გადაწყვეტილება №19079/2/2023
📄 სრული ტექსტი
№19079/2/2023
26.04.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.04.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 12.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19079/2/2023).
დავის საგანი:
საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2.09.2022 წლის №225-6 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 22.02.2023 წლის №3264 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 26 735 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 18 231
ჯარიმა - 5 064
საურავი - 3 440
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა ხე-ტყის მასალით.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.07.2022 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 30.08.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით დგინდება, რომ კომპანია არ არის დღგ-ის გადამხდელი, იგი ადგილობრივი მომწოდებლებისგან ყიდულობს ხე-ტყის მასალას დოკუმენტის საშუალებით და ყიდის ადგილობრივ ბაზარზე. საქონლის მოძრაობის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელს ხე-ტყის მასალა რეალიზებული ჰქონდა როგორც დოკუმენტით, ასევე დოკუმენტის გარეშე. საქონლის მოძრაობის შესწავლის შედეგად გამოვლინდა სხვაობა, 76 მ3, რომელიც გადამხდელის მიერ წარდგენილი ახსნაგანმარტების მიხედვით რეალიზებული აქვს დოკუმენტის გარეშე. კომპანიის დირექტორის განმარტებით, შესამოწმებელ პერიოდში საწარმო არ ახორციელებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, რის გამოც შემოწმების მიმდინარეობისას შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გათვალისწინებით და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, საქონლის მოძრაობის შესწავლის შედეგად გამოვლენილი სხვაობა, 75.54 მ3, ჩაითვალა შესამოწმებელ პერიოდში (2019-2022) დოკუმენტური რეალიზაციის პროპორციულად თითოეულ თვეში დოკუმენტური საშუალო შეწონილი სარეალიზაციო ფასით რეალიზებულად, რომელსაც დაემატა დოკუმენტური რეალიზაცია და გაიზარდა დასაბეგრი ბრუნვა, რითაც საქონლის რეალიზაციამ შესამოწმებელ პერიოდში უწყვეტი 12 კალენდარულ თვეში გადააჭარბა 100 000 ლარს.
კომპანიის დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განისაზღვრა 14.12.2019 წელი (დღგ-ის რეგისტრაციის დროს სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ნაშთზე დღგის ჩათვლა ვერ განხორციელდა, რადგან გადამხდელს საქონელი შეძენილი აქვს დღგ-ის არაგადამხდელი პირებისგან), მის მიერ რეალიზებული საქონლის ღირებულება დაიბეგრა დღგ-ით. შედეგად გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
ასევე, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა დღგ-ის რეგისტრაცია 2021 წლის იანვრიდან, რადგან რეგისტრაციის თარიღიდან 1 წლის განმავლობაში მისი დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა დღგ-ის გარეშე არ აღემატება 100 000 ლარს, ხოლო 28.02.2022 წელს კვლავ დაუდგინდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2.09.2022 წლის №22784 ბრძანება და ამავე თარიღის №225-6 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 1.10.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 22.02.2023 წლის №3264 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
ვინაიდან გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით და შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმებას შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, საქონლის მოძრაობის შესწავლის შედეგად გამოვლენილი სხვაობის შესამოწმებელ პერიოდში, დოკუმენტური რეალიზაციის პროპორციულად, თითოეულ თვეში დოკუმენტური საშუალო შეწონილი სარეალიზაციო ფასით, რეალიზებულად მიჩნევა მართლზომიერია.
მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნები, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე და ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული ან შესწავლილი. ასევე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ასევე დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამავე კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
აღნიშნულიდან გამომდინარე მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები ეწინააღმდეგება კანონმდებლობას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი და მე-7 ნაწილების თანახმად:
1. პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს (გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა):
ა) ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა;
ბ) დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს.
7. დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირის რეგისტრაციის გარეშე გამოვლენისას საგადასახადო ორგანო ატარებს ამ პირს რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად. ამასთანავე, პირი დღგ-ის გადამხდელად ითვლება რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობის მომენტიდან.
ამავე კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
მოქმედი საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
ამავე კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:
1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
შემოწმების შედეგად საქონლის მოძრაობის შესწავლით გამოვლინდა ხე-ტყის მასალის სხვაობა, რომელიც გადამხდელის ახსნა-განმარტებით რეალიზებულია დოკუმენტის გარეშე. ამავე განმარტებით, შესამოწმებელ პერიოდში საწარმო არ ახორციელებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, რის გამოც შემოწმების მიმდინარეობისას შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით და საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა შესამოწმებელ პერიოდში (2019-2022) დოკუმენტური რეალიზაციის პროპორციულად თითოეულ თვეში დოკუმენტური საშუალო შეწონილი სარეალიზაციო ფასით რეალიზებულად, რომელსაც დაემატა დოკუმენტური რეალიზაცია და გაიზარდა დასაბეგრი ბრუნვა. აღნიშნულით საქონლის რეალიზაციამ შესამოწმებელ პერიოდში უწყვეტი 12 კალენდარულ თვეში გადააჭარბა 100 000 ლარს და კომპანიას დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 14.12.2019 წელი. კომპანიის მიერ რეალიზებული საქონლის ღირებულება დაიბეგრა დღგ-ით.
მომჩივანი არგუმენტს დარიცხვასთან დაკავშირებით არ წარმოადგენს, მიუთითებს მხოლოდ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მუხლებზე და ამავე კოდექსის საფუძველზე ითხოვს სადავო აქტების ბათილობას.
ამგვარად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების/ბათილად ცნობის და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. აუდიტის დეპარტამენტის 2.09.2022 წლის №225-6 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 22.02.2023 წლის №3264 ბრძანება.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების შედეგად საქონლის მოძრაობის შესწავლით გამოვლინდა ხე-ტყის მასალის სხვაობა, რომელიც გადამხდელის ახსნა-განმარტებით რეალიზებულია დოკუმენტის გარეშე. ამავე განმარტებით, შესამოწმებელ პერიოდში საწარმო არ ახორციელებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, რის გამოც შემოწმების მიმდინარეობისას შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით და საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა შესამოწმებელ პერიოდში (2019-2022) დოკუმენტური რეალიზაციის პროპორციულად თითოეულ თვეში დოკუმენტური საშუალო შეწონილი სარეალიზაციო ფასით რეალიზებულად, რომელსაც დაემატა დოკუმენტური რეალიზაცია და გაიზარდა დასაბეგრი ბრუნვა. აღნიშნულით საქონლის რეალიზაციამ შესამოწმებელ პერიოდში უწყვეტი 12 კალენდარულ თვეში გადააჭარბა 100 000 ლარს და კომპანიას დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 14.12.2019 წელი. კომპანიის მიერ რეალიზებული საქონლის ღირებულება დაიბეგრა დღგ-ით.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების/ბათილად ცნობის და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5„ა“); 159; 163(1,2); 164(1).
(2021 წლამდე მოქმედი); 157(1,7)