცესს, განცხადება ხელმოწერით დადასტურდა და ელექტრონული დოკუმენტის მატერიალური ასლი გადაეცა -------.
2023 წლის 5 ივნისს ფ/პ ------- (პ/ნ -------) კვლავ ეწვია თბილისის სერვისცენტრს და აღნიშნა, რომ სერვისცენტრის მიერ არასწორი განაცხადი დარეგისტრირდა და მას დამოკიდებულ პირთა სიაში კი არ სურდა მონაცემების შეტანა, არამედ პირიქით, ამ სიაში რომ არ ირიცხებოდა, იმის შესახებ სჭირდებოდა ცნობა, რადგან სოლო ბანკირმა განუმარტა დამოკიდებულ პირთა სიაში მისი მონაცემების შეტანა სესხის გაცემისას უქმნიდა პრობლემას. აქედან გამომდინარე, 2023 წლის 5 ივნისის N------- წერილით მოითხოვა მისი მონაცემების დამოკიდებულ პირთა რეესტრიდან ამოღება, რომელზეც ეთქვა უარი მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 7 ივნისის N------- წერილით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლის პირველი, მე-2 „ა“, მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად:
1. დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიას აწარმოებს შემოსავლების სამსახური. დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში დასაშვებია მხოლოდ საქართველოს მოქალაქის შესახებ მონაცემების შეტანა.
2. დამოკიდებულ პირთა სიაში პირის შესახებ მონაცემები შეიტანება: ა) თავად პირის მიმართვის საფუძველზე, რომელიც შემოსავლების სამსახურს წარუდგენს განაცხადს დამოკიდებულ პირთა სიაში საკუთარი მონაცემების შეტანის თაობაზე;
3. დამოკიდებულ პირთა სიაში პირის შესახებ მონაცემები შეიტანება 5 წლის ვადით.
4. დამოკიდებულ პირთა სიიდან დამოკიდებული პირის შესახებ მონაცემები ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე ამოიღება აღნიშნული პირისთვის „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შემთხვევაში, აგრეთვე მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, დამოკიდებულ პირთა სიაში ამავე პირის თაობაზე მონაცემების შეტანიდან არაუადრეს 3 წლისა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო გადაწყვეტილება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე და 201-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ფ/პ ------- (პ/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64), ამ ბრძანების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ სერვისცენტრის თანამშრომლის მიერ შეცდომით იქნა შეყვანილი დამოკიდებულ პირთა სიაში და ითხოვს ამ სიიდან ამოღებას.
ფაქტობრივი გარემოებები
მომსახურების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციითა და საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ ფიზიკურმა პირმა თბილისის სერვისცენტრს მიმართა საკუთარი შემოსავლების გადამოწმების მიზნით. ვიზიტის დროს აღნიშნა, რომ მისი საბანკო ანგარიშიდან რამდენჯერმე ფიქსირდებოდა სხვის სასარგებლოდ აზარტულ თამაზშებზე თანხის გადარიცხვის ფაქტი. განმარტა, რომ არანაირი კავშირი არ ჰქონდა აზარტულ თამაშებთან და არც არასდროს მიუღია მონაწილეობა. იგი ფლობდა ინფორმაციას, რომ შემოსავლების სამსახურს აქვს ე.წ. მოთამაშეთა რეესტრი. სერვისცენტრის თანამშრომელმა განუმარტა, რომ შესაძლებელი იყო ამ რეესტრში მონაცემების შეტანა, რითაც აზარტულ თამაშებში მონაწილეობა და გადარიცხვის განხორციელება შეეზღუდებოდა. შესაბამისად, დარეგისტრირდა განცხადება „დამოკიდებულ პირთა სიაში მონაცემების შეტანის შესახებ“.
რამდენიმე დღეში, მოქალაქემ წერილით მოითხოვა მისი მონაცემების დამოკიდებულ პირთა რეესტრიდან ამოღება, რომელზეც ეთქვა უარი მომსახურების დეპარტამენტის წერილით.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო გადაწყვეტილება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის შემდეგ ნორმებს: 178; 201;